
შესწორებები I - ჯონათან ფრენზენი
ნაწყვეტი რომანიდან "შესწორებები", თარგმნა ირმა ტაველიძემ.
შემოდგომით პრერიებში გავრცელებული ცივი ფრონტის თავგასულობა უფრო და უფრო მკაფიოდ ჩანდა. უმალვე იგრძნობდი, რომ რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო. მზე დაბლა დაშვებულიყო – ოდნავღა ბჟუტავდა გაცივების გზაზე დამდგარი ვარსკვლავი. ქარის ყოველი ამოვარდნა ყველაფერს თავდაყირა აყენებდა. ხეებს მოსვენება დაეკარგათ, ტემპერატურა სულ უფრო ქვემოთ იწევდა, მთელი ჩრდილოეთ რეგიონის რელიგია – ნივთების გაღმერთება – გარდაუვალი დასასრულისკენ მიექანებოდა. ბავშვებს ეზოში სათამაშოდ აღარ უშვებდნენ. გაზონების შეყვითლებულ ბალახზე ჩრდილები გაწოლილიყო. წითელ მუხებს, მთის მუხებსა და ჭაობის ორფერა მუხებს სცვიოდათ და სცვიოდათ რკოები – პირდაპირ თავზე აყრიდნენ იპოთეკით დაუტვირთავ სახლებს. ცარიელი საძინებლების ორმაგი ფანჯრები გამუდმებით ცახცახებდნენ. თეთრეულის საშრობი ხმაურიანად ძაგძაგებდა, ფოთლების სახვეტი მექანიზმი სხვადასხვა ხმაზე