ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლიანა | ზინა, ორთუბანი

ზინა, 72 წლის, ორთუბანი. ჰყვება 1991-1992 წლების ომზე

ჩვენს ზევით დიდი ხეობებია.

იქ ახალგაზრდა არავინ დარჩა.

არეულობა რომ დაიწყო, დეიდაჩემი ადგა, შვილიშვილები, პატარები ყველანი წაიყვანა და ვლადიკავკაზში გაიქცა. მარტო დედაჩემი და ჩემი დეიდაშვილი, ლიანა დარჩნენ. დედაჩემი მოხუცი იყო და ვითომ, მარტო როგორ იქნებაო, მაგის გამო დატოვა ლიანა. იმას კიდე ისე ეშინოდა, არაფორმალები რომ ადიოდნენ. დეიდაჩემმა, მალე ჩამოვალ უკან, ბორჯომიდან მანქანას წამოვიყვან და მაგათ მერე წავიყვანო.

იმ საღამოზეც, მოხუცები ხეობაში ავიდნენ დასამალად. დიდი ხეობაა ჩვენთან, მანქანები ვერ მიდიოდნენ. დედაჩემი დარჩა სახლში, ფეხები სტკიოდა, ვერ წამოვალო, მაგრამ გოგო მოხუცებს გაჰყვა. იარა, თურმე, გასცდა ხეობას და კიდევ ზევით წავიდა. ტყეში შევიდა და გაქრა.

საღამოს ყველა რომ დაბრუნდა, დედაჩემი ეუბნება: ლიანა რა იქნაო? მერე აღარ გვინახავს, ჩვენ ზევით წავიდა, ტყისკენო, - უთხრეს. საღამოსაც არ ჩამოვიდა, მეორე დღესაც არ ჩამოვიდა. მესამე დღეს დედამისი ჩამოვიდა ვლადიკავკაზიდან და თავისი გოგო სახლში აღარ დახვდა.

სამი დღე იმ ტყეებში იბორიალა, ეძებდა, ყვიროდა: ლიანა! ლიანაო! თქვენი მტრები დაიკარგონ ასე, მისი დღე დაადგეს მაგათო. იტირა, ტყეებში აქეთ-იქით იტრიალა, ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. მერე თბილისშიც იყო, მორწმუნეებთან დადიოდა, სომხეთშიც ეძებეს, ტაბაწყურისკენ, ბაკურიანისკენ. მგლებმა შეჭამეს, თუ ვიღაცამ წაიყვანა - ვერ გავიგეთ. დღესაც დაკარგულია. 

დედაც გაჰყვა და დეიდაჩემი ვლადიკავკაზში წავიდა. თქვენი მტერი წასულიყოს ეგრე, როგორც ის წავიდა, შვილი აქ დატოვა, ტყეში. 

ცოტა ხანში ბიჭიც მოუკვდა, კარმადონში რომ ჩამოწვა მეწყერი, 2004-ში, ბიძაშვილებთან ერთად მოყვა ქვეშ და სამივე დაიღუპა. დეიდაჩემმა მაგის მერე რამდენიმე წელიწადს იცოცხლა. ვლადიკავკაზში დამარხეს ბიძაშვილებმა.

31 წელი გავიდა უკვე და აბა, იკითხეთ, რატომ არაა გუჯარეთში ხალხი? შეეკითხეთ მთავრობას, რა იქნა გუჯარეთის ხალხი, რატომ წავიდნენო? 

ასე ტყეში, მის გარდა არავინ დაკარგულა.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“ 
ტექსტი: საბა წიწიკაშვილი
ტექსტი ოსურიდან თარგმნა: გიორგი ელიაურმა
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან