ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #90-იანები

პანტერა | ინტერვიუ ლია ბედოშვილთან

დისიდენტობის ინსტრუქციები

ზვიადი რომ გარდაიცვალა, მე და დედამ საშინლად ვიტირეთ. მიუხედავად ყველაფრისა, შეგვეცოდა. გამახსენდა, როგორ შევხვდით პირველად ერთმანეთს. უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი თუ არა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დისიდენტური საქმიანობის ამბავი გავიგე და მათი ძებნა დავიწყე. სამჯერ თუ ოთხჯერ ვიყავი მე-5 კორპუსში ზვიადის სანახავად, მაგრამ ვერაფრით მოვიხელთე. ერთხელაც ტერენტი გრანელის დაბადების დღისთვის მე და ჩემი თანაკურსელი ქოთნის იებს ვეძებდით, რომ ტერენტის საფლავზე დაგვერგო, ვერსად ვერ ვნახეთ და ბოლოს მწერალთა კავშირში მივედით, მაგრამ იქაც იმედი გაგვიცრუვდა. ვდგავართ, რაღაცაზე ვიცინით, კიბეებზე ჩამოდის ზვიადი. პირდაპირ ჩემკენ გამოემართა და ჯიქურ მეკითხება: „ვინა ხართ?“ – მე ლია ვარ და თქვენ ვინა ხართ-მეთქი, ზვიადი ვარო, გამსახურდია, რატომღაც ვერ დავიჯერე, კგბ-ს ფანდი მეგონა და უკმეხად ვუთხარი: მეფე გიორგის მიგიგავს-მეთქი წვერი… გაეცინა და ხელი პიჯაკის ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ შევაჩერე, კონსტანტინესეული თვალებით ვიცანი. ვუთხარი, რომ იებს ვეძებდით ტერენტის საფლავზე დასარგავად. „მწერალთა კავშირში კაცს ვერ გაუხარნია და ია იხარებსო?“ – გაეღიმა. კოლხური კოშკიდან ჩამოიტანა ქოთნით იები, თავად წაგვიყვანა მანქანით პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, თავადვე ამოთხარა მიწა და ჩარგო იები.

ზვიადთან და მერაბთან ერთად დავიწყე ბრძოლა ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ. მაშინ 17 წლის ვიყავი. ჩემი ფუნქცია სტუდენტებსა და ახალგაზრდობასთან კავშირი იყო. ამ დროს გამოდიოდა ჟურნალი „ოქროს საწმისი“, რომლის გავრცელებაც ძალიან უჭირდათ. ფილოლოგიის ფაკულტეტზე სამოცდაათამდე სტუდენტი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ რვა თუ ცხრა კაცი ვავრცელებდით აკრძალულ ლიტერატურას. ბევრი ჩემი კურსელი და მეგობარი ჩავრთე დისიდენტურ მოძრაობაში: თემურ ქორიძე, ლევან ბერძენიშვილი, გია ხომერიკი, უშანგი გაბიტაშვილი, თემურ ნუცუბიძე, მერაბ აბაშიძე და სხვები პერმანენტულად ვავრცელებდით „ოქროს საწმისსა“ და „საქართველოს მოამბეს“, ასევე კომუნისტური რეჟიმისგან აკრძალულ ლიტერატურასა და პროკლამაციებს.

ორი დიდი დილემა იყო დასაძლევი: ქვეყნის საბჭოური იდეოლოგიური წნეხისაგან გათავისუფლება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. იმედით სავსენი ვიყავით, გვწამდა, რომ მუხლჩაუხრელი მუშაობითა და სულის მედგრობით მიზანს აუცილებლად მივაღწევდით და რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი გახდებოდა.

იმის ამბიცია ვერ გვექნებოდა, რომ ჩვენ, ინდივიდუალურად საბჭოთა კავშირს დავანგრევდით. მაგრამ შეგვეძლო, 93-ე აუდიტორიაში ხმამაღლა გველაპარაკა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, გაგანია კომუნისტების დროს. შეგვეძლო ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა ლექსების წერა. შეგვეძლო პროკლამაციების გავრცელება… რომელზეც ეწერა
„ქართველებო, დაფიქრდით, ჩვენი სამშობლო საბჭოთა რუსეთის ვასალია, გამოფხიზლდით და ჩვენს გამათავისუფლებელ ბრძოლას შემოუერთდით! გაუმარჯოს დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოს!“

რაის შიში, ვიცოდით რასაც ვაკეთებდით. თემურ ნუცუბიძე 93-ე აუდიტორიაში თავის გამოსვლას მუდმივად ასე იწყებდა: „კიდევ ერთხელ ვკითხულობ, რა უნდა ბრეჟნევის სურათს ამ აუდიტორიაში და ჩვენს სამშობლოში?! როდემდე უნდა ვუყუროთ ამ რუსის სრულიად უაზრო და გაბიჟვინებულ სახეს?!“ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა ლაპარაკს თავისუფლებაზე.

ჩვენი სტრატეგია ხალხის გამოფხიზლება იყო, რომ რაც შეიძლება ბევრს დაენახა ჩვენი ქვეყნის დამცირებული ყოფა.

მივდიოდით თეატრში, ანტრაქტის დროს სკამებზე ვდებდით აკრძალულ ლიტერატურას და ვუჩინარდებოდით. ვისაც უნდოდა, რა თქმა უნდა, ჩუმად აიღებდა ამ ლიტერატურას. თეატრებში გონიერი და მოაზროვნე ხალხი დადიოდა.

კინოში სანამ ფილმი დაიწყებოდა, მანამდე შევძვრებოდით ხოლმე დარბაზში, ორ-სამ ადგილას დავდებდით პროკლამაციებს და გამოვდიოდით. ხალხი რომ შედიოდა, სულ ბოლოს შევდიოდით ჩვენ. ვითომ იქ მანამდე არც ვყოფილვართ.

უნივერსიტეტში მივიტანე „არქიპელაგი გულაგი“ და „ოქროს საწმისი“, წიგნები უშანგი გაბიტაშვილს მივეცი, რომ ნაცნობ-მეგობრებში გაევრცელებინა. თან მცირე ტირაჟით გამოდიოდა და იმის ფუფუნება არ გვქონდა, რომ ვინმესთან დიდხანს დაგვეტოვებინა. მხოლოდ ერთი ან ორი ღამით შეეძლოთ ჰქონოდათ და მერე სხვისთვის უნდა გადაეცათ. მაშინ ცნობებიც არ იყო საერთოდ. არსად არ მჟღავნდებოდა, არავინ იცოდა, რა მოხდა თებერვალში, როგორ შემოვიდნენ რუსები, როგორ დაგვიპყრეს, იუნკრების ამბავიც კი არ იცოდნენ. ამ ცნობებს ვავრცელებდით. ეს იყო ჩვენი სტრატეგია. ხალხი გამოფხიზლებულიყო და მიმხვდარიყო, რომ 1 მაისისა და 9 მაისის აქციებზე რომ დადიხარ, სინამდვილეში ეს არის დამპყრობლისგან თავსმოხვეული.

დისიდენტების ინსტრუქციას ვიცავდით სულ. მაგალითად,  დახურულ შენობაში არასოდეს ვსაუბრობდით, ფურცელზე ვწერდით სათქმელს და ბოლოს ვწვავდით; ლიტერატურა კონსპირაციულ ბინაში რომ გადაგვქონდა, მანქანას ყოველ 500 მეტრში ვაჩერებდით, რომ გვენახა, მოგვყვება თუ არა კგბ-ს კუდი.

კიდევ ერთი კანონი, რომელიც, სხვათა შორის, ზვიადმა არ შეასრულა და დაარღვია. სანამ ის წყობა არ დაინგრევა, სანამ იმ წყობას არ ჩამოშლი, რასაც ებრძვი, იქამდე მთავრობაში მოსვლა არ შეიძლება! არადა, ზვიადის დროს, კომუნისტური წყობა ჩამოშლილი ჯერ კიდევ არ იყო. ქვეყნის სათავეში ის კი არა, აღმშენებელი ძალა უნდა მოსულიყო. ეს დისიდენტობის საერთაშორისო კანონია, მხოლოდ საქართველოსი კი არ იყო, ამას თვითონ ზვიადი და მერაბი მიხსნიდნენ.

კიდევ ერთი: დისიდენტურ სტრუქტურებს რგოლური პრინციპით ვაყალიბებდით, მთავარ რგოლში ხუთი კაცი ვიყავით, თითოეულს ჩვენ-ჩვენი ხუთკაციანი რგოლები გვქონდა, მათ კი თავიანთი რგოლები, ისინი მთავარი რგოლის ან სხვა რგოლების წევრებს არ იცნობდნენ და ჩავარდნის შემთხვევაში, ნაკლებს დააპატიმრებდნენ. დაჭერის შემთხვევაში, დაკითხვისას დისიდენტის აპრობირებული პასუხი კი ასეთი იყო: „უარს ვაცხადებ პასუხის გაცემასა და კითხვის მოსმენაზეც კი“. მეც ასე მოვიქეცი.

მერაბი და ზვიადი ერთ დღეს აიყვანეს.

სარკესთან ვდგავარ და თვალებს ვიღებავ, უნივერსიტეტში მეჩქარება სადიპლომოს დაცვაზე. კარზე კაკუნია. დედა მეუბნება: ორი უცხო კაცია შენთანო. კგბ-დან იყვნენ, წიგნაკები მაჩვენეს და გამოგვყევითო, მითხრეს. თვალის შეღებვის დრო თუ მაქვს-მეთქი. კი, ბატონოო. სარკესთან ვდგავარ და ვფიქრობ, აშკარად მაკავებენ. გადავწყვიტე, დისიდენტური პასუხი ამერჩია, იგივე დუმილის უფლება.

ჩამსვეს მწვანე ჟიგულში, ქოქავენ და ვერ ქოქავენ. წვალობენ, გულიანად ვიცინი: თქვენს დიად საბჭოეთში ყველა მანქანა სახელმწიფოს მანქანიანად მოშლილი რომ არის, თუ ხვდებით-მეთქი. როგორც იქნა, დაქოქეს და მიმიყვანეს ხაზალიასთან. სახლში კი იმ დღესვე ჩხრეკა ჩატარდა, ამოიღეს „არქიპელაგი გულაგი“, „გველის პერანგი“ და დისიდენტური ლიტერატურა.

დაკითხვაზე უნდა მეთქვა, რისთვის ვიბრძოდი და ვისთან ერთად. ამ დროს ძალიან კარგი თავის გასამართლებელი მქონდა უკვე. სკოლიდანვე შემჩნეული ვიყავი ანტისაბჭოთა ლექსების წერაში, კომკავშირიდანაც გარიცხული. ზვიადს დარიგებული ვყავდი და ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. უფრო დიდი სროკი იქნებოდა, რომ მეთქვა, საბჭოთა სისტემას ვებრძვი, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი-მეთქი. ამიტომ ჩვენებაში დავწერე, რომ არც ზვიადსა და არც მერაბს ანტისაბჭოთა მოძრაობაში არ ჩავუთრევივარ. ბავშვობიდანვე ამ სულისკვეთებით ვარ, შეგიძლიათ სკოლაში მოიკითხოთ-მეთქი. თუ რამეს ვაკეთებდი, პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო და არა ვინმეს დავალება.

ხაზალიასთან კონფლიქტის გამო, ის ქარქაშაძით შემიცვალეს.

პირველ ჯერზე ვერაფერი გამოდნა ჩემგან. მეორე დაკითხვაზე სხვაგვარად მომიდგნენ, წინ ზვიადის მონანიებითი ჩვენება დამიდო. ამ ჩვენებაში ბევრი რამ ისეთიც იყო, რაც მხოლოდ მე და ზვიადმა ვიცოდით. მაგალითად, პროკლამაციებს წინდებში რომ ვმალავდი, თანაც მის ჩვენებაში ეწერა, რომ ანტიკომუნისტურად განწყობილი ოჯახის შვილი ვიყავი. გაოცებული დავრჩი, რადგან თავად მარიგებდა, მსგავსი არაფერი მეთქვა. ვკითხულობდი ზვიადის ჩვენებას და თან ვფიქრობდი, ვის შეიძლებოდა სცოდნოდა ეს ამბები. იქნებ კგბ დაგვსდევდა. ქარქაშაძეს ვუთხარი: ვიცი თქვენეული მეთოდები, ზვიადისა და ეროვნული მოძრაობის გასვრა გინდათ, მაგრამ არაფერი გამოგივათ, ნუ გგონიათ, რომ ეს ჩვენება გამტეხს და ცუდს მათქმევინებს-მეთქი ჩემს თანამებრძოლებზე.

ზვიადის სატელევიზიო მონანიებამ გამანადგურა, არსებობის მრცხვენოდა. მერე მერაბი ციმბირში გაამწესეს, მონანიებული ზვიადი კი, კაჩუბეიში ბიბლიოთეკარად. იქიდან რომ ჩამოვიდა, მე აღარ ველაპარაკებოდი. ერთხელაც საჯაროს სამკითხველო დარბაზში მომაკითხა: გაიღო კარი და შემოვიდა კაცი დიდი ყვავილების თაიგულით, ზვიადი იყო. მომიახლოვდა და ჩურჩულით გარეთ გასვლა მთხოვა.

რა თქმა უნდა, გავედი. მეუბნება: მე ვიცი, რომ შენ ჩემზე ნაწყენი ხარ, ვიცი, რომ ჩემთან საუბარი და ურთიერთობა აღარ გინდა, მაგრამ რა მექნა, ეს იყო უკან დახევის ტაქტიკა. აბა, ამ ორმილიონიან ლაშქარს ხომ არ შევაწყვეტდი წითელ ურჩხულსო. ...რომელი ორმილიონიანი ლაშქარი ჩვენ გვყავს-მეთქი, ვუპასუხე. ხალხსა და ქვეყანას ახლა უკან დახევის ტაქტიკა კი არა, შენგან თავგანწირვის, კაცობის, ვაჟკაცობის ცოცხალი მაგალითი სჭირდებოდა და მეტი არაფერი, მაგრამ შენ ეს ვერ გააკეთე. ამიტომ ჩვენს შორის ყველანაირი კავშირი გაწყვეტილია, მე შენ ცხოვრებაში აღარ დაგელაპარაკები-მეთქი… ასეც მოხდა. გამოვბრუნდი და წამოვედი. ეს იყო და ეს, მას შემდეგ ზვიადს აღარ დავლაპარაკებივარ.

ნი გრუზინკა, ა აფხაზკა

ნოემბრის მიტინგია, შიმშილობა. ზვიადი ამბობდა, ეგენი აფსუებია, აფხაზები არ არიანო. სამწუხაროდ, ეს აიტაცეს ქართველებმა და ისინიც გაიძახოდნენ, მაგ აფსუებს ვუჩვენებთ სეირს, ერთი სტადიონი ხალხია, გავყრით ყველას, აფხაზეთი ჩვენიაო. ეს განგებ დანაშაული იყო, თუ უბრალოდ სიბეცე, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად აქედან დაიწყო არეულობა. შეიძლება ხმამაღლა ამის თქმა სწორიც არ იყოს, მაგრამ გააზრებისთვის აუცილებელია.

სოხუმში, უნივერსიტეტთან ქართველებისა და აფხაზების პირველი შეტაკება რომ მოხდა და ვოვა ვეკუა მოკლეს, აფხაზები დედაბუდიანად აიყარნენ და გუდაუთას შეაფარეს თავი. იქვე შეიქმნა აფხაზური შტაბი, რომელსაც ოზგანი ხელმძღვანელობდა. ჩვენი ბიჭები ღალიძგას ხიდს იყვნენ მომდგრები და მერაბ კოსტავა აჩერებდა, რომ გუდაუთისკენ არ წასულიყვნენ. ზღვა ხალხი იყო. მერაბსაც და ყველა ქართველს გვესმოდა, რომ ეს დაპირისპირება რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული და თუ ფართომასშტაბიანი ომი გაიშლებოდა, უბედურებას მოგვიტანდა ქართველებსა და აფხაზებსაც. რუსეთს კი კაი ლუკმას დაათრევინებდა. რამე უნდა გვეღონა.

თბილისში ვარ, კინოს სახლში, „ეროვნული ფორუმის“ შტაბში, პუპუზასთან – ნოდარ ნათაძესთან. მეუბნება, რომ მოლაპარაკება არ ხერხდება. გუდაუთის აფხაზური შტაბიდან შემოუთვლიათ, არავითარ მოლაპარაკებაზე არ წამოვალთ და თუ ვინმეს გამოგზავნით, ადგილზევე მოვკლავთო. ნოდარს ვთხოვე, იქნებ მე გამაგზავნოთ, სადაც კაცი ვერ შედის, ეგება ქალმა შეაღწიოს-მეთქი. აფხაზებსა და ქართველებს მსგავსი ადათ-წესები გვაქვს და არა მგონია, ქალს შეურაცხყოფა მიაყენონ. ბატონი ნოდარი ჩაფიქრდა, მივხვდი, იდეა მოეწონა. საბოლოოდ, მაინც დავითანხმე.

მანქანა გამოყო და ღამით გასულები, დილის 6 საათზე ზუგდიდის სასტუმროს მივადექით, სადაც მერაბი იყო. ათასი არგუმენტი მოვიყვანე, მოლაპარაკებაზე რომ გავეშვი. ბოლოს და ბოლოს, ასეც ვიღუპებით და ისეც, ცდა კი ბედის მონახევრეა-მეთქი. გამოყო მანქანა სოხუმში წასასვლელად, თუმცა, იმედი ჰქონდა, რომ გუდაუთაში ვერ შევაღწევდი და მოვბრუნდებოდი.

ჩავაღწიეთ სოხუმში. კომენდანტის საათია, სიტუაციას მარშალი შატალინი აკონტროლებს, კომენდანტი კი გენერალი ლოგვილოვია. საიდან, როგორ და რანაირად, არ ვიცი, ალბათ, ბედის წყალობით შევაღწიე შატალინთან. ვეუბნები, რომ ვარ ქართველი ჟურნალისტი, რომ ვიცი, იმ დღეს გუდაუთაში დაგეგმილია აფხაზთა აქტივის კრება და ოზგანის პრესკონფერენცია; მიწვეულები არიან რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებები, მაგრამ ქართული მხარის ჭაჭანიც კი არ არის. დავარწმუნე, რომ ქართველებს, როგორც დიადი საბჭოეთის ნაწილს, უფლება გვქონდა გვცოდნოდა, რა ხდებოდა გუდაუთაში. დავითანხმე. მაშინვე დაურეკა გენერალ ლოგვილოვს, რომელმაც რომ გაიგო რაც ხდებოდა, იყვირა, ეს შეუძლებელიაო, მაგრამ შატალინმა მოკლედ გამოსცრა: „ეტო პრიკაზ!“ და დაკიდა ყურმილი.

ლოგვილოვის მერსედესში მძღოლი, სამი შეიარაღებული ჯარისკაცი და თავად ლოგვილოვი ჩასხდნენ, ჩვენთვის კი ტაქსი გააჩერეს. მირჩიეს, უკან ჩავმსხდარიყავით, აქეთ-იქიდან კი ავტომატიანი ჯარისკაცები მოგვისხდებოდნენ, გზაზე ისროდნენ და მგზავრობა საშიში იყო. უარი ვუთხარი, ჯერ იმიტომ, რომ ჩემს მიწაზე დაცვა არ მჭირდებოდა, მერე მძღოლი აბსოლუტურად დაუცველი რჩებოდა.

მძღოლის გვერდით დავჯექი და გავეცანი, მახსოვს, საშკა ერქვა.

წინ მიდის ლოგვილოვის მერსედესი და უკან ჩვენი ტაქსი მიჰყვება. გზაზე წყაროსთან შევჩერდით, წყლის დასალევად დავიხარე და დაჟინებული მზერა ვიგრძენი, ავიხედე, ანქვაბი იყო. მან ძალიან კარგად იცოდა, რა ჟურნალისტიც ვიყავი. მიტინგებზეც ვუნახივარ. გავუღიმე, თითქოს ამ ღიმილით ვკითხე, გამცემდა თუ არა. თავი გააქნია, არ გაგცემო და გამშორდა. რომ ეთქვა ვინ ვიყავი, აუცილებლად დამხვრეტდნენ.

გუდაუთაში ჩავედით. რაიკომის შენობის დარბაზში პირველ რიგში დაგვსხეს. გამომსვლელები ერთმანეთის მიყოლებით აგინებენ ქართველებსა და საქართველოს, ჩუმად ვარ და ტუჩს ვიკვნეტ, ოზგანის გამოსვლას ველოდები. გამოვიდა ოზგანი და ამბობს, რომ ნახევრად შიშველი ქართველები თავს დაესხნენ აფხაზ ქალებსა და ბავშვებს (ქართველებმა წელსზევით გაიხადეს, რომ ერთმანეთი ეცნოთ), წამოვდექი და ვიყვირე: როგორ არა გრცხვენიათ, ეს ხომ სიცრუეა და გამიზნული დეზინფორმაცია-მეთქი. დარბაზი ჯერ გაისუსა, მერე კი ვიღაცამ იყვირა: „ზდეს გრუზინი!“ დარბაზისკენ მივტრიალდი, „ზდეს ნე გრუზინი, ზდეს გრუზინკა“-მეთქი. გარშემო შემომეხვივნენ, ხელები სახესთან მოჰქონდათ, ვიდექი და ვფიქრობდი: „არაფერია, ჩემო თავო, ერთხელ გავჩენილვარ და ერთხელ მოვკვდები“. ორჯერ ვარ დახვრეტაზე გაყვანილი და ორივე ჯერზე ბრაზმა გადაფარა შიში. უფრო გაბრაზებული ხარ, ვიდრე შეშინებული. უცებ ოზგანმა ხელით ანიშნა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა, სცენიდან ჩამოვიდა და მომიახლოვდა. მკითხა, ვინ ვიყავი და რა მინდოდა ამ დარბაზში; ვუთხარი, რომ მერაბ კოსტავას გამოგზავნილი ვარ, რომ ჩვენ შორის მოლაპარაკება ერთადერთი გონივრული ნაბიჯი იყო და რომ ამ კონფლიქტის გამწვავება ორივე მხარეს უბედურებას მოგვიტანდა. მაშინვე გასცა ბრძანება, რომ კაბინეტი გაემზადებინათ მოლაპარაკებისთვის.

კაბინეტში გრძელი მაგიდა იდგა. მაგიდის თავსა და ბოლოში ოზგანი და მე დავსხედით. ჩანაწერის გასაკეთებლად შემოიტანეს იაპონური მაგნიტოფონი. ეს ის პერიოდია, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმია. რუსეთზე რამე რომ წამოგცდეს, ჩათვალე, მოლაპარაკება ჩაშლილია. ბეწვის ხიდზე გავედი, მაგრამ წამგებიანი სიტყვა ვერ დამაცდენინეს. როგორც ტყვიას ტყვიაში, ზუსტად ისე ვსვამ სიტყვას სიტყვაში.

ოზგანს ვურჩიე, ვერტმფრენით გადაეფრინა ღალიძგას თავზე და ენახა, რაც ხდებოდა. ავუხსენი, რომ შეიარაღებულ ზღვა ქართველობას მერაბი აკავებდა.  ოთხსაათ-ნახევარი გაგრძელდა მოლაპარაკება.

ოზგანი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტასა და მერაბის გუნდთან მოლაპარაკებების დაწყებას. მერაბის დანაბარები გადავეცი, რომ ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლეოდით, რომ აფხაზები თავიანთ სახლებში უპრობლემოდ დაბრუნდებოდნენ. ოზგანმა მოლაპარაკებების მზაობაზე წერილობითი თანხმობაც გამომატანა.

კაბინეტიდან გამოვდივარ, კარებში მამა შამბა მხვდება და მეუბნება: „ვი ნე გრუზინკა, ვი აბხაზკა!“, იმიტომ რომ ასეთი გმირობა მხოლოდ აფხაზ ქალებს შეუძლიათო. ჩვენ ერთნი ვართ, ერთი ძირი გვაქვს და ყველანი გმირები ვართ-მეთქი.

აფხაზებმა პირობა ჩამომართვეს, რომ რაც გუდაუთაში მოხდა, ყველაფერს ობიექტურად და მიუკერძოებლად დავწერდი. ჩამოვედი თუ არა თბილისში, „ახალგაზრდა კომუნისტში“ ვრცელი სტატია გამოვაქვეყნე სათაურით „ვიყოთ ობიექტურნი“, სადაც დეტალურად აღვწერე, როგორ მიმიღეს, რა მოლაპარაკება შედგა და ბოლოს როგორ მიმასპინძლეს „ფაცხაში“.

ეჰ, მერაბის სიხარული უნდა გენახათ, ეს ამბავი რომ ჩავუტანე ზუგდიდში.

მხედრიონი

ერთ დღეს ჯაბა იოსელიანი, რომელსაც ნიჭიერ სცენარისტად და მეცნიერად ვიცნობდი, მის ქურდულ წარსულზე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა მაშინ, მოვიდა ჩემთან და მითხრა: „ლია, მინდა შევქმნა პირველი ქართული სამხედრო შენაერთი, სახელად „მხედრიონი“ და ამაში ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერა მჭირდება. გთხოვ, ნიკო ჭავჭავაძეს დაელაპარაკო და ამ საქმეში დამეხმაროთო“. ნიკო ჭავჭავაძე მამასავით მყავდა. დაველაპარაკე ნიკოს, ვუთხარი, რომ ვეთანხმებოდი პირველი ქართული სამხედრო შენაერთის შექმნის იდეას. 200 წლის განმავლობაში, რუსეთის ხელში, ქართული სამხედრო შენაერთი არ გვქონია.

ნიკომ, გიორგი ციციშვილს დაველაპარაკოთო და წავედით მასთან. მანაც მოიწონა ეს იდეა. შევკრიბეთ მაშინდელი ინტელიგენცია და ვიმსჯელეთ, უნდა შექმნილიყო თუ არა „მხედრიონი“. ავწონ-დავწონეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა და მოგვიანებით უკვე ჯაბაც მოვიპატიჟეთ. მან თავისი გეგმა გაგვაცნო: რა ფუნქცია ექნებოდა ასეთ სამხედრო შენაერთს, ვისი დაფინანსების იმედი უნდა გვქონოდა, ვინ იძლეოდა შემოწირულებას და კონკრეტულად რამდენს. ჩვენ ეს აუცილებელ საქმედ გვეჩვენა. ჰოდა, ქართულმა ინტელიგენციამ დასტური თქვა „მხედრიონის“ შექმნაზე.

მახსოვს, უნივერსიტეტის ეზოში შეიყარნენ სამშობლოსათვის გულანთებული, ნაკითხი, პატრიოტი ბიჭები, რომლებიც შეგნებულად გახდნენ „მხედრიონელები“. იცოდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი ახლოვდებოდა და მათი ძალისხმევა ქვეყანას სჭირდებოდა. ასეთი ბიჭები იყვნენ პირველი მხედრიონელები.

სხვათა შორის, მათგან აფხაზეთის ომის შემდეგ ცოტა გადარჩა. მართლა თავგანწირვით იომეს ბიჭებმა და უმრავლესობა აფხაზეთის მიწაში ჩაწვა.

მერე აირია სიტუაცია. ჯაბას გვერდით კრიმინალური მენტალიტეტის „ძველი ბიჭები“ მიხვდნენ, რომ იარაღით ფულის შოვნა შეიძლებოდა. დაიწყო წილებში ჩაჯდომა, რეკეტი, დაყაჩაღება, გაჩნდნენ საქმოსანი „საძმოები“. ამ დროისთვის ჩემთან ბევრ რამეზე აღარც ლაპარაკობდნენ. ეშინოდათ, რომ ხმამაღლა ვიტყოდი. უკვე ცხადი გახდა, რომ ეს სამეული (ჯაბა, თენგიზ კიტოვანი და მეორე თენგიზი) მოსაშორებელი იყო, თორემ საქართველო დაიღუპებოდა.

მერე რეები ჩავიდინე, მაგას ახლა ვერ გეტყვით, ალბათ, ჩემს მემუარებში დავწერ და დავაწერ: გახსენით ჩემი სიკვდილის შემდეგ. სხვა გზა არ მაქვს. ჩემი შვილების მეშინია, ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.

90-იან წლებში მეც სხვა ქართველებივით მშიოდა, მციოდა და ჯიხურების ვალი მახრჩობდა. ქმარი აღარ მყავდა და სამშვილიან ოჯახს თავი ძლივს გაგვქონდა.

ოჩამჩირე და „თეთრი ლაშქარი“

აფხაზეთის ომში საქართველომ გენოფონდი დაკარგა. საყოველთაო გაწვევა არ იყო, მოხალისეები იბრძოდნენ, ვისაც სამშობლო თავზე მეტად უყვარდა, ყველაზე მამაცები და ქვეყნის ყველაზე დიდი ჭირისუფლები წავიდნენ ამ ომში. პაპისეული თოფებით შეიარაღებულები, ჩაუცმელ-დაუხურავები. ფეხსაცმელში რომ წყალი შესდიოდათ. 17-18 წლისანი ოჯახებიდან იპარებოდნენ, იარაღი თვალით რომ არ ენახათ.

მახსოვს, 16 წლის ტყუპები იბრძოდნენ ოჩამჩირეში, მალე მათი მამა ჩამოვიდა, ცოტა ხანში პაპაც შემოუერთდათ და ყველა ერთად იბრძოდა.

ოჩამჩირეში რომ ჩავედი, იქ მივხვდი, რომ აფხაზეთში გაგანია ომია და დანარჩენი საქართველო ამას ვერ გრძნობს. ტელევიზორში „მაცნესა“ და დაღუპული ბიჭების ფოტოების შემდეგ, ტაშ-ფანდური, დუბაის რეკლამები გადიოდა. თბილისი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. მებრძოლთა სახელებსაც აგდებით ახსენებდნენ.

მამამ პატარაობიდანვე იარაღის ხმარებას შემაჩვია. გვარიანად ვისროდი. ახალგაზრდობაში ტირში ბევრჯერ ნაძლევიც მომიგია. ვეღარ ავიტანე პირტიტველა ბიჭების დაღუპვა, ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ბავშვები ქმარსა და ძიძას დავუტოვე, დავკარი ფეხი და ოჩამჩირეში გავიპარე.

ჭადრაკის სასახლიდან გადიოდა ავტობუსი. „ვალტერი“ მქონდა. გზად დამწვარი ავტობუსები და მანქანები გვხვდებოდა. ოჩამჩირეში რომ ჩავედი, ბიჭებს ალალად გაუხარდათ. პანტერ, ასე გვგონია ღმერთსაც კი დავავიწყდით და შენმა ჩამოსვლამ იმედი გააჩინა, რომ საქართველოს კიდევ ვახსოვართო.

შენ ვინ გაომებს, შენ ლექსები უნდა წეროო. მარტო რამდენიმემ იცოდა, თამარაშენში იარაღით რომ ვიდექი, სამაჩაბლოს ომში. გამოცდილი მებრძოლია, გაჩერდით, ტურისტი არ გეგონოთო, ეუბნებოდნენ ერთმანეთს.

საღამოობით სუფრასაც მივუსხდებოდით ხოლმე. დაღუპულ ბიჭებსაც ვიხსენებდით და ვმღეროდით კიდევაც. რატომღაც „თეთრი ლაშქარი“ მქონდა ამოჩემებული. მიხო მოსულიშვილმა აფხაზეთის ომზე პიესა დაწერა „თეთრი ლაშქარი“, პიესის გმირი შავი ავაზაა, პანტერა, ჩემი ზედმეტსახელი შენარჩუნებულია. და ეს პანტერა პიესაში სულ ითხოვს, თუ შეიძლება, „თეთრი ლაშქარი“ მიმღერეთო. ჩემი ამბებია მოყოლილი, მოკლედ.

როცა არ ვიბრძოდით, ერთმანეთს ამბებს ვუყვებოდით, რაც წაკითხული მქონდა, ვუზიარებდი.

რამდენჯერ უთქვამთ, ლია, ეხლა დრო გვაქვს და გთხოვ, შენ რომ მოყოლა იცი, ისე მოგვიყევი რამეო.

იქ ისეთი ერთგულება იყო, სხვაგან ასეთი ვერ წარმომიდგენია. სიტყვას ვერ იტყოდი, რამე მიჭირს, ან მტკივაო, უამრავი ადამიანი მოდიოდა საშველად. სულ იმას კითხულობდნენ: მშიერი ხომ არ ხარ? მშიერი ხომ არ ხარ? კონსერვები გვქონდა, მაგრამ ვის ახსოვდა ჭამა, პრინციპში. სამლიტრიანი მანდარინის სპირტი დაიდგმებოდა ხოლმე და დაღუპული ბიჭების შესანდობარს ვამბობდით. არც ასაკი იგრძნობოდა ომში, ყველა ერთნი ვიყავით.

ძალიან გვტკიოდა გული იმაზე, რომ ომში ბევრი არ წამოვიდა. ეგეთები ნაკლებ ქართველებად მიგვაჩნდნენ. ბიჭების ტრაგედიაც ეს იყო, ფრონტიდან რომ დაბრუნდნენ, ვინც ცოცხალი გადარჩა, ეგონათ, ცოტათი მაინც მეტი იყვნენ მათზე, ვინც ტელევიზიით უყურებდა „მაცნეს“ და ჩვენს ბრძოლას. მე ქვეყნისთვის ცოტა მეტი გავაკეთე! და იმის ნაცვლად, რომ პატივისცემა, სიყვარული და დაფასება ეგრძნოთ დაბრუნებულებს, პირიქით დახვდათ ყველაფერი: თითქოს უჭკუოები იყვნენ, სამარცხვინოები, რომ ომში წავიდნენ. რა უნდოდათ?! ეს ხომ ტყუილი ომი იყო, ჩვენი ომი არ იყო?! რომ ვეკითხები, რატომ იყო ტყუილი ომი: მიწა ხო წაგართვეს? ხალხი გამოყარეს? ქართველები დაიხოცნენ? თუ კი – მაშინ ტყუილი როგორ იყო-მეთქი? ვერ მპასუხობენ.

ძაან მიკვირს ერთი შენი, რა გინდოდა იმ ომში. სამი შვილის დედას, ქალს, იქ რამ წაგიყვანაო, რამდენჯერ უთქვამთ თბილისში.

ჯაბა

ჯაბაში მე არაფერს მოვუხიბლივარ, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჯაბაც ავტორიტეტი იყო. მე მხოლოდ დახმარება მთხოვეს და მერე უკვე ფიცში მონაწილეობის მიღებაც. იმ ფიცისთვის დღემდე არ მიღალატია. იცით, როგორ იწყებოდა ფიცი? „ვფიცავ, მტლად დავედო ჩემს მამულს”, მტლად ძველქართული სიტყვაა და ნიშნავს: ნაცრად დავედო ჩემს მამულს. მანამდე ბევრს არ გაეგო ეს სიტყვა, ამიტომ ფიცის დროს ამბობდა: „ვფიცავ, მატლად დავედო ჩემს მამულსო“. გამისკდა გული და ვეუბნები, არ შეიძლება, ხალხო, ასე, გავასწოროთ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო-მეთქი, მაგრამ არაო. ჯაბას დაწერილია, ვერ გავასწორებთო და დარჩა ასე. ისე მართლა მტლად, ნაცრად დაედო მათი სხეულები ჩვენს სამშობლოს.

როდესაც ჯაბა იოსელიანზე ვფიქრობ, პიროვნული გაორება მეწყება მის მიმართ. ჯაბა, უშიშარი მებრძოლი, შვილთან ერთად რომ მუდამ წინარიგში იდგა და ჯაბა, რომელმაც „მხედრიონის“ რეკეტი და თავგასულობა ვერ, ან არ ალაგმა. ჯაბა, დრამატურგი და მეცნიერი და ჯაბა, ქურდული გაგების ძველი ბიჭი. მართლაც რომ ამოუხსნელი ფენომენია. როგორც რიგითი ჯარისკაცი, ისე იბრძოდა. ამის გამო დიდ პატივს სცემდნენ მებრძოლებიც. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა უკვე ბიჭებიც ხედავენ ორ ჯაბას. პატივს სცემენ მებრძოლ ჯაბას, მაგრამ იმ მეორე მხარეს ვერ პატიობენ.

ჯაბა უშუალო იყო და შეუნიღბავი, არც ყოყოჩობდა და არც ყოჩობდა. პოლიტიკური შეცდომებიც იყო მის ცხოვრებაში და სოციალური დანაშაულიც, თუმცა აშკარაა, რომ სამშობლოსათვის სიცოცხლეც არ ენანებოდა.

ჯაბა ხალხოსანი იყო, ზვიადი – ყოჩი.

ყოჩებს ერთი რამ აერთიანებთ: მათ მორჩილი ადამიანები უყვართ, დაჰიპნოზებული, მხოლოდ მათთვის სასურველ რეალობას რომ ხედავენ. ფხიზელი გონების ადამიანს ყოჩი არასდროს დაიყენებს გვერდით, რადგან მთავარია იმ ლეგენდამ იმუშაოს, რომელიც თავად შექმნეს. საშინლად არ მოსწონთ, როცა მათ ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამ.

ზვიადმა სტალინისტობა ზვიადიზმით შეცვალა. დღემდე მიკვირს, სტალინიზმთან მებრძოლი ზვიად გამსახურდია თავად როგორ და რატომ იქცა ფეტიშად და კერპად?!

გინახავთ ვინმე „მერაბისტი“? განა ნაკლები ქარიზმა და ხალხის სიყვარული ჰქონდა მას? მაშინ რატომ გაჩნდნენ ზვიადისტები და რატომ იყო ზვიადი ყოჩი?

იმიტომ, რომ მისი პიროვნება უფრო მეტი იყო, ვიდრე ის საქმე, რომელსაც ემსახურებოდა. მერაბთან პირიქით, საქმე უფრო დიდი იყო, ვიდრე პიროვნული მერაბი. ზვიადის ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის დისტანციური იყო – ის ყოველთვის უფრო მაღლა იყო, ვიდრე ხალხი. მერაბი კი, პირიქით. ამიტომ მერაბისგან ხატს ვერ შექმნიდნენ, რადგან „ისტობას“ მოწიწება სჭირდება – იგი მიუწვდომელი უნდა იყოს.

ლეკური მახაჩკალაში

89 წელია, ზვიადი ჯერ კიდევ ოპოზიციაშია, მაგრამ თანამოაზრეები უკვე შემოკრებილი ჰყავს. ზვიადს ასეთი რამ აქვს ნათქვამი: „საქართველო ქართველებისთვის“, რაც მისმა მრევლმა მაშინვე აიტაცა. ჩვენს გენეტიკურ მტრებს, ლეკებს, რა უნდათ საქართველოშიო და ჩავიდნენ პანკისში. გინებითა და ცემა-ტყეპით გაყარეს პანკისელი ლეკები. საქართველოდან გაყრილებმა დაღესტანს შეაფარეს თავი. დაღესტნელებმა კი ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ ჩვენი მეცხვარეები ყიზლარის საძოვრებიდან გამოყარეს. ქართველებისაგან ნაცემი და დასახიჩრებული ლეკები დაღესტნის ცეკას შენობის წინ შეიყარნენ და მთავრობას დაცვა სთხოვეს. იქაური ოპოზიციური პარტიები მეორე დღეს ანტიქართული მიტინგისათვის ემზადებოდნენ. საომარ ზღვარზე ვიყავით.

ჯუმბერ პატიაშვილმა (ცკ-ს პირველი მდივანი) დაღესტნელების დიდი მეგობარი მეცნიერი ნიკო ჭავჭავაძე დაიბარა და უთხრა, რომ დაღესტანში მთავრობასთან მოლაპარაკებები არ გამოდიოდა, ხალხი ძალიან გაღიზიანებული იყო, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად სახალხო დიპლომატია რჩებოდა.

ბატონმა ნიკომ დამირეკა და მითხრა: გაემზადე, 2 საათში დაღესტანში მივფრინავთო. აეროპორტში გამაცნო ჩვენი გუნდის წევრები გივი ღამბაშიძე და ირაკლი ჯანდიერი. სპეცრეისით, სამთავრობო თვითმფრინავით გადავფრინდით დაღესტანში. ერთი ადამიანი დაგვხვდა მანქანით და სასტუმრომდე მიგვაცილა. გზაში კი გვითხრა, სულ ტყუილად ჩამოხვედით, შეურაცხყოფილი დაღესტნელები ქართველებთან საუბარს არ მოისურვებენო. ნახევარი საათის დაბინავებულებიც კი არ ვიყავით სასტუმროში, რომ ოთხი დაღესტნელი მოვიდა. ერთ-ერთი სალამი იყო, მაშინდელი დაღესტნის ტელევიზიის თავკაცი, დანარჩენები ოპოზიციური პარტიების ლიდერები იყვნენ. თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად მოვედით, ხვალ, 4 საათზე, ანტიქართული მიტინგია დაგეგმილი, ძალიან ცუდი განწყობაა ქართველების მიმართ და უმჯობესია, წახვიდეთო. კატეგორიული უარი ვუთხარით. კაი ხანს გაგრძელდა ჩვენი და დაღესტნელების კამათი, ბოლოს სალამმა გვითხრა: ახლა ისიც არ მითხრათ, აქვე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ქალიშვილის ქორწილია და რომ დაგპატიჟოთ, წამოხვალთო. დიდი სიხარულით წამოვალ, ოცნებად მქონდა, დაღესტნური ქორწილი მენახა-მეთქი. ირაკლი ჯანდიერმა, მეც მოვდივარო. ჰოდა, მე და ირაკლი გავყევით სალამს.

დიდ ეზოში ორი გრძელი სუფრა იყო გაშლილი. ერთ მხარეს კაცები ისხდნენ, მეორე მხარეს კი, ქალები. სალამმა საპატიო ადგილზე, თამადის წინ დაგვსვა. უცებ თეფშებზე ჩანგლებისა და დანების გამაყრუებელი რახარუხი ატყდა, დაღესტნელები ჩვენს იქ ყოფნას აპროტესტებდნენ. არ შეგვეშინდა. ირაკლიმ კონიაკი დაასხა, საქართველოს გაუმარჯოსო და გადავკარით. მხარზე შეხება ვიგრძენი, გავიხედე და წკეპლით დგას სალამი. „რას ბედავთ, რას ჰგავს-მეთქი თქვენი საქციელი!“ ამიხსნა, თურმე მათი ჩვეულებით ქალს რომ საცეკვაოდ იწვევ, ხელით არ უნდა შეეხო, საცეკვაოდ მიწვევდა. ეზოს ბოლოში ლეკური იყო გაჩაღებული. გრძელი კაბა მეცვა, რომ ვიცოდი დაღესტანში მივდიოდი, ორი ნაწნავიც გავიკეთე. გავყევი საცეკვაოდ. ბავშვობიდან ვცეკვავ, მაგრამ ასე, ალბათ, ცხოვრებაში არ მიცეკვია. სალამს სხვა ლეკი ჩაენაცვლა. იმას კიდევ სხვა; ვგრძნობ, რომ ვიღლები. სუფრა ფეხზე დგას, მესმის: „შეხედეთ ქართველ ქალს, როგორ ჩვენებურად ცეკვავს, ეს ხომ სასწაულია“. წრიდან გასვლა მინდა უკვე და ზურგსუკან მესმის „ააასს!“, ეს ვიღაა-მეთქი, გავიფიქრე და ირაკლი არა დგას ფრთაგაშლილი არწივივით?! მეორე სუნთქვა გამეხსნა, მართლა სასწაულად ვიცეკვეთ. იქაურობა ტაშითა და ოვაციით დაიქცა. სალამმა სუფრასთან მიგვაცილა და დაღესტნელებს ჰკითხა: „მივცეთო ქართველ ქალს სიტყვა?“ სუფრაზე ერთხმად შესძახეს, ილაპარაკოსო. როგორც კი მიკროფონი ჩავიგდე ხელში, მივხვდი, რომ უკვე ყველაფერი კეთილად იყო გადაწყვეტილი. დაღესტნელებს მივმართე:

„აბა, ძმებო, სიტყვა „ვაჟკაცი“ მითხარით-მეთქი რუსულად. ვიცოდი, რომ ეს სიტყვა რუსულში უბრალოდ არ არსებობს.

ზოგმა „რიცარ“ წამოიძახა, ზოგმა „მუჟიკ“, ზოგმა რა და ზოგმა – რა. მაგრამ „ვაჟკაცის“ ეკვივალენტი არცერთი იყო და მეც უფრო ომახიანად გავაგრძელე ჩემი სათქმელი. დამპყრობელი რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, კავკასიელი ხალხი ერთმანეთისგან გაეთიშა, რადგან როგორც ცეცხლის, ისე ეშინია-მეთქი ჩვენი ერთობის. საერთო კავკასიური სახლის იდეა ხომ მთლად მეხია-მეთქი მათთვის. ერთმა კაცმა, შეცდომა კი არა, დანაშაული ჩაიდინა თქვენ მიმართ, მაგრამ ეს ქართველი ერის პოზიცია არამც და არამც არ არის და იმ ერთი კაცის გამო ჩვენ რატომ უნდა წავეკიდოთ-მეთქი ერთმანეთს? მით უმეტეს, ის რუსეთი, რომელსაც ლექსიკონში სიტყვა „ვაჟკაცი“ არ აქვს, როგორ უნდა გავახაროთ-მეთქი.

მკითხეს, რა მისიით ჩამოხვედითო? ვუპასუხე – ჩვენ მხოლოდ ერთს ვითხოვთ, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრას, ჩვენი მხრიდან კი, ლეკების სახლებში მშვიდობიანი დაბრუნების გარანტიას ვიძლევით-მეთქი. მეორე დღის 11 საათისთვის ჩაინიშნა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა. გამარჯვებულები და გახარებულები დავბრუნდით სასტუმროში. ნიკოს ცრემლი მოერია, არავის გაუვა ჩვენი და დაღესტნელების წაკიდებაო. მერე დაწერა კიდეც ნიკომ, „ცეკვით შემდგარი მოლაპარაკება“. მეორე დღეს მიტინგი ჩაიშალა.

გამოსამშვიდობებელ სუფრასთან, სალამის თხოვნით, მე და ის და-ძმად შევეფიცეთ.

ჩემს თავში სულ ვგრძნობდი ძალას, ვიცოდი, დიდი, მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტა რომ შემეძლო. მეტიჩრობად არ მიიღოთ, თან მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, წარსულის გახსენება, იმიტომ რომ, ის, რაც იყო, იმდენად ბუნებრივი იყო ყველაფერი, რომ მეზარება და მიძნელდება კიდეც მოყოლა.

ამ გადასახედიდან, როცა ყველას დამხმარე ხარ, როცა მზად ხარ, მეგობრისთვის, სრულიად უცხო ადამიანისთვისაც დათმო შენი ინტერესები და მერე მარტო რჩები, ხვდები, არავინაა შენკენ – გამომიცდია? კი. გამომიცდია კი არა, ჩემი შემდგომი ცხოვრება სულ ეს არის. მაგრამ ერთი წამით არ მინანია.           

რა იდეალებისაც მაშინ მწამდა, ის დღესაც მწამს. რასაც მაშინ შევეწირებოდი, ახლაც დაუფიქრებლად შევეწირები. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი იმედგაცრუება ვნახე. ფელინის ფილმი გახსოვთ? ფელინის მეუღლე რომ თამაშობს, რამდენ იმედგაცრუებას ნახავს, ბოლოს კიდევ ერთხელ საშინლად გაუცრუებენ იმედს, მაგრამ უცებ, მაინც გულუბრყვილოდ იღიმის. იმიტომ რომ ისევ ის არის, ისევ მიენდო ადამიანს. ეს იმის ნიშანი კი არ არის, რომ ჭკუა ვერ ისწავლა, არა… უბრალოდ, რისიც სწამს, რომ ადამიანი დიადია, ამ რწმენას ვერ ურყევს ვერაფერი. ასე ვარ მეც.

ჩემთვის გმირობა საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

რაც ჩაიფიქრა სამყარომ შენზე, როგორი კეთილი და დიადი თვისებებიც შენში ჩადო, ეს არის ზუსტად შენი „უმაღლესი მე“. არის წამები, როდესაც ის იმარჯვებს მიწიერ მე-ზე. აი, ეს გამარჯვებაა ყველაზე დიდი გმირობა.

ვიღაცები დღესაც მეუბნებიან: აი, ღირდა ამად? ხომ ხედავ, ადამიანი როგორია? ახლაც ფიქრობ, რომ ღირდა ამისთვის თავის შეწირვა? ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: რას ნიშნავს ღირდა/არ ღირდა? რა დამამცირებელი კითხვაა. ესე იგი, ამას ფასი აქვს?! იყიდე-გაყიდე – ქარვასლა ხომ არ არის? ეს რეფლექსია.

ეს არ ეხება მხოლოდ სამშობლოს. გახსოვთ, ალბათ, ვაჟას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“. განა მხოლოდ კაცობრიობის შვილად, ან მსოფლიოს მოქალაქედ, თუ იდეალები არ გექნება, ვერც ვერაფრისთვის გაწირავ თავს. სამყაროს შვილად უნდა მიგაჩნდეს თავი.

ფოტო: მანო სვანიძე