ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #დიალოგი

მარადი სტუდენტი | რეზო კიკნაძე და ზურაბ კიკნაძე


რეზო
: განასხვავებდი თუ არა შენი სტუდენტობის დროინდელ სტუდენტობას იმ სტუდენტობისგან, რომლისთვისაც გისწავლებია ან რომელსაც ასწავლი?

ზურაბ: ერთი ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ ჩემი სტუდენტობის ხანა მხოლოდ სამი ათეული წლით გვაშორებდა უნივერსიტეტის დაფუძნების ხანას, ყოველ შემთხვევაში, მის დერეფნებსა თუ ეზოში ყოველდღიურად ვხედავდით, ვხვდებოდით მის დამფუძნებელ მამებს, ვესწრებოდით მათ გაცხარებულ დებატებს არა მხოლოდ უნივერსიტეტის აუდიტორიებში, არამედ სხვაგანაც, აკადემია იქნებოდა თუ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის (იმელის) შენობა.

შესაძლებელი იყო, მერხზე ერთმანეთის გვერდით აღმოვჩენილიყავით. 

მათგან სხვა სუნთქვა მოდიოდა. ამ გარემოებას არ შეიძლება დაღი არ დაესვა იმდროინდელი სტუდენტის ცნობიერებისთვის.

ხომ ვიცოდი, რომ მამაჩემი აქ სწავლობდა 1921 წლამდე, სანამ გადაასახლებდნენ, და აქედანვე წავიდა ტაბახმელაზე ბიძა, მამის ძმა, და აღარ დაბრუნებულა. ვგრძნობდით იმათ აჩრდილებსაც, ოცდაათიან წლებს რომ შეეწირნენ. ვგრძნობდით, რომ ქარტეხილი არ იყო ჩამდგარი, კიდევ მძვინვარებდა, პერმანენტული იყო, ოცდაჩვიდმეტი წლიდან გრძელდებოდა, მცირე ხანს შეწყდებოდა ხოლმე და მერე კვლავ იფეთქებდა.

1951 წელს, უნივერსიტეტში სწავლა რომ დავიწყე, მორიგი ქარტეხილის უკანასკნელი ტალღა სამი წლის ჩავლილი იყო, მეორე-მესამე კურსის სტუდენტები აიყვანეს. რა გარანტია იყო, რომ ახალ ტალღაში არ მოვხვედრილიყავით, რომელსაც სტალინ-ბერიას სიკვდილმა შეუშალა ხელი? ან რატომ არ უნდა მოვხვედრილიყავით? რითი ვიყავით გამონაკლისები, ჩვენც ხომ ვიკრიბებოდით, ვხმაურობდით, ვკამათობდით, ვგმობდით, თანამოაზრეებს (ანტონებს – ასე შევარქვით) ვეძებდით, აქეთ ვიბირებდით. ბევრ ჩვენს თანატოლს, რაიონებიდან ჩამოსულს, ან თუნდაც თბილისელს, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა მოხდა 21 წელს. მათ თავში გასაბჭოების საბჭოური ვერსია იყო მხოლოდ. გვსურდა, მათაც სცოდნოდათ სინამდვილე. აი, ასეთი გარემო იყო. სრული უიმედობა, უპერსპექტივობა, უნდობლობა. გვყავდა ლექტორი, ლიტერატურის პროფესორი, რომელმაც განსაკუთრებით დაგვიახლოვა, შინაც ვეწვეოდით ხოლმე. გვაფრთხილებდა, თუ ლექტორთაგან რომელიმესთან მოსაუბრეს დაგვინახავდა, ნუ ენდობითო, გვეტყოდა.

ახლა შეადარე იმ ხანის სტუდენტი დღევანდელს...

რეზო: აბა, როგორ შეგედაროთ, მაგრამ: ჩემი სტუდენტობის თაობას თუ შევხედავთ (და ეს თაობა იყო სწორედ შენი პირველი სტუდენტები!), მსგავსება უფრო მეტი ჩანს, ვიდრე განსხვავება; კი ბატონო, ცოტა ინტენსივობა განელდა, თორემ უნივერსიტეტის დამაარსებლები თუ არა, მათი მოწაფეები ხომ გვასწავლიდნენ (გვასწავლიდით!), მათი წიგნებით და მათზე დამოწმებით, სწავლაში იქნებოდა თუ ქცევაში… უბრალოდ, ჩვენი დროის რეაქციულ ჭაობში უფრო ბლანტად იმღვრეოდა სინამდვილე და სტატისტიკურად ნაკლები დაიჭირეს თუ „დაავერბოვკეს“…

ზურაბ: ჩვენ და თქვენ სხვადასხვა დროს კი არ ვიყავით სტუდენტები, არამედ თვისობრივად სხვადასხვა დროში ვიმყოფებოდით... ურთიერთობა მამების თაობასთან განსხვავებული იყო გუშინდელი და დღევანდელი ურთიერთობებისგან.

წარმოიდგინე, თითქმის ყოველდღე ვხედავდი დერეფნებში და ვერის ქუჩებში ბრაზიან ფილოსოფოსს (ასე აღვიქვამდი), თავისი ტროსტით, რომლითაც თითქოს ხვრეტდა ფილაქანს, და არასოდეს გამიბედავს, მივსალმებოდი, როგორც მისი ერთ დროს უმცროსი მეგობრის, თანაპარტიელის და სტუდენტის შვილი. არასოდეს მომსვლია აზრად... არადა, რამდენი კითხვა უნდა გამჩენოდა... სახლში მამის დანატოვარ წიგნებს შორის იყო მისი „ალეთოლოგიის საფუძვლები“, „ფილოსოფიის შესავალი“ და სხვანი, ეს წიგნები რაღაც სხვა სამყაროდან იხედებოდნენ, რომელიც სამუდამოდ დახურული იყო ჩვენთვის (მათ ავტორთან, შალვა ნუცუბიძესთან ერთად). ჩვენს აღქმაში ის დროჟამული სამყარო არანაირად არ ებმებოდა ჩვენს დროს, რომელშიც ვიმყოფებოდით. განა იმ ქარტეხილების პირობებში შემეძლო მომეთხოვა მისგან გულახდილი საუბარი? არამც და არამც.

გუშინ კი, როცა უნივერსიტეტში ლექტორად დავბრუნდი, სხვა ყაიდის სტუდენტები დამხვდნენ, რომელთაც ურთიერთობაში ბარიერები არ აბრკოლებდათ.

შეეძლოთ სტუმრებოდნენ პავლე ინგოროყვას, ლეგენდარულს, გარკვეული აზრით, და ესაუბრათ მასთან „დახურულ“ თემებზე. ეს უკვე შეიძლებოდა: ქარტეხილი გადავლილი იყო… დღეს „ლეგენდარულნი“ აღარ არიან, დღევანდელ სტუდენტს არაფერი აბრკოლებს, ტელეფონით თუ ინტერნეტით „შეაწუხოს“ პროფესორი. დემოკრატიის სულმა თუ სხვა სფეროში არ იჩინა თავი, ამ ურთიერთობას მაინც ძლიერად გაკრა ფრთა...

რეზო: ნანობ, „შენ დროსაც“ ეგრე რომ არ იყო? თუ რაღაც „სიამეც“ ახლდა ამ უკარებლობას და „უთანაბრობას“, დღეს რომ წარმოდგენაც კი მიჭირს (თუმცა „ჩემ დროსაც“ მახსოვს მაგის ინერცია)? შენი სტუდენტები (დღეს რომ მეგობარია ბევრი!) რომ ყოფილიყვნენ ამნაირ მთრთოლვარე მოწიწებაში, ივარგებდა ვითომ?

ზურაბ: არ ვიცი, „ივარგებდა“ თუ არა, მე ხომ დამფუძნებელი მამების თაობას არ ვეკუთვნოდი? მაშინ ასე იყო, სხვა სტანდარტი არ არსებობდა, დემოკრატიის არავითარი მოთხოვნილება არ იყო: რაც იყო, სავსებით გვაკმაყოფილებდა. როგორ წარმოგიდგენია სინანული იმისა, რაც ჰორიზონტზეც არ ჩანს? ყოფილი სტუდენტი, რომელიც დღეს ჩემი მეგობარია, ისევ დისტანციას იჭერს ურთიერთობაში, ბატონობით მომმართავს. ეს ტრადიციის ინერციაა, ეტიკეტია, მეტი არაფერი. ეს არაფერს აკლებს „დემოკრატიულობას“, ანუ ნაღდ, გულახდილ, თავისუფალ ურთიერთობას. ეს არ ჰგავს იმ „ბატონობას“, სტალინურ ეპოქაში რომ სუფევდა. ხომ კარგი რექტორი იყო ნიკო კეცხოველი, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, ხელი ბოლშევიკებთან ბრძოლაში ჰქონდა გაფუჭებულიო, მაგრამ სტალინისტი იყო მმართველობის სტილით. თრთოდნენ მის წინაშე და იფერებდა, ფავორიტები ჰყავდა, სტალინურად. ეს ეპოქა იყო, რომელიც შემდგომ აღარ განმეორებულა. წარმოიდგინე მაშინდელი სტუდენტი და დღევანდელს შეადარე...

რეზო: რექტორის მმართველობის სტილზე ასოციაციურად შემოჭრილ „სენსიტიურ“ პრობლემატიკას არ გამოვეკიდები, შენ, ალბათ, არც გიგულისხმია „გადაკრულად“...

მოდი, ურთიერთობებსაც მოვეშვათ, სტუდენტობის სხვა ასპექტები შევადაროთ იქნებ; საერთოდ, რა მიგაჩნია უმთავრეს სუბსტანციად სტუდენტობისა და აქ – როგორ ფიქრობ, ხედავ განსხვავებას „მაშინდელსა“ და „ახლანდელს“ შორის? და თუ კი – ნუთუ ესეც, ეს უმთავრესიც შეიძლება დრომ განაპირობოს და დროში იცვლებოდეს?

ზურაბ: ბოდიშს ვიხდი „სენსიტიურობისთვის“ – არ მეგონა, თუ ეს შემოჭრილი თემა იქნებოდა. ჩემი მიზანი განსხვავების ჩვენება იყო. იმ ტიპის რექტორს, მბრძანებელს, მოითმენდა დღევანდელი სტუდენტობა? მაშინ ეს ნორმა იყო, როგორც მოცემულობა... განსხვავება ფუნდამენტურია, დამერწმუნე. რა იყო „მაშინ“ სტუდენტობის კრიტერიუმი, რა მთავარი „სუბსტანციის“ მატარებელი უნდა ყოფილიყო იგი, ანუ რა იყო ის ზოგადი, რომელსაც უნდა განესაზღვრა სტუდენტობის „მეტაფიზიკური“ სტატუსი, გარდა იმისა, რომ ის უნდა ეუფლებოდეს ცოდნას, რაც განასხვავებს მას სკოლის მოსწავლისგან? ცოდნის წყურვილი ხომ არ არის მისი არსებითი ნიშანი!.. სწავლა ინდივიდუალურადაც შეიძლება, სტუდენტობის გარეშე. რაც გვაწუხებდა, ის იყო, რომ სტუდენტობის ღირსება და ავტორიტეტი საზოგადოებაში დაცემული იყო, რასაც მისი დაქვემდებარებული მდგომარეობა განაპირობებდა. გვსმენოდა, რომ თვითმპყრობელურ რუსეთშიც კი სტუდენტს მიმართავდნენ: господин студент, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული Ваше благородие-დ იწოდებოდა, ანუ პიროვნულ აზნაურობას იღებდა. და თუ ამ სიტყვას – აზნაურობას – ეგზისტენციალურ ენაზე გადავთარგმნით, როგორც მას პავლე მოციქული იყენებს, ახლოს მივალთ იმ სუბსტანციასთან, რომელიც სტუდენტობის არსს განსაზღვრავს. ამ სუბსტანციამ წარმოშვა „მარადი სტუდენტის“ (Вечный студент) ცნება, თითქოს პარადოქსულად, ხელისუფლებას დამორჩილებულ რუსულ უნივერსიტეტებში. ეს თავისუფლებაა, თავისუფლების სულია ახალგაზრდულ კადნიერებასთან ერთად. შენი თაობა მოსწრებია ამ სულის გამოვლენას... მაშინ ეს სუბსტანცია ასხივებდა. ჩვენი თაობაც თქვენთან ერთად იზიარებდა ამ დაგვიანებულ სტუდენტობას, რომლის მანიფესტაციას თავის დროზე, იმ „მაშინ“, ვერ მოესწრო. სტუდენტობამ იმ დღეებში მოიპოვა ეს არაფორმალური სტატუსი. გახსოვს იმჟამინდელი განწყობილება, რაღაც სხვაგვარი ქროლვა?... რა თქმა უნდა, დრო განაპირობებს, დროს მოაქვს. დრო ცარიელი, სტერილური რაღაც არ არის, მას თავისი სუბსტანცია აქვს.

„დრო იცვლება და ჩვენც დროსთან ერთად ვიცვლებით“, ვინ თქვა? კლასიკოსი არ ხარ?

რეზო: კლასიკოსის რა მოგახსენო, „რაღა ვარ“ ამ „დროსთან ერთად ცვლაში“ – ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი განსხვავება, რომელიც ჩემთვის გამოიკვეთა და ვერ ვიტყვი, რისი შედეგია – დროის, სუბსტანციის თუ თვითონ ჩემი ცვლის თუ უცვლელობის – ის დამოკიდებულება იქნებოდა „ცოდნის დაუფლებასთან“, მაშინ რომ ენთუზიასტურ-იდეალისტური მახსოვს („სწავლა სწავლისთვის!“) და დღეს რომ უფრო პრაგმატული მეჩვენება, „ბაზარზე ორიენტირებულიც“ კი; ამის დასტურად გინდ დღევანდელ „სილაბუსს“ გავიხსენებ, თავისი „შედეგებით“ და გინდ (ზოგჯერ ხუმრობანარევ) კითხვას, სტუდენტის მიერ ჩემთვის არაერთხელ დასმულს: „რა გამოვალ, ამას რო დავამთავრებ?“

ეს მომენტი ხომ ნაღდად შეცვლილი ჩანს?

ზურაბ: სწავლის პრაგმატიზმი, მოწოდებასთან ერთად, ყოველთვის იქნებოდა (შუა საუკუნეებში ნაკლებად) და ჩვენ დროსაც იყო, თუმცა მაშინ დიდი გასაქანი არ ყოფილა (უნივერსიტეტს ვგულისხმობ); ფუნდამენტური მეცნიერებები პრაგმატისტს, ცხადია, არ იზიდავდა. თავზარდამცემი კონკურსი იყო სამედიცინო ინსტიტუტში, ურიცხვი აბიტურიენტი აწყდებოდა მის კარებს, მაგრამ რამდენს ჰქონდა მკურნალის მოწოდება, ან იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლის სიბრძნის (იურისპრუდენციის) გემო? ძალზე მცირეს. ვიცოდით, სად ეხსნებოდა გზა იურიდიულკურსდამთავრებულს, ან თუნდაც ისტორიკოსის დიპლომის მქონეს. ეს „სარაიკომო“ ფაკულტეტი იყო... „რა გამოვალ“ – პრაგმატიკოსის კითხვაა. ნამდვილმა სტუდენტმა არ შეიძლება არ იცოდეს, რა გამოვა მისგან. მისთვის, კარგად ახსენე, სწავლა სწავლისთვის არის, დანარჩენი თავისთავად მოდის. „სწავლა სწავლისთვის“, უფრო სწორად, „ცოდნა ცოდნისთვის“, როგორც „ხელოვნება ხელოვნებისთვის“, თავისუფლების სფეროა, სადაც ადამიანის უღრმესი ინტერესების მანიფესტაცია ხდება. დღევანდელი ეს პრაგმატიზმი თავზე მოხვეულია, და ყბადაღებული არაფრისმთქმელი პრინციპია, რომ სწავლება შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული, თითქოს სწავლება აქამდე (ე. წ. ბოლონიის პროცესამდე) უშედეგო უნდა ყოფილიყო. გეთანხმები, დღეს ამ ტრუიზმების რიტორიკის ხანაში ყველაფერი გაბაზრებულია. „საბაზრო ეკონომიკა“, როგორც ურო, შემართულია და თავში უჩაჩქუნებს კულტურას, მეცნიერებას, ცოდნას, რომელიც დღეს ინფორმაციამ შეცვალა... „თავს ნუ გადაიტვირთავ, იცოდე მხოლოდ ის, რაც აქ და ახლა გამოგადგება“...

რეზო: სამაგიეროდ, ახლანდელი საშუალებები და სანატრელი უკონტროლობა (რომ ვერ გაკონტროლებენ, რა ისწავლო), თუნდაც, ამ სწავლის კონტექსტში, ხომ მართლაც შესაშურია „მაშინდელი“ გადმოსახედიდან? სადაც გინდა, შედი, რაც გინდა, „ჩამოქაჩე“, search, copy/paste, translate, ეკამათე, ვისაც გინდა, „დაპოსტე“, რაც გულს შემოგაწვება... აქ თუ ვინმე გამოჩნდა, სწორი გეზი რომ მოგცეს და „გასწავლოს, როგორ ისწავლო“ – განა კიდევ შეძლებს რამე, დაგაბრკოლოს იმაში, რასაც studium ერქვა და ყოველთვის ერქმევა (სტატუსს და ვაშე ბლაგაროდიეს შევეშვათ ცოტა ხანს)?

ზურაბ: მართლაც სანატრელია ეს უკონტროლობა, უფრო, მიშვება თავის თავზე, ღვთიური პრინციპია, მაგრამ ვისთვის? მხოლოდ ვაშე ბლაგაროდიესთვის (ნუ შევეშვებით), სხვა დანარჩენი, რომლებიც მოკლებული არიან ცოდნის გემოს, კონტროლის გარეშე რას მიაღწევენ?

მიშვება თუ თავისუფალისთვის შვებაა, მასისთვის გზადაკარგულობაა.

რეზო: დღეს როგორი სტუდენტი გაგიხარდებოდა, ან უკეთ ვიტყვი: შენ (!) როგორი სტუდენტი იქნებოდი დღეს? მესმის, მთლად იმავეს არ ნიშნავს, მაგრამ – ამ ცოდნით და გამოცდილებით აღჭურვილი/დატვირთული, თუნდაც გადატვირთული, დაღდასმული, მაინც თუ მოახერხებდი, გეცადა „ნამდვილი“ სტუდენტობა, „გოსპოდინ სტუდენტ“?

ზურაბ: იმდროინდელი ჩემი მზაობით? გამოვიყენებდი მიშვებას. ის რად ღირს, რომ შეგიძლია საგანი აირჩიო ან საგანში შენი სასურველი პროფესორი, მასთან ერთად ისადილო, ყავა დალიო, ფეხბურთი ითამაშო, პაპიროსი გააბოლო, იკამათო, ეკამათო. ერთადერთი თავისუფალი პროფესორი ჩვენსობას თსუ-ში ფილოსოფოსი კოტე ბაქრაძე იყო, ნამდვილი აზნაური, რომელსაც ხშირად დაინახავდით უნივერსიტეტის ფრენბურთის მოედანზე შორტებში გამოწყობილს, პირში სასტვენით, კოშკურაზე წამოსკუპებულს. ჰერრ პროფესსორ, ჰერრ სტუდენტ... (გადმოაქართულე ეს სიტყვები, თუ შეძლებ).

დამერწმუნე, თუ მიჰყვებოდი მისი სასტვენის ხმას, უკეთესად გაიგებდი მისი საგნის სირთულეს. აი, უნივერსიტეტი, აი, ურთიერთობა. ეს შუა საუკუნეებიდან მოდის, როცა ის დაიბადა, როგორც Universitas Magistrorum et Scholarium.

რეზო: ეგ, იქნებ, „პატარაობიდანაც“ მქონდეს განცდილი, ლათინურის სწავლა რომ დამაწყებინე, ან – როცა შენ და ილია შიფმანს გისმენდით, სუფრასთან Vivat Academia-ს რომ მღეროდით (რამდენის ვიქნებოდი მაშინ, თორმეტის?)... სრულად კი, 100 პროცენტით, პირველი სტუდენტობისას (თსუ, კლასიკური ფილოლოგია, 18 წლის ვხდებოდი!) განვიცადე ეს Universitas, უფრო სწორად, მთლად Unitas Magistrorum et Scholarium: როცა 1978 წლის 14 აპრილის წინაღამეს ჩემს ოთახში შეკრებილ სტუდენტებს შემოგვხედე და – არ გახვიდეთ ხვალ დემონსტრაციაზე (მაშინ „აქცია“ ჯერ არ ერქვა!), თოფს გესვრიან იქო, გვეუბნებოდი დარწმუნებული და შეძრწუნებული, მეორე დღეს კი შენ და ერთი-ორი სხვაც უნივერსიტეტის პროფესორებიდან, უკვე იქ დახვდით მთავრობის სასახლისკენ დაძრულ სტუდენტობას. გახსოვს? პირველი დაუხვრეტავი მანიფესტაცია იყო საბჭოთა დროის... 


ფოტო: საბა შენგელია

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა