ყველაფრის ფოლკლორი | ინტერვიუ ალექსანდრე ხარანაულთან
ალექსანდრე ხარანაულს, ქართველ მუსიკოსს, სადებიუტო ალბომიდან [„დილით ამომავალო მზეო“] რამდენიმე სიმღერაზე ველაპარაკებით და ისე გამოდის, რომ მსოფლიო და ქართული ფოლკლორის მნიშვნელობასა და რაობაზე ვსაუბრობთ.
...
ინდიგო: ალბომის სახელდებით და, შესაბამისად, ალბომის მთავარი სიმღერით დავიწყოთ – „დილით ამომავალო მზეო“ – ალბათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა უნდა ჰქონდეს; ძალიან კონკრეტული ამბავია, კონკრეტული პერსონაჟებითა და პერსონალური მღერით.
ალექსანდრე ხარანაული: ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერაა – პირველია, რომელმაც მომცა სურვილი და აზრი, რომ ფოლკლორული ნაწარმოები რაღაცნაირად გადმომეკეთებინა. ფიქრობ თანამედროვე დროზე, ბოლოს ის გამოგდის, რაც შენ ხარ.
ყოველთვის აქტიურად ვუსმენდი უამრავი ქვეყნის ფოლკლორს, თითქოს ყველა ეს ჩანაწერი ჰგავს კიდეც ერთმანეთს. ჩვენთან ფოლკლორული მღერა რატომღაც მხოლოდ პოლიფონიასთან ასოცირდებოდა – როცა ბევრი ხმა რაღაცას მღერის. ალბათ, ამას საბჭოთა გავლენაც დაემთხვა, მრავალხმიანობა უფრო მოუხდა შრომით სიმღერას და ასე დარჩა;
„დილით ამომავალო მზეო“ ერთი კაცის ხმაა, შვიდი ადამიანი თუ მღერის სადღაც, აქ ერთი თავისთვის ღიღინებს, რატომაც არა?
ამერიკელი ეთნომუსიკოსის, ალან ლომაქსის მაგალითზე, მეც დავიწყე ერთი კაცის ხმების ძებნა ქართულ ფოლკლორში და მივაგენი კიდეც, ამან მომანდომა და მერე ვიმღერე.
ინდიგო: ამ სიმღერის ლირიკას, ფოლკლორულ ლექსს, ფორმიდან გამომდინარე თითქოს აქვს გარდაუვალობა, რომ იმღერებოდეს: ბოლორითმის ემპათიკური -ო დაბოლოება („მზეო“ – „დახედეო“ – „მიცოცხლეო“...) შინაგან რიტმს და რითმას ამძაფრებს და ქმნის მღერის აუცილებლობას. ეს აუცილებლობა და ფორმობრივი ინერცია ნაკლებადაა მამის, ბესიკ ხარანაულის ლექსის მიხედვით დაწერილ სიმღერაში – „ჩემო მრავალშემცდარო“
ალექსანდრე ხარანაული: ჩემთვის მანდაცაა ეგ აუცილებლობა: არსებობდა მამაჩემის სიმღერა ამ ლექსზე, სულ სხვანაირად მღეროდა თვითონ. მუსიკასთან სულ მქონდა შეხება და თვითონაც ხშირად მეუბნებოდა, მიდი, ეს სიმღერა დაწერეო. ამიტომ სულ არსებობდა ეს აზრი და სულ ვიცოდი, რომ ოდესღაც ვიმღერებდი.
ლექსთან ურთიერთობა განსაკუთრებით რთულია. მარტივი რაღაც უნდა ვთქვა ახლა: ლექსი და მუსიკა თუკი ერთად არ იწერება, რთულდება თვითმყოფადობის შენარჩუნება. ერთიანი უნდა იყოს.
***
ჩემო მრავალშემცდარო,სიყვარულო ჩემო.
რომ გეგონა წყალობა,
რომ დაიწყე გალობა,
სისხლში დაიხრჩვეო.
სისხლში.
სისხლში.
სისხლში დაიხრჩვეო.
ინდიგო: არსებობს ამ სიმღერის ძველი ვერსია, რომელსაც შენც სხვანაირად მღერი, უფრო რომანსს ჰგავს, ნაკლები ნოტი და მინიმალისტური ინსტრუმენტალია.
ალექსანდრე ხარანაული: ბევრი რამე შევცვალე – სევდიანი ამბის მაჟორულმა მღერამ და ტრაგიკული გარემოებების მაჟორულმა კონტრასტმა კარგი შედეგი დადო. ჩემთვის არ ამართლებს ხოლმე ყველაფერში სევდა. აქ ცოტა მოუხდა ეს ირონიული მიდგომა .
ინდიგო: შემდეგი არის „დუდა“ – დიალოგის ფორმით დაწერილი ლექსი. აქამდე ვიცოდი ეს ლექსი დავით წერედიანის ნაშრომიდან „სვანური სიმღერების კვალდაკვალ“, რომელიც სვანურ ფოლკლორულ ნიმუშებს აერთიანებს. უნდა ვთქვათ, რომ „დუდა“ სვანური სახუმარო სიმღერაა, უცნაური იუმორი აქვთ სვანებს.
ალექსანდრე ხარანაული: ძალიან მიჭირს ამ ამბის ხუმრობად აღქმა, ნამდვილად არაა სახუმარო. „დუდა“ ძალიან მიყვარს, თუ რამით ვამაყობ, არის „დუდა“. ბლუზი მიყვარდა ყოველთვის და მოუხდა ასეთი განწყობის ინსტრუმენტალი, გამოვიდა. ბევრი ლექსი შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ ყველას ვერ იმღერებ. აი, ეს რაღაც ეგრევე გამომივიდა. ხვალ რომ ვცადო, ალბათ, აღარ გამომივა.
ინდიგო: დავით წერედიანი იმ ნაშრომის წინასიტყვაობაში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქართველური პოეტური ტრადიცია ყველაზე მეტად აქაა შემორჩენილი, როცა ქართულ ლექსთქმას ნაკლებად ჭამდა გავლენები, რაც შენს „დუდასაც“ დამატებით მნიშვნელობას მატებს.
ალექსანდრე ხარანაული: საქართველო მაინც უფრო გავლენების ქვეყანაა. არ ვიცი, ეგ მახსოვრობა თუ არსებობს სადმე, თუმცა სასიამოვნო ვარაუდია. ისე კი, ყველგან გავლენაა, ენაში, მუსიკალურ საკრავებში. ყოველთვის რაღაც შემოდიოდა, ჩვენ ვითვისებდით.
ფოლკლორიც ხომ ეგაა, ვიღაც რაღაცას მღერის ისე, როგორც დაამახსოვრდა და ეგ „როგორც დაამახსოვრდა“ ქმნის ახალს. ეგაა ქართული უნიკალურობა.
ინდიგო: „მე და თაგვი“ – არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე მეტად მომეწონა. ამ სიმღერის ლირიკაში არის ერთადერთი ფოლკლორული სტრიქონი [„გამოდი, თაგო, ვიამათაო“], ფაქტობრივად, რეფრენი, ხოლო დანარჩენი ამბავი არის ის ექსკლუზიურობა, თავში რომ ვთქვით. აქ უკვე ალექსანდრე ხარანაული ღიღინებს. ეგრეა?
ალექსანდრე ხარანაული: ეგრეა. ზამთარში მივდივარ ხოლმე სოფელში მარტო. მივდივარ, რომ დავხედო სახლს და თაგვებიც არიან. თან მარტო ხარ და თან თაგვებიც არიან. ეს სიმღერა ეგეთია, 15 წუთში დაწერილი. დიდხანს რაღაცებზე მიფიქრია, მაგრამ უცებ დაჯდები და, ვა, ეგაა. ესეც სახუმაროა, მაგრამ საბოლოოდ ამ სიმღერას აღარ ეხუმრება დიდად.
ინდიგო: „არ მეძინება“ საერთოდ სხვა ამბავია, სხვა ხასიათი, სხვა ინერცია და ინსტრუმენტიც კი სხვანაირია.
ალექსანდრე ხარანაული: ესაა ჩემი შვილის, ელისაბედის დაწერილი, რომელსაც არ ეძინებოდა და თამაში უნდოდა. შვილებთან სულ რაღაცებს ვაკეთებდი და „არ მეძინება“ ეგრე დაიწყო, ნელ-ნელა წამოვიდა. თავიდან ვვარაუდობდი, რომ ჩემს უფროს შვილთან, კატოსთან ერთად ვიმღერებდი, ერთი ეგეთი ვერსიაც ჩავწერეთ. ბოლოს თვითონ აღარ მოინდომა.
საბოლოო უფრო ორაზროვანი გამოვიდა. ბავშვის სიმღერაა და დიდი კაცი მღერის, რომ არ ეძინება და თამაში უნდა. ორაზროვნებამ მაპოვნინა გამოსავალი, კატოს აღარ მოუნდა და...
ინდიგო: „აი, სად შემხვდი“ ისტორიული ინერციის ამბავია; ისტორიის არეკვლის მცდელობა.
ალექსანდრე ხარანაული: ვკითხულობდი რევაზ კვერენჩხილაძის წიგნს („წამების გზა: დახვრეტა, გადასახლება, დევნა“) რეპრესირებული მწერლების შესახებ და იქ ვიპოვე მარი აბრამიშვილი – წავიკითხე და ჩამრჩა. მერე მოვიძიე და ვიმღერე. ნებართვაზე რომ დავუკავშირდი მარი აბრამიშვილის შვილს, მაჩუქა მარის წიგნი, სასიყვარულო ლექსების კრებული. მე ასეთი ისტორიული კონტექსტი ჩამრჩა.
რაღაცებს შეიძლება წააგავს კიდეც 90-იანი წლების ქართული სიმღერებიდან. მერე ისიც კი აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ ლექსზე „აი, სად შემხვდი“ 4 კომპოზიციაა შექმნილი, თუმცა ჩემი ამბის და ისტორიული კონტექსტის პირველადი ბიძგი დავტოვე და შევინარჩუნე ბოლომდე პირველადი ვერსიით.
...
მარი აბრამიშვილი პირველი და ერთადერთი რეპრესირებული ქართველი ქალი მწერალია. ექვსი წელი გაატარა ტყვეობაში. თვითონვე იხსენებდა, რომ საკანში საკუთარ არსებაში პოეტის გადარჩენა მოახერხა ზეპირი მღერით. დღეს მარი აბრამიშვილის ლექსის მღერა მეხსიერების გამოღვიძებას ჰგავს.
...
ინდიგო: დავუბრუნდეთ ალბომს – ბევრი სხვადასხვა ხასიათის ერთობლიობაა, მაგრამ ალბომს აქვს სული. რა იძლევა შენთვის სულს?
ალექსანდრე ხარანაული: ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ტექსტი უპირობოდ; მერე მუსიკასთან შერწყმა, რომ კარგად და სწორად ჟღერდეს. ესაა ხოლმე ამოსავალი და ის, რასაც სულ მინდა, რომ მივაღწიო.
ეს სიმღერები ჩემია, რაღაცნაირად იგრძნობა კუთვნილება; ყველა სიმღერაში ტექსტი არის და მნიშვნელობს, ტექსტი ყველგან ისმის. ეს ქმნის, ალბათ, ერთიანობას.
ინდიგო: ერთგან თქვი, რომ შენთვის საინტერესოა, რა აიღო ბობ დილანმა ლედ ბელისგან და მერე ბობ დილანისგან რა აიღეს სხვებმა, ანუ ფოკლორული გადაცემის აქტი. ქართულ ფოლკლორულ ხაზში სად და როგორ ხედავ საკუთარ თავს?
ალექსანდრე ხარანაული: ბევრ რამეს ძალიან „ვიყენებ“ და მგონია, რომ განვითარების ამოსავალი წერტილია საკუთარი კულტურა.
კულტურა თუ არ იქმნება, ერი არ ხარ, ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხარ და მორჩა. თვითმყოფადი კულტურა უნდა იყოს სულ; რაღაციდან უნდა გრძელდებოდეს.
ყველგან ასე მოხდა და აქაც ასე უნდა მოხდეს. ყოველთვის ვიქნები დაინტერესებული ქექვით: თუნდაც ისე, როგორც „მე და თაგვშია“, მხოლოდ ერთი ფრაზით; რაღაცით ბმა და კავშირი ამ ქექვასთან სულ მექნება. რაც გაინტერესებს, შენც ის ხარ.