ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი „კამანდა“

გიორგი გელოვანი,  57 წლის, საქართველოს მხედრიონის დაზვერვის ჯგუფის „ვაჩეს“ ხელმძღვანელი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ჯერ ცოცხალი იყო ზურა ჭავჭავაძე, მაგარი, ვაჟკაცი ბიჭი. 

პირველად რომ ვნახე, პარტიული მუშაკი მეგონა, მილიციის განყოფილებაში შევხვდით. ვხედავ დგას წარმოსადეგი ახალგაზრდა, მოვლილი წვერით, შარვალ-კოსტუმით და კითხულობს: როდემდე უნდა გამაჩეროთ აქ? ეს მილიციონერიც დგას და უყურებს. მეთქი, ბიჭო, ალბათ ვიღაცა ცეკატედან მოდიოდა, ჩვენ რუსთაველზე დაგვიჭირეს, შეკრება იყო. მეთქი, ჯიგარო, შენ ნუ გეშინია, გაგიშვებენ, ჩვენ ვიკითხოთ-თქო. რას მკადრებო, უცებ ჩაეკეტა. კინაღამ შევასკდით ერთმანეთს განყოფილებაში, მილიციამ გაგვაჩერა. 

აღმოჩნდა, რომ რაღაც საიდუმლო დოკუმენტები აქვს ზურას თავის დიპლომატში. ამას მეუბნება თამთა, ჩუმად, რო დაგვაშოშმინეს მერე, მერაბის გოგო კოსტავასი. მეთქი მაშინ დაიჭირე, ეგ დიპლომატი, გოგო ხარ, ვინმე თუ გეტყვის რამეს, ჩვენ დაგიცავთ-მეთქი. გამოართვა ზურას რაღაცნაირად ის ჩანთა. მოკლედ, გამოვედით, გამოიტანა დიპლომატი თამთამ და გარეთ დაუბრუნა ისევ ზურას. 

მერე რამდენჯერმე შევხვდი ზურას და სულ გვეცინებოდა იმ მილიციის ამბავზე. 



გიორგი გელოვანი -  მარცხნიდან  პირველი ზედა რიგში

როგორც კი პირველად დაიძაბა ცხინვალში, ზურა იმ ღამესვე, თუ დილა უთენია გაქანდა. ერთ დღეში ჩააწყნარა ამ ბიჭმა ყველაფერი. მაშინ ცხინვალში ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია იყო ადამონ ნიხასი. ნახა იმათი ხელმძღვანელობა, შეუთანხმდა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ და ადამონ ნიხასმა ერთობლივი წერილი დაწერეს - იქ თქვეს ჩვენ, ქართველებს და ოსებს ერთმანეთთან საომარი არაფერი გვაქვსო და გამოაქვეყნეს. 

დაწვრილებით

არც ზურას უნდოდა, არც ჭანტურიას, არც სხვებს, მაგრამ მაინც ჩაატარა ეროვნულმა მოძრაობამ 23 ნოემბერს ცხინვალის შესასვლელთან მიტინგი. რამდენიმე ათასი კაცი წაიყვანეს ავტობუსებით. მეც არ მომწონდა ეს ამბავი, მაგრამ მეორე საღამოს, ხუთ-ექვს მეგობართან ერთად მაინც ჩავედით. ვიბოდიალეთ ცხინვალში. ახლობლებთან დავრჩით. ვინც გარეთ ვნახეთ, ყველასთან კარგი სალამი გვქონდა. მერე მეთქი, ეს შვიდი კაცი ერთად რომ დავდივართ, გავიყოთ და ერთი 40-50 მეტრი მაინც ჩამოვრჩეთ ერთმანეთს. სანამდე არ დაბინდდა, ვიბოდიალეთ, არავინ არაფერს გერჩის, ზოგი იქეთ ბირჟავიკობს, კორპუსებთანაც ქალები დგანან ლაპარაკობდნენ, არასასიამოვნო სიტუაცია იყო, ზოგადად, მაგრამ სხვა არაფერი. 

უკვე დაღამებულზე ავედით ოჯახში, რომ პური ვჭამოთ.

ერთი სამი-ოთხი სადღეგრძელოს თქმა მოვასწარით და გარედან გავიგეთ ყვირილი.

დიასახლისი შემოვიდა რაღაც მოხდაო, ნუ გავვარდით ყველა. ცივა უკვე, ნოემბრის ბოლოა. ერთ ასიოდე მეტრში ჩოჩქოლია. მივვარდით და ქართველები არიან. აგერ ჩვენი ძმა დაჭრესო, მოკლესო, ყვირიან. ვინ დაჭრა და აი, იმ კამანდამო. თურმე ორი სასტავია ჩასული გორელების, ისე, როგორც ჩვენ ვიყავით. ოთხი-ხუთი კაცი აქედან, ოთხი-ხუთი კაცი იქედან. გადაეყარნენ ერთმანეთს, რაღაც გაუგებრობა მოუვიდათ და ერთმა მეორეს დანა გაუყარა. გადარჩა ის ბიჭი, ღვთის წყალობით. 

გადმოვედი დილას აქეთ და მეცნენ, ცოცხალი ხარო?

თურმე ჭორია წამოსული, ოსებმა ქართველებს დასცხეს და ღამე ქართველები დაუხოცავთ ცხინვალშიო. არადა, ქართველების ერთმა კამანდამ მეორეს დააყარა. სულ ეგ იყო.  

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ




ტექსტი: ნინო ლომაძე

ტრანსკრიპტი მოამზადა კესო კობიძემ 
ფოტო გიორგი გელოვანის პირადი არქივიდან