ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რა გზით ვითარდება მშრომელთა წიაღში დაბადებული ერთობა | გაბრიელ ჩუბინიძე

პირველი ნაწილი სტატიიდან: პროფკავშირები
ტექსტი სრულად: ინდიგოს 47-ე ნომერში

2021 – „გლოვოს“ გაფიცვა

„პანდემიის პირობებში შეკვეთების რაოდენობა გაორმაგდა, აქედან გამომდინარე – გაორმაგდა კომპანიის შემოსავალიც, თუმცა კურიერებს ხელფასი, პირიქით, დააკლეს“, – ამბობს „გლოვოს“ კურიერი, მიშა მამალაძე.

2021 წლის 29 იანვარს, მერიასთან ასეულობით კურიერი იკრიბება, გაფიცულები „ღირსეულ ანაზღაურებას და ღირსეულ შრომით პირობებს“ ითხოვენ: „კილომეტრზე 40-თეთრიანი ტარიფის დაბრუნებას (დაკლებული, 30 თეთრის ნაცვლად), შეკვეთის ლოდინის დროის გათვალისწინებას, “Support”-თან უკონფლიქტო კომუნიკაციას და სხვა წვრილი პრობლემების მოგვარებას, რაც ერთიანობაში დიდი დისკომფორტია“.

ადმინისტრაციასთან უშედეგო მოლაპარაკებიდან გამოდიან თუ არა, თანხმდებიან – „მორჩა, ვჩერდებით“. იწყება გადარეკვა, გლდანში, ვარკეთილში – უბნებზე გასულ კურიერებს აწვდენენ ხმას და იწყებენ მსვლელობას ცინცაძის ქუჩიდან. გზაშიც იმატებენ ხალხს. ორ საათში სპორტის სასახლესთან დგანან. კომპანია ჩერდება. „გლოვო“ იმ დღეს შეკვეთებს ვეღარ იღებს. დაძაბულობის გაგრძელება დიდ ზარალს ნიშნავს. პრობლემა გვარდება – აბრუნებენ ძველ ტარიფებს. ხელფასი ორმაგდება.

პანდემიაში პირველი, რაც იკვეთება, ე.წ. gig ეკონომიკაში ჩართული ადამიანების პრობლემებია. „გიგ“ სლენგია, მოდის მუსიკალურ გიგებზე – შოუებზე ერთჯერადად დასაქმებული მუსიკოსებისგან, თუმცა, დღეს უკვე ყველა იმ ადამიანზე ვრცელდება, ვინც მოკლეხნიანი კონტრაქტებით მუშაობს კომპანიებთან, მათ შორის არიან: თარჯიმნები, ჟურნალისტები, პროექტებზე ერთჯერადად დაკავებული მსახიობები და ისინი, ვინც მიტანის სერვისშია.

როცა სამუშაო საათებს თავად საზღვრავენ, როცა ფირმაში ჯდომის ვალდებულება არ აქვთ, ეს მშრომელებს მოსწონთ და მოსწონთ დამსაქმებლებსაც – არ ანაზღაურებენ ზეგანაკვეთურ შრომას, შვებულებას, მაგრამ კურიერები ფიქრობენ, რომ ხელშეკრულებები შესაცვლელია.

„პარტნიორებს გვეძახიან, ჩვენთან მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებენ, მაგრამ რანაირი პარტნიორი ვარ, თუ ჩემსას არაფერს ითვალისწინებ?“ – ამბობს „ვოლტის“ კურიერი, ზაქარია მეტრეველი, რომელიც, როგორც სამსახურში უთხრეს, უხეშობის გამო გაათავისუფლეს. დღეს იგი „ბოლტ ფუდის“ კურიერია.

ზაქარია ახლა სასამართლოში დავობს. „მე უფრო მეამბოხე კურიერი ვიყავი და არ მოსწონდათ“. მის მოთხოვნებს შორის – ხელფასი, სამსახურში აღდგენა – მნიშვნელოვანია ერთი – არსებული ხელშეკრულების შეცვლა და მისი აღიარება შრომით ურთიერთობად. ეს პუნქტი თუ დაკმაყოფილდა, მიტანის სერვისში დასაქმებულებისთვის მთელი სისტემა შეიცვლება.

ზაქარია მეტრეველი ერთ-ერთი „ვოლტელი“ იყო, რომელიც „გლოვოს“ აქციას შეუერთდა.

„აქციაზე ჩემი მისვლა იყო სუფთა კოლეგიალური სოლიდარობა. დაბალი შეგნებაა, თუ არ იწუხებ თავს, როცა პირდაპირ შენ არ გეხება. იქ, იმ დღეს, სამივე თუ ოთხივე კომპანიის კურიერები რომ ვყოფილიყავით, მთელ ბაზარზე შეიცვლებოდა სიტუაცია. მაგრამ მათიც მესმის, ამ სამსახურით ხალხი ოჯახებს არჩენს, ზოგს ვალები აქვს და ყოველ წამს, როცა არ მუშაობ, შემოსავალს კარგავ“.

სოლიდარული გაფიცვა მშრომელთა ფუნდამენტური უფლებაა, რომლის მაგალითებსაც იურისტი, დავით ომსარაშვილი იკვლევს.

ის გვეუბნება, რომ დღევანდელი შრომის კოდექსი დასაქმებულებს არ აძლევს უფლებას, გაიფიცონ, თუ თავად არ მონაწილეობენ დავაში, როგორც მხარე.

ამიტომაც „გლოვოს“ აქციაზე „ვოლტის“ კურიერების მისვლა გამონაკლისია. სოლიდარული გაფიცვის ბერკეტი ჩვენთან ძირითადად გამოუყენებელი რჩება. საკანონმდებლო ხარვეზის გარდა, ინერტულობას სხვა მიზეზებიც აქვს. პირველ რიგში, ესაა ზოგადი უნდობლობა პროფკავშირის მიმართ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაფიცვებს, მათ შორის, სოლიდარულ გაფიცვებსაც უნდა გეგმავდეს.

პროფკავშირები ის თვითორგანიზებული ერთობაა, რომელიც მშრომელთა წიაღში მათი უფლებებისა და სამართლიანობის აღსადგენად მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა. პროფკავშირები ჩაიფიქრეს იმისთვის, რომ ბრძოლას უკეთესი შრომითი პირობებისთვის ორგანიზებული და თანმიმდევრული სახე ჰქონოდა. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში ნდობა და მიზნები პროფესიულმა გაერთიანებებმა დაკარგეს არამხოლოდ საქართველოში.

დამოუკიდებელ საქართველოში პროფკავშირების აქტიურობა თავიდანვე განსაზღვრა პირადი ინტერესებისთვის ბრძოლამ. საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობად მიღებული უძრავი ქონება თითქმის ადრე ორიათასიანების ჩათვლით დარჩა კონფლიქტის მიზეზად. ამ ფონზე, 1990-იანი წლების ქართულმა პროფკავშირებმა თითქმის ვერცერთხელ ვერ შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ მშრომელებთან ერთად სამართლიანი პირობებისთვის წარმატებულად ებრძოლა.

პროფკავშირების როლის დასუსტება ნეოლიბერალურმა პოლიტიკამაც გამოიწვია. ესაა მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ იდეოლოგიურადაც უპირისპირდება პროფკავშირების იდეას. თუმცა, პროფკავშირების რეპუტაციის დასუსტებას კავშირი უფრო შორეულ წარსულთანაც აქვს. დღემდე ცოცხალია მეხსიერება იმის შესახებ, თუ პროტესტის გამოხატვის რა გამოცდილება დააგროვეს მაშინ, როცა ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმი მართავდა. ამ პერიოდში პროფკავშირებმა დიდი ქონება მოიპოვეს, რაც მშრომელთა დასვენებას, რეაბილიტაციას ხმარდებოდა. თუმცა საბჭოეთიდან მემკვიდრეობად ამ ქონების გარდა ერგოთ ინერტულობის, ვერაფრის შეცვლის გამოცდილებაც. ამან კი მშრომელი კლასის ქმედებები და უმოქმედობა მერეც დიდხანს განსაზღვრა – როცა კავშირი კარგა ხნის დანგრეული იყო.


პროფკავშირები საბჭოთა კავშირში

საბჭოთა კავშირში პროფესიული გაერთიანებების როლი და ფუნქცია რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან, სანამ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლად იყო შემონახული ოქტომბრის დიდი რევოლუციის და შემდეგ ბოლშევიკური მმართველობის დამყარების ამბავი; სანამ ამ დიდი ცვლილებების თანმდევი ეიფორია ჯერაც ძალიან მძაფრი იყო, მუშებს ჰქონდათ განცდა, რომ სახელმწიფო, რომლის შენებაც დაიწყეს, მათი უფლებების დაცვაზე იქნებოდა მომართული. პროფკავშირების გაერთიანების იმდროინდელ გაზეთ „მუშაშიც“ ხშირად ქვეყნდებოდა ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ იჩენს ხოლმე თავს ახალ რეალობაში ძველი ცხოვრების რეციდივები და როგორ სწრაფადაა საჭირო ამ გადმონაშთების მოსპობა – „მშრომელთა სამოთხის“ შესაქმნელად:

...

„...სამიკიტნოში, სასადილოში, რესტორანში და სხვა ასეთ დაწესებულებებში ხშირად ირღვევა შრომის კანონი. ვერ შეისმინა ამ ხალხმა, რომ ის ნეტარი დრო, როცა ისინი მუშებს პირუტყვივით ეპყრობოდნენ, უკვე წავიდა.

რუჟეინი ქუჩაზე #3 ვინმე სტეპანოვს სამიკიტნო აქვს გახსნილი. 1922 წელს მან მზარეულის თანამდებობაზე აიყვანა ვინმე სხირტლაძე. ამ დღიდან სხირტლაძე მუყაითად შრომობდა, ხშირად ზედმეტ მუშაობასაც ეწეოდა, მაგრამ საამისო გასამრჯელოს ვერ ღებულობდა. – კრინტი თუ დაგიძრავს, სამსახურიდან გაგაგდებო, – ეუბნებოდა სამიკიტნოს პატრონი.

...ბოლოს … სხირტლაძე მართლა დაითხოვა, ისე რომ არც სამი უკანასკნელი თვის ჯამაგირი მისცა, არც სალიკვიდაციო და არც ზედმეტი შრომის გასამრჯელო. რა ეკადრება ასეთ თავაშვებულ „ხაზეინს“, ამას მალე დაინახავს იგი, ალბად“, – დინამო.

...

„... შრომის კანონების შესრულება ერთნაირად სავალდებულოა ყველასთვის, მაგრამ თბილისის მექანიკურ საარტილერიო ქარხანაში ... ზედმეტი მუშაობა გრძელდება ხანდახან ღამის 9 საათამდე, რაც შრომის კანონის მიხედვით დაუშვებელია.

რვა საათის მუშაობის შემდეგ, ზედმეტი მუშაობა შეიძლება მხოლოდ 2 ან 3 საათით. აქ კი ამას ყურადღებას არ აქცევენ. ამ დროს … შეიძლება … მოიყვანოს უმუშევარი და მასაც მისცეს არსებობის საშუალება“, – ცელქი.

გაზეთი „მუშა“, საქართველოს პროფესიულ კავშირთა საბჭოს ყოველდღიური გაზეთი, იმ მომენტიდან გამოდიოდა, როცა ეს ორგანო შეიქმნა – 1921 წლის ივნისში. მაგრამ პროფსაბჭოს ფუნქცია რამდენიმე წელიწადში დაწყებულმა ინდუსტრიალიზაციამ აბსოლუტურად შეცვალა. 1929 წლიდან მოყოლებული, მთელ კავშირში მასობრივად დაიწყეს ქარხანა-ფაბრიკების აგება. „ყველანი სახით წარმოებისკენ“ იმდროინდელ ლოზუნგად იქცა. მუშების დატვირთვა გაიზარდა. მასშტაბური მშენებლობების სწრაფად დასრულება მხოლოდ მშრომელთა მკაცრად დისციპლინირებითა და ექსპლუატაციით ხდებოდა. შესაბამისად, „წარმოების მაქსიმიზაცია“ – იმდროინდელ პროპაგანდისტულ პრესაში ხშირად გამოყენებული ეს ტერმინი – სწორედ ამ ერთპიროვნულ, მშრომელთა უფლებების იგნორირებაზე დაფუძნებულ სოციალურ პოლიტიკას მოიცავდა.

პროფკავშირების უპირველესი ფუნქცია – მშრომელთა უფლებების დაცვა, სადღაც, ამ გზაზე დაიკარგა. ქარხნებში გამოცდილი მუშები ჩაანაცვლეს პირდაპირ „კომსომოლში“ გამოზრდილი ახალგაზრდებით. საწარმოს მმართველი ცენტრიდან დანიშნული ერთი ადამიანი გახდა (1).
 

დაწვრილებით

პროფკავშირები სოცუზრუნველყოფის უწყებას დაემსგავსა და ასე იყო 1953 წლისთვისაც – პოსტსტალინური ეპოქის დასაწყისში, როცა ხელისუფლებაში ნიკიტა ხრუშჩოვი მოვიდა.

„წარმოების მაქსიმიზაცია“ ხრუშჩოვის ხანის მახასიათებელიცაა შრომის ბაზარზე და ის, ცხადია, ისევ მუშათა პროდუქტიულობის გაზრდით მიიღწევა. თან ავტომატურად გულისხმობს ქარხნის დირექტორისთვის „გეგმის მინიმიზაციასაც“ – პატარა გეგმა იმის გარანტიაა, რომ მის „გადაჭარბებით შესრულებას“ უფრო მარტივად შეძლებს.

საერთოდ, ენა, რითაც ამ პროცესს აღწერს მაშინდელი პრესა, ისეთივე ცარიელი და ბუტაფორიულია, როგორც თავად მშრომელთა უფლებების თემაა უშინაარსო და ყალბი. პროფკავშირული გაზეთი „შრომა“ პროფსაბჭოს მორიგ სხდომას, მაგალითად, ასე აშუქებს:

„კომისიები მუშაობენ საბინაო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის, შეაქვთ წინადადებები ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ნორმებისა და შრომის კანონმდებლობის დაცვისთვის, ამასთან პრეზიდიუმმა ამხილა პროფკომის ნაკლი კომისიების ხელმძღვანელობაში. ზოგიერთი მათგანი საკმარის სიმტკიცესა და თანმიმდევრულობას არ იჩენს პრაქტიკულ მუშაობაში. კომბინატის პროფკავშირულ კომიტეტს დაევალა დაისახოს და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებანი აღნიშნული ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად“.

ამ ყველაფრის სანაცვლოდ, პროფკავშირები მშრომელებს აჯილდოებს – მათ შორის, სჩუქნის საგზურებს იმ სანატორიუმებში, რომელთაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მათთვის აშენებენ. მაგალითად, წყალტუბოში პროფკავშირების სანატორიუმებია „გეოლოგი“, „მეშახტე“, „მეტალურგი“, „საქართველო“.

სანატორიუმ „საქართველოს“ მთავარი ექიმი, ნუგზარ კიკნაძე იხსენებს: „წყალტუბოში 20 სანატორიუმი სულ სავსე იყო, ამ ოც სანატორიუმში წლის განმავლობაში ასი ათასი ადამიანი ისვენებდა, უმრავლესობა პროფკავშირების იყო, მაგრამ ზოგი „ვედომსტვენნი“ საუწყებო სანატორიუმებიც გახლდათ და იქ ცეკა და კგბ მიდიოდა“.
 

დაწვრილებით

სანატორიუმ „თბილისის“ ყოფილი რეგისტრატორი, ნანა ბანძელაძე ამბობს: „სანატორიუმ „თბილისის” საგზურები გაიცემოდა მოსკოვიდან, ასევე გაიცემოდა საქართველოს პროფკავშირებისგან, საგზური იყო ოცდღიანი, ოთხჯერადი კვებით, მკურნალობა, გართობა… ჩვენთან იყო ელიტაც, გლეხიც, პენსიონერიც და ყველა“. სამაგიეროდ, შრომითი პირობების გაუმჯობესების მხრივ, პროფკავშირებს თითქმის არაფრის უფლება არ ჰქონდა, მაგალითად, ვერ მოითხოვდა ხელფასის გაზრდას, რადგან სახელფასო ნიხრებს პირდაპირ ცენტრალური ხელისუფლება აწესებდა.

1985 წელს მიხაილ გორბაჩოვის „გარდაქმნის“ პოლიტიკა იწყება – ეკონომიკაში საბაზრო პრინციპების დამყარება და დეცენტრალიზაცია. საწარმოებს უფლება მიეცათ, თავად განესაზღვრათ პროდუქტის ღირებულება და დასაქმებულთა ხელფასის ოდენობა, თუმცა პროფკავშირები სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, დაეცვათ მუშათა ინტერესები, მეტიც, მათ რუსეთში 1989 წლის მაღაროელთა უზარმაზარ გაფიცვებს მხარიც კი ვერ დაუჭირეს, უბრალოდ, არც კი იცოდნენ, თუ რა ევალებოდათ, როგორ ემოქმედათ, როცა საქმე პროტესტის ორგანიზებას ეხებოდა.




მითითებული წყარო:

(1) The Soviet experiment, Russia, the USSR, and the Successor States, Ronald Grigor Suny, გვ. 495-496.