ომი გუშინ არ დაწყებულა | ვალერი პეკარი
25.02.2022 | 5 წუთიანი საკითხავივალერი პეკარი, Kyiv-Mohyla Business School-ის ლექტორი
ჩემთვის ეს ომი 2014 წელს დაიწყო. ამ რვა წლის განმავლობაში ხან დიპლომატიური ომი გვქონდა, ხან სამხედრო, ხან ეკონომიკური ან თუნდაც ფსიქოლოგიური.
ეს ამ ომში კიდევ ერთი ესკალაციაა. ბოლო ერთი თვე მიდიოდა მზადდება. თუმცა, ბევრი მაინც ფიქრობდა, რომ ამას სამხედრო მოქმედებები არ მოჰყვებოდა. ვაღიარებ, მათ შორის ვიყავი მეც. ვეუბნებოდი მეგობრებს, დაწყნარდით, ნუ გეშინიათ, რუსეთი არ დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას, ეს გიჟური იდეაა-თქო. დღეს კი, ჩემი სახლის ფანჯრიდან მესმის აფეთქებების ხმა.
მთელი დღე სახლიდან არ გავსულვარ. მოქალაქეების ნაწილმა დატოვა კიევი, ზოგი საზაფხულო აგარაკებზე წავიდა, მაგრამ უმრავლესობა ისევ ქალაქშია, სახლებში გამოკეტილი. ახლა ვიცით, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დედაქალაქია.
სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე რუსულ მედიაში სრული ისტერიკა დაიწყო, ამას მოჰყვა პრეზიდენტ პუტინის განცხადებაც და უკვე ყველამ იცოდა, რომ ეს გარდაუვალი იქნებოდა. ამჯერად ბევრად უფრო მზად ვიყავით, ვიდრე 2014 წელს. მაშინ მახსოვს, ჩემი მეგობრები ფრონტის წინა ხაზზე უიარაღოდ მიდიოდნენ. ინფორმაციასაც ვერ ვიღებდით უსაფრთხოების შესახებ. ახლა მთელი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფია, ჟურნალისტები, ფსიქოლოგებიც ბიზნეს ექსპერტები, ვინც ადამიანებს ასწავლიან როგორ დაიცვან საკუთარი ოჯახები, რა უთხრან ბავშვებს, როგორ მოიქცნენ საჰაერო თავდასხმის სიგნალს თუ გაიგებენ, რა აუცილებელი ნივთები წაიღონ თან, თუ უეცრად სახლის დატოვება მოუხდებათ. ამ ჯგუფში ვარ მეც და დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს ვაწვდით ინფორმაციას.
აი, 2014 წელი იყო შოკი უკრაინელი ხალხისთვის. მეზობელი „მეგობარი“ ქვეყანა შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და უდანაშაულო მოქალაქეები დავკარგეთ. მაშინ დავასრულეთ ილუზიებში ცხოვრება და მას შემდეგ, რუსეთმა საკმარისზე მეტი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხი გამოფხიზლებულიყო. უკრაინელი ხალხი დღეს გვერდში უდგას მთავრობას, სჯერათ, რომ ამ ომს მოვუგებთ ოკუპანტს.
დასავლეთმა რუსეთს დაუწესა სანქციები, რომელსაც შედეგი რამდენიმე წელში ექნება. მაგრამ ომი დღესაა. ჩვენ გვჭირდება სანქციები, რომელიც ომს, მსხვერპლს შეაჩერებს. მე მინდა, დასავლეთის ქვეყნებმა რუსულ მედიასაც შეუზღუდონ წვდომა თავიანთი არხებიდან. ისინი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ და ხალხს წამლავენ. ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ დემოკრატიას მსოფლიოში.
მე ვრჩები კიევში. სახლში ვიკეტები და ვმუშაობ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
ფოტო: Vladimir Ghirda