ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ორი ტყვიამფრქვევი | ვლადიმერ ძუცოვი, ცხინვალი

ვლადიმერ ძუცოვი, 55 წლის, ცხინვალი.  
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ომი ჩემთვის მაშინ დაიწყო, როცა ზვიად გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში. აქ ბევრი ირწმუნებოდა, ომი გამორიცხულია, საბჭოთა კავშირი ამას არ დაუშვებსო. 

ბოლოს მაინც გადაწყვიტეს იარაღზე ეზრუნათ. მსხვილი კალიბრის ორი ტყვიამფრქვევი ვიშოვნეთ, სამხედროებისგან ვიყიდეთ. ვერტმფრენიდან მოხსნეს. ხელით სროლისთვის უნდა გადაეკეთებინათ. 1991 წლის, 7 იანვარს მე უკვე აკა 5-45 მქონდა. მაშინ ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო.

ჩემი სახლიდან ქალაქში შემოსასვლელი ჩანდა. დილას დავინახეთ  იკარუსების მთელი კოლონა მოდიოდა. მეგობართან გავიქეცი, ავტომატს მასთან ვინახავდი. თავისი პლაში მომცა, ავტომატი რომ შიგნით დამემალა. მოვასწარი და ქართველების კორდონს ავცდი. ჩემი უბანი უკვე დაკავებული ჰქონდათ. ერთ მოკლულზეც ლაპარაკობდნენ ცხინვალში. 

წავედი, რომ მენახა ქალაქში რა ხდებოდა. ქართველებს ბაზარი და ბიბლიოთეკაც დაეკავებინათ. ბიჭები შემხვდნენ, ერთმანეთი მოვიკითხეთ: მე ვუთხარი საბჭოთა და რუკსკის ქუჩების კუთხეში დადექით და 12 საათზე ჰაერში დაუშვით-მეთქი. 

დაწვრილებით

უცბად ჩემთან ორი ბიჭი მოვარდა, აღელვებულები. დამინახეს ავტომატი პლაშის ქვეშ და ჩხუბი დამიწყეს: „ამოიღე ეგ იარაღი, რამდენი ხანი უნდა მალო? გვკლავენ და თქვენ კიდევ იარაღს მალავთო?“ ავტომატის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ. გადავტენე. ეზოებში ბევრი ხალხი იყო, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ვიღაცამ დამიძახა, ბიბლიოთეკის სახურავზე სნაიპერი ზისო. ადგილი გამოვიცვალე. მერე იმ ბიჭებმაც ატეხეს სროლა. მე ავტობუსებს დავუშვი, საბურავებში. ყველა გამოცოცხლდა. ვაგრძნობინე, რომ ცეცხლის გახსნა უკვე შეიძლებოდა. 

ჩემთან მოდიოდნენ დასახმარებლად, თან მოჰქონდათ ტყვიები. სხვა იარაღის ტყვიები იყო, მაგრამ ხალხს იარაღი არ ჰქონდა და ვისაც როგორ შეეძლო, ისე გვეხმარებოდნენ. რაც არ უნდა მეთხოვნა, ყველაფერს სწრაფად და ზუსტად აკეთებდნენ - მოლოტოვის კოქტეილის მომზადება იქნებოდა, თუ დადარაჯება, ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდნენ. რამდენი გავისროდი, ეზოებში ხალხი ტაშს უკრავდა. მერე ჩემმა მეგობრებმა ტყვიამფრქვევი მეხუთე სართულზე აათრიეს, გმირების და ხარებოვის ქუჩების კვეთაზე და იქიდან მოისმა რამდენიმე დაგუგუნება. მაგრამ ეგ ტყვიამფრქვევიც არ მუშაობდა წესიერად. გმირების ქუჩაზე, სადგურიდან მალე წამოვიდნენ რუსი სამხედროები BRDM-ზე, ხმის გამაძლიერებლებში მოგვიწოდებდნენ ცეცხლი შეწყვიტეთო.

ასე გავიდა პირველი დღე, მეორე დღე. ღია შეტაკებებამდე არ მიდიოდა ჯერ საქმე. ბოლოს, როგორც იქნა ტყვიამფრქვევებიც შევაკეთეთ. დავიწყეთ იარაღის მოგროვება. სანამ შემოიჭრებოდნენ, ხო ქართველებმა გაზიდეს მთელი იარაღი. უშიშროება მაგათ ხელში იყო მაშინ. ამიტომ, ყველაფერი გვაწყობდა, სამხედრო სასწავლებლებიდან და სკოლებიდანაც გამოჰქონდათ იარაღი. გადააკეთებდნენ ისე, რომ სამჯერ-ოთხჯერ მაინც გაისროლა.

აი, ეგრე დაიწყო ომი. 

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

______________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან