ნიჩაბი | ხვიჩა ნადირაძე, ზნაურის რაიონი, სოფელი ალიბარი
19.08.2020დღეს ცხოვრობს დევნილთა დასახლებაში, დიდ დიღომში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.
ჯარის მერე, სოფელში ჩემი სპეციალობით დავიწყე მუშაობა. ერთადერთი ქართველი ვიყავი სატყეო-სამეურნეო ადმინისტრაციაში. დამიბარეს ერთ დღესაც და მითხრეს, ქართველი ხარ და სამსახურიდან გიშვებთო. ეს ჯერ 1989 წელს, 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო.
მოვუკელი მეც რაიონში სიარულს, ჩავჯექი სოფელში. ალიბარში, ალბათ სამოცი პროცენტი ოსი ცხოვრობდა. ცუდი თვალით დაგვიწყეს ყურება, მერე სახლში მოგვიცვივდნენ. ეზოს ჭიშკარი შემოამტვრიეს ტრაქტორით, რატომ აქედან არ მიდიხართ, თქვენი ადგილი აქ არ არის, ეს ჩვენი მიწააო. ხოდა, ძალაუნებურად, ვიყავით ჩუმად. არ გვქონდა მეტი ძალა.
1991 წლის დეკემბერში ამოვიდნენ უფრო დიდი მანქანით. მიანგრიეს ყველაფერი ეზოში. მამაჩემს, დედაჩემსა და ბიძაჩემს სცემეს. მე და ჩემი ძმა არ ვიყავით. ყოველ დღე მოდიოდნენ მერე, გვეძებდნენ, მარა ღამე სახლში რაღას გავჩერდებოდით. მოხუცებს აღარ ეკარებოდნენ.
ბოლოს, გამოვიქეცით. ორსული და და რძალი, ექვსი წლის ძმისშვილი გვყავდა სახლში. მე ჯერ უცოლშვილო ვიყავი. ჩემმა ძმამ შენ ამათ გაყევი, მე დავრჩები და კიდევ ვნახავო. მეზობლის ქალი და ბავშვიც თან გამაყოლეს. თოვლი იყო იმ დეკემბერს ძალიან დიდი. ხუთი კილომეტრი ვიარეთ ფეხით და წინ ვეღარ წავედით, უკვე იმსიმაღლე თოვლი იყო. ახლომახლო, რაც სოფელი იყო, იქ შევედით. ერთი ოსის კაცს ახლობლად ვთვლიდი და იმას ვთხოვე, ასეთი სიტუაციაა, ღამე გამათევინე და დილითვე წავალთ-მეთქი. გამოგვყარა სახლიდან. იარაღი რომ მქონდეს, სულ ყველას აქვე დაგხოცავდითო. სხვამ შეგვიფარა, ქართველმა.
აღარ მეგონა ცოცხლები თუ გამოვაღწევდით. მეორე დღესაც საღამომდე ვიარეთ. წავიდოდი წინ, თოვლს გავწმენდავდი, ერთ ათ-თხუთმეტ მეტრს გავატარებდი ქალებს, წამოვიყვანდი ბავშვებს. მერე ისევ წინ ვწმენდდი, ასე წვალებ-წვალებით გამოვაღწიეთ. გადმოვიარეთ ოსებით დასახლებული სოფელი - ნინოწმინდა. სულ ლანძღვა-გინება მოგვხვდა. ხელი არ უხლიათ, მაგრამ გვაგინებდნენ და გვაფურთხებდნენ გზაზე. შეგვატყვეს, ქართველები ვიყავით - ჩანთებით და ბავშვებით მოვრბოდით.
მაგრამ ეს უცხოებმა, გარედან შემოსულებმა, დაძაბეს სიტუაცია, არაფორმალებს რომ ეძახდნენ. შემოვარდებოდა ვაჟა ადამიას ხალხი. პარტიზანული ბრძოლები მიდიოდა. ხოდა, აქედან ერთი გასროლა და იქ მერე ბევრსა კლავდნენ. შვიდი, თუ რვა ადამიანი დაწვეს ერთ დღეს ერთ სოფელში.
უცბად დაირხა ხმა ქართული ვერტმფრენიდან ბავშვი მოკლესო. სინამდვილეში ვინ იცის. ომი იყო, ვინ საით ისროდა, რას გაიგებდი. ვითომ ვინც ვერტმფრენში იჯდა, ის კაცი ბიძაჩემს მიამსგავსეს. აქეთ, ბიძაჩემი ინვალიდი იყო, კაბინაში ვერც ავიდოდა.
ჩვენს გვერდით ცხოვრობდა საწყალი ბიძაჩემი ოჯახით. შეუვარდნენ ერთ დღეს, ჯერ ესროლეს, დაჭრეს, მერე საწოლზე დააბეს და სახლს გარედან ცეცხლი წაუკიდეს. ამას ცოლი ლაპარაკობს. თვითონ, ქალი ეზოში დააბეს ხესთან. დატოვეს ეგრე. სანამ არ დაიწვა, იყო დაბმული. დაანებეს იმის ყურება, როგორ იწვოდა სახლთან ერთად.
მამაჩემიც კი უყურებდა, გვერდითა ბაღიდან.
მაგ სახლიდან მარტო ძვლები და ფერფლი გამოიტანეს.
ეს იმ ოსის ბავშვის მამამო. გამწარებულს, ვინც შეხვდა სოფელში, ყველა თავისივე სახლში დაწვაო. შვიდი, თუ რვა მოხუცი დაწვა ცოცხლად იმ დღესო. ის კაცი აღარაა თვითონ ცოცხალი.
დედაჩემი ოსი იყო და ეჩხუბებოდნენ ქართველი შვილები რატომ გააჩინეო. რა ვქნა, კაცო მაშინ სხვა დრო იყო, შვილებს ხო არ გადავყრიდიო.
უნდა სახლიდან გაგეყარაო, ეუბნებოდნენ. მშობლები სამშვიდობოზე ოსის კაცმა გამოიყვანა. უკან რომ მიბრუნდა, იმ კაცსაც სცემეს, რატომ გააპარეო.
რამდენიმე წელში დაბრუნდენ ჩემები უკან. მეც ჩავდიოდი სოფელში ხანდახან. მანქანით მივდიოდი ხოლმე. 2004 წელს უკვე დაგვხვდნენ. მე, ჩემი ძმა, ძმისშვილები და ბიძაშვილი ვიყავით. შუა ეზოში გვცემეს. დედაჩემს ნიჩაბი ჩაარტყეს, მამაჩემსაც სცემეს. ძლივს გამოვაღწიეთ რუსის ჯარამდე. ეგენი გამომყვნენ სამშვიდობომდე.
პატიოსანი კაცი მაგას არ იზამდა. ქართველების სიყვარული აღარ იცოდნენ 1990-ში დაბადებულებმა. მაგ პატარებს დიდები აქეზებდნენ. ჩვენ რო გვცემდნენ, სოფლის ოსები იდგნენ და იცინოდნენ.
ომის გაკვეთილები | თემურ კოკოითი, ცხინვალი
დედას თავში რომ ჩაარტყეს, იმის მერე ლოგინად ჩავარდა. სამი წელი ვუვლიდით თბილისში და გარდაიცვალა. მამაჩემიც იძულებული გახდა, წამოსულიყო. წაართვეს წვრილფეხა, მსხვილფეხა საქონელი. მარტო რას იზამდა. ისიც აქ გარდაიცვალა.
ოსები ბოლოს ერთმანეთსაც ერიდებოდნენ. ვინც გვემეგობრებოდნენ, გამარჯობას არც ისინი გვეუბნებოდნენ. მაშინ დაგველაპარაკებოდნენ ხოლმე, არავინ რომ არ დაინახავდა. მერე თავს გაიმართლებდნენ, ჩვენ ისეთები არა გეგონოთო, მაგრამ აბა, რა ვქნათ, ეგეთი დროაო.
ეხლახანს, ჩემმა თანასოფლელმა სახლის სურათი გამომიგზავნა. ერთად გავიზარდეთ, სამი წლითაა ჩემზე პატარა. ვუყურებ და გული მტკივა. აბა, მოხსნილია სახლში ყველაფერი, Მომკითხავი არავინაა.
2004 წლამდე, მაინც ისე იყო, თითქოს შერიგებისკენ მიდიოდა საქმე. ჩვეულებრივი ვაჭრობა იყო. დავდიოდით, ბავშვებიც მიმყავდა. ნაცემი კი ვიყავი მაგათგან, მაგრამ აღარ მეკარებოდნენ. მეც დიდად აღარ ვჩნდებოდი გარეთ. უკვე ისე იყო ხალხში ჩამოყალიბებული, რომ დავიწყებას უნდა მისცემოდა ის, ძველი წყენები. მეც დავივიწყებდი, ოღონდ იქით გამიშვან, სახლში ავიდე.
ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო და ვიდეო ხვიჩა ნადირაძის პირადი არქივიდან
ტრანსკრიპზე მუშაობდა ნინუცა მეტრეველი
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
______________________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“