ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ომს გამოქცეულები

ერაყელები, ნახეთ, ერაყელები!

 

"ქართული? ცოტა-ცოტა. მერე, როცა დრო გავიდეს, ინგლიშ და რუსულიც. ერთი მეგობარი -ჯერმენიში. ჩვენ -აქა. გურჯისტან. გურჯისტან -ომი არა. სახლი არი. აი, ჭერი", -ფატმა ხელს ზემოთ სწევს და დამტვრეული ინგლისურის, ბოლო ერთ წელში ნასწავლი ქართულის და მშობლიური არაბულის ნარევით ცდილობს ახსნას, რატომ ურჩევნია დღეს ლილოს დასახლებაში ყოფნა -აქ სიმშვიდეა. ფატმა ერაყელი იეზიდია, ფირუზისფერი თვალებითა და თეთრი სახისკანით. ჩრდილოეთ ერაყში, მოსულის პროვინციაში მდებარე დაცლილი სოფლიდანაა, რომელსაც ბაშიღა ჰქვია; უფრო სწორად, ფატმას ენაზე, "მიჯნურთა სახლი". ახლა იქაურობა "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლის ქვეშაა. 2014 წლის ივნისში სუნიტმა ჯიჰადისტებმა ბაშიღა აიღეს, "მიჯნურთა სახლს" "დუ'ა სიტი" დაარქვეს და მას შემდეგ ფატმა თავისი ოჯახით ლილოში ცხოვრობს.  

ფატმა იაზდანის ცოლია. სამი შვილი ჰყავთ. მოხატული ლანგრით ერაყული ჩაი და იქაური მზესუმზირა შემოაქვს, ოჯახის მეგობრის ჩამოტანილი. ეს ყველაზე ძვირფასი შემოთავაზებაა – თავისი მიწის, სამშობლოს ნაწილს გვიყოფს.

როცა შენი ქვეყნიდან ხარ გადაკარგული, იქაურ ჩაის, თუ შენამდე ჩამოაღწია, ოქროს ფასი აქვს. მისი ემოცია გადამდებია – ჩაი გეგემრიელება და უსმენ ამბავს მის ერთ დროს დიდ და ლამაზ სოფელზე, რომელშიც უამრავი ზეთისხილის ხე ხარობს.

ფატმას ხანდახან დღესაც ესმის, როგორც შრიალებენ ხეები მის ეზოში. ესმის მაშინაც, როცა ტელეფონის სენსორულ ეკრანს თითს გაჰკრავს და ჯერ სოფლის ხედების ფოტო ამოხტება, მერე სახლის, მერე მისი მიტოვებული ეზოსი. დაჰყურებს, დაჰყურებს. – აი, – ამბობს, – აი, აქ ვიდექი. აქ ვიჯექი. ნახე, როგორი მწვანეა. რაღაცნაირი, სიჩქარეში გადაღებული ფოტოებია, გადღაბნილი, თითქოს, რომ გარბიხარ, უკან იხედები და იღებ – გინდა, რამდენიმე კადრი თან წაიყოლო.

ფოტოებს ჩემთვის უცნობი მხატვრების დახატული სურათები ცვლის – თემატიკა არ იცვლება – ყველგან ლტოლვილების მძიმე გზა ჩანს. ფეისბუკშიც სულ ამაზე წერს. სულ ამ ნახატებს აზიარებს. არაბული არ მესმის, მაგრამ გუგლი მეხმარება, მივხვდე მისი სტატუსების პაციფისტურ შინაარსს. სამშობლომ სოციალურ ქსელში გადმოინაცვლა, თითქოს არავინ არსად წასულა – აქ ჰყავს თავისი ადამიანები, ვისაც მშობლიურ ენაზე ელაპარაკება, ვისთან კონტაქტიც ფატმასთვის გადარჩენას ნიშნავს, უწყვეტ კავშირს და ერთადერთ ხიდს.

მარტყოფი, საქართველო – დროებითი გაჩერება

2012 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობას თავშესაფრის მიღების თხოვნით 2625-მა ადამიანმა მიმართა. მათგან – 175 სირიელი არაბი იყო, დანარჩენი – ერაყის მოქალაქე არაბები, უკრაინელები და იეზიდები. ლტოლვილის სტატუსი 106-მა პირმა მიიღო, ჰუმანიტარული სტატუსი 539 პირს მიანიჭეს. ათასზე მეტმა ლტოლვილმა საქმე საკუთარი განცხადებით შეწყვიტა ან საჭირო პროცედურები არ გაიარა და მათი კვალიც დაიკარგა.

დაბა მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მხოლოდ 60 ადამიანი ეტევა. თავ-თავიანთ ოთახებში შეკეტილებს საუბარიც ეზარებათ. ეს რამით შეცვლის ჩვენს ცხოვრებას? – კითხულობენ ეჭვით და მერე კარს ხურავენ. მათ შორისაა ერაყელი არაბი, 24 წლის აჰმადიც, რომელიც ფინეთში გაღწევის მცდელობისას საქართველოში ჩარჩა. ერთი სული აქვს, ევროპაში როდის წავა. „მაგრამ როგორც ტერორისტს, ისე მიყურებენ“, – ამბობს. უკვე რამდენიმე ქვეყნის საელჩოსგან მიღებული უარი აქვს – ვიზაზე. ის კი იმედს მაინც არ კარგავს. რაც ზუსტად იცის, ის არის, რომ სამშობლოში აღარასოდეს დაბრუნდება. „ერაყი დასრულდა. იქ აღარაფერია. მხოლოდ ტანჯვა და სიკვდილი, მე კი მინდა ვიცოცხლო. რა მინდა იქ? თქვენ წახვიდოდით?“

***

„ერაყიდან არიან, ნახეთ, ერაყელები!“ – ეს იყო პირველი, რაც იაზდანმა ლილოში ბინის ქირაობის შემდეგ აქაური მეზობლებისგან გაიგონა. თავიდან ყველაფერი რთული იყო. პურის საყიდლად გასვლაც კი – უცხო ადამიანები გაკვირდებიან, არავის შენი ენა არ ესმის, არც შენ – მათი. არც მათი კულტურის გაგეგება რამე. ძნელია, მაგრამ მაინც ათასჯერ უფრო ადვილი, ვიდრე სამშობლოში დარჩენა, სადაც ომი არ სრულდება. იაზდანისა და ფატმას მშობლები და და-ძმები ქურთისტანში გადაიხვეწნენ. იმ ზაფხულს, 2014 წლის აგვისტოში, როცა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყელი იეზიდების სოფლებში ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, იაზდანი ოჯახით ბათუმში ისვენებდა. უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრა და ასე იქცა ტურისტად წამოსული ერაყელი იეზიდების ოჯახი ლტოლვილად. „უსამშობლოდ არავინ არის ბედნიერი, მაგრამ ბათუმი ისე ანათებდა, ახალ ცხოვრებას ჰგავდა და დავრჩით“, – ჰყვება იაზდანი. ერთ თვეში თბილისში ჩამოვიდნენ და დახმარებისათვის იეზიდთა სახლს მიმართეს. იაზდანს უკვე აქვს ლტოლვილის სტატუსი და სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ სულზე 45-ლარიან შემწეობას იღებს. უნდა იმყოფინონ, სხვა გზა არ არის. თუმცა სახელმწიფო უკვე ორი თვეა, მათი ბინის ქირას აღარ იხდის. „სადღაც შუაში გავეჩხირეთ“, – სევდიანად ამბობს ფატმა. მათი მომავალი ბუნდოვანია. ზუსტად ისე, როგორც ერაყიდან ლტოლვილი 2 მილიონზე მეტი ადამიანის. ზუსტად ისე, როგორც მირზას ოჯახის.

მირზა – ზემო ფონიჭალიდან

ის სახელდახელოდ ამობეჭდილ, ერაყის შავ-თეთრ რუკას დაჰყურებს, რომელიც თან წავიყოლე ზემო ფონიჭალაში, სადაც მირზას ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობს. აი, აქ, – თითს ადებს ქალაქ მოსულს, – ეს ქალაქი ბაღდადიდან 400 კილომეტრშია. მისი სოფელი კი, სრეშკა, მოსულთან ახლოს. ფრონტის ხაზიდან სრეშკას დღესაც სამი კილომეტრი აშორებს. როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი სინჯარი დაიკავა, სრეშკის მოსახლეობა აიბარგა და გაიქცა. მირზა, მისი ორი ცოლი და ორი შვილი ოჯახის ტრაქტორით სოფლიდან 30 კილომეტრში მდებარე მთებში გაიხიზნენ. მხოლოდ დოკუმენტები და ცოტა ფული წაიღეს. დიდი სახლი, რომელსაც წლები აშენებდნენ, ნელ-ნელა ბუზისტოლად იქცა და ბოლოს გაქრა. ყველაფერი იქ დარჩა. მთელი 50 წლის ცხოვრება. მერე ქურთისტანში გადავიდნენ, სადაც მხოლოდ ორი კვირა გაძლეს. მაშინ, მთისკენ მიმავალ ტრაქტორზე ეძინათ უფროს შვილებს – დაჰვაზს და დილნაზს. მირზას და ლეილას მესამე შვილი ამირა კი საქართველოში დაიბადა. „თენდება. ვდგები. მივდივარ პურის და კვერცხის საყიდლად... ხან ბავშვებს ჩავიყვან ხოლმე დაბლა, გასასეირნებლად. ასე გადის დრო. საბავშვო ბაღში ვერ მივიყვანეთ ამირა, გვითხრეს, ადგილი არ არისო“.

მირზას ოჯახშიც არავინ მუშაობს. თავი სახელმწიფოსგან მიღებული შემწეობით გააქვთ. „არადა, რამდენი მიწაა დაუმუშავებელი, – ფანჯრიდან გაჰყურებს მინდვრებს მირზა და თავისთვის ამბობს, სინანულით, – რატომ არ ამუშავებენ თქვენი კაცები მიწას? იქ, ჩვენთან, ერთი მტკაველი მიწა არ იყო თავისუფალი...“

მერე მირზაც ტელეფონში ძველ ფოტოებს ეძებს – „შეხედე, აი, ჩემი სახლი. აი, ჩემი სრეშკა“. საქართველო მხოლოდ დროებითი ადგილია, სადაც შეისვენეს, სადამდეც შედარებით ადვილად მოაღწიეს და სადაც შემოუშვეს. თავშესაფრის მაძიებლები საფუძვლიანად არავის გამოუკითხავს, მაგრამ ვისაც ველაპარაკები, მარწმუნებენ, რომ საქართველო მათთვის შუალედური სიმყარე იყო უზენაესი დაცულობისკენ – ევროპისკენ გზაზე.

რუკაზე ეს გზები ევროპისკენ ათეულობით მარშრუტს სერავს – დასავლეთ ბალკანეთის, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასავლეთის მარშრუტები, შავი ზღვის მარშრუტი და დასავლეთ აფრიკის რთული გზა. ამ რუკებს ხშირ-ხშირად აქვეყნებს ხოლმე ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო. წელს ევროპაში გასაღწევად ყველაზე მეტმა ადამიანმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საბერძნეთი – დასავლეთ ბალკანეთის მარშრუტი აირჩია. ხმელთაშუა ზღვას კი, რომლითაც ლტოლვილები ევროპაში მოხვედრას ცდილობენ, მიგრანტების სასაფლაოც დაარქვეს – ზღვამ, მხოლოდ ბოლო 20 წელიწადში, აქ 20 000 ადამიანი დამარხა. სიკვდილი ამ გზებზე სხვადასხვანაირია: ზოგჯერ ისეთი საშინელიც, როგორიც მატარებლის ბორბლებქვეშ მოყოლაა, როცა ლიანდაგზე დაქანცული მილასლასებ. თუ სირიიდან და ერაყიდან გამორბიხარ – გზა ხშირად თურქეთზე გადის, მერე – საბერძნეთი – მაკედონია – ბოსნია – ხორვატია – სერბეთი – უნგრეთი – ავსტრია – და ბოლოს – გერმანია – ქვეყანა, რომელმაც ბოლო 5 წელიწადში 460 ათასი ლტოლვილი მიიღო. თუმცა, როცა აფეთქებული სახლიდან წკიპზე გამოსვლას ასწრებ და უმისამართოდ, უკანმოუხედავად გარბიხარ, ამ საბოლოო იდეალთან მიახლოებაზე თავიდან ვერც კი ოცნებობ – ჯერ მთავარია, ცოცხალი დარჩე. ასე ჩამოდიან სირიელები და ერაყელები ჯერ ჩვენთან, ან ლიბანსა და თურქეთში და მერე დაადგებიან ხოლმე გრძელ და დიდი საფრთხის შემცველ გზას ევროპისაკენ.

ალი

ალის სძინავს. თითქმის მთელი დღე სძინავს. და ღამეც. აქ ჩამოსვლამდე იყო ხანგრძლივი ინსომნია. ახლა კი თითქოს ყველა გატეხილი ღამის სანაცვლოდ უნდა რომ გამოიძინოს, უსაფრთხო სიჩუმით ისარგებლოს და უბრალოდ, ბედნიერი იყოს იმით, რომ ცოცხალია. ალი იმ ოთხი მილიონი სირიელის ნაწილია, ვინც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერების შემდეგ ლტოლვილად იქცა. ლტოლვილად ჯერ თურქეთში, შემდეგ საქართველოში. მარტყოფის ცენტრში ერთი ოთახი დროებით მისია. ის აქ იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრობს, ვისაც ჯერ არც ლტოლვილის, არც ჰუმანიტარული სტატუსი არ მიუღია: ესეც მოლოდინის ნაწილია – სანამ ქვეყანა მათ ბედს გადაწყვეტს. ზოგი მთელ დროს ამ შენობაში ატარებს, ზოგი დედაქალაქში მიდის და საღამოს უკან, დასაძინებლად ბრუნდება, თუმცა რას აკეთებენ იქ, ამას არავინ აკონტროლებს. იღბლიან დღეებში, ხანმოკლე სამუშაო გამოჩნდება ხოლმე, ალიც მარტყოფელებს მიწის დამუშავებასა და მოსავლის აღებაში ეხმარება. თავშესაფრის მაძიებლის 80-ლარიან შემწეობას მუშაობის სანაცვლოდ აღებული ჯამაგირიც ემატება. ალი მხოლოდ არაბულად ლაპარაკობს. ის და თავშესაფარში მცხოვრები სხვა იძულებით გადაადგილებული პირები ადგილობრივებისთვის „უცხოელები“ არიან. ალი იქ მარტოა. მისი ოჯახი გაურკვეველი დროით სირიაში დარჩა. თვითონ ჯერ დამასკოში, რესტორანში მუშაობდა მზარეულად. მერე ჯარში გაიწვიეს. სალათის საჭრელი დანის შემდეგ ხელში იარაღი მისცეს.

ყველა ახალი დღე სიკვდილის მოლოდინით იწყებოდა. ბოლოს კი გაიქცა. მის სახელს ახლა მხოლოდ აწმყო ებმის და ჯერჯერობით, გაურკვეველი მომავალი. „მაგრამ იმ კოშმარს ყველაფერი სჯობს, ტერორისტებს“, – ამბობს ალი და გულისხმობს „ისლამურ სახელმწიფოს“ – სხვანაირად, ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს, სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც ამ წუთებშიც, როცა ათასობით ლტოლვილი ცდილობს ევროპის საზღვრის გადაკვეთას, ერაყისა და სირიის ნაწილს აკონტროლებს, მათ შორის, დაცარიელებულ და გადამწვარ სოფლებსა და ქალაქებს, და რომელთა რიგებშიც, სირიაში 50 000, ერაყში კი 30 000 მებრძოლია. მათი რიცხვი ჯერჯერობით მხოლოდ იზრდება. ალიმ, შესაძლოა, არც იცის, რომ მის ქვეყანაში იმ ქვეყნიდანაც მიდიან, რომელსაც ახლა თავს აფარებს. და ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ზედმეტსახელად „წითური გენერალი“ – პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან, დღეს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია და ის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოჯაჰედი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ, ტერორისტული დაჯგუფების მხარდამჭერთა ოცკაციან სიაშიც მოხვდა. ბათირაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც საქართველოდან სირიაში საომრად წავიდა და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩადგა.

„ISIS-ი გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე „ალ-ყაიდა“. ადამიანების გატაცებებით, მათ მილიონობით დოლარი აქვთ გამოძალული. დაახლოებით 450 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებით, „ისლამური სახელმწიფო“ ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა მსოფლიოში“, – წერს დევიდ კილქულენი, ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.

 

საზღვრები

„ქვეყნებს აქვს საზღვრები, ხალხს კი არა“ – შავ ფონზე თეთრად – ეს წარწერა ლტოლვილების ოდისეაზე გადაღებულ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში რამდენიმე წამის განმავლობაში არ იცვლება. როცა გრძელ და ხიფათიან გზას გადარჩენის მიზნით ადგები, ალბათ, საზღვრები ვერც შეგაჩერებს. ასეთ დროს, რაღაცნაირად, გულის სიღრმეში, თითქოს გძულს კიდეც ყველა ფირნიში, რომელიც ერთი ქვეყნის დასასრულსა და მეორის დასაწყისს გკარნახობს. და თუ დედამიწას ზემოდან დახედავ, დაინახავ 60 მილიონ ადამიანს, რომელიც თავის საშველად სადღაც გარბის – და ეს მხოლოდ 2014 წელს. ეს ნიშნავს, რომ დღეში 42 500 ქალი, კაცი და ბავშვი, ანუ ყოველი 122-ე ადამიანი, ხდებოდა ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი ან იძულებით გადაადგილებული პირი – ესეც ადამიანური ტრაგედია რიცხვებში.

P.S. 13 ნოემბრის პარიზისა და ბეირუთის ტერორისტული აქტების შემდეგ იაზდანს შევეხმიანე. „ლტოლვილებმა რა დააშავეს? რა დავაშავეთ ჩვენ? ჩვენ ხომ მხოლოდ გადარჩენა გვინდა და სახლს ვეძებთ?“ – მითხრა მან. მსოფლიო გამოხმაურებები უკვე წაკითხული ჰქონდა. 

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა