ჟან-პოლ დიუბუა - ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს | შოთა იათაშვილი
არის რამდენიმე სერია, რომელიც თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას აცნობს ქართველ მკითხველს. ასეთია “სულაკაურის გამომცემლობის” “ლიტერატურული ოდისეა”, გამომცემლობა “დიოგენეს” “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ანდა “ინტელექტის” “აკრძალული წიგნების თარო”. ასეთივეა “პალიტრა L”-ის “ლიტერე ინვენტე”, რომელიც შედარებით ახალი პროექტია და შესაძლოა ამის გამოც, ჩემი დაკვირვებით, ნაკლებადაა პოპულარული, არადა მის მიერ შემოთავაზებული ავტორებისა და ნაწარმოებების უყურადღებოდ დატოვება ნამდვილად არ ღირს. ამიტომ ამ სერიის წიგნზე გადავწყვიტე ახლა თქვენი ყურადღების შეჩერება.
ჟან-პოლ დიუბუა “ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს” (ფრანგულიდან თარგმნა ნინო თურქესტანიშვილმა), 2021.
1950 წელს დაბადებული მწერალი ჟან-პოლ დიუბუა დიდი ხანი ჟურნალისტად მუშაობდა და მხოლოდ 2004 წელს, რომანისთვის “ფრანგული ცხოვრება” პრემია “ფემინას” აღების შემდეგ შეეშვა ამ საქმიანობას. არის სცენარების და პიესების ავტორიც. მისმა ქართულად ახლახან ნათარგმნმა ამ რომანმა კი 2019 წელს გონკურების პრემია დაიმსახურა. კენჭისყრის მეორე ტურში ამელი ნოტომის რომანს აჯობა ხმებით 6:4-ზე. „ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს“ ზომით პატარა რომანია, მაგრამ ბევრის დამტევი. ბევრი სივრცის, ეპოქის, კონფლიქტის, პერსონაჟის… მას შემდეგ, რაც ალბერ კამიუმ თავისი უკვდავი “უცხო” დაწერა, ჩანს, კარგად გაიაზრეს ფრანგმა მწერლებმა, რომ დიდი ფორმატი სულაც არაა აუცილებელი ფართო მასშტაბის მისაღწევად. უბრალოდ, განსაკუთრებული ალღო და ოსტატობაა ამისათვის საჭირო. ჟან-პოლ დიუბუაც ასეთია ამ ნაწარმოებში (სხვები არ წამიკითხავს და ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენადაა ეს ზოგადად მისი მახასიათებელი): ციხის დახუთული გარემოც და ჰაერში, საყვარელ ადამიანთან ერთად პატარა, ძველისძველი თვითმფრინავით ტურბულენტური ფარფატიც, დანიელი ვიკინგების პატარა ქალაქი სკაგენიც, 60-იანი წლების პარიზიც და კანადელი მეშახტეების ტოქსიკური ქალაქი ტეტფორდ-მაინსიც… - ეს ყველაფერი რომანში მოთხრობილ ამბებს განსაკუთრებულ დიაპაზონს სძენს.
კონფლიქტის სათავეში კი, ალბათ არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ რევოლუციური პარიზი აღმოჩნდება - და ესაა თავისუფლების საზღვრების გამო წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტი, მაშინ, როცა ამ თავისუფლების სახელით ცოლი საკუთარ კინოთეატრში პორნოგრაფიულ ფილმ “ღრმა ყანყრატოს” უშვებს, ქმარი კი, პროტესტანტი პასტორი - შერცხვენილი, ეკლესიიდან გამოგდებული და საკუთარი ნებით ცოლს გაშორებული - კანადელი მეშახტეების აზბესტით მოწამლულ პატარა ქალაქში გარბის მოღვაწეობის გასაგრძელებლად. აქ კონფლიქტის გამოსაკვეთად ქალი მკვიდრი პარიზელი და ნამდვილი ფრანგია, ხოლო კაცი ვიკინგების შთამომავალი, მეთევზეების იმ ქალაქიდან, სადაც ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა ქვიშაში ბოლომდე ჩაფლული ეკლესიაა. აღსანიშნავია, რომ პასტორი ჰანსენი არანაირად არაა ვიწრო თვალთახედვის ადამიანი და რეაქციონერი, ის ბევრ რამეში უგებს მეუღლეს და საერთოდ, ქვეყანაში, სამყაროში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ცოლი მას მაინც ასეთი სიტყვებით ადანაშაულებს: “პროვინციის ერთი საბრალო პასტორი ხარ, ერთი დაკომპლექსებული პროტესტანტი, კონსერვატორი და ცვლილებებზე თვალახვეული. ვერაფერს ხედავ, ვერაფერს ხვდები, ჭრი და კერავ შენი ბიბლიით, სისხლის სამართლის წიგნი გგონია. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობ, შენი თევზის ფქვილისა და ქვიშიანი ნახევარკუნძულის ზღაპრებში. გააჯვი რა, იოჰანეს ჰანსენ. ყველგან ყველა ნახავს ამ ფილმს, რომელიც, ალბათ, მართლაც ნაგავია, მაგრამ იმ საქმეს, რაშიც მე ვარ, ასეთი ფილმები ატრიალებენ. ჯერ არ ვიცი, როგორი, მაგრამ მაინც მოვლენაა ეს ფილმი. ასე რომ, პირდაპირ გეუბნები, უარს არ ვიტყვი ჩემს გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ქმრის პროფესიულ სინდისს არ მივაყენო შეურაცხყოფა.” ეს ოჯახური საბედისწერო შეჯახება მათი ვაჟის, პოლის მომავალზეც გადამწყვეტ გავლენას ახდენს.
პოლი ამ ისტორიას და თავის სხვა ამბებსაც მონრეალის ციხიდან ჰყვება, სადაც ის კვებეკის მოტოციკლისტების ბანდის წევრთან, პატრიკ ჰორტონთან ერთად ზის საკანში. პატრიკი რომანის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟია და ციხის სცენები, რომელიც რომანს ბოლომდე გასდევს, მიუხედავად გარეგნული სიპირქუშისა, მისი მეშვეობით ხალისიანი საკითხავი ხდება. რაც შეეხება პოლს, თუ რატომ აღმოჩნდა ის გისოსებს მიღმა, წიგნის ბოლომდე არ ჩანს. ეს კი მეორე მნიშვნელოვანი კონფლიქტია, რომელსაც ავტორი გვიხატავს: ერთი მხრივ დაუზარელი, თავგადაკლული, სიყვარულით სავსე შრომა ადამიანებისათვის და მეორე მხრივ გულცივად, წესებით რაღაცის მართვა. ამ დაპირისპირებაში მოჰყვება იგი და დამნაშავეც, ბედის უკუღმართობით, ის აღმოჩნდება.
ტეტფორდ-მაინსში მამასთან წასული პოლი ჯერ მშენებლად იწყებს მუშაობს, მერე კი მონრეალში “ექსელსიორის” ერთი უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსის საქმეთა მმართველად ინიშნება. მას კორპუსის ტექნიკური უზრუნველყოფა ევალება, გათბობის სისტემით დაწყებული, ბინებში კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრით დასრულებული. მაგრამ ეს ზრუნვა კორპუსზე მას თანდათანობით ადამიანებზე ზრუნვაშიც გადასდის - უყვარდება თავისი მობინადრეები, სამუშაო დროის გასრულების შემდეგაც ფაქტობრივად მათთან რჩება და სულსა და გულს დებს ამ ურთიერთობებში. აქ ავტორი კორპუსის მაცხოვრებელთა ჭრელ გალერეასაც გვიხატავს. კონფლიქტი კი მაშინ ჩნდება, როცა მას საკუთარი ადგილისკენ უთითებენ და მკაცრად ეუბნებიან, რომ დავალებული საქმეების შესრულებით შემოიფარგლოს.
ჟან-პოლ დიუბუა ახერხებს, შექმნას ისეთი ზღვრული სიტუაციები, რომლებიც მიუხედავად თავიანთი კონკრეტიკისა, მაინც ფენომენურია და მკითხველის თვალწინ პრობლემათა წყებას შლის. ამავე დროს ის არაჩვეულებრივი მთხრობელია, ტრაგიზმში გარეული იუმორით და ირონიით,სენტიმენტალურ-პოეტურიც - ასეთია პოლის, მისი ინდიელი ცოლის, პილოტი ვაინონას და ძაღლი ნუკის ურთიერთობის აღმწერ სცენებში.
ამ რომანში ჟან-პოლ დიუბუა მოთამაშის ფსიქოლოგიასაც იკვლევს - პასტორი იოჰანესი თანდათან ტყდება, ეჭვები ღრღნის, ქადაგების და ლოცვის უნარს კარგავს და სწორედ ამ მომენტში მიაკითხავს ეშმაკი - ჯერ დოღის ტოტალიზატორის, ხოლო შემდეგ კაზინოების სახით. არაჩვეულებრივია იოჰანესის მეგობრის, მისი ტაძრის მეორგანეს, ჟერარ ლებლონის სახეც.
ერთი სიტყვით, ბევრი სახასიათო პერსონაჟი, თემა და კონფლიქტია ამ წიგნში, და თან გაშლილი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებულ სივრცეებში. ანუ კიდევ ერთი ძალიან კარგი ფრანგი მწერალია ჟან-პოლ დიუბუა და გონკურების პრემიაც მისთვის ტყუილად ნამდვილად არ მიუციათ.