მიზიდულობა | ეთგარ კერეთი
ახალ ბინაში გადასვლიდან მესამე დღეს, ზედა სართულზე მცხოვრებმა ქალმა მერვე სართულის ფანჯრიდან ისკუპა. ყავის საყიდლად წასული რომი ამ დროს უკან ბრუნდებოდა, ხელში ორი ლატე ეჭირა. მეზობელი პირდაპირ ტროტუარზე დაეცა. რომის ყავის სადგამი ხელიდან გაუვარდა და ყავამ გარშემო ყველაფერი გაწუწა. რომი სპორტულ შარვალზე გაჩენილ ლაქებს მიაშტერდა. ასე ერჩივნა, სხვა რომ არაფერი შეემჩნია. მარტო ხმა ჩაესმოდა - მორბენის, აქოშინების, ლაპარაკის. წამებში ოცამდე ადამიანი მოგროვდა. გაოფლილი კაცი, რომელიც სადარბაზოს ალაგებდა ხოლმე, სასწრაფოში რეკავდა. ვიღაცამ თქვა, რომ ქალს რინატი ერქვა. თუ რონიტი. კიდევ ვიღაცამ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ეს ქალი ლიფტში ატირებული ნახა.
- კოვიდის გამოა რა, - თქვა დამლაგებელმა, - ამ ბოლო დროს ყველა თავს იკლავს. საინფორმაციოში თქვეს, ზუსტად ამასწინათ.
შორიდან მოახლოებული სირენები რომის მობილურის ვიბრაციას შეერია. დანიელი ურეკავდა, მაგრამ არ უნდოდა ყველაფრის ახლავე ტელეფონში თქმა. ორივე ლოყაზე ჩამოისვა თითი, შეამოწმა, ხომ არ ტიროდა, ღრმად ჩაისუნთქა და შენობისკენ გაემართა.
- თქვენ, ეი! - მოესმა დამლაგებლის ხმა. მობრუნდა. იმან ისევ დაუყვირა:
- ქალბატონო, რა გგონიათ, რომ მიბრძანდებით? თქვენ მოწმე ხართ!
- რისი მოწმე? - ჰკითხა რომიმ, - მე არაფერი დამინახავს.
მაგრამ დამლაგებელი არ ცხრებოდა.
- თქვენ ყველაზე ახლოს იდექით! - დაუძახა ისევ. - შეხედეთ, მისი სისხლით ტანსაცმელი დაგესვარათ!- ეს სისხლი არაა, ყავაა. მე ყავის ფინჯნები დამივარდა, - უთხრა რომიმ.
- არ ვიცი, არ ვიცი, ჩემთვის ეგ ლაქები სისხლს ჰგავს, - გამოაცხადა დამლაგებელმა, - პოლიციამ უნდა შეხედოს და ნახავს.
წამით რომი გაჩერდა, მაგრამ როცა ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია ისევ იგრძნო, სიარული გააგრძელა.
- ეიი! - ისევ დაუყვირა დამლაგებელმა, მაგრამ მერე სხვა მამაკაცის ხმა წამოეწია:- დაანებეთ თავი, საწყალი გოგო, შეეშვით რა.
დანიელმა გაღიზიანებულმა გააღო კარი.
- და რო გირეკავ, რატო არ პასუხობ?
სანამ რომი რამეს აუხსნიდა, დანიელმა მისი დალაქავებული სპორტული შარვალი დაინახა და კითხვა შეცვალა:
- რამე მოხდა? ხომ კარგად ხარ?
რომის სურდა მოეყოლა მეზობელზე, რომელიც ფანჯრიდან გადმოხტა, გაოფლილ დამლაგებელზე და ლაქებზე, რომელიც სავარაუდოდ აღარ მოცილდებოდა შარვალს, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, მარტო გაუგებარი გმინვა ამოუშვა. დანიელი სწრაფად ეცა და ნაუცბათევად ჩაეხუტა - ასეთი ჩახუტება იცოდა - წამით მოუცაცუნებდა ხელს და მორჩა:
- მოოდი, საყვარელო, ჩემთან, მოოდი, რა გჭირს?
რომიმ უამბო, რაც მოხდა. უნდოდა შეცოდებოდა მეზობელი ქალი, ეთქვა, რომ ეს რა საშინელება დაემართა და რომ საწყალი, ალბათ, ძალიან იტანჯებოდა, მაგრამ მარტო ბრაზის გამოშვება შეძლო. 3.4 მილიონი შეკელი ჩაათხლიშეს ამ ბინაში. დანიელის დედამ მისცათ თითქმის მილიონ-ნახევარი, დანარჩენისთვის კი 23-წლიანი იპოთეკა გამოიტანეს. 23-წლიანი! და თუ ახლა, ამ პოსტ-ტრავმულ ფონზე დანიელი დააორსულებდა და ეყოლებოდათ ბავშვი, - ფიქრობდა რომი, - ის ბავშვი ისე გაიზრდებოდა, ისე დაამთავრებდა სკოლას და წავიდოდა ჯარში, ისე იომებდა ომს და ბოლოს ისე დაითხოვდნენ, ის და დანიელი ისევ ბინის იპოთეკის ყოველთვიური პროცენტის ხდაში იქნებოდნენ. და ყოველთვის, როცა საბავშვო ბაღიდან დაბრუნდებოდა - ხო, გულისხმობდა შვილს, რომელიც ჯერ არც არსებობდა - ანდა მოვიდოდა სკოლიდან, ანდა არდადეგებზე - სამხედრო სამსახურიდან, ყოველ ჯერზე გადმოაბიჯებდა იმ ადგილს, სადაც იმ რინატის თუ რონიტის სხეული ესვენა.
მათი ბინის რეკლამაში ეწერა, რომ ესაა სახლი “სწრაფ კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის”. აქ ბინას ყიდულობდნენ ისეთები, ვისაც ცხოვრების უკეთ მოწყობა სურდათ, იღებდნენ სესხს, შიგ ანთხევდნენ სისხლს, ოფლსა და ცრემლებს და აბა, რისთვის? იმისთვის, რომ ვიღაც რინატს ან რონიტს, რომელიც ფანჯრიდან ისკუპებდა, სიცოცხლის სურვილი მათთვისაც წაერთმია? ის ქალი დეპრესიაში რომც ყოფილიყო, იმდენს მაინც ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ სამყაროში მარტო თვითონ არაა ასე, გამოეჩინა საკმარისი ტაქტი და თავი საკუთარ საწოლში მოეკლა, ან საკუთარ აბაზანაში? და თუ მაინცდამაინც უნდა გადმომხტარიყო ფანჯრიდან, სასტუმროს ფანჯრიდან მაინც ექნა, არ შეიძლებოდა? და თავზე არ დასცემოდა მეზობელს?
- აღარ მინდა რა აქ, - დაიწყო რომიმ, - აღარ მინდა აქ დარჩენა. იმ კორპუსში ცხოვრება აღარ მინდა, საიდანაც ხალხი ხტება.
- დაწყნარდი რა, რომი, - მიეფერა დანიელი და ხელი ისევ ქარაქუცულად მოუთათუნა, - მთელი კორპუსი ხომ არ ხტება ფანჯრიდან, ერთი იყო ის ქალი, ის საწყალი და ჩვენ რა შუაში ვართ, ჰა?
- სულ არ არის საწყალი, - გაცხარდა რომი, - ეგ კი არა, მე ვარ საწყალი. მე და დედაშენი ამ ბინისთვის თავისი პენსია რომ დაგვითმო და რისთვის მერე, ვიღაც მეზობელს, რომლის სახელიც არ ვიცით, ჩვენს ზევიდან რომ ესკუპა და თავი მოეკლა?
როგორც გაირკვა, ქალს ერქვა სარიტი და მეორე დღეს დანიელმა დაკრძალვაზე წასვლა მოინდომა. რომიც აიძულა. ფიქრობდა, რომ საჭიროა, ეს ამბავი დასრულდეს და ამ წერტილის დასმაში ან სამძიმარზე წასვლა უშველით, ან წყვილების ფსიქოლოგიური თერაპიის გავლა. არავითარი სურვილი არ ჰქონდა მისამძიმრების, მაგრამ ფსიქოლოგთან სეანსი კიდევ უარესად ჟღერდა - როგორც რაღაც შუალედური ტალახში ძიძგილაობასა და სასამართლოს შორის, სადაც განქორწინება ირჩევა.
დანიელმა Waze-ში[1] სასაფლაოს მისამართი ჩაწერა და ისე იმგზავრეს მთელი გზა, ხმა არ ამოუღიათ. რომ მივიდნენ, ახლა ყვავილების ყიდვა მოინდომა ვიღაც მორწმუნე კაცისგან, რომელიც შავ ვედროებში ჩაწყობილ ნახევრად დამჭკნარ ყვავილებს ყიდდა. მათ გარდა, დაკრძალვაზე იქნებოდა დაახლოებით ათი ადამიანი და ერთადერთი, ვინც რომის ეცნო, სადარბაზოს დამლაგებელი იყო. დამლაგებელმა არ დაიზარა და დაინახა თუ არა რომი, ეგრევე ეცა იმის სათქმელად, რომ ძალიან მიუღებელი იყო მისი გუშინდელი საქციელი - პოლიციის მისვლამდე რომ წავიდა. იმის მაგივრად, რომ რომის მხარე დაეჭირა და დამლაგებელი დაეწყნარებინა, დანიელი იდგა და თავს უქნევდა, - მართალი ბრძანდებით, მართალი. მერე დამლაგებელი თავისით მოშორდა მათ, მაგრამ წუთში უკანვე დაბრუნდა. თან თვალებდასიებული ხანშიშესული წყვილი მოიყვანა.
- ხედავთ ხომ? - თქვა მან, როცა რომის ამ უცნობ წყვილს აცნობდა, - ესაა ის მეზობელი, რომელზეც გეუბნებოდით, დაინახა, როგორ ვარდებოდა-მეთქი თქვენი ქალიშვილი.
ხანშიშესულმა კაცმა თავი დაუქნია და რომის ხელი გამოუწოდა. მართალია დანიელიც და თვითონაც ძალიან მკაცრად იცავდნენ სოციალური დისტანციის წესებს, მაგრამ ხელი კაცს მაინც ორივემ ჩამოართვა.
- ისააკი, - გაეცნო კაცი, - ეს შოშანაა.
და რამდენიმე წამში, ალბათ, იმიტომ, რომ სხვამ არავინ არაფერი თქვა, კაცმა დააყოლა: - ჩვენ სარიტის მშობლები ვართ. და თქვა თუ არა ეს, შოშანას ტირილი აუვარდა.
- როცა დაეცა, - დაიწყო ისააკმა. - როცა დაეცა, მისი დანახვა ხომ ვერ მოასწარით? მისი სახე ხომ არ დაგინახავთ?
რომიმ არაფერი უპასუხა. არ იცოდა, რა ეთქვა და იმედი ჰქონდა, თუ კიდევ რამდენიმე წამს დაიცდიდა ასე ჩუმად, დანიელი შეეშველებოდა - ის იტყოდა რამეს მის დასახსნელად. მაგრამ ხმას არც დანიელი იღებდა. ასე ჩუმად იდგნენ ყველანი, მარტო სარიტის დედა ვერ ჩუმდებოდა. ის უხმოდ ქვითინებდა.
იმ ღამით, დანიელმა წამში ჩაიძინა და ხვრინვა ამოუშვა. რომი უხმოდ იწვა. თითქმის მთელი საათი იწვა ასე და მერე წამოდგა - მოსაწევი გაახვია და აივანზე დადგა. ეს მოსაწევი დანიელის მეგობარმა მიჰყიდათ - ტკბილი ორცხობილის სუნი ასდიოდა და მაგრად აბოლებდა. რომიმ მოაჯირს იქით გადაიხედა. სცადა, ამოეცნო ის ადგილი, სადაც ქალი, აი, ის სარიტი დაეცა. დაკრძალვაზე დამლაგებელი ამბობდა, რომ ნაცრისფერ ტროტუარს იმ ამბის მერე სულ სისხლი ფარავდა, მაგრამ ახლა, შვიდი სართულის სიშორიდან, ტროტუარი სუფთად და ცინცხლად ჩანდა. ახლა ზედ გოგო და ბიჭი იდგნენ და გიჟებივით კოცნაობდნენ.
როცა რომიმ დანიელს უთხრა, ვბრაზობ იმ სარიტზე, თავის მოკვლა ჩემ თვალწინ, ამდენი ხალხის წინაშე რომ გადაწყვიტაო, დანიელმა უპასუხა, ძალიან თვით-ცენტრული ხარ და დროა, გააცნობიერო, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი შენს ირგვლივ არ ტრიალებს და ყველაფერი შენს გამო არ ხდებაო. მაგრამ ახლა, როცა ზემოდან დაჰყურებდა ამ წყვილს, რომელიც მისი კორპუსის გვერდზე, ამ კოხტად გაკრეჭილ ცოცხალ ღობეზე აყუდებული იდგა და პრაქტიკულად ქუჩაში ტყნაურობდა, რომის მარტო იმაზე ეფიქრებოდა, რომ დიახ, ამ ყველაფერს კავშირი სწორედ მასთან ჰქონდა. იქნებ სარიტმა თავიდან მართლაცა შეძლო და დააჯერა თავს, რომ ამ ახალი კორპუსის ახლად შეღებილი კედლების სურნელი და სადარბაზოს აელვარებული თეთრი მარმარილო ცხოვრების ახლად დაწყებაში დაეხმარებოდა, მერე კი გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა რომი, რომელსაც სავარჯიშო შარვალი ეცვა და ყავის სახლიდან ბრუნდებოდა. იქნებ სარიტს თავისი სათვალთვალო მანძილიდან, დარჩა შთაბეჭდილება, რომ რომი ბედნიერი იყო და იდეალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, რაზეც მეტყველებდა ყავის სადგამში მოთავსებული ყავის ორი ჭიქა. და იქნებ სარიტს მეტის ატანა აღარ მოუნდა და გადმოხტა ფანჯრიდან, რათა ყველაფერი დაენგრია რომისთვის ისევე, როგორც რომის სურდა ახლა ზემოდან დანარცხებოდა ამ აკვნესებულ გოგო-ბიჭს და მათი არსებიდან ვნება და ჟინი ბოლო წვეთამდე გამოეგლიჯა.
[1] Waze - GPS ნავიგაზიის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაცია.
ინგლისური თარგმანი: ჯესიკა კოენი
ქართული თარგმანი: თამარ ბაბუაძე