გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნატო ინგოროყვა

მეძებონ მხოლოდ ლექსებში

ნატო ინგოროყვას ლექსების კრებული „ისმის ჩემი ხმა?“

„სამყაროს პრობლემებთან რა მოსატანია, მაგრამ ერთი ადამიანის ამბავიც ხომ...
20 წლის წინ საათი მოვიხსენი და ურნაში ჩავაგდე, დამღალა მასზე დამოკიდებულებამ. 09:00 - გაკვეთილი, 12:00 - ლექცია, 15:00 - აბიტურიენტი. სამსახურები შევიცვალე. რაოდენობა ერთდროულად სამ სხვადასხვა სამსახურზე ნაკლები თითქმის არასდროს ყოფილა.
თავის მოტყუება იყო ეგ, იმ საათს რას ვემართლებოდი. დღეს, ყოველდღიურ ბლოკნოტში, ერთ თავს რომ მოვაჭრი საქმეს და გადავხაზავ, ათ ახალ თავს იბამს. ურჩხულია.
ხვალისთვის Day off დავწერე. იქნებ დილიდან მაინც ვიფიქრო მხოლოდ ლიტერატურაზე და ჩემს ახალ წიგნზე“,

- წერს ნატო ინგოროყვა თავის წიგნზე, რომლის პრეზენტაციაზეც, სამწუხაროდ, ვერ წავედი, მაგრამ დიდი სიამოვნებით წავიკითხე ეს „ამბავი ერთი ადამიანისა“, რომელიც გადამკვეთი, მონათესავე სამყარო აღმოჩნდა ჩემთვის ადგილის, დროისა და გარემოებათა გამო.

მიზეზშედეგობრიობას, წინსწარგანზრახულებასა თუ შემთხვევითობას ადამიანები სხვადასხვა ცნებად ყოფენ თუ აერთიანებენ: განგება, ბედი, ბედისწერა - განსხვავებული დეფინიციით. მოდი, მითოსის ბავშვობისდროინდელი სიბრძნით დავიწყოთ, რომლითაც სწორედ ყოფიერების პრეისტორიულ მოდელს ვეცნობით.

 

„ზღაპრის“ ბედისწერა („თავიდან მოსაშორებელი ამბები“)

ბავშვობაში ყველა ჩვენგანი მრავალჯერ მდგარა წარმოსახვით გზაჯვარედინთან, რომელზეც ისრები მიუთითებენ, საით რა გადაგვხდება. მხოლოდ დიდობისას ვხვდებით, რომ „სინამდვილესთან შესახვედრად პირდაპირი გზა თითქმის ყოველთვის მოჭრილია“ („გზაჯვარედინები წერისათვის“). ბავშვობაში არც ის ვიცით, რომ რომელი გზითაც უნდა წავიდეთ, მთავარი გადასახდენი მაინც არ აგვცდება („წერას ვერც ფეხისწვერებზე მოსიარულე მწერლები გადაურჩებიან“), „ბუდას კოშკშიც“ რომ გამოგვკეტოს ვინმემ. სწორედ ეს ლაიბნიცისეული მიზეზშედეგობრიობა ბადებს ჩვენს მომავალს ჩვენივე წარსულიდან. ამიტომ დროებითია, რომ ხანდახან „საკუთარი თავისთვის სულერთი ხდები“, რადგან გგონია, წარსული დამთავრდა. ეს უკანასკნელი აწმყოშიცაა და მომავალშიც, როგორც საყრდენი ჩვენი ეგოსი, პიროვნულობისა.

„როცა სიტყვა დაიბრალებს, რომ საშლელია და წაშლის ყველა ამბავს, რომლებსაც ვეღარ ვყვებით“ („დრო. მინაწერი.“), ეს ამბები ტკივილის იდუმალ ყვავილებად გადაინაცვლებს სამყაროს მეხსიერების უხილავ „წიგნში“ როგორც სიმბოლოები ადამიანის შემოქმედებითობით პირველსაწყისთან მსგავსებისა. ასე იქმნება პოეზია როგორც წყარო დახვეწილი სიბრძნისა და სიმშვიდისა („ამიტომაა მზე მშვიდი“) და ნავსაყუდელი ადამიანური მარტოობებისა („მარტოობისთვის სამზადისია ყველა შეხვედრა“). მარტოობას კი ბადებს ხან საკუთარ თავთან, ხან კი მის მსგავსთან, ძვირფას არსებასთან განშორება. და თუ გვგონია, რომ, ჩინური ანდაზის თანახმად, ცხოვრების მდინარე ადრე თუ გვიან ჩვენი მტრის გვამსაც ჩამოატარებს, შესაძლოა, დროში შევცდეთ:

„მტრისა კი არა -
ვინც მიყვარდა, მისი გვამი ჩამოატარა“ („წყლის ნიშანი“).

ამიტომაც, როგორც ნატო ინგოროყვა ამბობს, არსებობენ ამბები, რომლებთანაც „მწერალი უმწეოა“, რომლებიც ბადებს „მკვდრისფერ დღეებსა“ და „თეთრ ღამეებს“. არაფერი იკარგება, სევდისფერდება უბრალოდ. დრო როგორც პირობითი მოცემულობა ვითომ კურნავს იარებს („ნუ დაიჯერებთ, რომ დრო მკურნალია“), მაგრამ სინამდვილეში საგულდაგულოდ ინახავს სწორედ ტრანსცენდენტურ მეხსიერებასთან მიერთებულ ჩვენი სულის სიღრმისეულ შრეებში („რასაც ივიწყებს, იმას ინახავს“):

„ჰკითხეთ თვალებს:
შეუძლიათ, უკანვე ჩაიბრუნონ,
რაც დაინახეს?“ („დავიწყება“)

წუთისოფლის „მოკვდავ“ დროში დგება „გამოცდილების დროც“ და „საკუთარ სხეულთან პირისპირ დგომის შიში თითქმის დაძლეულია“. მაგრამ ეს გამოცდილებაც პირობითია, რადგან არსებობს პასუხგაუცემელი მარადი კითხვები, ხანდახან თავად ცხოვრებაც „დაკითხვის ოქმს ემსგავსება“: რაც იყო, იყო კი? ან იქნება კი? ეს, პოეტის აზრით, „საცრით წყლის ზიდვას ჰგავს“ და ნაცადი, ეგზისტენციალური „წყლის ნაყვაა“, რომელიც არც ნატო ინგოროყვას ორიგინალური, ღრმა, ფილოსფიური აზროვნებისთვისაა უცხო.

 

ადამიანობის საზომი („სამშობლო. მართლწერა.“)

ჩვენ წინაშეა „მთხრობელი“ პუნქტუაცია, როგორიცაა თუნდაც წერტილის „ინტელიგენტური, შეგნებული, მრავლისმეტყველი დუმილი“. წესი როგორც შესაქმის პრინციპი მასაც აქვს და თუნდაც საკუთარი ქვეყნის სიყვარულსაც:

„იცის ენამ აკვიატება -
რამდენიც ვცადე,
ვერ დავწერე უშეცდომოდ
სიტყვა
- „სამშობლო“(„კონფორმიზმი“).

სინამდვილეს ვიღებთ, როცა ვერ ვცვლით, მაგრამ მიუღებელი უნდა იყოს ჩვენი შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ საკუთარ ქვეყანასთან მიმართებითაც: თუნდაც ის, რომ ვერ გადავეჩვიეთ მის დადანაშაულებას. ამით თითქოს თავს ვიმართლებთ და გვავიწყდება, რომ თუ რამე სჭირს საქართველოს უხსოვარი დროიდან, ეს ჩვენი შეცდომების ბრალია და „მას არა დაუშავებია რა“. როგორც ყველა სხვა სიყვარულს, ისე საკუთარი ქვეყნის სიყვარულსაც თავისი „მარადისობის კანონი“ აქვს:

„როგორც კი ერთი სიყვარული მთავრდება,
ახლის საპოვნელად ვეშურებით და
ასე ვიჯერებთ მის მარადიულობას“ („BIG LOVE“)

ჩვენ ვართ ის „რგოლები“, რომლებიც ქმნიან „ჯაჭვში“ უწესრიგობას, წყვეტას, გაუცხოებას. ეს ჩვენი, კაცთა, მარადი ცოდვაა, რომლის გამოც სულ ვკარგავთ და მერე ერთმანეთის, სამშობლოს, ღმერთის, მშვენიერების, სრულყოფილის ძიებაში ვართ. ეს არის დანაშაულიც, სინანულიც, მიზანიც და საიდუმლოც ჩვენი არსებობისა. ამ დიდ საიდუმლოში კი არის პატარაც: როცა წუთისოფელში, „ჩვენს წილ მარტოობაში გავაგრძელებთ მოგზაურობას“, ყოველთვის არის რაღაც, რაც უთქმელი რჩება, რაც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის - „ამბავი, რომელსაც არავის გავუმხელთ“. ეს არის ძაფი თუ ვერცხლისფერი კვალი, ლოკოკინასი არ იყოს, რომლისგანაც ეს ჩვენი „თავშეკავებული მარტოობა“ იქსოვება.
ყოველი კარგი შემოქმედი გვთავაზობს გადარჩენის პრინციპს ამ უთავბოლო აურზაურში, ხან საწუთროს რომ ვეძახით, ხან - ცხოვრებას, ხან - „იყო და არა იყო რას“, ხანაც - „ვიცი, რომ არ ვიცის“. ნატო ინგოროყვასთან ეს გზა გადარჩენისა გვხიბლავს გენიალური სიმარტივით: ეს „სინათლესთან“ სიახლოვეა (არა მარტო ბეღურებისა, როგორც ლექსშია) და საუკეთესოა, როცა:

„სინათლე ყველას თანაბრად ეფინება
ჩრდილში არავინ რჩება“ 

თუმცა არსებობს „გადარჩენის“ ილუზიაც, რომელიც ადამიანმა შეთხზა: „ირეცხება თურმე სინდისიც,/შეაწმენდ ხელებს“. ასე მატერიალურს, ფსევდოფასეულობებსაა შერჩენილი ადამიანი ხშირად. ამიტომ, როგორც ნატო ინგოროყვას ლექსშია, „შავ პარასკევს შეუძლია იყოს წითელიც და პირიქითაც,“ - ეს ღვთის „დალტონიზმი“ რომ გვგონია, ჩვენია, ადამიანებისა, ოღონდ არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი („ვიცით, მაგრამ არ გვინდა, ვიცოდეთ“). ამიტომ შავი პარასკევი ყოველთვის წითელია.

რეალობის გამოძახილია პოეზია, „გარემოების საყვირი“. ამიტომ ამ წიგნიდან ჩვენი სოციუმის გამყინავი ხმაც ისმის და მსოფლიო ჭირ-ვარამის ექოც. პოეტი სვამს მორიგ რიტორიკულ კითხვას: რომელი უფრო „წყევლა-კრულვიანი საკითხავია“, უპატრონო ძაღლები თუ ადამიანები, რომლებსაც „სახელმწიფო ძაღლადაც არ აგდებს“?! თუმცა ეს კითხვა პასუხგაუცემელია ყველა დროსა და სივრცეში, რადგან მასზე პასუხი ყოველთვის ცნობილია. აი, სულ სხვაა, როცა მართლა ვერაფერს ხდები სიკვდილის ანაქრონულ სიმრავლესა და შემზარაობასთან, რაც ისეთი სისწრაფით ხდება, რომ ცოცხლები ბოლო ფიქრსა თუ ამოსუნთვას ქვაფენილებსღა შეატოვებენ:

„დახოცილებს გულისჯიბით
ხორბალი გავატანე -
ვიცი, გაღვივდება“ („პურის რიგი“).

ეს მიწის კანონიცაა და სიცოცხლისაც. ხოლო „პური არსობისა“ მხოლოდ ასეთი, გადატანილი ტკივილების შემდეგ აღმოცენდება - ესეც მარადისობის პრინციპია. სისხლის სასოწარმკვეთი ლაქები საკაცეზე მწოლიარე მარიუპოლელი ორსულის ტანსაცმელზე მზისა თუ იმედის ალისფერ სხივებად იქცევა, რომლებიც ყოველთვის გაგვახსენებს, რომ წითელი საბჭოთა სინამდვილის კი არა, სიყვარულის, ძლიერების, გამარჯვების ფერია. აქვე კი, სულ აქვე, ქართული, საუკუნეებგამოვლილი ნაღველია შვილმკვდარი დედისა („იდგა ჭიშკართან ცხედრის მომლოდინე და უპეებიდან გმირი შვილის უკანასკნელი კვნესა მოუჩანდა“) -

„გულზე მიგიწვენ,
დედა ვარ და მიწაც“ 

ისეთი დროა, მართლაც, „გადედამიწება“ რომ გვევალება ყველას!

 
„მუნ თანა წასატანისა“ („ჩემი სავალდებულო ფიქრები“)

 არის ინფორმაცია ჩვენ შესახებ და ჩვენ გამუდმებით ვახალისებთ ჩვენს CV-ს, ვამდიდრებთ ცხოვრებისეულ ქრონიკებს:

„მე ვარ:
ვინც დაამთავრა, მუშაობს, წერს, გამოსცემს თუ გამოსცა,
თარგმნა თუ თარგმნის, წაიკითხა, ჩაატარა, ისაუბრა,
იმოგზაურა, ჰყავს, წარადგინეს, მიიღო, მოჰყავს, აშენებს…“ („დაგუგლე“).

მაგრამ ჩვენს სულს ხომ „აპოკრიფულობა“ ახასიათებს, ამიტომ იმას, რასაც მშრალი, მონოტონური რუტინა მალავს, შემოქმედება საცნაურს ხდის:

„იქ იპოვიან:
რომ მატკინეს,
რომ დავივიწყე,
რომ დავანგრიე,
რომ მოვითმინე,
რომ აღარ მიყვარს -
ის ცრემლები, რომლებიც დაშრა“ („დაგუგლე“).

ღმერთი ყველასა და ყველაფერშია, ამიტომ, პოეტის აზრით, მას შეიძლება დაარქვა შოთა ჩანტლაძის, ბებოს, სიყვარულის სახელი, რომელიც ყველამ შეიძლება გაინაწილოს ამ „სხივნაკლულ“ სამყაროში. ეს რაფინირებული გონი ნატო ინგოროყვას მხატვრული სამყაროდანაც შემოგანათებთ.

ყოველთვის მეგონა, რომ საგრძნობია, ავტორი ქალია თუ კაცი, პოეზიაა თუ პროზაა, რადგან აზროვნებასაც თავისი სპეციფიკა აქვს. ნატო ინგოროყვას არსთა წვდომის სიღრმეს სამყაროს მისეული აღქმის სიფაქიზე აბალანსებს მის საინტერესო, მრავალპლანიან ტროპულ სახეებში, გროტესკია ეს („ღმერთს უყვარს ირონია“; „მეღიმება სიყვარულის მოცულობაზე“; „დაკერებული დღეები“), შედარება („ზანტი სიძულვილივით საშიში მოგონებები“; „ქალაქი შემოკედლებულ კატასავით მოგიწვა“) თუ შთამბეჭავი მეტაფორა („ვარსკვლავები უძინართა ფანჯრებია“).

როგორ გადავარჩინოთ პოეზია? რიტორიკულ კითხვად იქცა ესეც ჩვენს ტექნიკური პრაგმატიზმის რეალობაში. როგორ გადავარჩინოთ ლექსები, ჩვენი შეგრძნებებისა და მოგონებების ფანტომები? აი, რას გვთავაზობს პოეტი:

„ღრუბლებში შეინახე,
საიმედო საცავია“

ის, რაც მითხრა ბესიკ ხარანაულმა ერთხელ, შეხვედრისას, აწუხებს ნატო ინგოროყვასაც („ან იქნებ - აღარც დაიწეროს პოეზია“). დიდ ვაჟა-ფშაველას აქვს ამაზე პასუხი. მისი აზრით, პოეზია როგორც ბუნების კანონი, ცხოვრების ასახვა, გამოხატვა - იარსებებს მანამდე, სანამ იარსებებს თავად ცხოვრება, ბუნება, ადამიანის სულიერება, სიხარული, ბედნიერება და ტანჯვა, მშვენიერება და სიმახინჯე, სიყვარული თუ სიძულვილი, გულადობა თუ ლაჩრობა, ხელგაშლილობა თუ სიძუნწე, ის იარსებებს „ყველაფერში, რასაც ბუნებრიობა ეტყობა“. მწერალსაც სულ უნდა ახსოვდეს, რომ ბუნების კანონი დაიცვასო (სად არის პოეზია? ტ. 9).

მე ეს „უკვდავების“კანონი ვიგრძენი ნატო ინგოროყვას ლექსებშიც, მე იგი ვიპოვე, როგორც ჩემიანი და გავიგონე მისი ხმა!

 ტექსტის ავტორი: მაია იანტბელიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა