მინდია არაბული - ყოველი ამბის დასასრული | შოთა იათაშვილი
(გამომცემლობა “დიოგენე”, 2021)
რამდენიმე წლის წინ უფროსმა გოგომ მთხოვა: ერთი ჩემი მეგობარი ბიჭია, მგონი კარგად წერს და იქნებ ნახო, შენი აზრი მაინტერესებსო. ჰოდა, ჩავხედე და ასაკის კვალობაზე, მოთხრობა ძალიან ოსტატურად დაწერილი აღმოჩნდა, ფაქიზი ირონიით რელიგიური თემის გადამუშავებას წარმოადგენდა. იმდენად კარგი იყო, რომ წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ისე გავუშვი დასაბეჭდად “ახალი საუნჯის” მორიგ ნომერში. ახლა კი უკვე ამ ახალგაზრდა პროზაიკოსის, მინდია არაბულის სადებიუტო კრებული მიჭირავს ხელში. მასში ექვსი მოთხრობაა და იმ “კოღოთი” იხსნება, რომლითაც ეს ავტორი გავიცანი. წიგნი ადასტურებს, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას მეტად საინტერესო ფიგურა შეემატა. მართალია ამ ექვსი მოთხრობიდან ორის მიმართ გარკვეული პრეტენზიები გამიჩნდა, მაგრამ დანარჩენები ძალიან მომეწონა და ერთი, ჩემი აზრით, საერთოდაც ბრწყინვალე იყო თავისი იგავური სიღრმით და იუმორისტული სიბასრით.
სანამ კონკრეტულ მოთხრობებზე გადავიდოდეთ, მათ რამდენიმე ზოგად მახასიათებელს გამოვყოფდი: მინდია არაბულის სამოქმედო არეალი რელიგიურ-მითოლოგიური და პასტორალურ-პროვინციული სივრცეებია, ურბანული გარემო მას არ აინტერესებს. სწორხაზოვანი ნარატიული თხრობა მასთან იშვიათია. უყვარს ფრაგმენტულობა, სცენების უცებ მოჭრა, რაღაცის აუხსნელად, “სტრიქონებს შორის” დატოვება, სჩვევია ღია ფინალებიც. აქვს იუმორის კარგი გრძნობა, რომელიც შეიძლება გადავიდეს ირონიაში, მაგრამ არასდროს გადადის სარკაზმსა თუ ცინიზმში, ანუ არასდროს ხდება აგრესიული. წიგნის რედაქტორი, ლექსო დორეული თავის ანოტაციაში წერს: “პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ”. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პერსონაჟებით იგი ახერხებს არქაული და ფუტუროლოგიური სივრცეების ერთნაირი ბუნებრიობით ჩვენებას. ერთი სიტყვით, საკმაოდ ბევრი ნიშან-თვისებაა, რაც მის ხელწერას გამოკვეთს.
ახლა კი, თუ კონკრეტულ ტექსტებზე გადავალთ, უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ მოთხრობას “თავკომბალების შესახებ”.
სადღაც, სოფელში, მდინარის პირას, ერთი გლეხი მოულოდნელად აღმოაჩენს გაუგებარ არსებას, რომელიც ფეთქავს, რაღაც ხმებს გამოსცემს და გაურკვეველ ორგანოებს ამოძრავებს. ცხადია, მთელი სოფელი ხელად შემთხვევის ადგილას იკრიბება და იწყება ბჭობა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს იგი. კოლორიტული პერსონაჟების სასაცილო დიალოგებით ავტორი მეტაფორულ სურათს ხატავს. გლეხების გულუბრყვილო ფიქრებთან კონტრასტს ქმნის გამგებლის პრაგმატულობა, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ სოფლის მღვდელთან იყრის თავს, რომელთანაც, გამგებლის ბრძანებით, ურიკით დროებით მიჰყავთ ნაპოვნი არსება. მამა ანდრია თავისი ეკლესიის წინ, ეზოში ჩნდება პირველად, როცა შემთხვევით აღმოაჩენს “საიდანღაც გაჩენილ” აგურს და ცდილობს შესაფერისი ადგილი უპოვოს მას, მაგრამ ვერაფერს „მოარგებს“. ესაა ძალიან სიმბოლური სცენა, „არსების“ თემასთან ასოციაციურ კავშირში მყოფი, და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი სცენების ხატვის უნარით ისაზღვრება ხოლმე ავტორის ოსტატობა.
მთლიანობაში, მინდია არაბული ამ მოთხრობაში ძალიან ზუსტია, და მონტაჟური ჩართვებით, ასეთი სიმბოლური თუ ფსიქოლოგიური სცენებით, ახერხებს „არსების“ თემა კომიკურობიდან ონტოლოგიურობისაკენ წაიყვანოს.
თუკი ამ მოთხრობაში მეორე ნაწილში ჩნდება რელიგიური სივრცე და ისიც, როგორც აუხსნელი მოვლენის ერთ-ერთი შეფასებითი სკალა, არის მოთხრობები, აგებული მთლიანად ამ სივრცეში, თუმცა სრულიად განსხვავებულ პლატფორმებზე.
„კოღო“ სახარებისეული ისტორიის ინტერპრეტაციას წარმოადგენს, „მცხეთა-თბილისის ეპარქიის კოსმოსური პროგრამის გამოწვევები და თავისებურებები“ ქრისტიანული ფანტასტიკის ორიგინალური ნიმუშია, ხოლო „ყოველი ამბის დასასრული“ -აპოკალიფსური სურათი.
„კოღოში“ წმინდა გრაალის თემაა გადათამაშებული, ოღონდ ქრისტეს სისხლი ამ შემთხვევაში იმ კოღოს სხეულში გროვდება, რომელიც ახალგარდაცვლილ იესოს მკლავში კბენს. ამას ხედავს იოსებ არიმათიელთან ერთად მყოფი ნიკოდიმოსი, იჭერს ქრისტესსისხლიან კოღოს და თხილის ნაჭუჭში ათავსებს. და მსგავსად წმინდა გრაალის თასისა, პარალელურ რეჟიმში ვითარდება წმინდა ნაჭუჭის ძიების ისტორიაც. თუმცა მინდია არაბული არ ჰყვება ძიების თავგადასავლებს, ის აჩვენებს მამა ბასილის, რომელმაც უკვე მოიპოვა ეს სიწმინდე და თავის მონასტერში ბრუნდება, და მის მომლოდინე ბერებს. და აქცენტი გადააქვს სულ სხვაგან: აი, ახლა, როცა ნაჭუჭი მონასტერშია, როგორ მოიქცნენ ღვთისმსახურნი: გახსნან იგი თუ გაუხსნელი დატოვონ? ეს პოლემიკა, გაჩაღებული მონასტერში, მრავლისმთქმელია, შემდგომ განვითარებული მოვლენები კი კომიკური, თუმცა ამას ტექსტი მაინც არ გადაჰყავს ანტირელიგიურ ინტონაციაში.
„მცხეთა-თბილისის ეპარქიის კოსმოსური პროგრამის გამოწვევები და თავისებურებები“-ს იდეა წამოსულია კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მცხეთის სასტენდო კომპლექსიდან, სადაც მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში მიმდინარეობდა ექსპერიმენტული კვლევები, მომზადდა გასაშლელი რეფლექტორი, რომელიც 1999 წელს „ბაიკონურის“ კოსმოდრომიდან გაშვებული იქნა კოსმოსში, როგორც პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. ამაზე ავტორი არაფერს ამბობს, უბრალოდ მკითხველს თუ ეს ინფორმაცია აქვს, თავისთავად მიხვდება, რომ მცხეთის ამ ბიპოლარულმა რელიგიურ-კოსმოლოგიურმა ატმოსფერომ გააჩინა მის თავში უცნაური იდეა კოსმონავტი მღვდლებისა, რომლებიც მიფრინავენ იმ წერტილში არსებულ კოსმოსურ სადგურ-„საყუდელში“, სადაც მუდამ აღდგომა სუფევს. მოთხრობაში დედამიწისეული ამბებიც ტრიალებს: პროექტის დასაფინანსებლად სასურველი მთავარეპისკოპოსის შერჩევა და მასთან საქმის ჩაწყობა, ეპარქიებს შორის ბრძოლა კანდიდატ კოსმონავტთა შორის უპირატესობის მოსაპოვებლად და ა.შ. გარდა ამისა, მინდია არაბული ცდილობს იმ მორჩილის შინაგან სამყაროშიც შეაღწიოს, ვისაც ზეციურ „საყუდელში“ დანარჩენი ცხოვრების გატარება გადაუწყვეტია...
„ყოველი ამბის დასასრული“ ერთი სექტის წევრის მონათხრობია. სექტის წევრებს აპოკალიფსის თავისებური ხედვა აქვთ. მათი აზრით სამყაროში სიტყვებმა დაიწყეს გაქრობა, და ამას შესატყვისი ნივთების გაქრობაც თან სდევს. ისინი იმედდაკარგულები აკვირდებიან ამ პროცესს და უკვე აღარც ცდილობენ საზოგადოება გააფრთხილონ. ლინგვისტური კრიზისით გამოწვეული ეს აპოკალიფსი, ჩამოკიდებული აღმნიშვნელ-აღსანიშნის ბმულზე, დამეთანხმებით, რომ ორიგინალური იდეაა და ამ მილევადი პროცესის აღწერა ნებისმიერი მწერლისთვის შეიძლება ძალიან რთული და საინტერესო დავალება იყოს. თავისებურია ამ შემთხვევაში მინდია არაბულის სტილი და ხერხებიც, თუმცა ის ღია ფინალი, რასაც ამ შემთხვევაშიც იყენებს , უკმაყოფილების შეგრძნებას ტოვებს. ეს ხომ ისეთი კონცეფციაა, რომელიც, წესით, საჭიროებდა ბოლომდე მიდევნებას და ამომწურავი (ანუ ამოწურული) სურათის დადებას.
„თეთრ გველში“ „გველის-მჭამელის“ იდეაა გათანამედროვებული და ბუნების ენის გასაგებად საჭირო მითოლოგიური სივრცე შეცვლილია მაღალტექნოლოგიური იარაღით, რომელიც მდიდარ კახელ მევენახესთან საიდუმლო ჩემოდნით არალეგალურად ჩამოაქვს იაპონელ მეცნიერს. ამ იარაღს დასდევენ ეკოტერორისტებიც, და მის მოსაპოვებლა დ ბრძოლა ჩაღდება. ეს ყველაფერი, პერსონაჟებით დაწყებული, სცენებით დამთავრებული, გროტესკული და კარიკატურულია, ამ მოცემულობაში გადასული ავტორი კი, ჩემი აზრით, ალაგ-ალაგ „ამლაშებს“ და კომპოზიციურადაც მეტისმეტად თვითნებურია.
რაც შეეხება „იახსარს“, აქ ხევსურული რიტუალის გადასაღებად ამოსული სატელევიზიო ჯგუფის ისტორიაა მოყოლილი. კონფორმისტ ტელეწამყვანს თანდათან ითრევს იდუმალი მითოლოგიური ველი და ძალაუნებურად იგი რიტუალის თანამონაწილე ხდება. კარდინალურად განსხვავებული ამ ორი სამყაროს შეჯახება აქ ხევსურული დიალექტისა და ქალაქური მეტყველების ენობრივი კონფლიქტითაა ყველაზე თვალსაჩინოდ გამოხატული, თუმცა ეს შეპირისპირება ჩემთვის მაინც მარტივი წესებით შესრულებული და ცოტათი დამღლელი იყო.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ამ კრებულში მწერლური ფანტაზია ფეთქავს, აღწერილ სამყაროთა წრე ფართო და არაორდინალურია, ენა კი მოქნილი და სტილისტურ ძიებებთან საკმაოდ კარგად მისადაგებული. ახალგაზრდა პროზაიკოს მინდია არაბულს ჩამოყალიბების საწყისი ფაზა აშკარად წარმატებით აქვს გავლილი და მისგან, წესით, სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავ ტექსტებს უნდა ველოდოთ.