ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მგონი ვქრები

ინტერვიუ თამარა მეარაყიშვილთან
ტექსტი: ნინო ლომაძე

 

ახალგორი

მესამე წელია, შინაპატიმრობაშია. თამარა მეარაყიშვილს დეფაქტო  რესპუბლიკის მმართველი პარტიის წევრები, „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მიღებას ედავებიან.  ცხინვალის სასამართლომ ის სამჯერ გაამართლა და ბრალდების მხარემ სამივეჯერ გაასაჩივრა. 

108-ე დღეა ახალგორში გზა ჩაიკეტა ყველასთვის, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ იქ დარჩა საცხოვრებლად. გზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ ოჯახის წევრები - გორში, თბილისში და სხვაგან სტუმრად, სამკურნალოდ, პროდუქტებზე წამოსულები, ახლობლების ოჯახებს აფარებენ თავს. ახალგორში ყველა, თამარას მსგავსად, ახლა შინაპატიმარია.  

ბოლო დროს სულ ჩემი დაკავება მახსენდება. მაქედან ორი დღე იყო, ან ერთი კვირა, როცა  ვწყვეტდი, რა მექნა. ვფიქრობდი, რამდენს შევძლებდი. ეგრეა, რასაც იმ დღეებში გადაწყვეტ, მერე სულ იმაზე მოგიწევს ფიქრი. 

დედაჩემი უკვე სულ ცუდად არის. 110 დღეა შვილი არ მინახავს. კარგი შვილი ან დედა რომ ვიყო, ჯერ მათ გავუწევდი ანგარიშს. მაგრამ ვინმეს ხათრი და გარემოებები ვეღარ შეგაცვლევინებს იმას, რაც მაგ ერთ კვირაში მოიფიქრე. დედაჩემმა იცის, რომ ციხეშიც წავალ, თუ საჭირო გახდა. ჩემზე მაგარი ქალები ალა ჯიოევა და ფატიმა მარგიევაც ისხდნენ იქ და გამოვიდნენ. 

აქვე ახალგორში ცხოვრობს ძია გურამი, მუხაშვილი. ჩუმად ცხოვრობს, მარტოა აქ. პურს ნისიად იღებს. თუ კარგი მორიგე შემხვდა, ხანდახან სამსაც ავიღებო, ამბობს. ქართულ პენსიაზეა. სამი თვეა არ მიუღია. გმირია ძია გურამი? არ ვიცი, გმირი რა არის. ვერ ვხვდები, რატომ ახსენებს ამ სიტყვას ხალხი ასე ხშირად. მეც მწერენ ხოლმე, გმირი ხარო და ვბრაზდები. 

ამ გმირობას თავისი ინსტრუქცია აქვს. მაგალითად,  არ უნდა წამომცდეს ლენინგორი - ვთქვა მხოლოდ ახალგორი. ხშირად გამოვიყენო სიტყვა: ეგრეთ წოდებული. უკეთესია, თუ ვიტყვი სამაჩაბლოს.  

ლოზუნგები უნდა დავიმახსოვრო. ლოზუნგები ძალიან მნიშვნელოვანია. არის ძველი ლოზუნგები, რომლებიც წლები გადის და არ იცვლება და არის მეორეხარისხოვანი ფრაზები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი: ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, ჩვენ იმას არ შევეგუებით. 

ალბათ, ძალიან მომიწონებენ, ცხინვალში თუ ჩავალ და იქიდან ვიტყვი: მარიონეტული რეჟიმი უნდა დაინგრეს, არა ოკუპაციას. საკმარისია გმირობისთვის? 

ბოლო 11 წელი ყველაზე ხშირად სასამართლოებში დავდივარ. სამი წელია ცხინვალის სასამართლოში თავის დაცვას ვცდილობ. ათას დოკუმენტს ვაწერ ხელს. რა გამოდის, რამდენჯერაც მოვაწერ, იმდენჯერ ვღალატობ სამშობლოს? 

რატომ არ ვთხოვთ წითელ ჯვარს მედიკამენტები შემოგვიტანოს? ფიქრობთ, რომ ეს არ არის გმირებისთვის შესაფერისი საქციელი? ჩემს მეზობლებს გული აწუხებთ, ერთს სიმსივნე აქვს. 

გმირები ყოფით პრობლემებზე მაღლა დგანან. ამიტომ, არც ახალგორში ჩამორთმეულ ბინებზე დავძრავ კრინტს, ცოტა მერკანტილურია. 

ჩემი ოჯახის წევრები მაინც ჩემზე ყოჩაღები არიან. დედაჩემს ერთხელაც არ დასცდენია, არ გეცოდებითო? კი ვხვდები, გვიან რომ დარეკავს და მეკითხება, ხომ არ მირეკავდიო, სინამდვილეში მამოწმებს. მეგობართან წამოსცდა, მეშინია, რამე არ მოიწიოსო. უნდა ვუთხრა, ასე აღარ მოიქცეს, არაა ჩვენი საკადრისი საქციელი. 

მეც გპირდებით, რომ ცხინვალში აღარ გამოვართმევ ტაქსისტს შოკოლადს. პურის ქარხანაშიც თუ კიდევ მეტყვიან, რა ყოჩაღი ხარ, ჩვენც შენი იმედი გვაქვსო, იქვე მივახლი, თქვენი ეგრეთ წოდებული იმედები თქვენთვის შეინახეთ-მეთქი. მახსოვს კოლაბორაციონიზმზეც ყველაზე მეტად ამას უნდა ვუფრთხოდე, თუ კიდევ დამირეკავენ ცხინვალელები და მეტყვიან, ან ფეისბუკის კედელზე დამიწერენ, ვინმე თუ შეგაშინებს, ნებისმიერ დროს დაგვირეკეო, ან ჩემს სასამართლოზე მოვლენ, ვეტყვი, მარიონეტული რეჟიმის მხარდამჭერების დახმარება არ მჭირდება-მეთქი.  

იქნებ მომავალში მემორიალურმა დაფებმა დაამშვენოს ჩვენი სახლები. 

იმასაც გპირდებით, რომ არსად ვიტყვი, რომ ხანდახან ძალა გამომეცლება ხოლმე და ვითიშები, აი, თითქოს ელემენტები გამომაძრეს. ქუჩაზე რომ ჩავივლი და ათი სახლიდან უკვე მხოლოდ ერთში ანთია შუქი, გიჟივით ყვირილი მინდება, მაგრამ, ნუ გეშინიათ, არავის ვეუბნები, რომ იცლება ახალგორი.

რა ვქნა, რომ ეს სიტყვაც ჩემი ნაწილი ხდება - ეგრეთწოდებულში ვცხოვრობ, ეგრეთ წოდებული ვარ, ეგრეთ წოდებული ადამიანი. და ხანდახან, როდესაც სარკეში ნაოჭებს ვამჩნევ, მეშინია. დრო სწრაფად გადის. და მაგ წამებში, მარტო წამებში, მგონია ხოლმე, რომ ვქრები. 

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ