
მამა: მასალა პირველი დრაფტისთვის
დრაფტს უწოდებენ რომანის ან სცენარის პირველ, დაურედაქტირებელ ვერსიას.
ავტორის შენიშვნა
ტიზერი:
ამბობენ, რომ დაბადება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკია, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში განიცდის. მე კი ვფიქრობ, რომ ბევრისთვის მამის აღმოჩენის მომენტი უფრო დიდი შოკია.
მამა: ადამიანი, რომელიც სულ ტელევიზორის წინაა წამოგორებული, ჩხუბობს პოლიტიკაზე და ყოველთვის მართალია. მარტივად რომ ვთქვათ, შოკია ჩვილის გონებისთვის პირველი შეხება ადამიანთან, ვისაც აქვს ფული და ძალაუფლება. ერთადერთი დადებითი ამ ფენომენს ის აქვს, რომ ფსიქოლოგიურად გამზადებს მომავალი ბოსებისთვის, რომლებიც არცთუ იშვიათად, კარიერისტი ნაბიჭვრები არიან.
მე და მამაჩემი ხშირად ვჩხუბობდით და იშვიათად ვსაუბრობდით. უმეტესად მაშინ ჩავუსხდებოდით ხოლმე, როცა სამკვირიანი, გადაბმული სმის შემდეგ, „ზაპოის“ აიკიდებდა, რამდენიმე დღე არწყევდა და ბოლოს გამოვიდოდა მდგომარეობიდან.
ამ დროს დასიებული სახე უცხრებოდა და ძალიან, ძალიან სუსტი ხმით მელაპარაკებოდა. წინ ჩაიდანი ედგა, საიდანაც დროდადრო წყალს ხელების კანკალით ისხამდა. მაშინ ჯერ კიდევ მშობლებთან ვცხოვრობდი. მერე რაღაცები უბრალოდ დამთავრდა, და როცა რაღაც მთავრდება, მისგან რჩება ისტორია.
ამასწინათ სახლში მესტუმრა და ვილაპარაკეთ, ყველა ისტორია გადავიმეორე და კიდევ ერთხელ გავიხსენე ის, რაც ამ კაცში ასე მაოცებდა: ვერაფერმა მოახერხა მისი ტრავმირება. ათასობით ლიტრი გაურკვეველი წარმომავლობის არყის, ციხის და შავბნელი 90-იანების მიუხედავად, ის მაინც დგას და ერთი წამით არ წაბორძიკებულა. თმაც კი არ ცვივა, მხოლოდ ოდნავ შეუჭაღარავდა. არც კომუნისტი ყოფილა ოდესმე, მიუხედავად იმ წითელყელსაბამიანი სკოლის ფოტოებისა, არც ამ პოსტსაბჭოთა რელიგიურ ისტერიკებს აჰყოლია, ის ყოველთვის იყო და არის თამაზა, რომელიც მხრებში მოხრილი დააბიჯებს ავლაბრის მუდამ გადათხრილ ქუჩებში, ხან გიტარით ხელში და ხანაც - მის გარეშე.
პირველი აქტი:
მისი ისტორია, ვფიქრობ, იმ მომენტიდან იწყება, როცა შვიდი წლისას მამა დაეღუპა. მამამისს ფეხზე განგრენა ჰქონია და დიდი წვალებით მომკვდარა. ეს ხდება თელავში, შორეულ სამოციანებში. ჩვეულებრივი საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა: შატალოები, ექსკურსიები, მოძალადე მასწავლებლები და ა.შ. დედამისს რაზე არ დაჰყავდა, მაგრამ თვითონ მუსიკა აინტერესებდა. მისი ძირითადი ინსტრუმენტებია: ბასგიტარა, გიტარა, დრამი. საყვირზე და ფორტეპიანოზეც უკრავს, მაგრამ ცუდად.
მერე ჯარში გაიწვიეს. ამბობს რომ „სტარში სტრელოკი“ იყო, „როტა ახრანაში“ გაანაწილეს, „ბოეპრიპასებს“ იცავდა. დიდად ვერ ვხვდები, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს, რაღაც ისეთი გამოდის, რომ საბჭოთა კავშირის „ბოეპრიპასების“ ნაწილი მის ხელში იყო.
იქ ვის შემცვლელადაც მიიყვანეს, ქუთაისელი ტიპი ყოფილა, რომელმაც ერთი საოცარი რამე ასწავლა: თვითმფრინავებში, რომელთაც სხვა „ბოეპრიპასებთან“ ერთად ყარაულობდა, სპეციალური სპირტი ესხა. მას ზამთარში გაყინული შუშის გასაწმენდად იყენებდნენ.
„ახრანიკები“ თვითმფრინავის რომელიღაც „შურუფს“ ხსნიდნენ, სპირტის წვეთებს აგროვებდნენ, წყალში აზავებდნენ და სვამდნენ.
უფროსობა კაი ხანი ვერ ხვდებოდა, როგორ ახერხებდნენ დათრობას, როცა ტერიტორიაზე ალკოჰოლი არ შედიოდა. ბოლოს მაინც გაუგეს და ალკოჰოლიკთა ამ პატარა ელდორადოს პლომბი დაადეს. თავს დღემდე იმით იმშვიდებს, რომ მაშინ, სამ თვეში უკვე მსახურების ვადა ეწურებოდა.
21 წლისამ ვიღაცის დაბადების დღეზე დედაჩემი გაიცნო. დედაჩემისგან ვიცი, პირველად რომ თამაზა დაინახა, ოთახის კუთხეში იჯდა და გიტარაზე უკრავდა. მერე იცეკვეს. მერე ერთი წელი იარეს აქეთ-იქით. ბოლოს გაიპარნენ, თუმცა სანამ გაიპარებოდნენ, მშობლების გასაცნობად მისული სიძე ისე დათვრა, რომ მაგიდაზე დაეძინა. მაგრამ მაინც გაიპარნენ.
მეორე აქტი:
მე რომ დავიბადე, თბილისში ცხოვრობდნენ, 5 დეკემბრის ქუჩაზე, ნაქირავებში. ტრამვაის მძღოლად მუშაობდა და ლოთობდა. სახლიდან პურის მოსატანად რომ გადიოდა, ერთი კვირის მერე ბრუნდებოდა სახლში, გალეშილი. ამის შემდეგ დაიწყო ჩალიჩი ბინის დასათრევად, მაშინ მძღოლებს საერთო საცხოვრებლებში ანაწილებდნენ. ბევრი ხვეწნა-მუდარისა და ცოტა ქრთამის შემდეგ საქმე გამოვიდა და ავლაბარში გაგვიშვეს საერთო საცხოვრებელში, რომელიც ოდესღაც მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია იყო და რომელიც კომუნისტებმა გადააკეთეს ჯერ საავადმყოფოდ, მერე სასამართლოდ, მერე კიდე რაღაცებად და ბოლოს საერთო საცხოვრებლად მძღოლებისთვის. ამ სახლში 27 წელი ვიცხოვრე. ეს იყო ნამდვილი დეკორაცია ჰორორის ფილმისთვის. მისი შემოღობილი ეზო სავსე იყო ძველი საფლავებით, რომელსაც ძველქართულად რაღაც ტექსტები ჰქონდა ამოკვეთილი. რკინის დაჟანგული კიბეები უცნაურ ხმებს გამოსცემდა. მთავარი შესასვლელი კარი არ იკეტებოდა და ქარი აჭრიალებდა. უშუქობის გამო დერეფნები ჩაბნელებული იყო და სიარულის დროს ხან ვის ეჯახებოდი, ხან ვის, მოულოდნელად თუ ფანარი ჩაგიქრებოდა. მეზობლები ჰყვებოდნენ დაუჯერებელ სიგიჟეებს გაურკვეველ ფანტომებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ თვითმკვლელობებზე და უცნაური სიკვდილის ისტორიებზე, რომელიც იქ ტრიალებდა.
ისიც სულ მაოცებდა, როგორ გაუძლო ამ 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისს და გადავწყვიტე ამაზეც მეკითხა. ვკითხე, არასდროს შეუწუხებიხარ იმას, რომ ოსი ცოლი გყავდა-მეთქი? მითხრა, ნათესავები ატრაკებდნენ ხოლმე, მაგრამ მე ფეხებზე მეკიდა ყველას აზრიო და მგონი არ მოვუტყუებივარ, თუ რამე ეხერხება ამ კაცს, ფეხებზე დაკიდებაა. საუკეთესოდ გამოსდის. მე სრულიად გამანადგურა მაგ პერიოდმა, წამართვა სოფელი, რადგან დედაჩემის მშობლები გაასახლეს, იქ ვატარებდით ხოლმე ზაფხულს. შემდეგ კი ვხედავდი, როგორი ზიზღით ექცეოდნენ დედაჩემს მეზობლები. როცა მამაჩემი სასჯელს იხდიდა, სულ მარტო იყო, ორი ბავშვით, ამდენ „პატრიოტს“ შორის, რომლებიც დედაჩემისგან იცავდნენ სამშობლოს და ღამით კარზე გვიბრახუნებდნენ მთვრალები: „მალე წაეთრევით ჩვენი მიწა-წყლიდან ყველანი თქვენი დედა მოვტყან!“
6 წლისა, უკვე ალბათ სულ ცოტა გია ნოდიაზე უკეთ ვერკვეოდი პოლიტიკაში, ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მგონია.
მესამე აქტი:
სამი წლის ვიყავი, როცა მამაჩემს 5 წელი მიუსაჯეს. ტრამვაით ქალი გაიტანა, თავი მოაჭრა. იმ მომენტში თვითონ არ მართავდა, ტრამვაი ბუქსირით ისნის ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკში შეჰყავდათ, მაგრამ მაინც დაიჭირეს და სოფელ მეტეხის კოლონიაში ჩაასახლეს. დედაჩემს ხშირად დავყავდით და კარგად მახსოვს იქაურობა. სველი კედლები ზამთარში, რკინის საწოლები, აუტანელი სუნი. ჩემი ჩვილი დის ხველება. მახსოვს ერთხელ იქაურობის უფროსს თუ ვიღაცას, წიხლი ამოვარტყი კოჭში და ვუბრძანე:
„სასწრაფოდ გაათავისუფლე მამაჩემი!“
რა თქმა უნდა, ასე არ მოიქცა, მე კი მას მერე არასდროს მიმიმართავს ამბოხის ასეთი გაბედული ფორმისთვის.
კოლონიაში მამაჩემს, იგივე თამაზას, ორი მეტსახელი ჰქონდა. კომპოზიტორა, იმიტომ, რომ უკრავდა და გიორგი სააკაძე, იმის გამო, რომ ქალი, რომელსაც ტრამვაით თავი მოაჭრა, აზერბაიჯანელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კოლონიის ზედამხედველები ხშირად სცემდნენ, იქ მგონი ყველაზე კარგად გაატარა დრო. მალევე აღმოაჩინა უფუნქციოდ დარჩენილი ცარიელი კლუბი, მივიდა და ხელმძღვანელობას უთხრა: „კლუბი თქვენი, ინსტრუმენტები ჩემი, ბენდის გაკეთების უფლება მომეცით. ბიჭები ცდილობენ, ყველა რაღაცა ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობს…“ ისინიც დათანხმდნენ, ალბათ მთვრალები იყვნენ.
ასე შეიქმნა ბენდი, რომელსაც „იმედი“ ერქვა. ვინ წარმოიდგენდა, ეს ბენდი მალე კოლონიის ფარგლებს რომ გასცდებოდა. თამაზა ამბობს, რომ ხშირად ქორწილებსა და ნათლობებში იწვევდნენ და კარგადაც უხდიდნენ, ეცოდებოდათ პატიმრები. ფულის გარდა საჭმელ-სასმელსაც ატანდნენ და მთელი კოლონია გრიალებდა.
ისიც გავახსენე, როგორ გვადგებოდა შუაღამისას მოულოდნელად და ხან რას გვილოცავდა, ხან რას. დილამდე სვამდა და მერე უკან ბრუნდებოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მაკვირვებდა ეს ამბავი, ასეთი რამეები ხომ მართლა მხოლოდ ფილმებში ხდება. კაცი იპარება ციხიდან სხვა პატიმართან ერთად, თავისი ზედამხედველის მანქანით და მიდის სახლში, რომ შვილებს და ცოლს რაღაც დღესასწაული მიულოცოს. სახლში ჯდება, ატირებული ცოლი გვერდზე უზის და დილამდე სვამს. მერე დგება და ისევ კოლონიაში ბრუნდება. ორი დღით „გაობახტში“ აგდებდნენ. წარმოდგენაც კი მიჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ნამდვილად აკეთებდა.
კოლონიიდან რომ გამოვიდა, ისევ ტრამვაიზე დაიწყო მუშაობა. თუმცა მალევე ყველაფერი საშინლად აირია, დღეში რამდენიმე სისხლიანი გარჩევის მოწმე ხდებოდა. ერთხელ მეც თან ვახლდი, როცა ვიღაცამ „ნივიდან“ იარაღი დაგვიმიზნა, გვაგინა და ჰაერში რამდენჯერმე ისროლა, იმის გამო, რომ ტრამვაიმ (რომელიც მოგეხსენებათ, ლიანდაგზე დგას) გზა არ დაუთმო. არ ვხუმრობ, ზუსტად ასე იყო. მერე ეს კაცი წავიდა და დაბრუნდა სამხედროფორმიან ტიპებთან ერთად და ისინი ერთად ჩხრეკდნენ მგზავრებს იმის გასარკვევად, თუ ვინ ისროლა ტრამვაიდან – ასეთი აბსურდებით იყო სავსე მისი პროფესია. შემდეგ ადგა და თავისი საყვარელი საქმიანობა გაიხსენა, მუსიკა. მახსოვს ის დღე, როცა მამაჩემი პირველად გავიდა დასაკრავად ქუჩაში. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო. თინეიჯერი ვიყავი, მრცხვენოდა, უფრო ზუსტად, წინასწარ ვიცოდი, რომ თანატოლები ამიგდებდნენ. ასეც მოხდა.
შემდეგ იყო მანიაკები, რომლებმაც მე და მამაჩემი გაგვიტაცეს და სასაფლაოზე მივყავდით, როგორც მაშინ ვხვდებოდი, შესაჭმელად, თუმცა გამოვექეცით. (ამ ამბავზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად და-google-ეთ მოთხრობა „არასოდეს გაუშვათ მსხვერპლი მოსაფსმელად“).
შემდეგ ჩემი „რთული ასაკიც“ დადგა. აი, მაშინ ნამდვილად არასდროს მიგრძვნია მისგან არანაირი მხარდაჭერა. ეს სიმართლეა, რას ვიზამთ. როგორ უნდა დამავიწყდეს მომენტი, როცა უცნობ კაცთან შუა ჩხუბში ვხედავდი, როგორ მორბოდა ჩვენკენ მამაჩემი, გახარებაც ვერ მოვასწარი, მომვარდა და პირდაპირ სიფათში მხია. გაოგნებისგან, კინაღამ გავსხივოსნდი. შოკირებული იყო ის კაციც, ვისთანაც ვჩხუბობდი. გაგრძელებას აღარ მოვყვები.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი ნეგატივი მახსოვს. მაშინ ნივთებით იყო შეპყრობილი.
მთელი წელი შეეძლო მარტო კარტოფილი ეჭამა იმიტომ, რომ წლის ბოლოს ტელევიზორის ანტენა, ელექტროკლავიში, ვიდეომაგნიტოფონი ან რამე მსგავსი ეყიდა.
მისი ნებისყოფის ადამიანი დიდი წარმატებით იქნებოდა მეცნიერი, შეუძლია დაისახოს მიზანი და მიაღწიოს, ნებისმიერ ფასად.
ნელ-ნელა გაუმძაფრდა ალკოჰოლიზმი. ეს აღარ იყო სმა. ეს იყო კოშმარი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზამთარში იწყებოდა. ოჯახში ამას „ფორმაში შესვლას“ ვეძახდით. დღეს და ღამეს ვეღარ ანსხვავებდა, გაიღვიძებდა და, ავლაბრის ბაზარში დასალევად მიდიოდა. კაცმა არ იცის, რისგან დამზადებულ არაყს სვამდა. ხანდახან ბაზრის გაღებამდეც მიდიოდა, მთელი საათი უცდიდა როდის გახსნიდნენ ჭიშკარს. თუ არ ეზარებოდა, გიტარითაც დადიოდა, სადმე რომ დაეპატიჟებინათ და ერთ ჭიქა არაყზე დაეკრა. მთელი უბედურება ის იყო, რომ ამ დროს, გარეთ ყინავს, მას კი აუცილებლად ავიწყდებოდა ჩაცმა, ხან ჩუსტებით გადიოდა შუა თოვლში და ხანაც მაიკით. სადმე რომ წაქცეულიყო და მიეძინა, იქვე დაასრულებდა სიცოცხლეს. ამიტომ ხან მე, ხან დედაჩემი ვათევდით ღამეს, რომ არ გაპარულიყო. თუ წაგაკიმარებდა, თვალს გაახელდი და გამქრალი იყო. მერე მთელი ღამე უნდა გევლო ჩაბნელებულ ავლაბარში, რომ იქამდე გეპოვა, ვიდრე გაიყინებოდა. ან იმედი უნდა გვქონოდა, რომ სადმე სითბოში იჯდა და სვამდა. ხან ვპოულობდით, ხან ვერა. უმეტესად კი ვინმე მეზობელი პოულობდა და მოჰყავდა, კართან აგვიყუდებდა და გვიკაკუნებდა. მადლობა ყველას, თქვენ მამაჩემი გადაარჩინეთ, მილიონჯერ!
ფინალი:
მას შემდეგ, რაც მე ცალკე გავედი საცხოვრებლად, იშვიათად ვხედავ. რამდენჯერმე ქუჩაში დაკვრის დროს გადავაწყდი. ავლაბარში მისვლა დიდად არ მიყვარს. თვითონ მოდის ხოლმე ჩემთან სტუმრად.
მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ესეც ისე მარტივად გააკეთა, თითქოს ბუდა ყოფილიყოს. აღარ სვამს. ჩემს დისშვილს ატარებს ბაღში და მთელი დღე „იუმორინას“ ჩანაწერებს უყურებს.სიგიჟემდე უყვარს „იუმორინა“.