ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

#მევარმეთექვსმეტე

საბჭოთა დროს, 1980-იანი წლების დასასრულს, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, იმას, რაც დღეს ქართული რაგბის თავს ხდება, ყველაზე დიდი ფანტაზიის მქონე ქართველი მორაგბეც კი ვერ წარმოიდგენდა. ეს იყო დრო, როცა რაგბის შესახებ მხოლოდ რაგბის მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და მათმა ახლობლებმა იცოდნენ და ეს ახლობლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ მორაგბე შინაურს: "ამან ხომ არ გააფრინა, რას დასდევს ამ ნესვს და დაბეგვილი რას დაიარებაო". ერთი ჩემი მეგობარი მორაგბის ბებია რაგბის ბრაგვსაც კი ეძახდა ‒ დაბრეგვავენ ერთმანეთს და ამბობენ, რა მაგარიაო. უკვირდა ძალიან.

იმ იშვიათთაგან ერთი, რომელიც „ნესვით“ ბურთაობაზე უზომოდ იყო შეყვარებული, ვაკეში, რიგის ქუჩაზე ცხოვრობდა – გურამ მოდებაძე, მეტსახელად „ბურძგლა“ – კაცი, რომელმაც უამრავი მაგარი მორაგბე აღმოაჩინა და გაზარდა. ჰოდა, დაგვსვამდა თავის პატარა და მყუდრო სახლში „ბურძგლა“, ჩაგვირთავდა ვიდეოს და საბჭოთა კავშირში ჩუმად შემოტანილ ვიდეოკასეტაზე ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ინგლისის და სხვა ბობოლების თამაშებს ისე, როგორც ზღაპარს გვაყურებინებდა, მერე კი გაგვიყვანდა ეზოში და გვავარჯიშებდა. ჩვენც ვიცოდით, რომ ეს იყო ზღაპარი, რომლის რეალობად ქცევაზე ვერც კი ვიოცნებებდით. ეგ კი არა, საქართველოს ნაკრების არსებობასაც ცოტა თუ დაუშვებდა იმ დროს.

ახლა კი, როცა რაგბის თემი საქართველოში ასე ძლიერია, სწორედ „“ბურძგლას“ დრო“ მახსენდება ძველი, ტკბილი ზღაპარივით. სამაგიეროდ, გამარჯვებებით დახუნძლული კიდევ უფრო უკეთესი მომავალი გამოიყურება რეალურად და ხელშესახებად: ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ითამაშეს, თანაც – ზემოთ ჩამოთვლილი ბობოლების უმეტესობასთანაც.

2015 წლის მსოფლიო თასი, როგორც სრულიად სარაგბო თემისათვის, პირადად ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო – ბორჯღალოსნების ორი თამაში ვნახე ცოცხლად – ახალ ზელანდიასთან (!) და ნამიბიასთან. ნამიბიასთან თამაშის მნიშვნელობის მიუხედავად, ზელანდიასთან თამაშს მაინც სულ სხვა ეშხი ჰქონდა. ბორჯღალოსნები სარაგბო ოლიმპოს მთის წვერზე მობინადრე ახალი ზელანდიის (All Blacks) ნაკრებს დაუპირისპირდნენ, საქართველოს ნაკრებს უდიდესი პატივი ერგო, ზღაპარი რეალობად იქცა. მათთან შერკინებაში ჩვენი ბიჭები მაგრად დადგნენ, ლელოც გაიტანეს და თამაშის მერე რაგბის ოლიმპოს ღმერთებს ათქმევინეს: ქართველებთან თამაში ჩვენს ძვლებსა და კუნთებს დიდხანს ემახსოვრებათო. მეტიც: ბორჯღალოსნების შერკინებამ ისეთი გაკვეთილი ჩაგვიტარა, ვფიქრობთ, შერკინების ტექნიკაზე მეტი სამუშაო გვაქვსო.

უელსელები ჩვენს ბორჯღალოსნებს თავიანთ ჰიმნსაც კი უძღვნიდნენ - LAND OF MY FATHERS.

2015 წლის მსოფლიო თასი განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ ბორჯღალოსნებს წელს ყველაზე ამბიციური გეგმა ჰქონდათ: ორი თამაშის მოგება, ტონგასთან და ნამიბიასთან – რაც ნიშნავდა იმას, რომ მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდში დავიმკვიდრებდით ადგილს და იაპონიაში გასამართ 2019 წლის მსოფლიო თასზე შესარჩევი ეტაპის გარეშე მოვხვდებოდით.

ასეც მოხდა. ჩვენებმა პირველივე თამაში მოუგეს მრისხანე ტონგას, სარაგბო სამყაროში ამით დიდი ბომბიც გახეთქეს და მიზნის 70 პროცენტიც შეასრულეს. ნამიბიასთან, სულ ცოტა, 30 ქულით მაინც უნდა მოგვეგო, მაგრამ მსაჯმა კინაღამ დაგვღუპა და, ჩემი სიცოცხლე თუ არა, ჯანმრთელობა ლამის შეიწირა ექსეტერის სენდი პარკის სტადიონზე.

ენით აუწერელ სიამოვნებას მგვრიდა ინგლისში ჩასულს, კითხვაზე – Where are you from? პასუხის გაცემა – I'm from Georgia! და პასუხად აღფრთოვანების გამომხატველი შეძახილების და გორგოძის, ზირაქას, ვიტოს, ნაროს, კაჭის, კოკის, ბუკას, მეკოსა და სხვა ბორჯღალოსნების სახელების გაგონება!

მოკლედ, რაგბის გურმანები ფაქტობრივად ჩემ თვალწინ გადაიქცნენ ქართველთა ქომაგად. მერე და სად?! ბრიტანეთში! რაგბის სამშობლოში.

სულ სხვა ემოცია ყოფილა, როცა მსოფლიო თასს შენი გუნდის საქომაგოდ უშუალოდ ესწრები და ის უბრალო მონაწილე კი არ არის, ყურადღების ცენტრშია: კაპიტანს სუპერმენს ეძახიან, გუნდს – „ბოჭვების მანქანას“, ოთხი ბორჯღალოსანი საუკეთესო მბოჭავთა ხუთეულში შეჰყავთ, ორჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ასახელებენ და, მათ შორის, ახალ ზელანდიასთან. სხვადასხვა ვერსიებით დასახელებულ მსოფლიო ნაკრებებში მინიმუმ 3-4 ბორჯღალოსანი მუდმივად არის. მსოფლიო თასის ისტორიაში გყავს ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე და ის ისე ირჯება, თითქოს, გამობრძმედილი მოთამაშე იყოს. ერთმა ინგლისელმა მითხრა: ეს პატარა ბიჭი მაგარი „თავხედია“, ასე თუ გააგრძელა, გაგიხარია, ისეთი ცხრა ნომერი გეყოლებათო.

არც ის შეგრძნება დამავიწყდება არასოდეს, როცა თამაშის შემდეგ მოედნის განაპირას ჩადიხარ და ჩვენს ნაომარ ბიჭებს, ოფლში გაწურულებს, სისხლიანებს, მძიმედ რომ სუნთქავენ, შეუძახებ და ისინიც შემოგძახებენ. მერე გასახდელთან ლოდინი – ერთი სული გაქვს, როდის გამოვლენ, რომ გადაეხვიო და ყველაფრისთვის მადლობა უთხრა.

მე, პირადად, როგორც გულშემატკივარი, ამ წარმატებაში ვაფასებ იმას, რომ ეს შემთხვევითობა და გამართლება კი არაა, არამედ შედეგი, რომელიც ოთხწლიანი გეგმის თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ შესრულებას მოჰყვა. ზუსტად ეს თანმიმდევრულობა, როგორც გულშემატკივარს, კიდევ მეტად მარწმუნებს, რომ 2019 წელს ბორჯღალოსნებს ამაზე უფრო ამბიციური გეგმა ექნებათ და განახორციელებენ კიდეც.

სიმაყეს მგვრის უელსის რაგბის კავშირის თანამშრომლის სიტყვები: თავიდან ძალიან გამიკვირდა თქვენი სლოგანის გაგონება – რაგბი ჩვენი თამაშია! მაგრამ თვალს ვადევნებ ბორჯღალოსნებს და ვხვდები, ტყუილად არ იძახით ამასო!

ასეა – რაგბი ჩვენი თამაშია!

საამაყო ქართული ბრენდი!

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა