ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მალხაზ ხარბედია - წიგნის ნადიმები | შოთა იათაშვილი

მალხაზ ხარბედია - “წიგნის ნადიმები” (გამომცემლობავაზი”), 2021

მალხაზ ხარბედიამ დაწერა წიგნი, რომელიც თავისი პოტენციალით ბესტსელერია. მას დიდი გამომცემლობა ხმაურიან სარეკლამო კამპანიას გაუკეთებდა მიმზიდველი სლოგანებით, ეტყოდა მკითხველს, რომ ესაა წიგნი მადისაღმძვრელი და თითების ჩასაკვნეტი, წიგნი “სუფრის აკადემიის”, ისეთი, რომელიც აუცილებლად უნდა იდოს ყველა ქართველის ოჯახში. არაა გამორიცხული, რომ შეეტანა კაფეებსა და რესტორნებში და იქ გაეყიდა საკმაო წარმატებით… 

აი, წარმოიდგინეთ,  სხდება სამეგობრო საქეიფოდ, უკვეთს კერძებს, და მენიუში საჭმელ-სასმელთან ერთად, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ერთი წიგნიცაა ჩაწერილი თავისი ლაზათიანი სათაურით, და მიმტანიც ურჩევს კლიენტებს, სანამ შეკვეთა მოსულა, თავი შეიქციონ მისით. მათგანაც რა მიდის, იღებენ შეთავაზებულ წიგნს, იწყებენ ზანტად ფურცვლას და უცებ უთვალავი და სულ სხვადასხვა ყაიდის გემრიელობები დატრიალდება ისედაც პირზე ნერწყვმომდგარი ამფსონების თვალწინ: თითქმის ყოველ გვერდზე რაღაც შიშხინებს, იბრაწება, იხრაკება, ითუშება, და რაც მთავარია, ეს კულინარიული წიგნი კი არაა, სადაც ერთმანეთზე უფრო მიმზიდველი რეცეპტებია, მაგრამ ადამიანები არ ჩანან, არამედ პირიქით, აქ სწორედაც რომ ადამიანები უსხედან მაგიდებს და ტაბლებს, ფეხი მოურთხამთ, ან სულაც წამოწოლილან და ისე იღმურძლებიან.  ხან არაყს გადაჰკრავენ, ხან ღვინოს ჩამოასხამენ, ან რაღაც უცხო სასმელს გასინჯავენ… და ეს ადამიანები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან არიან, ძალიან ძველებიდანაც და შედარებით ახლებიდანაც, ქართულებიდანაც და უცხოურებიდანაც, და რაც მთავარია, ამ წიგნის დამწერი, მავანი მალხაზ ხარბედია ამ სხვადასხვა ნაწარმოებებში ატეხილ ღრეობებსა და დროსტარებებს შორის დაქრის და დაძვრება, აკვირდება და იკვლევს ამ ნადიმებს, აღწერს, რომელ მწერალს რა ხორაგი და სანოვაგე ჩამოულაგებია თავის ტექსტში და თან ენის წკლაპუნით აკეთებს ამას, აი, ისე, შენც რომ მოგანდომებს ძალიან იქ მოხვედრას, იმ პურისჭამაზე, მაგრამ მარტო გურმანი არაა ავტორი, გურმანიც და მკვლევარიც ერთდროულადაა, თუმცა ეგ მერე. ცხელ-ცხელი კერძების მომლოდინე ჩვენი დოსტებისთვის კი მთავარი იმ მომენტში ისაა, რომ მთლად ბოლომდე აუშლის ისედაც აშლილ საღერღელს მათ ამ წიგნის ფურცვლა, და ცხადია, ტრაპეზობას რომ მორჩებიან, აღარც ეს გემრიელი წიგნი დაავიწყდებათ, და შემთვრალნი და კარგ ხასიათზე მყოფნი მასაც შეატანინებენ ხარჯში და წაიყოლებენ სახლში…

ერთი სიტყვით, აი, ასეთია ეს “წიგნის ნადიმები”, გემრიელი კერძივით თავს რომ გაყიდვინებს და შეგახრამუნებინებს, თუმცა კი მიუხედავად ასეთი გამორჩეული კომერციული თვისებისა, მალხაზ ხარბედიამ იგი პატარა გამომცემლობაში დაბეჭდა მოკრძალებულად და ჯერჯერობით ზემოთაღწერილი ხმაურით კი არა, პატარა ხმაურითაც კი არ ჩანს ლიტერატურულ სივრცეში. რას ვიზამთ, ეს ავტორის არჩევანია და პატივი ვცეთ მას, თუმცა კი მსგავსად რესტორანში მოქეიფე ამფსონებისა, ჩვენც აუცილებლად გადავფურცლოთ იგი და უკეთ გავერკვეთ, თუ რა ხდება შიგნით. 

ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე - აი, ესაა “წიგნის ნადიმების” ჟანრული განმარტება და ავტორის წინასიტყვაობას და 14 ესეს მოიცავს. არაა გასაკვირი, რომ იგი გაიუს პეტრონიუსის და პლუტარქეს ტექსტებით იწყება, ძველი საბერძნეთით, რომელმაც მართლაც შექმნა “სუფრის აკადემია” თავისი ნადიმების კულტურით და ფილოსოფიით და მალხაზ ხარბედია, პროფესიით კლასიკური ფილოლოგი, ამ ნადიმების წეს-ჩვეულებებს, უცნაურობებს,  თუ სიგიჟეებს და  მათ მკაფიო სტრუქტურასაც შესანიშნავად გვაჩვენებს.

ცხადია, ასეთი წიგნი წარმოუდგენელი იქნებოდა ფრანსუა რაბლეს გარეშე და ძველ ბერძნებს ეს გურმანთუხუცესი მოსდევს. ის, თუ როგორი ჟღერადობა შეიძინა ამ უკვდავმა ტექსტმა გურამ გოგიაშვილის ბრწყინვალე თარგმანში, ხარბედიას ერთ-ერთი მთავარი რაკურსია: გენიალურად გაქართულებული შუა საუკუნეების ფრანგული გასტრონომიული სივრცე, რომელიც ამ შემთხვევაში არა მხოლოდ უშუალოდ კერძებს მოიცავს, არამედ ჯამ-ჭურჭელსაც, ვაზის და ღვინის დასახელებებსაც, ჭამა-სმის პროცესის ამსახავ ზმნებსაც, პერსონაჟთა  სახელებსაც, თუ მეტსახელებსაც, ფრთიან გამონათქვამებსაც…

რაბლეს მოსდევს მიგელ დე სერვანტესი, ჩარლზ დიკენსი, ნიკოლაი გოგოლი, ჰერმან მელვილი, პასკალ კინიარი… ჩინელი ნობელიანტის, მო იენის “ღვინის ქვეყანაც”, რომელიც საბჭოთა საქართველოში საპატიო სტუმრებისათვის რაიკომის მდივნების მიერ გაშლილ უხვ პურმარილებს და ამ პურმარილების პერვერსიებს გაგვახსენებს, უშუალოდ ქართველებიდან კი ორი ავტორია - ვასილ ბარნოვი და ნუგზარ შატაიძე.

წინასიტყვაობაშივე აღნიშნავს მალხაზ ხარბედია, რომ საკმაოდ ბევრი ტექსტია ამ წიგნში გამორჩენილი, ჩამოთვლის ოცამდე უცხოელ ავტორს და მათთან ერთად ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანსაც” ასახელებს, თან დაურთავს, რომ არც იყო მისი მიზანი ყველაფერი ერთი წიგნის სუფრაზე ჩამოეტარებინა და ჩაედგა. გასაგებია, მაგრამ მაინც ალბათ ცოტა გულს წყდება, ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯანი თავიანთი მენიუთი და დიალოგებით რომ არ მოხვდნენ ასეთ წიგნში, თუმცა ზემოთ ნახსენები ორი ავტორის გასტრონომიული ამბების წაკითხვაც არაჩვეულებრივად შეგაგრძნობინებთ ქართული პურმარილის სურნელსა და ატმოსფეროს.

საერთოდაც, იქნებ ჯობდეს, რომ წიგნს ბოლოდან გაუსინჯოთ კბილი, არაჩვეულებრივი ესე წაიკითხოთ ნუგზარ შატაიძის პროზაზე, სოფლური თუ ქალაქური, მწირი თუ ბარაქიანი სუფრების შესახებ თავისი სასაცილო, თუ გულისამაჩუყებელი ამბებით, და ასე, მადაზე მოსულები, ეძგეროთ დანარჩენ თავებს. 

ისე კი, ნაყროვანება რომ ადამიანურ ცოდვათაგან ერთ-ერთია, და არც არანაირადაა ღორმუცელა ადამიანი კაი შესახედი და მოსაწონი? არაესთეტურია ელემენტარულად. მაგრამ ეს ხომ ცხოვრების ესთეტიკაა, რომელიც მექანიკურად არ ვრცელდება წიგნის სამყაროზე. უფრო კი საერთოდაც პირიქითაა. მწერლები თავიდანვე, უხსოვარი ეპოქებიდანვე მიხვდნენ, რომ მხატვრულ ტექსტს უხდება სართულებად დალაგებული სუფრების, ღრეობების და დროსტარებების აღწერა, ისედაც გადამეტებულის კიდევ უფრო მეტად ჰიპერბოლიზაცია და ეს შესანიშნავი საშუალებაა განსაკუთრებული ესთეტიკის, ახალი პოეტიკის მოხელთებისა.

წიგნის ფურცლებზე აღწერილი ნადიმი იმას, რაც ადამიანური ბუნების და ჩვენი ყოფის განუყოფელი, თუმცა კი ალალი ნაკლოვანებაა, უცნაურ სილამაზეს და მომხიბლაობას სძენს, ჩამთრევს და ამაღელვებელს ხდის, “უკულტურო” ჭამა-სმას განსაკუთრებულ კულტურად  გარდაქმნის. “წესიერი სუფრის” აღწერა კი, მწერალმა იცის, რომ არც ღირს, ის თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მკითხველი მას უბრალოდ “გაატარებს”, მხოლოდ არაფრისმომცემი, მკრთალი ფონი თუ იქნება სიუჟეტისა.

ამიტომაცაა ამდენი ნაყროვანება ამ წიგნში, თუმცა კი ასე ცალსახადაც არაა საქმე. ასეთ ტექსტებთან ერთად შიმშილობის ტექსტებიცაა აქვე, გულაგების, საკონცენტრაციო ბანაკების, თუ ომისშემდგომი გაჭირვების გამოცდილებები, მათი მწირზე მწირი ულუფები, არსებული მხოლოდ იმისათვის, რომ ისედაც ღონემიხდილ ადამიანს სული არ გაძვრეს.  ესეები ვარლამ შალამოვის, ჰაინრიხ ბიოლის და ჰერტა მიულერის ნაწარმოებების შესახებ შთამბეჭდავად აბალანსებს ამ წიგნს, ამ გასტრონომიულ  ფეიერვერკსა და კარნავალში თავისი დრამატიზმი და ტრაგიზმი შეაქვს. და ამასთანავე საკვების ფენომენს სულ სხვა კუთხით ხსნის, განსაკუთრებულ სიღრმეს და მოულოდნელ ნიშანთვისებებს სძენს მას.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი არის მეტისმეტად გემრიელი საკითხავი თავისი კულტუროლოგიური ღირებულებით და საკვლევი მასალის ძალიან მაღალ დონზე გადამუშავების ეფექტით, არის საოცრად მდიდარი ენობრივი თვალსაზრისითაც და გასტრონომიული ლექსიკონების ლამაზ სიჭრელეს მთელი თავისი ბრწყინვალებით გვაჩვენებს. ეს წიგნი ალბათ მართლა უნდა იდოს ყველა ქართველის ოჯახში, თუნდაც იმიტომ, რომ სანამ სუფრა იშლება ხოლმე, სტუმრები კი იკრიბებიან, მათ ნარდ-ჭადრაკის თამაშთან, ანეკდოტებთან და პოლიტიკური სიტუაციის გარჩევასთან ერთად ეს წიგნიც ფურცლონ და მოჯადოებულებმა კომპანიის გასაგონად შიგადაშიგ საღერღელის ამშლელი, ნოყიერი ციტატებიც წამოიძახონ ხოლმე. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა