გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი დასი ერთ თეატრში | მაკა გელაძე, ცხინვალი / თბილისი

მაკა გელაძე, 48 წლის, ცხინვალი / თბილისი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ქართველი მოკლეს ოსებმა. მერე თქვეს, რომ ოსი მოკლეს ქართველებმა. ასე დაიწყო, ხელოვნურად შექმნეს ეს სიტუაცია.

1991 წლის 7 იანვარი იყო მგონი, რუსეთმა რომ გამოაცხადა სამხრეთ ოსეთში შევდივართო. მაშინ ბინაში ვიყავით. სულ ზანზარებდა კორპუსები. 

მე თეატრში ვმუშაობდი, ქართულ დასში. იმავე შენობაში იყო ოსური დასიც, ერთ დღეს ერთი თეატრის სპექტაკლი იმართებოდა, მეორე დღეს - მეორესი.

სწორედ, თეატრში მოხდა პირველი შეხლა-შემოხლა ოსებსა და ქართველებს შორის.

მანამდეც მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, პირველად რაღაც რუკები რომ გამოჩნდა, რომელზეც  არ იყო აღნიშნული საქართველო. გვეუბნებოდნენ, ადრე საქართველო საერთოდ არ არსებობდაო. არადა, ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ეს სამხრეთ ოსეთი კი არა, შიდა ქართლი იყო. სულ რამდენიმე ასეთი, აგრესიული ლაპარკი მახსოვს, მაგრამ მახსოვს ბავშვობიდან.

მერე უკვე თეატრის წინაც იმართებოდა ანტიქართული მიტინგები. ერთხელ ისე გავნერვიულდი, სიზმარი ვნახე, თითქოს ევაკუაცია დაიწყო ცხინვალის პირველი საშუალო სკოლიდან. მაშინ თითქოს ვგრძნობდი, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო.

მაგრამ  მეგობრებთან, მეზობლებთან, ან ახლობლებთან ამის გამო პრობლემა არასოდეს არ შეგვქმნია. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ, ეს საოცრად მგძნობიარე, განათლებული, კეთილშობილი ხალხია.

მგონი 1989 წელი იყო, უცბად პაპაჩემმა პურის დაორცხობილება რომ დაიწყო. აწყობდა და აწყობდა ყუთებში. პაპა, რას აკეთებ-მეთქი, მე ვუთხარი. ესო დაგვჭირდებაო. მერე ჩემმა ოსმა მეგობარმა მითხრა: „მაკა, წადით დროზე ქალაქიდან, აქ არასოდეს არაფერი არ იქნებაო“. მაშინ ხმის ამოუღებლად მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ცუდში ვყოფდით თავს.

მერე თეატრის თავზე აღმართეს ოსური რესპუბლიკის დროშა. ჩვენ ვთქვით, მაშინ ქართული დროშაც აღმართეთ-თქო. თან ერთმანეთს ვეუბნებოდით, თეატრში არ არის პოლიტიკური დაპირისპირების ადგილი, თეატრი სიყვარულია, ეს გზაა, რომელიც ადამიანს აჩვენებს, როგორ იცხოვროს სიკეთით-თქო, მაგრამ, ერთ დღეს მაინც დახურული დაგვხვდა ქართული დასის სარეპეტიციო დარბაზი, ნინოს ჯვარი კიდე გატეხილი. არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ საწყენი იყო.

თეატრში ბოლოს „ბახტრიონი“ ვითამაშეთ. ვიღაცას გარეთ უთქვამს, იქ ქართულ ეროვნულ დროშას აფრიალებენო. სინამდვილეში, ეს ერეკლე მეფისდროინდელი დროშა იყო, სპექტაკლის რეკვიზიტი. როგორ შეეთანხმებინა მაყურებელთან რეჟისორს, რა დროშას გამოიყენებდა, როცა იმ ეპოქაზე დგამდა სპექტაკლს. დაიძაბა სიტუაცია. შუა სპექტაკლზე გვითხრეს, თეატრი შეიარაღებული ხალხითაა გარშემორტყმულიო. განწირულები ვიყავით. მერე ვიღაცამ დარბაზიდან „ჩემო კარგო ქვეყანას“ სიმღერა დაიწყო. არ ვიცი, თითქოს ასე ჩვენს ღირსებას ვიცავდით, თუ ეს იყო სასოწარკვეთის მომენტი. ვიდექით სცენაზე, ვმღეროდით და ველოდებოდით, როდის შემოვარდებოდნენ ჩვენს დასახოცად. მერე ვიღაცამ ქართველებს შეაგინა. მახსოვს, ერთი ოსი ბიჭი ადგა და უპასუხა „ვინც მე ქართველი დედა შემაგინოსო”... მაშინ გააცნობიერა ყველამ, რომ ან დედა ჰყავდა ქართველი, ან მამა, შეიძლება ბებია სომეხი, ან რუსი. იქ სულ შერეული ოჯახები იყო. მერე აჰყვნენ სხვებიც და ამ ბიჭის წყალობით განიმუხტა სიტუაცია.

23 ნოემბრის აქციის შემდეგ, პირველად დავტოვეთ ქალაქი, მაგრამ მალე დავბრუნდით. რამდენჯერმე ასე, დავბრუნდით და ისევ წამოვედით. [23 ნოემბერს, ეროვნული მოძრაობის ორგანიზებით, აქციაზე 15 ათასამდე ადამიანი ჩავიდა ცხინვალის შესასვლელთან. ნ.ლ.].

ერთხელ, მე და დედა ვიყავით ბინაში მარტო, ფანჯრები რომ შემოგვიცხრილეს. იმ დღეს სულ ხოხვით დავდიოდით, ისეთი სროლა იყო. მეორე დილას უკვე, თითქოს არაფერი, ისე იდგა დედაჩემი ჩალეწილ ფანჯარასთან და აუთოებდა. დედას რომ ვუყურებდი, მეც ვმშვიდდებოდი. მაგრამ საღამოს უკვე, ჩვენი ოსი მეზობელი შემოვიდა და გვეხვეწა, ქართველები, ყველანი ახლავე წადით, რუსები აპირებენ შემოსვლასო, თან ტიროდა. არავის არ ვემეტებოდით.

ქართული მილიციაც უკვე ცხინვალში იყო, ცალკე ქართული და ოსური ეროვნული მოძრაობის ლიდერები აქეზებდნენ ხალხს. 

მაშინ უკვე ყველგან ისროდნენ. მახსოვს, მე და ბიცოლა ქალაქიდან ფეხით გამოვდიოდით, უცბად ჩემი ძველი ოსი ნაცნობი რომ დავინახე, ქალაქის პროკურორად მუშაობდა. გვიცნო და უსიტყვოდ გვანიშნა, ახლავე გამომყევითო. ეს იყო რაღაცნაირი, თვალებითა და გულით საუბარი. ხიდამდე ვიარეთ ასე, ფეხით. მე და ბიცოლაჩემი უხმოდ მივდევდით უკან. ხიდს რომ გადავიდა, ჩვენ ჯერ შუაში ვიყავით და სროლა ატყდა. ავტომატებს ისროდნენ. ბიცოლა ადგილზე გაშეშდა. ფეხს აღარ იცვლიდა. მე ვკიოდი, გადმოადგი ფეხი, გეხვეწები-მეთქი. ის კიდე იდგა გაქვავებული. ფეხებთან გვეცემოდა ტყვიები. ბედი იყო ეტყობა, ან შეიძლება განგებ გვესროდნენ ფეხებში - არც ერთი არ მოგვხვედრია. ბოლოს ჩუმად ვუთხარი, მედიკო, გეხვეწები, მოკვდები შენც, მეც მოვკვდები, გთხოვ, წამოდი, შვილები გყავს-მეთქი.

მეორე მხარეს, იქვე ქართული მილიცია დაგვხვდა. იმათაც მოგვიშვირეს ავტომატები, ვინ ხართო. ვინ უნდა ვიყოთ, ადამიანები ვართ-მეთქი, დავუძახე.

დაწვრილებით

აქეთ რომ გადმოვედი, მერე გავიგე, რომ ჩემი თბილისელი მეგობარი გოგო უცემიათ. რამდენიმე დღით ადრე, ჩემთან სტუმრად იყო ჩამოსული. მერე რომ დაიძაბა სიტუაცია, მშობელმა ჩამოაკითხა და გამოვაცილეთ. მაგრამ გზა აერიათ და ოს ქალებს გადაეყარნენ. ისეთ დღეში ჩაყარეს, გოგოს თავი სულ კედელზე არტყმევინეს, აქ რა გინდათო. გაგიჟებული იყო უკვე ხალხი.

მერე დედაც გადმოვიდა, მაგრამ ბებია და ბაბუა არ წამოგვყვნენ, ჩვენ სახლში დავრჩებითო. აი, მაშინ გამოადგა პაპას დაორცხობილებული პური. სამი თვე გაჩერდნენ. ეგონათ, სახლს ასე დაიცავდნენ. ოცჯერ შეუვარდნენ გასაძარცვად, ბებიაჩემს ხელები დაუმტვრიეს, პაპას თავი გაუტეხეს.

ბოლოს, მძარცველებისგან ისევ ერთმა ოსმა ოჯახმა გადაარჩინა, მაგრამ აქეთ ვერ მოჰყავდათ. ისევ რუსი ჯარისკაცები ვიპოვნეთ, ფული გადავუხადეთ და იმათ გამოიყვანეს. დასახიჩრებულები იყვნენ. პაპას ოპერაცია გავუკეთეთ და ცოტა ხანს იცოცხლა, დიდხანს ვერ გაძლო აქეთ. ბებიას კი თვეები უშუშდებოდა დაჩეხილი ხელები, მაგრამ კარგა ხანს იცოცხლა.

მაშინ არ ვფიქრობდით, რომ სამუდამოდ მოვდიოდით. უცნაური შეგრძნება კი მქონდა, თითქოს, ვიმახსოვრებდი ყველაფერს ჩემს სახლში, ნივთებს ვაკვირდებოდი, ფანჯრიდან ვიყურებოდი, ოთახებს ვათვალიერებდი. ყველაფრის დამახსოვრება მინდოდა.

მერე წლები ვწვალობდი ძილში, სიზმარში ვცდილობდი სახლში შესვლას და ვერ შევდიოდი. საკეტს ვერ ვაღებდი. ბოლო სიზმარში როგორღაც გავაღე კარი და შევედი. თითქოს მაშინ ამოვისუნთქე. მას მერე იქაურობა აღარც დამსიზმრებია.

P.S. 1991 წელს გავხდით თუ არა დევნილები,  მაშინვე შევიკრიბეთ დასი თბილისში.
ცხინვალის თეატრი ახლა პეტრიაშვილის შვიდ ნომერშია განთავსებული. 27 წლის შემდეგ პირველად, შარშან გადმოგვეცა შენობა. ჩვენს სპექტაკლებზე სულ ანშლაგებია და მიხარია. ახალგაზრდებიც მოდიან. ეს ჩემთვის ნიშანია, ესე იგი მათ სათქმელსაც გამოვხატავთ. ყველაზე მეტად ეს მახარებს.

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტის ტრანსკრიპტზე იმუშავა მარიამ სისაურმა

ფოტო: მაკა გელაძის პირადი არქივიდან

თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა