ომის გაკვეთილები | თემურ კოკოითი, ცხინვალი
12.08.2020თემურ კოკოითი, 34 წლის, ცხინვალი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.
ცხოვრებაში პირველად შემეშინდა, როცა ხუთი წლის ვიყავი. 23 ნოემბერი იყო, 1989 წელი. ეს დღე სამხრეთ ოსეთის მთელ მოსახლეობას ძალიან კარგად დაამახსოვრდა. მთელ ქალაქში დაქროდნენ სასწრაფოს მანქანები, მეშინოდა მათი სირენის ხმაურის. დადიოდნენ ხმის გამაძლიერებლებით და ცხინვალელებს ატყობინებდნენ, ქალაქში უზარმაზარი ბრბო ცდილობს შემოღწევასო. გარეთ გამოდითო, სთხოვდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ უფროსების აღელვება და შიში ბავშვებსაც გადმოგვედო.
მახსოვს ისიც, 1991 წლის იანვარში, ისევ რომ შემოვიდნენ ქართველები ცხინვალში. ბნელოდა უკვე, არ იყო დენი და წყალი, არ გვქონდა არც საჭმელი. მაგრამ არ გვციოდა, მაშინ ჯერ კიდევ იყო გაზი.
1991 წლის აგვისტოში ცხინვალიდან ვლადიკავკაზში წავედით. პატარა, ოროთახიან ბინაში დავსახლდით. უამრავი ნათესავი, ვინც ომს გამოექცა, ჩვენთან ჩამოდიოდა. ხანდახან ათი-თორმეტი ადამიანიც რჩებოდა. მაგრამ ბავშვებს გვიხაროდა, ვერთობოდით.
1992 წლის მაისში ძარის გზაზე დედაჩემის დეიდა დაიღუპა. ეს ძარის ცნობილ ტრაგედიამდე, ცოტა ხნით ადრე მოხდა. ხალხს ავეჯი, საოჯახო ნივთები დიდი მანქანებით გამოჰქონდა ქალაქიდან. დეიდაც ერთ სატვირთო მანქანას გამოჰყვა, საბარგულში იდგა. მკვეთრ მოსახვევში კი, მძიმე ავეჯი დაიძრა და გასრისა ქალი…
ივნისში მე და დედა, დეიდამისის ორმოცზე წავედით და მთელი ზაფხული ცხინვალში დავრჩით. გამუდმებით იცხრილებოდა ქალაქი აღმოსავლეთიდან - ტეკიდან და ერედვიდან. ივლისი-აგვისტო ცოტა ჩაწყნარდა, მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ. მაშინ დაწვეს წნელისი და სხვა ოსური სოფლები. მერე საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა აუშენეს ხალხს სახლები, მათ შორის ჩემ დიდ ბებიასაც.
არ მიყვარდა ვლადიკავკაზში ყოფნა. იქ სკოლაში რუსულად ლაპარაკობდნენ. მე არ ვიცოდი რუსული. რაღაცის თქმა რომ მინდოდა, ენა მებმოდა, სიტყვები მერეოდა და ყველა დამცინოდა. სულ ჩავიკეტე საკუთარ თავში. რუსული მალე კი ვისწავლე, მაგრამ ენა მაინც პრობლემა იყო. სამხრეთულ და ჩრდილოურ ოსურ დიალექტებს შორის დიდი განსხვავებაა. გაკვეთილებზე მე და ჩემს ცხინვალელ კლასელს გვაიძულებდნენ ჩრდილოურ დიალექტზე გველაპარაკა. ვაპროტესტებდით, მაგრამ მაინც გვაკლებდნენ ნიშნებს. ამ დროს მშობლიურ ენაზე (სამხრეთულ ოსურზე) თავისუფლად ვლაპარაკობდით.
მოკლედ, ერთი სული მქონდა არდადეგებზე ცხინვალში როდის ჩავიდოდით. იქ მყავდნენ ნათესავები, მეგობრები და ყველაზე კარგად თავს ცხინვალში ვგრძნობდი. 1992 წლის შემდეგ უფრო სიმშვიდე იყო, მაგრამ 2003-იდან ისევ დაიძაბა სიტუაცია, როცა სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი.
2004 წელს მოსკოვის საბაჟო აკადემიაში ვსწავლობდი. ზაფხულობით ჩავდიოდი ცხინვალში. ივლისში და აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტი რომ გამწვავდა, მოხალისეებში მინდოდა ჩაწერა, მაგრამ არ ჩამწერეს - თავიდან მიცილებდნენ, ხვალ მოდი, არა, ზეგ მოდიო, მეუბნებოდნენ. აგვისტოს ბოლოს მოსკოვში რომ ვბრუნდებოდი, თავი დეზერტირი მეგონა. მთელი ჩემი ცხინვალელი მეგობრები მოხალისეებში იყვნენ, სანგრებთან მორიგეობდნენ, მე კიდევ მოსკოვში მივდიოდი.
2008 წელს დავამთავრე სწავლა, ავიღე დიპლომი და ივნისში საბაჟოზე დავიწყე მუშაობა. ომი უკვე ახლოვდებოდა.
1 აგვისტოს, ჩვენკენ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაღუპული, უკვე ჩანდა, რომ გარდაუვალი იქნებოდა ომი. იმ დღის მერე, საგანგებო რეჟიმზე გადავედით, ვაწყობდით ყაზარმებს, ვიღებდით შეიარაღებას, ვემზადებოდით.
უკვე აღარ გამოდიოდა, რომ არ მიმეღო მონაწილეობა. ძალიან ამაღელვებელი იყო, პირველად ავტომატი რომ მომცეს, ოთხი ვაზნით. ფორმას, ბათინკებს უკვე ჩვენით ვშოულობდით. 6 აგვისტოს დაიწყო ომი ჩემთვის და ჩემი განაყოფისთვის - ჩვენ ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ვიცავდით. ქართველები უკვე ორი დღე ისროდნენ წუნარის (ხეთაგუროვო) მიმართულებით...
ახლა პოლიტიკოსებზე მეტად, ხალხზე ვარ გაბრაზებული. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. ადამიანებმა მაინც ვერ გამოიტანეს გაკვეთილები. კონფლიქტი ისევ მოუგვარებელია. ჩვენკენ ბევრი ფიქრობს, რომ ქართველებთან სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს - რომ ისინი აგრესორები არიან და ბოდიში უნდა მოგვიხადონ. მე არაფერში მჭირდება ქართველების ბოდიში. მგონია, რომ ეს ბოდიში არც მათ სჭირდებათ, ვინც ახლობლები დაკარგა ომში.
ქართველებისგან მე სხვა რამე მჭირდება: მინდა, ის გააცნობიერონ, რომ გუშინდელი დღე ვეღარ დაბრუნდება. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ერთ პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში. ამიტომაა პირისპირ ლაპარაკი საჭირო, რომ ყველა ქართველმა გაითავისოს ეს, ვინც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაბრუნებაზე ლაპარაკობს.
ტერიტორია შეიძლება დაიბრუნო, მაგრამ მაშინ ეს მიწა მთლიანად უნდა გაწმინდო ოსებისაგან.
მაბრაზებს ისიც, რომ საქართველო ჩვენ ვერ გვხედავს და კონფლიქტის მხარედ მარტო რუსეთს აღიარებს. რუსეთმა ახლავე რომ წაიღოს უკან თავისი აღიარება, ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში მაინც არ დავბრუნდებით და ისევ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლებთ.
არც ვიცნობ ისეთ ოსს სამხრეთ ოსეთში, ვინც საქართველოსთან შეერთებას დასაშვებად მიიჩნევს. ასეთები, უბრალოდ, არ არსებობენ. თორმეტი წლის წინ, მეც და ცხინვალის ბევრი მაცხოვრებელიც იძულებულები ვიყავით, აგვეღო იარაღი და გვებრძოლა. სხვა გზა არ გვქონდა.
შეიძლებოდა, შეგვეკრიბა ახლობლები და ჩრდილოეთში, რუსეთში გავქცეულიყავით. ასე მოიქცა 100 ათასი ოსი 1980-90-იან წლებში, საქართველოდან რომ გამოიქცნენ. ეს ხალხი სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ უფრო ბედნიერად მაინც ვერ ცხოვრობენ - 30 წლის მერეც, თავიანთ მშობლიურ მხარეს იგონებენ და ისევ უცხოებად რჩებიან იქ, სადაც დღეს არიან.
ამიტომ გაქცევა გამოსავალი არ არის.
ნივა | ნუნუ ტრაპაიძე-ბეგიაშვილი, ცხინვალიდან
შენ კი დათმობ საკუთარ სახლს, მიწას, მაგრამ სამაგიეროდ არავინ არაფერს მოგცემს. ასეთია ცხოვრება. ამიტომ მე ვიღაცის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის კი არ ვიბრძოდი, ჩემი სახლის დასაცავად ვომობდი. ამას ვითხოვ დღესაც - მინდა მქონდეს უფლება ვიცხოვრო სახლში, ვიცხოვრო ისე და მასთან ერთად, ვისთანაც მირჩევნია.
თუკი ჩემი მეზობელი კიდევ ფიქრობს, რომ ეს არაა ჩემი სახლი, და ჰგონია, რომ ყველაფერი, რაც მაბადია, მას უნდა დავუთმო - მე ისევ ვიბრძოლებ.
მაგრამ მე არ მძულს ქართველები. და გულწრფელად ვფიქრობ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად ცხოვრება, შეგვიძლია კარგი ურთიერთობაც გვქონდეს.
მაგრამ ამისთვის, პატივი უნდა სცენ ჩემს უფლებას - ვიცხოვრო თავისუფლად.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
______________________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: თამარა მეარაყიშვილი