გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პოეტი ნათია გიორგაძე

ვინ მეტყოდა, საით უნდა წასულიყო მდინარე? | ნათია გიორგაძე


***

გაშლილი მინდვრები
მტერს გადაუწვავს,
რამ უნდა იხსნას სიყვარული
ამ ომის მერე?
ღმერთის საქმეში ვინ ერევა?
ქვამაც იტიროს იმ კაცივით,
შვილს რომ დასტირის
და რომ ვერაფრით გამიბედავს
ნუგეშისცემა.

ტყვია არ ასცდა მის გულს,
რადგან ის, თომასავით
წინ მიდიოდა
და საყვირს აყვირებდა,
მოვდივართო.

ახლანდელ დროში წინ სიარულს
ვინ გაპატიებს? ან დაწვრილებით
იმის მოყოლას,
თუ როგორმორთეს
შენი ქვეყნის გამოსაჩენი
ქუჩები ღატაკებით,
მათ სახეებზე სიხარული
ელვარებს ცალფად, ცალყბად
იცინიან, რა უნდა იმათ შეშინებას?
სადამდეც ცოცხლები არიან..


***

უცებ შეთხელდა ხალხი,
დროში შეთქმულებს აღარ წვავენ,
მეტი ჩაიბნეს პური და ფეტვი
მინდვრის თაგვებმა ჭამონ
და ჩიტებმა.

ხოლო რასაც მთვარე გაანათებს,
სოფლის გზაშარაზე განათდეს.

რკინის კარს ჩამოიღებს
მამამისიო, არ შეგარჩენთო.
ძაღლებიაუშვეს
და ეძებენ.
ვისაც მე უნდა ვუყურებდე,
მას არ ვუყურებ.
ის კი ზეცაში იყურება
ზეცას უყურებს:
ია და იადონიო...
თითქოსარავისჰქონია
აქამდე ჯვარი!


***

ერთხელაც დიადი შეიქმნები,
აი, მაშინ ნახე, რას არ მოძებნიან?
იმ ჩანაწერსაც, მწვანე მაისური რომ გეცვა
და ფეხებს რომ იქნევდი,
როგორც ღელისპირზე ცირაფეხა,
რომელსაც უნახავს, როგორ იღრჩობიან
ჩიტები წყალში!
ერთხელაც იყო, დედამ მკითხა:
- შენი სილამაზე სად წავიდაო?
- ძნელი გამოდგა საპასუხოდ,
რა უნდა მეთქვა?
თუმცა, იმ ამბავს გიყვებოდით,
ჩანთა რომ ჩავალაგეთ და სკამზე
გადავფინეთ ტანსაცმელი
და სანამ მამალი იყივლებდა, ადექით,
ადექითო! მამას ღუმელი უკვე დაენთო და
ჩაიდანიც შემოედგა, როგორც ყოველთვის,
მაგრამ მაინც, სხვანაირად
სახეგაბადრულს:
პოეტიაო, მაშინ უთქვამს,
თანხმობის ნიშნად დედას თავი დაუქნევია.
ერთხელაც, სოფელში წერილი მოვიდა
და ის რომ არა, კიდევ შემეძლო შემენახა,
როგორც მიწაში ჩადებული
დაბადების მოწმობა,
რომელშიც ნამდვილი სახელი ეწერა
დიდხანს, საიდუმლოდ.

ლექსი იყო, ლექსის მთქმელი არ ჩანდა.



***

პოეზია ცოტაა,
პოეზია არ არის
სინამდვილეში
წყალი წყდება და
სისხლი იშვებს.

როგორ იქნება -
გუშინ, ჩემი ძმა
ომში წავიდა -
კითხვით წინადადებაში?
და ის რომ ომი
ჩვენ არ დაგვიწყია.
როგორ იქნებიან
შშმ პირები?
არა, ჯერაც არ
დაბრუნებულა.
ჩემმა გოგონამ გაოცებისგან
პირი დააღო, კატას გახედა,
მის ბეწვზე მბზინავი ელექტრონი,
როგორც აბზაცით დაწყებული
შუაღამის ცა,
სადაც კუდიან ვარსკვლავს ნახავ,
სურვილს ჩაუთქვამ, სადაც არ ნახავ
სურვილს გაიქრობ.
იტყვი: ავედი მაღალ მთაზე და
ჩამოვედი მაღალი მთიდან.


***

ვინ მეტყოდა, საით უნდა წასულიყო მდინარე?
როცა დედაჩემი მიწის ქვეშ ამოვდე,
შიგანმა მითხრა, აწი შენ ხარ
მისი პატრონი, აწი, შენ გიდგას
მისი სული, ძვლებამდე დასული ტყავი,
თვალებში მიქელ-გაბრიელი,
ან ის, ვინც მისცა
გასაღები დახშული კარის.
აწი, შენ უნდა ამოიცნო ველზე
თექვსმეტჯერ მოკლე ძახილი,
რომელიც ზურგით ებმის სხვა ძახილს,
ან კუდზე ეჭიდება,
სანოტო რვეულში ჩამარხული,
შავი, გამხდარი ნოტებივით
ერთად რომ ხმიანობენ.
მესამარეებს აერიათ და დედამთილის
გულზე მარხია,
თითქოს შეცდომით, მაგრამ ვინ იცის?
იქნებ ეს ადგილიც მე დამითმო,
როგორც ყველაფერი
რაც გააჩნდა.
ერთხელ ძერა ჩამომჯდარა
მის საფლავზე. ვაი, შენ ძერაკუდავ,
რას დააკლებ დედაჩემის სააქაოს?
არც კი შემიხედავს, რა დაწერე,
და რით აიმძაღე ნისკარტი!


***    

                       ჯემალ ქარჩხაძეს

თუ დროს გამონახავთ,
ახვალთ კერცხეთის მთაზე,
დადგებით პირით ცისკრისკენ
და ზურგით ტყისკენ,
იქიდან ჩემი სახლი გამოჩნდება,
ლურჯი სახურავით და თეთრი
ტანით, ტანზე მტვრიანი ნათურებით.
თუ კიდევ დარჩებით,
დაბნელდება, სხვის სახლებს
დაინახავთ და ვარსკვლავებს,
ხოლო თუ ტურებიც იკივლებენ,
პატარა გოგო მამას ჩაეკვრება
და სთხოვს, რომ ზღაპარს
მოუყვეს
დათვებზე, ირმებზე,
ან გვიმრის ფოთლებზე,
რომელიც ასევე აშინებს.
კაცი კი, დაიწყებს:
იქ ერთი, ჩემხელა ბიჭია,
ამბებს წერს და ტოლი არა ჰყავს.



ავტორი: ნათია გიორგაძე
 
 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა