თუთუნი ვაშლში | Lovincage
Lovincage ახლახან ჩამოყალიბებული მუსიკალური დუეტია - დავით კიკნაველიძე და ალექსანდრე ჯანაშვილი ერთად და ცალ-ცალკე რამდენიმე ქართული მუსიკალური პროექტის წევრები იყვნენ, საბოლოოდ კი მივიდნენ რაღაც განსხვავებულამდე - ქართული მუსიკალური სივრცისთვის უჩვეულო და ახლებურ ჟღერადობამდე. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ Lovincage რაღაც ახალია, მოჩანს ამ სიახლემდე გზა, წარსული გამოცდილება და გამოუცდელი სივრცეების ათვისების გულწრფელი სურვილი. დავითი და ალექსანდრე თავად გვიყვებიან, რა იყო ადრე, რა პროცესები გაიარეს, რა არის ახლა და, რაც მთავარია, საიდან აღმოჩნდა თუთუნი ვაშლში.
...
დავით კიკნაველიძე: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ვიყავით ბავშვები; ვიცოდით, რომ ალექსანდრე გიტარაზე ძაან კარგად უკრავდა (ეგრე გვეგონა) და ვიცოდით, რომ ძაან კარგად ვწერდი (ეგრე გვეგონა) - რაღაცებს ვჯღაბნიდი, ვინახავდი და ერთ დღესაც დავწერე რითმიანი ლექსი აკორდების ქვეშ და დავურეკე ალექსას: სიმღერებს ვწერ, რაღაცას ვაკეთებ, მნახე.
ალექსანდრე ჯანაშვილი: გავედით პარკში, შემოდგომაა, ძაან ცივა, გვაქვს ცუდი ელექტროგიტარა, ფაქტობრივად, უხმო და ვუკრავთ - ესაა ჩვენი პირველი საერთო მუსიკალური მოგონება.
დ.კ.: ბევრს ვწერდი, ბევრს ვუსმენდი, ვიქექებოდი. აბსოლუტურად ყველა ჩანაწერს ვინახავდი და ვინახავ, ფურცლებზე, ხელსახოცებზე მიწერილებს. ისე აღმოჩნდა, რომ მაინცდამაინც ეს ფურცელი ჩვენი პირველი მოგონებიდან დავკარგე. მისტიკური ნაწერია, რომელიც მხოლოდ ჩვენს თავში არსებობს და რეალურად - არა. ჰო, მერე რა იყო?
ა.ჯ.: მერე იყო ჯგუფი „ინტერვალი“, რომელიც ჩვენს იმდროინდელ გემოვნებასთან ძალიან ახლოს იდგა; რასაც ვუსმენდით, რაც მოგვწონდა, იმას ვუკრავდით ჩვენც - საჩვენო მინარევი ყველაფრის: პროგრესიული როკი, ცოტა როკენროლი. მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ვგავდით საკუთარ ფლეილისთებს. ძალიან ვიწრო სამყარო გვქონდა შექმნილი და სმენით თუ დაკვრით ვტრიალებდით წრეში.
დ.კ.: ერთი რაც იყო, ვერ აღვიქვამდით თანამედროვეობას, დროითი კონტექსტი არ არსებობდა ჩვენთვის. გვისწორდებოდა, გამოვხატავდით, თუმცა მერე და მერე სხვა დამატებითი მოთხოვნილებები გაგვიჩნდა. საბოლოოდ, პანდემიამ ბენდი დაშალა და ჩვენც გავიშალეთ.
ა.ჯ.: პანდემიის დროს დათო დაიკარგა, იშვიათად გამოანათებდა ხოლმე. მეც ჩემთვის დავიკარგე. ძველი ჟღერადობებისგან დავიცალე, გავსუფთავდი, ვცდილობდი, ყოველდღე რამე ახალი მომესმინა, როკი დარჩა, მაგრამ დაემატა ჰიპ ჰოპი, ელექტრონული მუსიკა. სიმძიმეს სინთბასი, სიმსუბუქე და სინთეზატორული ინსტრუმენტალები დაემატა, შევიცვალე, როგორც მსმენელი.
პანდემია შემსუბუქდა და უეცრად გაიჩითა მომენტი - გაგვიჩნდა იდეა, ქალაქიდან გავსულიყავით და გავერიყეთ აქაურობას. ტაბახმელა, მშენებარე სახლი, შავი კარკასი, უტიხრო, სიცივე, ზამთარი, მაგრამ ჩვენი საერთო სურვილი, რომ სივრცე აგვეთვისებინა და ინდივიდუალურ ჩაკეტილობაში დაგროვილი გამოცდილება საერთო ჩაკეტილობად გვექცია - ასე გაჩნდა Lovincage.
დ.კ.: სულ პირველი ინერციაც კარგად გვახსოვს - ვაშლში სიგარეტი მოგიწევია? ჩვენ კი. გვაქვს ვაშლი, გვაქვს თუთუნი, არ გვაქვს სიგარეტი და გარეთ კომენდანტია. ერთადერთი სახლი დგას თოვლში და მეტი არაფერი. How to smoke with apple - ტუტორიალი, რომელიც მართლა არსებობს და ვაშლი, როგორც ფილტრი. თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციას ჰგავდა, პატარა ოთახში სამი ბომჟი, მუსიკა, მუსიკა, მუსიკა და თუთუნი ვაშლში - ამ წამმა გააჩინა Psicokex.
ამ პერსპექტივით ყველაფერი სიგიჟედ მოჩანს, თუმცა სიგიჟის ზღვარის დაჭერა ახლაც მიჭირს - როცა ვმუშაობთ, ალბათ, ცოტათი გიჟები ვართ და უნდა ვიყოთ.
ა.ჯ.: საერთო ვიწრო სამყაროში აღმოჩნდით და გადავიტვირთეთ; გავაკეთეთ - „გადატვირთვა“. შეიცვალა მუსიკალური ფორმა და, ზოგადად, მუსიკის აღქმაც. იქამდე იყო, რომ რაღაცას ვაკეთებთ, მერე ბარში ან ბარებში ლაივი გვექნება, თითქოს უსასრულო და არაფრისმომცემი პროცესი იყო. ბოლო არ ჰქონდა. გადატვირთვამ ეგ გააკეთა, რომ სხვანაირად შევხედეთ სამუშაო პროცესს, სამუშაო პროცესის ნაყოფს და საერთოდ ყველაფერს.
დ.კ.: შემდეგი ეტაპია 4-ტრეკიანი EP „too many requests”; კლიპიც გადავიღეთ - MARKEBI. პირველ ეტაპზე სიმღერა პანკი იყო - ოთახში გიტარით დაკრული. ალექსას ვურეკავ, ვუყვირი, ვღრიალებ. პირველი რეაქცია 'რა ყ*ეობაა'; მეორე რეაქცია 'ვა, რაღაცაა'; მესამე - 'ასწორებს'. მერე ბიტზე გადავაწყეთ, შეიცვალა განწყობა და მუღამი, რითმიკა.
ჩვენი მეგობარი, ვიდეოგრაფი ერეკლე ხელაშვილი დაგვეხმარა - ერთ ღამეში დავწერეთ სცენარი, კლიპს კი ექვსი თვის განმავლობაში ვიღებდით.
ჩვენ ვაკეთებთ მუსიკას, ვდებთ ძალისხმევას და გულწრფელად გვინდა, რომ ეს საქმე ვაკეთოთ. კი, ფიდბექი მნიშვნელოვანია, მინიმალურიც კი. ველოდებით, ვკითხულობთ, ვითვალისწინებთ, თუ საჭიროა.
ვენდობით პროცესებს, რაც მოხდება, მოხდება. მოტივაცია თავისით არსებობს.
...
მოტივაციის თავისთავადი არსებობით, მუსიკალურ დუეტ Lovincage-ს 14 თებერვალს აქვს ლაივი - ყოველთვის ღირს ყურს გადაჩვეული თუ მიუჩვეველი მუსიკის სმენა, ყოველთვის ღირს მცდელობა, რომ გადაიტვირთო.