იყიდე ქვემეხი | იზაბელ სოჟფერი
ნახე ეს თოფი
და დამბაჩები! -
მე ამით ვერთობი,
შარმია ეს ჩემი.
ლულების მიბჯენას შენს შუბლზე ვაპირებ!
რა, არ იცოდი, რომ მე ვარ ვამპირი?!
აი, მიზანშიც ამოგიღე!
დამწყებს ჰგავხარ... ბოლოს არ მოგიღებ.
მარტო ხარ? თუ გული სხვისკენ გაგირბის?
ხარ კი საჩემო კალიბრის?
ნეტა, თუ გიყვარს თოფით თამაში და
დაშნის ამოღება ქარქაშიდან?
გინდა, სასახლეში მეწვიო,
დაათვალიერო კოლექცია? -
მაქვს ათეულობით პისტოლეტი,
მგონი - ტანსაცმელზე მეტი.
შარმს ვარიგებ, რადგან ფასი არ აქვს!
სამაგიეროდ, ვყიდი იარაღს.
და თუ მიმეგობრებ, მაშინ
ერთ თოფს დაგითმობ დაბალ ფასში!
მოდი ჩემს მყუდრო მიდამოში
და სასხლეტებით ითამაშე!
ნუ დარდობ, ჩავკეტავ ბარაბანს.
თუ მოგწყურდა, იქვე, ბარი მაქვს -
რაც მოგესურვება, აჭაშნიკე!
გაჩვენებ ჩემს ძველ "კალაშნიკოვს"
და გული რომ არ გეტკინოს,
"კარაბინსაც" გაჩვენებ არგენტინულს -
იმდროინდელს, როდესაც "ვოლვერის"
მღერას სჭირდებოდა რევოლვერი!
"Volver ! Con la frente marchita, las nieves del tiempo…" 1
ომიანობისთვის, ვინახავ "ლიუგერს" -
მტერს საკადრისად მიუგებს!
ჩუმად მოპარვას ვინც ეცდება,
იმისთვის მზად მაქვს "ვინჩესტერი".
მაგრამ "სმიტი და ვესონით"
არ მინდა, რომ ვინმეს ვესროლო.
რინგზე კი, არ არის ურიგო
ჩემი ლამაზი "ბრაუნინგი".
გაქცევისას, თუ მუხლი დამემტვრა,
მზად მაქვს "P38".
სხვა შემთხვევებისთვის კი აქვეა
ჩემი ერთგული ტყვიამფრქვევი
და ზოგჯერ - დიდხანს რომ არ მოვცდე -
არც მეტი, არც ნაკლები - ყუმბარმტყორცნი.
ხოლო, როცა ვხვდები შენნაირ ბელ-ომს,
ვიყენებ მხოლოდ "პარაბელუმს"!
მაგრამ თუ, კარს უკან,
დააძრე "ბერეტა",
მექნება "ბაზუკა",
კოხტა და ფერადი...
ძაღლი ხარ? ყაჩაღი? - ვერ მივხვდი ერთი ნახვით!
ზოგიერთივით, შენც ხომ არ ხვრეტ?
"ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, ისევ ვხვრეტ და ვხვრეტ..." 2
მიფრთხილდი, ბლომად მაქვს ვაზნები
და არ ღირს ჩემი გაბრაზება.
იცოდე, თუ გაცხარდა ეროსი,
მეც მოთმინების კენწეროზე
ავდივარ და ვისვრი "კოლტიდან"! -
მერე ნახავ თანატოსთან კოტრიალს!
თუ მომკლავ, მოკვდები თავადაც.
ეს არის გამოწვევაც და თავდაცვაც.
იმის ნაცვლად, რომ დაგიმიზნო,
არ გინდა, ყველაფერი დაგავიწყო?!..
ერთ ჯერზე, რამდენ ტყვიას ისვრი?
მათხოვე თოფი, მე აგიხსნი...
და როცა სროლით გულს ვიჯერებთ,
თუ კვლავ მოგწყურდა ტყვიის ჩქერი,
არც ცეცხლს შეუშინდი, აღარც დაღლას,
ქვემეხს გაჩვენებ ახალთახალს!
"იყიდე ქვემეხიიიი!" 3
და თუკი, ერთ დღეს ან ერთ ღამეს,
ამ ცელქობისთვის დამაკავეს,
მსაჯულთან თავს იმით გავიმართლებ,
რომ ერთი ნახვით გამივარდი!
თარგმანი ფრანგულიდან და შენიშვნები: ბაჩანა ჩაბრაძე
1. კარლოს გარდელის სიმღერიდან "Volver"
2. სერჟ გენსბურის სიმღერიდან "ბილეთების გამხვრეტი"
3. ბორის ვიანის სიმღერიდან "ბიზნესი"
პოეზიის პირველი ფრანკოფონური ვებსერიიდან, რომელშიც თანამედროვე ფრანგი პოეტები, მცირე ზომის ვიდეოებში, საკუთარ ლექსებს კითხულობენ. ვებსერიის მიზანია პოეზიის მიწოდება ფართო მსმენელისთვის:.