ოკაცეს ჩანჩქერზე
18.08.2020ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer
ჩემი არც თუ ისე დიდი სამოგზაურო გამოცდილებიდან, დავაკვირდი - ხშირად, რაც უფრო რთული გზაა სანახაობამდე მისასვლელად, მით უფრო მოულოდნელი და შთამბეჭდავია შედეგი. ასე დამემართა ოკაცეს ჩანჩქერზეც. მას კინჩხის ჩანჩქერსაც ეძახიან, რადგან ყველაზე ახლოს დასახლებული პუნქტი სოფელი კინჩხაა. ამ ჩანჩქერმა სრულიად ახალი ემოცია აღმომაჩენინა - ცოტა გაოცება, ცოტა შიში და ბევრი აღფრთოვანება ერთად (ჯერ სახელი ამ ემოციას ვერ დავარქვი).
ხონის რაიონის სოფელ კინჩხამდე 26 კილომეტრია. კინჩხადან ჩანჩქერებამდე კი - 2 კილომეტრი.
უშუალოდ ჩანჩქერებამდე სერპანტინი ადის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საშიში გზაა. მსუბუქი ავტომობილებიც თავისუფლად დადიან, თუმცა უსაფრთხოებისთვის ჯიპი ან „პიკ აპი“ ჯობია.
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ძველ დროში აქ საბანაოდ თავადები დადიოდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი, მხოლოდ ადგილობრივები თუ ჩავიდოდნენ და ცივი ჩანჩქერის პირას ქეიფებს გამართავდნენ. ახლა კი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ. გზაც გაკეთებულია, ანუ ასფალტია დაგებული, ამიტომ ფეხით ასვლაც შეგიძლიათ, თუმცა მე არ გავირთულე ცხოვრება და მანქანას ავყევი.
გზიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მოვლანდე და 5 წუთში მივადექით კიდეც. ინფრასტრუქტურა მშვენიერია. მხვდება ვიზიტორთა ცენტრი და აკურატულად მოწყობილი ბილიკი, რომელსაც ჩანჩქერებთან ახლოს მივყვავარ.
ჩემს თვალწინ დაუჯერებლად ლამაზი პანორამა იშლება. აღმოჩნდა, რომ ეს ნაქები ოკაცეს ჩანჩქერი, სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადია.
ყველაზე მაღალი ჩანჩქერი 70 მეტრის სიმაღლიდან ვარდება. ეს სწორედ ისაა, გზიდან რომ დავინახე. მისი შხეფები არე-მარეს დიდ დისტანციაზე ეცემა.
ეს “არე-მარე” კი საოცრად სუფთა და თეთრია - ქვები კირქვისგანაა წარმოქნილი და ქათქათა სითეთრესაც ეს იწვევს. შთამბეჭდავია კამკამა და სუფთა წყალი, რომელიც ამ თეთრი ლოდებიდან გადმოედინება.
„ზამთარში იყინება ხო ალბათ?“, - ვეკითხები ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტს.
„არა, არ იყინება. აქეთ-იქით ოდნავ კი ეყინება გვერდები, მაგრამ წყალი სულ გადმოდის და კიდევ უფრო ლამაზდება აქაურობა, შეგიძლიათ, ზამთრის სეზონზეც ნახოთ, შთაბეჭდილება კიდევ უფრო სხვა იქნება“, - მპატიჟებს და მერე რეინჯერიც მეუბნება, რომ აქამდე მოსასვლელი გზა ზამთარშიც კარგად იწმინდება.
ბილიკს ჩანჩქერებთან შეძლებისდაგვარად ახლოს მივყავართ. სანამ პირველი ჩანჩქერისგან მიღებულ აღფრთოვანებას ვინელებ, მესამეს ვხვდები, რომელიც პატარა მეგონა და გავოგნდი. ყურებში წყლის ძლიერი შხუილი გავიგონე და მივხვდი, თურმე, მთელი „პერფორმანსი“ ქვემოთ მელოდება.
წყალი 35 მეტრის სიმაღლიდან ისეთი სისწრაფით ეშვება მდინარეში, რომ შხეფები ჩემამდე აღწევს. ძლიერი სისწრაფის წყალვარდნილს საგანგებოდ მოწყობილი მოედნიდან უნდა გადახედო. მოედანი უჯრედებიანი საფარითაა დაფარული ისე, რომ ქვემოთ რაც ხდება, ყველაფერი ჩანს. აქ მივხვდი პირველად, რას შეიძლება ნიშნავდეს სიმღალის შიში, თუ ეს გაწუხებთ, უფრთხილდით. ზევით-ზევით ყურებით მივედი მოაჯირთან და ქვევით ისე ჩავიხედე. მერე კიდევ და კიდევ, ვერ მოვწყდი და დანამდვილებით ვიცი, კიდევ მივალ.
კინჩხის ჩანჩქერზე ბილეთი 10.35 ლარი ღირს. სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის 17.25 ლარი.
თუ უმანქანო ტურისტი ხართ, ოკაცეს ჩანჩქერზე მოსახვედრად ხონის ცენტრში ტაქსის ქირაობა დაგჭირდებათ, რომლის ფასიც 30 ლარიდან იწყება.