გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მორგში | ირინა, ცხინვალი

ირინა. 52 წლის. ცხინვალი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

1990 წელს დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი და მორგში დავიწყე მუშაობა. 1991 წლის 7 იანვარია ჩემთვის ომის დაწყების დღე. თითქოს იმ დღეს წავედი სამსახურში და აღარც გამოვსულვარ, სანამ 1992 წლის ზაფხულს მშვიდობისმყოფელები არ შემოვიდნენ.

დღე და ღამე ვმუშაობდი. სადმე თუ გვამები და დაჭრილები იყვნენ, იქ ვიყავით ჩვენც. ან მიმღებს ვეხმარებოდით. იშვიათად მოჰყავდათ „თითო-თითო მკვდარი“, სულ მასიურად მოდიდა ცხედრები. მეომრებიც ჩვენთან იყვნენ, პარპატის ჯგუფი გვეხმარებოდა (ალან ჯიოევის, ეგ იყო საველე მეთაური). მოჰქონდათ ქართველი მეომრების გვამები, ჩვენ უნდა მოგვემზადებინა და მერე ოსების გვამებზე გადაცვლიდნენ.

მახსოვს, ერთხელ ტანკი დაწვეს, მგონი ბეტეერი, ქართველების ტეკთან. ოთხი დამწვარი ცხედარი მოიტანეს. ყველაფერი გავუკეთეთ, ნათესავებს უნდა ამოეცნოთ. მერე ქართველი ექსპერტები მოვიდნენ, მშვიდობისმყოფელებიც ახლდნენ და წაიღეს.

საავადმყოფოს დღე და ღამე ესროდნენ. მდინარის გადაღმა სიმაღლეებზე  ქართველების სნაიპერები იდგნენ, სულ იქიდან იცხრილებოდა ქალაქი. მთელი მიმღები ხელისგულივით მოსჩანდა, სახანძრო შესასვლელი მაგათ მხარეს იყურებოდა. დაჭრილები და გვამები მაგ შესასვლელიდან მოჰყავდათ. გვამები მორგში უნდა გადაგვეტანა, მაგრამ იქამდე ვერ მივდიოდით, ეგ გზა - საავადმყოფოდან მორგამდე - სულ იცხრილებოდა. ჰოდა, ასე ვაკეთებდით: გვამები ფანჯრიდან გადმოჰქონდათ და მიწაზე აწყობდნენ, დაჭრილების ადგილი რომ არ დაეკავებინათ. მერე რიგ-რიგობით ვდებდით საკაცეზე. ყრუ კედლების გასწვრივ მივდიოდი და ასე გამქონდა მეორე ბოლოში, სნაიპერს რომ არ შევემჩნიე. მეორე ბოლოში კარინა იდგა. ის ჰკრავდა საკაცეს ხელს, ჩემსკენ გამოაქანებდა, დავიჭერდი, გადმოვიტანდი გვამს და საკაცეს უკან გავუგორებდი. ასე მიგვქონდა ცხედრები მორგში. უმეტესობას აფეთქების ჭრილობა ჰქონდა. ტყვიით იშვიათად კვდებოდნენ. რამდენჯერ ჩემი ნაცნობი და მეგობარი ამომიცვნია...  

უკვე გაგიჟებული სროლა რო მიდიოდა, მიმღები სამშობიაროს სარდაფში გადავიტანეთ. მთელი ექიმები, ტრავმატოლოგები, ოკულისტები, კარდიოლოგები, გინეკოლოგები უბრალოდ ექიმები იყვნენ და დაჭრილებს შველოდნენ.

დაწვრილებით

1992 წლის 20 მაისს, ჩვეულებრივი დღე იყო. ხანშიშესული ქალის გვამი გვქონდა მოსამზადებელი, თავისი სახლის აივანზე სნაიპერის ტყვიამ მოკლა. მაგის ნათესავები გველოდებოდნენ გარეთ, სანამ ვამუშავებდით. უცბად იმისთანა ყვირილი და ტირილი მოგვესმა, ხალხი მიმღებში შემოგვივარდა. რა ხდება, დამშვიდდით, მუშაობა გვაცადეთ-მეთქი. დავიღუპეთ, გვიშველეთო, ისე ყვიროდნენ, მივხვდი, რაღაც სხვა ხდებოდა.  

ათ წუთში მთელი ქალაქი მორგთან იდგა. მოჰყავდათ და მოჰყავდათ მკვდრები. სისხლის მდინარეები მოდიოდა მანქანებიდან. მერე ყველა მიწაზე დაალაგეს, ოჯახის წევრებს თავისიანები რომ ამოეცნოთ. რომ ვახვევდით და ვასუფთავებდით, ნაცნობებსაც ვპოულობდით. ფიქრის დრო არ მქონდა. გარეთ ამათი ოჯახის წევრები  გველოდებოდნენ. ამდენი ხანია სამედიცინო სფეროში ვმუშაობ, დღემდე ისინი მესიზმრებიან.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
______________________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა