ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„მატრიცის“ მემარცხენე რომანტიზმი | რეზი ქოიავა


„მატრიცა“ - მარქსისტული წაკითხვა

„მატრიცის“ სამი სერია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. პირველი ნაწილი, სახელწოდებით „მატრიცა“ ისტორიაა გმირ პარტიზანებზე, რომლებიც ილუზიის და კონტროლის სისტემასთან წმინდა ომში არიან ჩართული. იგი რომანტიკოსი რადიკალებისთვისაა. ქალაქის პარტიზანები მამაცურად იბრძვიან ილუზიის სამყაროს („სპექტაკლის საზოგადოების“) წინააღმდეგ, რომელიც მანქანურ ალგორითმზე მომუშავე უსულო ძალაუფლებამ შექმნა და ადამიანები საკუთარი თავის მკვებავ ელემენტებად („ექსპლუატაცია შემოსავლის მუდმივი ზრდის გამო“) აქცია.

ამიტომაც მის წინააღმდეგ ადამიანური „მიწისქვეშეთი“ აჯანყდა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. უბრალოდ საჭიროა წითელი აბის არჩევა (კრიტიკული თეორია), აჯანყებულების მხარეს გადასვლა (წინააღმდეგობის ჯგუფები) და ილუზიების და მანქანების წინააღმდეგ ბრძოლა.

ანტი ადამიანურ ბოროტებაზე გამარჯვებისთვის პარტიზანებს ქარიზმატული ლიდერი სჭირდებათ. ისინი მას პოულობენ, ამზადებენ, საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებენ. ეს რევოლუციური სუპერგმირი კი ტელეფონის ჯიხურიდან გამოდის და დიდი ტყუილის და ადამიანების მტერი ძალაუფლების დასრულების პირობას დებს.

„მატრიცის“ მეორე ნაწილი - „გადატვირთვა“ სისტემის შიგნით ბევრი რგოლის და სუბიექტის არსებობას ეხება, რომელთანაც კონტაქტის დამყარება შესაძლებელია. ყველაფერი ცალსახა არ არის. სისტემის შიგნიდან შეცვლა რეალურია. იგი ფრთხილი რეფორმატორებისთვისაა.

ფილმის მესამე ნაწილის - „რევოლუციის“ თანახმად კი დამნაშავეა ერთი „სუბიექტი“ -ტექნიკური ხარვეზი, ვირუსი - აგენტი სმიტი და არა სისტემა, რომლის ერთი ნაწილიც კონტროლიდან გამოვიდა და საკუთარ თავს ზედმეტად ბევრის უფლება მისცა. ეს აგენტი მთელს მანქანების ცივილიზაციას არ წარმოადგენს. იგი სამწუხარო გაუგებრობაა.

ეს პრობლემა ორივე მხარის - სისტემის და აჯანყებულების საერთო ძალისხმევით უნდა მოგვარდეს, რის შემდეგაც პარტიზანებთან სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი და ომიც დასრულდება. ანუ პარტიზანების ფუნქცია მესამე სერიაში დიაგნოსტიკის მსგავს სამუშაომდე დადის და ისინი სისტემის ფუნქციონირების აღდგენას მისი შიდა ხარვეზების აღმოფხვრის წყალობით ეხმარებიან. ეს სერია „ბრძენი“ კონფორმისტებისთვისაა.

არსებობს უფრო ღრმა მარქსისტული ანალიზი, რომლის შემთხვევაშიც ყველაფერი პირიქითაა. ყველა ძირითადი მაჩვენებლით „მატრიცის“ მანქანები კომუნისტური მომავალია, სადაც ადამიანი, როგორც ზედმეტად ბურჟუაზიული არსება, არ წაიყვანეს. ამ შემთხვევაში ყველა პარტიზანი მანქანების კომუნიზმს „წმინდა ადამიანური იდეალებისთვის“ - კერძო საკუთრებისთვის, ტრადიციული ოჯახისა და ბურჟუაზიული დემოკრატიისთვის ებრძვის. ისინი იბრძვიან იმ არსებებად დასარჩენად, რა არსებებსაც ახლა წარმოადგენენ. მათ გააჩნიათ საკუთრება, ტრადიციული ოჯახი, ქალაქი ჩვეული „დემოკრატიული“ მმართველობით, ირაციონალური მიკუთვნება, პირადი კონკურენცია, შური და ბრძოლა ძალაუფლებისთვის, სახიფათო მორჩილება ქარიზმატული ლიდერების მიმართ და „თანამედროვე“ ე.წ. ბურჟუაზიული სამყაროს სხვა ნიშნები. „მატრიცის“ ადამიანთა ერთადერთი განსხვავება ჩვენგან იმაში მდგომარეობს, რომ მათი მოხმარების დონე ძალზე დაბალია. მათ ყველაფერი ცოტა აქვთ, მწირედ იკვებებიან და მავნებელ თვით ნახად სასმელს სვამენ. სწორედ მოხმარებაში განსხვავების ამ დონემ უნდა შეუქმნას თანამედროვე მაყურებელს მათი ყოფიერების ტრაგიკულობის განცდა და ზიზღი მათი მტრების მიმართ.

მარქსისტულ დიალექტიკაში ადამიანთა დამოკიდებულება მანქანის მიმართ სრულიად გამორჩეული, უნიკალური კონტაქტის შემთხვევაა მკვდარსა და ცოცხალს შორის. მანუფაქტურაში მუშები ჯერ კიდევ მართავენ ინსტრუმენტს, თუმცა ფაბრიკაში მუშა უკვე თავადაა დამორჩილებული მანქანაზე.

მანქანების ეფექტურობის უწყვეტ ზრდას, დიალექტიკური ლოგიკის თანახმად, დამოუკიდებელი ხელოვნური ინტელექტის გაჩენაც შეუძლია გამოიწვიოს, რომელიც უფრო სრულყოფილი იქნება, ვიდრე ჩვენ. ანუ მანქანა, რომელიც მუდმივად აუცხოებდა ადამიანს, თავად იქცევა ადამიანად უფრო სრულყოფილი და უნივერსალური სახით. ჩვენი საყოველთაო ინტელექტი შეწყვეტს აბსტრაქციად არსებობას და მომავლის მანქანაში განსხეულდება. შედეგად მანქანა, რომელიც იყო მკვდარი, წარმოებითი ურთიერთობების განვითარების პროცესში გახდება უფრო ცოცხალი, ვიდრე თავად ადამიანი.

ყველაზე ზოგადი სახით, რა არის ადამიანი? მატერია მისი რთული ცილოვანი ფორმით, რომელსაც გარკვეულწილად შეუძლია საკუთარი განვითარების ზოგადი კანონები გაიაზროს და ამ განვითარების პროგნოზირება და დაჩქარება მოახდინოს. ასეთ მატერიას შეუძლია „გონიერად“, ანუ ათასჯერ უფრო სწრაფად და ეფექტურად, ვიდრე ადრე, ადამიანებამდელ ეპოქაში, შეცვალოს საკუთარი თავი. რა უშლის ხელს ამ ევოლუციურ ამოცანას? ეკონომიკური ჩაგვრა, ინსტიტუციური უთანასწორობა, უმრავლესობის სწრაფვა საკუთრებისა და ძალაუფლებისკენ.

მატრიცას მსგავსი არაფერი აქვს. ქსელური ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ათასობით რკინის სხეულს მართავს, ადამიანის ამოცანას ბევრად უფრო ეფექტურად უმკლავდება. სწორედ მატრიცაა რეალიზებული უტოპია, კონსტრუქტივისტების ბოლშევიკური (გადაქცევა მოაზროვნე მანქანად) და „ლუჩისტების“ (ცნობიერების კონვერტაცია გონიერ და უკვდავ შუქად, რომელიც სამყაროს გაარღვევს) პროექტი - შეუბღალავი და ყოვლისშემძლე უკლასო გონება. მაშინ გამოდის, რომ ადამიანები ამ სამყაროში რეაქციული წარსულია, ხოლო ადამიანებისთვის მიუწვდომელი მანქანები - პროგრესული მომავალი. მანქანებმა დაამხვეს ადამიანები, როგორც პროლეტარიატი ამხობს ბურჟუაზიას.

მათ დაასრულეს კერძო საკუთრება, კერძო ცხოვრება და ზოგადად ადამიანთა ცხოვრებაც, რადგანაც ყველა ეს ცნება ერთმანეთისგან განუყოფელი აღმოჩნდა. მატრიცამ დამარხა კაპიტალიზმი, თუმცა მასთან ერთად დამარხა ადამიანთა სახეობაც, რადგანაც ადამიანებმა კაპიტალიზმთან განშორება და მორიგი ევოლუციური ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც თავად ეს კაპიტალიზმი უშლიდა ხელს, ვერ შეძლეს. ეს ნაბიჯი საბოლოოდ აქცევს ბიოლოგიურ ევოლუციას ტექნოლოგიურად.  

რას ველოდით მატრიცის მეოთხე ნაწილისგან?

ოც წელზე მეტი გავიდა მატრიცის პირველი სერიის გამოსვლიდან,  მაგრამ მაყურებელთა დიდი უმრავლესობა თავს კვლავინდებურად პირველ ფილმში გრძნობს - შიშის, ილუზორულობის, მანიპულაციის, ექსპლუატაციის, სისტემის ურყეობის, წინააღმდეგობის აუცილებლობის განცდა იმდენად ბევრშია გამჯდარი, რომ მეორე და მესამე ფილმები მათ ვერ ამშვიდებენ. ძალაუფლების პრობლემა ამ სამყაროში პირველ ფილმში დაისვა და ამ პრობლემას კომპრომისული გადაწყვეტილება არ გააჩნია.

ამიტომაც ლანა ვაჩოვსკის მიერ გადაღებული მატრიცის მეოთხე ნაწილი „აღდგომა“ კვლავ პირველ ფილმში დასმულ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. ახალ ფილმში მნიშვნელოვანია ფსიქოანალიტიკური ხაზი. ნეო ცდილობს მატრიცაზე, როგორც შინაგან ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, ყველა აზრი თავიდან მოიშოროს. იგი ცდილობს ფსიქოანალიტიკოსის დახმარებით თავი მოიწესრიგოს, როგორც მანქანას აწესრიგებენ. ფსიქოანალიზი ხშირად აქცევს პოლიტიკურ პრობლემას (როგორ არის ყველაფერი მოწყობილი? რატომ არის ასე მოწყობილი?) ფსიქოლოგიურად (როგორ შევწყვიტო ნერვიულობა იმაზე, თუ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი? როგორ მივიღო ბედნიერმა ეს ყველაფერი და საკუთარი თავი ამ ყველაფერში?). თუმცა ფსიქოანალიზმა შეიძლება საპირისპიროდაც იმუშაოს, იქცეს განთავისუფლების ენად, საზოგადოების თერაპიად, კრიტიკის საშუალებად, რევოლუციური გარდაქმნის ნაწილად.

ამის შესახებ ბევრი დაწერეს სლავოი ჟიჟეკმა, ხორხე ალემანმა, იან პარკერმა. გასულ საუკუნეში კი ეს საკითხი ჰერბერტ მარკუზეს, ერიხ ფრომს, ვილჰელმ რაიხს და კორნელიუს კასტორიადისს აწუხებდათ. 1970-იან წლებში პოპულარული მიმდინარეობა „ანტიფსიქიატრია“ შიზოფრენიასაც კი პოლიტიკურ პრობლემად განმარტავდა - ადამიანის ცნობიერება კონკურენტულ ნაწილებად იშლება, რადგან კლასობრივი საზოგადოების მოთხოვნის ორმაგ კოდს ვერ უმკლავდება.

ახალ ფილმში ნეო ცდილობს მატრიცასგან „განიკურნოს“. განიკურნოს კაპიტალიზმისგან და იპოვოს საკუთარი ადგილი მასში. ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტების გარდა, იგი აბებსაც იღებს. მას სულ უფრო მეტი ლურჯი აბი სჭირდება, რომ არ დაინახოს, არ მოისმინოს, არ შეიცნოს და არ გაიგოს, არ ინერვიულოს, არ უარყოს, არ ეძებოს ალტერნატივები.

თუმცა, ადამიანი საზოგადოებრივი კავშირების ჯამია, ის პოლიტიკური არსება და უნივერსალური პრობლემის კერძო გამოვლინებაა. ამიტომაც ეძებს გამოსავალს, ლურჯი აბები კი მას ვერ ეხმარება.

რა მივიღეთ „მატრიცის“ მეოთხე ნაწილისგან?

22 წლის წინ „მატრიცა“ კაცობრიობის ცხოვრებაში შემოიჭრა და მომავალი საუკუნის გმირების და ახალი ღირებულებების შესახებ განაცხადა.  2021 წელს გამოსული „მატრიცა - აღდგომა“ კი სრულიად საპირისპირო მოვლენაა - ადამიანური დრამა, რომელიც რეტრო-კიბერპანკის გარსშია შეფუთული. მის ცენტრში დაკარგული, უბედური, მუდმივი განახლებების სამყაროში არაკომფორტულ მდგომარეობაში მყოფი ორი მთავარი გმირია: მათ თითქოს ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიეს და ამავდროულად წარმოუდგენლად შორს არიან ბედნიერებისგან და ჰარმონიისგან.

„მატრიცა - აღდგომა“ ფილმია სიყვარულზე. სასიყვარულო ისტორია, რომელიც მოგვითხრობს, რომ ფსიქოანალიზი და ანტიდეპრესანტი ცისფერი აბები უბრალო ადამიანებისთვის სიყვარულს და ემოციურ სიახლოვეს ვერ შეცვლიან. ბევრი მემარცხენე იმედგაცრუებული დარჩება ამ აპოლიტიკური მორალით - შეიყვარეთ ვინმე და დაივიწყეთ დიდი და გადაუწყვეტელი საკითხები საერთო ბედისწერის შესახებ.

„მატრიცა - აღდგომა“ თითქოს სიუჟეტურად აგრძელებს „მატრიცა - რევოლუციის“ ხაზს და გვეუბნება - მთელი რევოლუციური ბრძოლის საჭიროება იმაში მდგომარეობდა, რომ კონტროლიდან გამოსული მავნე პროგრამა დაემარცხებინათ და წაეშალათ. ახლა კი, როდესაც სისტემა გასწორდა, კონფლიქტისა და ბრძოლის მიზეზი არ არსებობს. განსხვავებაც რეალობასა და მატრიცას, ადამიანებსა და მანქანებს შორის პრაქტიკულად წაშლილია. „მატრიცის“ არსებობა უკვე არავისთვის წარმოადგენს დიდ პრობლემას - მეტიც, რეალობა თავად იძენს „მატრიცის“ ნიშნებს. დაღუპული რევოლუციური გმირიც არ დაღუპულა, არამედ პროგრამად იქცა. გარკვეულწილად თითოეული ადამიანიც პროგრამა და მანქანაა. რევოლუციები, რომლებიც სისტემის შეკეთებისა და გადატვირთვისთვის იყო საჭირო, ადრეც ხშირად ხდებოდა. ვერავინ იქნება სისტემის მიღმა, რადგან რეალობა თავადაა სისტემა. ბრძენმა არქიტექტორმა ეს იცის და არ ნერვიულობს. ყველაფერი ცალსახა და პოსტმოდერნისტულია.

ამ რეალობაში არ არსებობენ ღმერთები, გმირები და კოლექტივები. არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური სუბიექტურობა, რომელიც შეიძლება იყოს შებოჭილი,  ან ემანსიპირებული.

 კინოკრიტიკოსი ნიკოლას ბარბერი აღნიშნავს, რომ მილენიალების სამყაროში ყველაზე საშინელი პრობლემა იყო მოწყენილობა, რომლისთვისაც განწირულია 30 წლის უზრუნველყოფილი, ოფისში მომუშავე თეთრკანიანი მამაკაცი სოციალური პაკეტით და გარანტირებული შვებულებით. დღევანდელი თაობისთვის პირველ მატრიცაში ნაჩვენები ცხოვრების ეს სტილი აუხდენელ ოცნებად გამოიყურება. მსოფლიოში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს მისი მიღწევის იმედი. ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ სტერილურ სამყაროში, სადაც მატერიალური საკითხები უკვე გადაჭრილია, ხოლო ახალ სერიოზულ პრობლემებს ჯერ ვერავინ ამჩნევს.

პირველი ფილმის ოპტიმისტური მესიჯის ნაცვლად კი ახალი თაობა ბოროტ ირონიას იღებს - მემარცხენე-ლიბერალურ Woke-აქტივიზმზე (ისევე როგორც ალტრაითებზე) და მილენიალურ ნოსტალგიაზე. ალბათ, ეს ზუსტი აღწერაა დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტის - „რაც არის, იმას გაჩვენებთ“.

„მატრიცა - რევოლუციის“ ფინალში იყო მინიშნება, რომ მომავალში ამ ისტორიას კიდევ ერთხელ მოგვყიდდნენ. დაახლოებით ოც წელიწადში... რადგან ოცი წლის განმავლობაში ადამიანები არ შეიცვლებიან. გარკვეულწილად დრო მართლაც გვიანი კაპიტალიზმის მდგომარეობაში გაჩერდა მისი პოსტ და მეტაირონიით. ამ მხრივ „მატრიცა-აღდგომა“ კიდევ ერთხელ გენიალურად გვაჩვენებს, თუ როგორ მუშაობს მატრიცა, მაგრამ არა ფილმის სიუჟეტიდან, არამედ რეალობიდან - კულტურული მანქანა, რომლის სამსახურშიც ჩამდგარია ლანა ვაჩოვსკი და ჩვენც - უბრალო მაყურებლები.