მეფე და მესაფლავე პოლკოვნიკი | გია ხადური
ბიოგრაფიული მხატვრული ფილმები საჩოთირო ამბავია. ერთი მხრივ, ავტორები უშეცდომოდ უნდა გაყვნენ გმირის ცხოვრებისეულ პერიპეტიებს, მეორე მხრივ, ფილმს მხატვრულობა რომ შესძინონ, მოვლენებისა და პროცესების ზომიერად ინტერპრეტირებაც უნდა შეძლონ. ამ ბოლო ხანს ავტორებს უწევთ ისეთი დელიკატური ტრენდების გათვალისწინება, როგორიცაა პოლიტკორექტულობა და სხვა იდეოლოგიური დისკურსები. რეჟისორულ არჩევანს, კინოენას დიდად განაპირობებს პერსონაჟის, როგორც პიროვნული, ასევე არტისტული ფაქტურა, მისი მასშტაბი, მისი ხვედრი თუ ბედისწერა. „ელვისზე“ მუშაობის დროს ბაზ ლურმანიც ასეთი გამოწვევების წინაშე იდგა და უნდა ითქვას, რომ თავი წარმატებით გაართვა კიდეც. მან მოახერხა, დაეცვა ბალანსი სინამდვილეს, კინოენასა და ინტეპრეტაციებს შორის, თანამედროვე იდეურ-კონიუნქტურულ მოთხოვნებსაც მაქსიმალურად გაემიჯნა. ელვისზე ფილმი აქამდე არავის გამოუვიდა, ეს არცაა გასაკვირი, ელვის პრესლი, ეს არ არის რიგითი დიდი ვარსკვლავი ან არტისტი, ის როკნროლის მეფეა და მის უკან უდიდესი მუსიკალურ-კულტურული ისტორიული ნარატივი დგას - თუ როგორ არის გაშიფრული და ნაჩვენები ფილმში ეს ყველაფერი, სწორედ ამაზე გავამხვილებ ყურადღებას ამ ტექსტში (კინემატოგრაფიული შეფასება კინომცოდნეების საქმეა).
ელვის პრესლის არტისტული თავგადასავალი უნიკალურია, ის მუდმივი მეფეა, როკნროლის ტახტზე სხვა არავინ მოიაზრებოდა, არც მის სიცოცხლეში, როცა ძველმოდურ ანაქრონისტ არტისტად ითვლებოდა ფაქტობრივად სიკვდილამდე, და არც მერე. გარდაცვალების შემდეგ თითქოს უფრო გამყარდა კიდეც მისი, როგორც უპირობო მონარქის სტატუსი.
დღეს ელვისი უკვე სიმბოლოა, სამყაროს კულტურული მონაპოვარი, ვისგანაც დაიწყო ახალგაზრდული კულტურა.
ელვისის ცხოვრება და მოღვაწეობა, ამერიკული შოუბიზნესის, მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაცაა, მთელი თავისი ძლევამოსილებით, წინააღმდეგობებით, ცინიზმით, დრამატიზმით. ეს ორი ვექტორი, კულტუროლოგიური და შოუბიზნესურ-ინდუსტრიული, ელვისის შემხთვევაში ერთმანითისგან განუყოფელია - ურთიერთდაპირისპირებულიც და ურთიერთმკვებავიც, ამ პრინციპულ ურთიერთქმედებაზე გადაწყვიტა ბაზ ლურმანმა ფილმის აგება, ელვისზე და არა მხოლოდ ელვისზე. მან ფილმის თანაბარძალოვან, მთავარ მოქმედ პერსონაჟად აქცია ელვის პრესლის მუდმივი მენეჯერი და იმპრესარიო „პოლკოვნიკი“ ტომ პარკერი. სწორედ პარკერია შემოქმედი ელვისის კონტროვერსია, ანგარებიანი შოუბიზნესის კვინტესენცია და სიმბოლო. ფილმის სიუჟეტური ხაზიც უმთავრესად მის მონათხრობს ეყრდნობა, ის არის ნარატორი, ეს ძლიერი, დამაჯერებელი კინემატოგრაფიული სვლაა, რადგანაც ქმნის კონფლიქტს, შინაგან წინააღმდეგობებსა და ინტრიგას. ელვისი და პარკერი, ორი ურთიერთდაპირისპირებული, მაგრამ განუყოფელი სიმბოლო ქმნის კინოს იდილიას, რაც სინამდვილესაც შეესაბამაბა. საკვანძო დიქოტომია ბაზ ლურმანმა ტექნიკური თვალსაზრისით ეფექტურად გადმოსცა. თავისი რეჟისორული ხერხებიც უნარიანად შეაჯვარა ჰოლივუდური თხრობის მეთოდებს. ავტორი ცდილობს, იყოს ნეიტრალური. მაშინ როცა ნარატორი „პოლკოვნიკი“ პარკერი, გვთავაზობს საკუთარ სუბიექტურ ვერსიას, რომლითაც ცდილობს, აგვიხსნას, გვაჩვენოს, დაგვარწმუნოს, რომ რაც მოხდა, იყო გარდაუვალი, იგი დამაჯერებელია ამ მსჯელობებში, ოღონდ დროის, ეპოქის კონტექსტიდან გამომდინარე.
ლურმანმა კარგად იცის, რომ სწორედ ეპოქამ წარმოშვა ელვის-პარკერის ისეთი ბმა, რომლის გაწყვეტა ვერავინ ვერასდროს შეძლო.
ფილმში აქცენტი ორ ეპოქაზეა - 50-იანებზე, როცა მოხდა ელვის პრესლის კურთხევა როკნროლის მეფედ, და 60-იანების მიწურულიდან მის გარდაცვალებამდე პერიოდზე, როცა განახლდა მისი მონარქია, ოღონდ უკვე სულ სხვა იპოსტაში. მთავარი მაინც 50-იანებია, ასე იყო რეალობაში, ასევეა ფილმშიც. ლურმანს უნდა, დაგვანახოს, თუ რაში მდგომარეობს ელვისის ფენომენი, რას ნიშნავს „სან რეკორდსის” მფლობელის და ელვის პრესლის აღმომჩენის, სემ ფილიპსის ფრაზა -
„თუ ვიპოვნი ისეთ თეთრ მოზარდს, რომელიც გრძნობს ისევე, როგორც შავი, მილიონერი გავხდები“
მიუხედავად ბევრი მაყურებლის გაღიზიანებისა, ძალიან მომეწონა ლურმანის ტიპური რეჟისორული ეკვილიბრისტიკა, როცა ცდილობს, დაგვანახოს, თუ რამ გამოკვება ელვისი, როგორ მოხდა საბარგულის მძღოლი მემფისელის მოზარდის მაგიური ტრანსფორმაცია. ელვისი ბაპტისტურ აფროამერიკულ გოსპელ რიტუალებს მოზარდობიდან ესწრება, მონუსხული უსმენს იმ სიმღერებს, რომლებშიც ერთდროულად იყო გაცხადებული რელიგიური სულიერება და ეროტიკული ექსტაზი, რომელიც უკვე რიტმენდბლუზში გაცხადდა. მოზარდი ელვისის ცნობიერებაში ეს ყველაფერი ქაოტურ, ფანტასმაგორულ, ლამის ფსიქოდელურ ფორმებს იღებს, ამ იმპულსების მოქმედების მჭერმეტყველური დეკლარაციისთვის იყენებს ლურმანი თავის საფირმო ბურლესკ-ბუფონადური ტრიუკებს. ის, რომ აქცენტი გადამეტებულად გამახვილებულია ელვისის სხეულის ენაზე და გამომწვევ მოძრაობებზე სცენაზე, ესეც ლოგიკურია, სცენური მანერა სცემდა თავზარს პურიტანულ ამერიკას, საკუთარი შვილების კეთილგონიერებაზე რომ ზრუნავდნენ დღენიადაგ. რეჟისორი არ ახდენს თანამედროვე რასობრივი პოლიტკორექტული ტრენდების ექსპლოატაციას.
რასობრივი თემატიკა ზუსტად იმ დონეზეა დატოვებული, რამდენსაც ფილმი მოითხოვს. ამ მუსიკალური კულტურის აფრო ამერიკული წარმომავლობის დისკურსი დელიკატურად არის გატარებული.
შავი რიტმ ენდბლუზარტისტები, თეთრი მოზარდებისთვის ვერანაირად გადაიქცეობდნენ როკნროლის მეფეებად, ეს მაშინ მოცემულობა იყო და რასიზმად არც აღიქმებოდა. არაფერი გადამეტებული და პათეტიკურად სპეკულირებული ამ კუთხით ფილმში არ არის.
ფილმი არც როკნროლის ანთროპოლოგიაზეა და არც კულტურულ ევოლუციაზე, არც ახალგაზრდული კულტურის ჩასახვა-განვითარებაზე, ლოკალიზებულია ერთი უდიდესი არტისტის ხვედრზე, რომელიც იმთავითვე განწირულია თავისი სტატუსის გამო
ისევე როგორც მისი ვიზავი, პოლკოვნიკი პარკერია განწირული, მოიქცეს ისე, როგორც იქცევა - ეს მათი ეპოქალური არჩევანია, მაშინ ასე იყო შესაძლებელი ელვისის ტახტზე ასვლა, მისი მეფედ კურთხევა. იბადება კითხვებიც, მაგრამ პასუხები მოუხელთებელია, ეს იწვევს რყევებს, დრამატიზმს, როდესაც ძნელია ვინმეს ხელაღებით დადანაშაულება. პარკერი გულახდილად აღიარებს, რომ მას არც მუსიკა ესმოდა, არც კულტურა, ფულის, ამბიციის და პრესტიჟის მეტი არაფერი აინტერესებდა, მან არც ელვისის მუსიკალური ფასი იცის, სამაგიეროდ ხედავს ორგაზმამდე მისული აუდიტორიის ეგზალტაციას, რასაც იწვევდა ეს ყმაწვილი. ზუსტად ხვდება, როგორ უნდა გაყიდოს ახალი, მანამდე უცნობი ხასიათის თინეიჯერული სექსუალური დრაივი. ეს პარადიგმა დღემდე უშეცდომოდ მუშაობს პოპ ინდუსტრიაში. პარკერი გაშიფრულია, ის არაფერს მალავს, მაგრამ ელვისი? გასაგებია, რომ შეუდარებელი შემსრულებელი და არტისტი იყო, მაგრამ არის საკმარისი ეს სამეფო ტახტზე ასასვლელად?
ელვის პრესლი ნედლი გენიაა. მან აფროამერიკული და თეთრი ამერიკის სასიმღერო კულტურების (ქანთრი, ფოლკი, ბალადები) შერწყმით მიიღო ისეთი ეფექტი, ისეთი რეზულტატი, რომელიც მანამდე გაუგონარი და წარმოუდგენელი იყო
ამას აკეთებდა ინტუიციურად, გაუცნობიერებლად - გაუცნობიერებელი ფლობა იმ ცოდნის, რომელსაც ვერ შეიძენ, რომელიც შეგიძლია მხოლოდ შეიგრძნო და როდესაც ეს ენერგიად ქცეული ცოდნა ზედაპირზე ტივტივდება, მას შეუძლია წალეკოს ყველაფერი. ელვისის უნიკალური, სენსიტიური ვოკალი იმდენად შეუდარებელია, რომ ისეთი უმეცარი კაცის განიარაღებაც კი შეუძლია, როგორიც მისი მენეჯერი „პოლკოვნიკი“ ტომ პარკერია თუ ასეთი მძლავრი იყო ელვისი, მაშინ რატომაა ის პიროვნულად ასეთი უხერხემლო, კომპრომისული და უნებისყოფო ფილმში? იმიტომ, რომ ის მართლაც ასეთი იყო რეალურ ცხოვრებაში, სიცოცხლის ბოლომდეც კი ასეთად დარჩა. მისი პერსონაჟის სიღრმისეული კინოინტერპრეტირება შეუძლებელია, ასეთ გმირს ელვისი ვერ ქაჩავს, მის ინტელექტს არ აქვს ასეთი რესურსი, ის ჩვეულებრივია და ხშირად ბანალურიც, ნებისმიერი საავტორო-ინტელექტუალური ესთეტიკით მასზე ფილმის გადაღება უსარგებლოა, ამიტომაც ირჩევს ლურმანი ტრადიციულ თხრობით სიუჟეტურ მანერას წიაღსვლების გარეშე, ეს გაცნობიერებული არჩევანია.
მთელი ეს დავიდარაბა ელვისის გარშემო, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია - ფილმში ამ ყველაფერზე სერიოზული ყურადღებაა გამახვილებული, აქ ხდება ამ ორი პერსონაჟის პირველი სერიოზული შეპირისპირება.
კი ემუქრებოდა ელვისს ისტებლიშმენტის წნეხი საზოგადოებრივი ნორმების დარღვევის გამო, მაგრამ არც ისე მძაფრად, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები.
გამძაფრება საჭირო იყო პარკერის ლეგიტიმური შიშების ასახსნელად, იგი საგონებელში ჩავარდა თავისი ოქროს ბიჭუნას სიჯიუტის და შესაბამისი ბიზნესრისკების გამო. საკვანძო მომენტი ელვისის კარიერაში და არა მხოლოდ - საქმე ეხება მის გაწვევას ჯარში. ნომერ პირველი ვარსკვლავის და უკვე მილიონერი ელვისის ჯარში გაწვევა ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ფილმში მას უყენებენ პირობას, ან კარიერის დასამარება, ანდაც საკუთარი თავის წარმოჩენა წესიერ ახალგაზრდა ამერიკელად, რომელიც მეამბოხე იმიჯის მიუხედავად, მზადაა, ქვეყანას ემსახუროს როგორც რიგითი ჯარისკაცი. პარკერიც იძულებულია, ამ მოთხოვნებს დაემორჩილოს. ასე იყო სინამდვილეშიც, მაგრამ აშკარად გადრამატულებულია ეს ხედვაც. იმ დროს როკნროლი ჯერ კიდევ თინეიჯერულ კაპრიზად განიხილებოდა, რომელიც ასაკის მომატებასთან ერთად გაივლიდა.
23 წლის ელვისი, უკვე ვეღარ მოიაზრებოდა თინეიჯერების კუმირად და საჭირო იყო მისი გადაფორმატება მოზრდილი აუდიტორიისთვის
მაგრამ როგორ? როგორ და მისი მოცილება სცენიდან 2 წლით შორეულ გერმანიაში, მიუწვდომელი რომ ყოფილიყო ფანებისთვის. ამ ასპექტზე არაა გამახვილებული ყურადღება ფილმში, ალბათ იმიტომ, რომ ამ მოსაზრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა მხატვრული ფილმის ფორმატი იძლევა ინტერპრეტაციის რესურსს სინამდვილისდაუმახინჯებლად. სამაგიეროდ დაბეჯითებითაა გადმოცემული, როგორ ხიბლავს პარკერი ელვისს ჰოლივუდით, როცა ის დაბრუნდება ჯარიდან, ელვისიც იხიბლება, ჰოლივუდი ხომ გართობის ინდუსტრიის უზენაესი მექაა. მსახიობობაც უნდა და თანხმდება ჯარისკაცობას, თავადაც არაა დარწმუნებული, რამდენად ადეკვატური იქნებოდა მისთვის მთელი ცხოვრება როკნროლი სიმღერა. ამ მომენტიდან ხდება მისი, როგორც დიდი სცენური არტისტის კასტრაცია. ამ მომენტის არასათანადო გაშიფრვამ სერიოზული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამოიწვია ჩემში. ელვისი კი არა, მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ე.წ. როკნროლურ კულტურას ასეთი ძლევამოსილი განვითარება ექნებოდა მომავალში, რომელიც საერთოდ მუსიკალური ინდუსტრიის მტკიცე კანონებსაც კი შეარყევდა და გადააფორმატებდა არტისტების ნების სასარგებლოდ. 50-იან წლებში ყველაფერს, არტისტების ნებასაც კი მენეჯერები და იმპრესარიოები აკონტროლებდნენ. ამ აქცენტების ამოწევა, უფრო ობიექტურად დაანახებდა მაყურებელს ელვისის სტრელიზაციის პროცესის გარდაუვალობას, მაგრამ ლურმანი ასეთ სიღრმეებში არ შედის, ის პარკერის თვალით დანახული ელვისის ისტორიაზეა კონცენტრირებული.
არის თუ არა ფილმში პარკერის „გაპრავების“ მცდელობა? - არანაირად. ტომ ჰენქსის მიერ საოცრად შესრულებული პარკერი ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა, ანგარებიანი, უტიფარი, მიზანდასახული, უკიდურესად ეგოისტი მანიპულატორი. მეორე მხრივ, არსებობს წარმატებაზე ორიენტირებული შოუბიზნესური უკომპრომისო კანონები. 20 წლის მომღერალ ბიჭს რომ უნდა, იყოს სახელგანთქმული და მდიდარი, ეს ნორმალურია, მაგრამ რა პირობებით? რისი დათმობის ხარჯზე? პარკერი ძველმოდურად გაქნილი კაცია, მას აქვს თავის უტყუარი მეთოდები, რომელიც ამართლებს. ის არ ჩაგრავს ელვისს, თავი მისი კეთილისმყოფელი ანგელოზიც კი ჰგონია. ხიბლავს მას ფუფუნებით და ოლიმპოზე მუდმივად ყოფნის გარანტიით, აძლევს განუსაზღვრელ კრედიტს, რათა შემდეგ კაბალურ მარწუხებში მოაქციოს და იძულებული გახადოს, საკუთარ ნებას დაუმორჩილოს.
60-70იან წლებში მუსიკალური როკინდუსტრიის თამაშის წესები სრულიად შეიცვალა, ელვისსაც უნდა, ფეხი აუწყოს ამ ფერხულს, მაგრამ ეს არ უნდა ბებერ პარკერს, გრძნობს, რომ ნებისმიერი განახლება მის როლს დააკნინებს, რუდუნებით ნაშენებ ელვის-ინდუსტრიას ჩამოშლის. აქ მარტო ბიზნესშიც არ არის საქმე, ის უკვე შეპყრობილია ელვისით, მის გარეშე არარაობაა. ვნებები კარგად არის გაშიფრული ფილმის მეორე ნაწილში, ასევე მკაფიოდაა ახსნილი ელვისის კომპრომისების მოტივი საკვანძო მომენტებში - თავად მეფეც ძველმოდურია, მისთვის „წარმატება“ ძველ გამზომილებაშია და სულ სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე ახალი ვარსკვლავებისთვის, იქნება ეს დილანი, ჯეგერი, თუ ლენონი. ბოლო-ბოლო ელვისი ავტორ-შემსრულებელიც ვერ არის, რაც განახლებული მუსინდუსტრიის ქვაკუთხედია და ესეც აკომპლექსებს.
ახალი გმირებისგან განსხვავებით, ის საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, თავისი მიკროსამყარო აქვს და ეს არ იყო მხოლოდ მისი მენტორ-მენეჯერი პოლკოვნიკის ნება, ეს მისი უკიდურესი გაკონფორმისტების შედეგიცაა.
გარშემო შემოკრებილი მეგობრები, ე.წ. „მემფისის მაფია“, რომელიც მის კმაყოფაზე იჯდა წლების განმავლობაში, ისინიც კი დაინტერესებულნი იყვნენ, რომ მოვლენების მსვლელობა არ შეცვლილიყო - ესეც მნიშვნელოვანი გარემოებაა მისი დეგრადაციის გასაგებად და ამ მომენტზე უფრო უნდა გაემახვილებინათ ყურადღება ავტორებს. მას, როგორც შემოქმედს, ჰქონდა სურვილი, საკუთარი კარიერა ახალ ეტაპზე გაეყვანა და ამისთვის სხვა პრომოუტერებიც კი აიყვანა, მაგრამ ეს ახალი თავგადასავალი უნდა გამხდარიყო. ელვისი თითქოს მზად არის, მაგრამ პარკერი აბრუნებს მას ძველ კომფორტის ზონაში, აძლევს საიმედოობის და რუტინა-პრობლემებისგან დაცვის გარანტს, ელვისს კი ამ საიმედო დაცულობის განცდის გარეშე არსებობა უჭირს, ვერ აძლევს საკუთარ თავს ახალი არტისტული ავანტურის უფლებას, და უკვე მერამდენედ, ნებდება.
ლას ვეგასი, კიდევ ერთი სიმბოლო როგორც ფილმისთვის, ისე ელვისი კარიერის დასკვნითი მონაკვეთისთვის - ჩაბრილიანტებულ-ჩაოქროვილი უსაქმური მანდილოსნების და გაქსუებული ბურჟუების გასართობი ჰედონისტური ადგილი, სადაც არანაირი პრობლემა არ აწუხებს არავის, არანაირი ვნებათღელვები - რაც სამყაროში დუღს, ვეგასში არ იგრძნობა. ესეც იზოლაციონიზმია, რომლიდან გამოსვლის სურვილი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ნება - არა. თანდათანობით სურვილიც ნიველირდება. რჩება მხოლოდ სცენა, აი, იქ ელვისი ცოცხლდება, კვლავ თავის სტიქიაშია და საოცარ წარმოდგენებსაც აძლევს პუბლიკას
სცენის მიღმა კი ის ეგზისტენციალურ აგონიაშია და წონასწორობას კარგავს, როგორც სულიერს, ასევე - ფიზიკურს, აღდგენას მხოლოდ უამრავი პრეპარატისა და „დრაგების“ ხარჯზე თუ ახერხებს.
კულტუროლოგიურ-ისტორიულ ჭრილში ყველაზე ნაღვლიანია ის, რომ ელვის პრესლიმ ბოლომდე ვერც შეიცნო, თუ სად გადიოდა მისი, როგორც არტისტის შესაძლებლობების ზღვარი. მუსიკალურ-აკუსტიკურად მან კი განაახლა საკუთარი შემოქმედება, მაგრამ ეს ის არ იყო, რასაც მისგან მოელოდნენ.
საესტრადო, თუნდაც გენიალურ ვარსკვლავად ტრანსფორმირებული როკნროლის მეფე, სევდიანი სანახავი იყო მაშინ (ახლა აღარ).
მას ალბათ უნდოდა, ეცადა თავი სხვა მიმართულებითაც, მაგრამ ან ვერ გარისკა, ან პარკერმა არ მისცა ამის უფლება. ეს ავტომატურად გამოიწვევდა მის ბორკილებიდან ახსნას, შოუ კი უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც „პოლკოვნიკ“ ტომ პარკერს უნდა, თუნდაც ელვისის სიკვდილის ფასად.
ელვისიც მოკვდა, თან ისე, რომ სრულყოფილად ვერ განხორციელდა როგორც შემოქმედი არტისტი, რაც პარადოქსია.
ჩანს თუ არა ეს პარადოქსი ფილმში? - არა. ალბათ იმიტომ, რომ ეს არ ესმოდა პოლკოვნიკ პარკერს, რომელიც მთელი ფილმი თავს იმარათლებს, რატომ იმართლებს, ვერ ხვდება, მაგრამ რომ უნდა იმართლოს, ეს იცის. რომ არა ის, როკნროლის მეფე, 42 წლის ასაკში არ მოკვდებოდა. ფინალური სცენა, სადაც უკვე დოკუმენტური კადრებია ელვისის ბოლო კონცერტის ბოლო ნომრიდან, შთამბეჭდავია, ნამდვილი კულმინაცია დრამის - მეფის სიკვდილი. მეფე სცენაზე სხვაა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში კი მეფეებს უმთავრესად „მისი ნაზირვეზირები კლავენ?“- აი, სწორედ ამაში ხედავდა ლენონი ელვისის ტრაგედიის მიზეზებს - ასეთ სიტუაციაში, როცა ვერ ახერხებ სულიერ აღმავლობას, მობილიზებას, მეფეებიც კვდებიან, ან გონებრივად ან ფიზიკურად. ეს არ ესმოდა პარკერს, სავარაუდოდ, ბოლომდე არც ელვისს, კარგად ესმის რეჟისორ ბაზ ლურმანს, მაგრამ არ ჩაერია, ალბათ ჩვენ დაგვიტოვა ისტორია განსასჯელად.