ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ესე

მიფრინავენ წეროები

გააზრებულად პირველად მაშინ შემეშინდა, როცა ჩემს შეკითხვაზე, როგორ გავჩნდი-მეთქი, დედაჩემმა მიპასუხა, წერომ მოგიტანა ნისკარტით ნაჭერში გახვეულიო. მერე ხშირად მხვდებოდა თვალში ეს ილუსტრაცია საბავშვო წიგნებში და საბჭოთა პოლიკლინიკების კედლებზე: ცაში წერო ნისკარტში ჩვილით. ამას წინათ ფილმის „მიფრინავენ წეროები“ პოსტერი შემხვდა სადღაც, ღამით კი დამესიზმრა, რომ ეს ახმახი ჩიტები ჩვილებს ბომბებივით აყრიდნენ ქალაქს, და ისიც თანდათან ინგრეოდა, მიწასთან სწორდებოდა. მოკლედ, დედაჩემმა გაუცნობიერებლად მომიშორა, განმდევნა, უარმყო. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ მარტო ვარ. ამის შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდა დედის კალთასთან დაბრუნება.

ამ ამბიდან მალევე იყო, მოქეიფე კაცებმა სუფრასთან რომ მიხმეს და მათთვის პასპორტის ჩვენება მომთხოვეს. უცბად წარმოვიდგინე, როგორ მიჭერენ ვიღაც მთვრალი უცხოები და ძალით მხდიან შარვალს. ამ მახინჯი რიტუალით კაცების დიდ სამყაროში გადასვლა ფორმდებოდა. ამ კარნავალური აგრესიის კანიბალურმა იმპულსმა ისე შემაშინა, რომ უკანმოუხედავად გავიქეცი და სამზარეულოს კარადაში დავიმალე. სპაზმისგან კრიჭაც ისე შემეკრა, მერე რამდენიმე დღე მტკიოდა ყბები. თან ვერ ვტიროდი იმის შიშით, არ მომაგნონ, გამათრიონ და ძალით გამაშიშვლონ-მეთქი. როცა მივხვდი, არავინ არსად მათრევდა, მაშინღა ამერია იქვე მდგარ ტაშტში გული.

დაახლოებით მაშინ აღმოვაჩინე წიგნები. სწორედ აქ ვპოულობდი ყველაზე დიდ ნუგეშს, რადგან კითხვას გადავყავდი მატერიალური სამყაროდან ფანტაზიებით ნაქსოვ „მეორად სამყაროებში“. წიგნები ჩემთვის დიდხანს იყო საშიში რეალობიდან გაქცევისა და იზოლაციის საშუალება. თუკი თავიდან კითხვა ჩემთვის ესკაპიზმის საშუალება იყო, შემდეგ იგი გზადაგზა აკიდებული გადაუჭრელი პრობლემების კომპენსაციად მექცა. ამიტომ ვკითხულობდი ბევრს. სანამ სიგარეტს ჩააქრობ, ახალზე რომ გადაუკიდებ, ისე გადავდიოდი წიგნიდან წიგნზე.

შემდეგ როგორღაც მეც ვცადე რამე დამეწერა. რა თქმა უნდა, ის ნაცოდვილარი არაფრად ვარგოდა, მაგრამ ეს არაა მთავარი. წერა გაქცევის კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფორმა აღმოჩნდა. შეიძლება სადღაც ღრმად ჩემში მართლაც არის წერის ნიჭი, რისიც მე დიდად არ მჯერა, რაც უნდა საპირისპიროს ამტკიცებდეს ჩემი მიკროსკოპული წარმატებები, მაგრამ ჩემი ტექსტების 99% რომ შრომის შედეგია, ეს ზუსტად ვიცი. ამიტომაც ასდის ხოლმე ჩემს ნაწერს ოფლის სუნი. ჩემზე უკეთ ვინ იცის, რომ მე ხელოსანი ვარ და არა – ხელოვანი.

მე დღემდე ვერ დავშორდი ჩემს ეგოს, ვერ მოვახერხე მისგან დისტანცირება. ჩემი მიკროსამყაროდან ვერაფრით გავედი მაკროში. ამიტომაც ვერასდროს შევქმენი რამე ახალი. ობიექტურად ახალი. სინამდვილეში მე ჯერ კიდევ კარადაში ვარ შემალული და შიშისგან გული მერევა. ინფანტილიზმია ეს თუ მარადი კასტრაციის კომპლექსი, ფაქტია, რომ ვერა და ვერ მოხდა ჩემი ინიციაცია, ვერაფრით გადავედი კაცების დიდ სამყაროში. ვერაფრით დავკაცდი.

ჩემი ტექსტები მხოლოდ და მხოლოდ სტრესზე რეაქციაა, ნარწყევია. ნარწყევი ტაშტში. ეს ჩაკეტილი წრეა. ჩაკეტილი კარადა. ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ტაშტი.

არანაირი ხელოვანის ზეამოცანა მე არასდროს მქონია. არც გალაკტიონივით მადგება ლექსები ყელზე ბოლქვა-ბოლქვად და არც ფიროსმანივით დამჩხავის წმინდა გიორგი თავზე მათრახით: დახატე, ნიკალა, დახატეო, მე მხოლოდ მთვრალი კაცების ხმა ჩამესმის შორიდან: გვაჩვენე პასპორტი! ამიტომაც მაქვს მკერდს მიდებული ტაშტი, როგორც მინდა.

 ფოტო: პაულ პოცკე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა