ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მიტოვებულთა ბოღმა | გერო ვონ რანდოუ

შენობების კეთროვანი ფასადები გრაფიტითაა სავსე. ფრაზები ძირითადად შეურაცხმყოფელია. ყველგან პარაბოლური ანტენებია, არაბული არხების დასაჭერად. ფოსტის ყვითელი აბრის ქვემოთ, ბეტონის დანახშირებული ბლოკი გდია, რომელიც ოდესღაც, ფულის დისტრიბუტორი იყო. შემკეთებელი სამსახურის ფურგონი დამწვარ მანქანას მოაგორებს. ჰიჯაბიანი ქალები საყიდლებზე მიეშურებიან...

სწორედ აქ, პარიზის ჩრდილოეთით, სენა-სენ-დენის "ცხელ უბნებში" იფეთქა 2005 წლის ცნობილმა ამბოხმა, რომელიც საფრანგეთის სხვა ქალაქებს გადაედო. ამბოხმა, რომელიც 22 დღე გაგრძელდა, ბოლო ფაზაში სრული დაუმორჩილებლობის 

სახე მიიღო. საფრანგეთის მთავრობამ, პირველად ალჟირის ომის შემდეგ, 25 დეპარტამენტში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.

ცხელ წერტილებად მიჩნეულ გარეუბნებში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. როცა ერთ-ერთ ასეთ დასახლებაში, "სიტეში" შევდივართ, ძალმომრეობა აუცილებლად თვალში არ გვხვდება, მაგრამ მცირე დაკვირვების შემდეგ ვხედავთ, რომ ხალხი კიბეებზე გამოსვლას ერიდება, რადგან ბევრ სართულზე, შეიარაღებული ნარკომოვაჭრე ბინადრობს. ლიფტები ხშირად გაფუჭებულია. ზოგი მოსახლე ტერორის ქვეშაა, რადგან უარი თქვა ნარკოტიკის დამალვაზე. ზოგი ალკოჰოლიკია და სოციალური იერარქიის უდაბლეს ფენას მიეკუთვნება. მათ ემუქრებიან და ჩაგრავენ.  აქვე ვხედავთ დანგრევის პირას მყოფ სუპერმარკეტს და ჰალალ საყასბოს.

შუადღით, ახალგაზრდები ცენტრში იკრიბებიან. განწყობა მხიარულია, თუმცა მაინც რეკომენდებულია ტროტუარის შეცვლა, როცა თქვენკენ მომავალ, კასკეტებიან ახალგაზრდების ჯგუფს შეამჩნევთ. ზოგჯერ ჯობია, საერთოდ გაეცალოთ იქაურობას. ეს მომენტია, როცა "ბიზნესი" იწყება, როცა სახურავებზე მეთვალყურეები შემოსხდებიან და როცა უცებ, BMW X6 გამოტყვრება ქუჩის კუთხიდან.

სიტეებში იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდას, რომელსაც ოჯახის წევრი, მეზობელი ან მეგობარი არ დაღუპვია ექსტრემალურ სიტუაციაში, პოლიციასთან თუ სხვა ჯგუფებთან შეიარაღებულ შეხლა-შემოხლაში. ზოგი ჯგუფი, საჩხუბრად, ნეიტრალურ ადგილს ეძებს, ხშირად - ქალაქის ცენტრში. ზოგი, "პსჟ"-ს თამაშის დროს, ფეხბურთის "რასისტ" გულშემატკივრებს ესხმის თავს. ზოგი კი მსხვერპლს სპეციალურად არ ეძებს, მას გზად გადაეყრება.

რა განსხვავებულიც უნდა იყოს ძალადობის ეს შემთხვევები, მათ ყოველთვის აერთიანებს ერთი რამ: ბოღმა - გრძნობა, რომელიც ძალას მატებს მათ, ვინც სოციალურ სიმყიფეს გრძნობს.

ორგანიზებული დანაშაულის ქსელი ამ ახალგაზრდებს ნარკოტიკების, სუნამოების და ყალბი საათების "გასასაღებლად" იყენებს. ასევე ყიდიან მოპარულ ძვირფას მანქანებს და კონტრაბანდულ სიგარეტებს. ძალადობა ხშირია, როცა ფულის გაყოფას ეხება საქმე. ერთნი მეორეთაგან საკუთარ ტერიტორიას იცავენ, ყველანი ერთად კი "სახელმწიფოს წინააღმდეგ იცავენ თავს". სიტეს მაცხოვრებლები, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა მათაც ეხებათ, "სახელმწიფოსგან ტერიტორიის დაცვაში" მონაწილეობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ აქ თავს შინ გრძნობენ, საკუთარ უბნებში, სადაც ვერავინ მოდის მათ შესაწუხებლად მათივე მაღრიბული თუ აფრიკული წარმომავლობის გამო. მათთვის, სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც მათ თანასწორობას ჰპირდებიან და სინამდვილეში საპირისპიროს აკეთებენ, "ბინძურ თეთრებს" და "ფრანგ ნეხვებს" წარმოადგენენ. ეს ეხება როგორც ფოსტალიონებს და ავტობუსის მძღოლებს, ასევე ბინის მეთვალყურეებს და სასწრაფოს ექიმებს: ყველას, ვინც ერთ ინსტიტუტს ქმნის, ჟურნალისტების ჩათვლით.

საღამოობით, როცა სიტეს ქუჩებში პოლიციის მანქანები გადაადგილდებიან, ხშირად, ქუჩის ფანრები ქრება - ვიღაცამ კაბელი გადაჭრა. ცეცხლმოდებული მანქანის თუ შენობის ჩასაქრობად გამოძახებული მეხანძრეები პოლიციის ესკორტის გარეშე ადგილზე მისვლას ვერ ბედავენ, რადგან იშვიათია, რომ მათ ქვები და სხვა საგნები არ დაუშინონ. ზოგჯერ, მათ ასზე მეტი ახალგაზრდა ელოდება, ქუჩებში და სახურავებზე ჩასაფრებული. ფოლადის მილები და მოლოტოვის კოქტეილები ცვივა ყველა მხრიდან. დროდადრო, სროლის ხმაც ისმის. ახალგაზრდების უმრავლესობა ადგილზე SMS-ის მიღების შემდეგ მიდის.

ხანგამოშვებით, პოლიცია ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. 500-მდე სამართალდამცავი ერთდროულად იკავებს რამდენიმე შენობას, საიდანაც ქაღალდის ფული და ნარკოტიკები გამოაქვს. აკავებენ ეჭვმიტანილებს. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ყველაფერი თავიდან იწყება, ერთი განსხვავებით: მედიაში ფართოდ შუქდება, თუ როგორ "ებრძვის მთავრობა კრიმინალს".

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში, ქალაქების პერიფერიებში ფრანგი და ალჟირელი მუშებისთვის განკუთვნილი ურბანული ცენტრები აშენდა. ისინი ავანგარდისტი არქიტექტორების მიერ შეიქმნა. ზოგი სიტე ლე კორბუზიეს ეკუთვნის. თუმცა 70-იან წლებში, ეს დასახლებები შეიცვალა. მუშები იმიგრირებულებმა შეცვალეს. ახლა, ერთ მხარეს, ვხედავთ ბეტონის ბლოკებს იმიგრირებულებით და მათი შთამომავლებით, მეორე მხარეს კი - პავილიონებს, რომლებშიც უმრავლესად, თეთრკანიანი მოსახლეობა ცხოვრობს, რომელმაც სიტეებს თავი დააღწია და რომელიც ხმას კომუნისტებს აღარ აძლევს, არამედ - მემარჯვენეებს. სიტეებში კი არავინ მონაწილეობს არჩევნებში. აქ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, მეფობს სიძულვილი "ოფიციალური" საზოგადოების მიმართ.

პარიზში ჩამოსული ტურისტი, ელისეს წარმტაც შენობებს რომ ათვალიერებს, რეალობის მხოლოდ ერთ მხარეს ამჩნევს. მისთვის უცნობია გარეუბნები, სადაც სახელმწიფომ საკუთარი ხალხი უკიდურეს სიდუხჭირეში მიატოვა. სამთავრობო გეგმა, რომელიც
სიტეელებს სამსახურს, ფორმაციას და ღირსეულ საცხოვრებელს ჰპირდებოდა, დაპირებადვე დარჩა. ფული მხოლოდ პოლიციის რეფორმირებისთვის გაიცა. შედეგად, სიტეებში მდგომარეობა არათუ გამოსწორდა, კიდევ უფრო გაუარესდა. გაუარესდა, რადგან სახელმწიფო ამ სიტუაციის გამომწვევ მიზეზებს არ მკურნალობს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ამბოხი და მღელვარება, ხშირად, მაცდუნებელია ხელისუფლებისთვის. ხმების საკმაო ნაწილი ხომ სიტეებით შეშფოთებული ამომრჩევლისგან მოდის. როცა პრეზიდენტებს პოპულარობა შაგრენის ტყავივით უმცირდებათ, სიტეების წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება პირდაპირ მისწრებაა მათთვის.

თუმცა ფრთხილად, თუ ცეცხლი პარიზის ლამაზ უბნებს მისწვდა, საქმე სხვაგვარად დატრიალდება. ბურჟუა საზოგადოებას არ უყვარს დილის ჰაერში გაფანტული დამწვარი საბურავების სუნი.


გერო ვონ რანდოუ
"კურიე ინტერნასიონალი"
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე