მოხუცი მონადირე | მამუკა ლომიძე, მხედრიონი
21.10.2021 | 10 წუთიანი საკითხავი47 წლის, ომის ვეტერანი
9 აპრილს მე მოშიმშილეებთან ერთად ვიჯექი. ღამე მეგობრებმა მომაკითხეს და მაგათ სანახავად ცოტა ქვემოთ მომიწია ჩასვლა. ამან გადამარჩინა. შორს კი მაინც ვერ წავედი, იმ გაზით მეც მოვიწამლე. წყლულების ლაქა დღემდე მაქვს ხელზე. მეხსიერებაზეც სერიოზული პრობლემები მქონდა, თვალებზე, გულზეც, თირკმელებზე.
სადაც საქართველოს უჭირდა, მე ყველგან ვიყავი, სულ ბედზე ვარ გადარჩენილი...
მგონი კინოს სახლთან იყო ის მიტინგი, ზვიადამ რო გამოაცხადა, ცხინვალში დაიძაბა სიტუაცია და უნდა წავიდეთო. მანქანები დავიბარეთ. იკარუსებით წავედით. ეგ იყო 23 ნოემბერი, გიორგობა.
იმდენი ხალხი მოვგროვდით ცხინვალის მისადგომებთან, კოლონის ბოლოს ვერ ვხედავდი. მანქანებიდან დროშებს აფრიალებდნენ. იქით, სატვირთოებით ჰქონდათ ცხინვალის შესასვლელი გადაკეტილი. ზემოდან ისხდნენ და ისინი საბჭოთა კავშირის წითელ დროშებს იქნევდნენ. გვიწვევდნენ. ზვიადს უნდოდა შესვლა. არადა, ძალიან იძაბებოდა სიტუაცია. უკვე ჩანდა, რომ არაადექვატური იყო.
ჩვენთან ავტობუსში ოცდაორი კაცი ვისხედით. ჯერ ვუყურეთ, მერე ერთი კარგი ბიჭი ვიპოვნეთ, მაისურაძე გვარად, თამარაშენიდან. იმას ვთხოვეთ და შემოვლითი გზებით ყველანი ცხინვალში გადაგვიყვანა.
თამარაშენში დავბანაკდით. ცენტრში, უნივერმაღის მოპირდაპირე მხარეს ბაგა-ბაღში გავჩერდით. მზია ცხოვრებოვა იყო დირექტორი, მაღალი, სიმპათიური ქალი, ის გვივლიდა, საჭმელსაც თვითონ გვიკეთებდა.
ჩვენგან რამდენიმე წმინდა ილია მართლის საზოგადოებიდან იყო. ზოგი სახალხო ფრონტიდან, დანარჩენი მხედრიონელები, გიორგი გელოვანი, გელა გოდერძიშვილი, უბიცა, ვეფხია ლაფერიშვილი (ტარზანა), ოთარ კობერიძე (უმცროსი), გიორგი წიკლაური (ციკლოპა) და სხვები. მაშინ მეათე კლასში ვიყავი.
ჩავედით თუ არა, იმ ღამესვე გავედით პოზიციებზე. სანამ სიტუაციაში გავერკვეოდით, ადგილობრივები გვეხმარებოდნენ. ოსი ბოევიკები სასაფლაოდან მოდიოდნენ.
რამდენიმე დღეში მოკლეს ვეფხია თუთარაშვილი. ისიც თამარაშენიდან იყო.
მახსოვს იმ დილით სკამზე ვიჯექი. გვერდით მომიჯდა. ორი ვაშლი ამოიღო. ერთი მე მომცა, მეორე თვითონ შეჭამა. მაგ ღამეს მოკლეს.
პანაშვიდზე რო მივედით, სამხედრო ნაბადი მქონდა, „ბრონეჟილეტი“ მეცვა, ტყვიები ჩამოკიდებული. სანამ იარაღი ჩამოვიხსენი და ავაყუდე, მოვექეცი ბოლოში, ოცდამეორე შევედი.
ვინც პირველი შევიდა, მიცვალებულს შუბლზე აკოცა. მეორემაც იგივე გაიმეორა. მერე ყველა მიყვა. კი ვიცნობდი, ორი საათი ერთად გავატარეთ. მოკლედ, მეც ვაკოცე.
1990-ში უფრო პატარა შეტაკებები მახსოვს, ძირითადად სიწყნარე იყო, რახან ჩვენ იქ ვიყავით.
ერთხელ რუსები შემოვიდნენ. ოცდაორივე ტყვედ აგვიყვანეს. შეგვყარეს მანქანებში და ცხინვალის მილიციაში გადაგვიყვანეს. იქ ოსებიც იყვნენ. არანაირი წამება და ცემა, უბრალოდ, ხალხმა რო გაიგო ქართველი ბოევიკები დაიჭირესო, მოგროვდნენ გარეთ. ქვებით უნდოდათ ჩავექოლეთ. ყვიროდნენ. იმდენი ხალხი იყო, რომ ნდომოდათ, შემოანგრევდნენ და გადაგვივლიდნენ, მილიცია რას გააჩერებდა.
იმ დღეებში ჩვენებს 88 კაცი აუყვანიათ ტყვედ. ამაზე გამწარებულები მოვიდნენ შურის საძიებლად. ბატონი ჯაბა და ვაჟა მაისურაძე იყვნენ ტყვეთა გაცვლის მოთავეები და მაგათ ავტორიტეტმა გადაწონა - არ ჩაგვქოლეს. ოთხჯერ მეტ ტყვეზე გაგვცვალეს.
ერთი იყო ძალიან შეშინებული. სულ კანკალებდა. ჩემზე ეუბნებოდნენ, შეხედე, ეს ბიჭი არ იღებს ხმას და ამხელა კაცს რა დაგემართაო.
იქიდან ეგრევე თბილისში წამოვედით. ორი დღე გამოვიძინეთ, მოვიმარაგეთ ტყვია-წამალი, იარაღი, „ბრონეჟილეტები“ და უკან დავბრუნდით.
მაშინვე იქით ვერ გადავედით და შმაგი სამნიაშვილის შტაბში გავჩერდით. გაის ტეკის შენობაში იყო გამაგრებული. მახსოვს იმ დღეს ერთი ჩვენიანი შემოვიდა, მკლავში იყო დაჭრილი. იმ სოფელში ოსებიც და ქართველებიც ერთად ცხოვრობდნენ. მოხუც მონადირესთან ყოფილა სახლში, სუფრაზე. ისე ისვრის ის ბებერი, ზამთარში ორას მეტრში გარეული ტახი მოკლაო, ყვებოდნენ. იმას დაუჭრია ესეც. რატომ გესროლა-თქო, რომ ვკითხეთ, ვერ გავიგეო. სუფრასთან ვისხედით, ცოტას ვსვამდითო. გავიდა უცბად, იარაღით შემოვიდა, დადგა და მესროლაო.
ეგრევე ავისხით და წავედით.
იქ დავკარგეთ შმაგი.
ორსართულიანი სახლი იდგა. პირველი სართული ქვითკირის ჰქონდა, მეორე ხის. ხან ერთი ფანჯრიდან მოდიოდა ტყვიები, ხან მეორედან. ამიტომ არ მგონია, ეს მოხუცი სახლში მარტო ყოფილიყო. მარა იქ ვერ შევედით, ვერც ტყვეები ავიყვანეთ. ბოლომდე ვისროდით. ბოლოს, ეგ სახლი დავწვით.
სანამ არ დაწყნარდა სიტუაცია, ჩვენ ბოლომდე ხეობაში დავრჩით.
ზვიადას არ მოსწონდა ბატონი ჯაბას დალაგებული სიტუაცია და თვითონ ამწვავებდა სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც.
მახსოვს ასეთი ბრძანებაც გასცა: მოხუცებიც დაიჭირეთო. რას ერჩი მოხუცს?! მაგაზე დაახურეს თავზე ზვიადს მეღვრეკისის შტაბში, ვაჟა ადამიასთან ჩვენმა ბიჭებმა.
მახსოვს, ერთ ჩამოსვლაზე თბილისში, ოსური სკოლა იყო ნახალოვკაში. გავიგეთ, რო მიტინგს ატარებდნენ დარბაზში. დირექტორი ბავშვებს სთხოვდა თურმე ფულის შეკრებას - თავისიანებთან რო გაეგზავნათ სამაჩაბლოში. ქალი იყო ეს დირექტორი. მივედით, რა თქმა უნდა და მოვხსენით. მალევე ქართულ სკოლად გადაკეთდა.
იყო კიდევ გოგოს ამბავი, ტყვედ აიყვანეს ოსებმა ცხინვალში. მთელი თვე აუპატიურებდნენ და ბოლოს დაიღუპა. აი, მაგის მერე გაგიჟდა ყველა. ერთი ფაქტი მახსოვს, ავტობუსით ცხინვალის ანსამბლი „სინდი“ მოდიოდა მოსკოვიდან, პატარა ბავშვებიც იყვნენ, მთელი ოჯახებით, საჭმელებით დატვირთულები მოდიოდნენ, პროდუქტები, ფქვილი შემოქონდათ. ჩვენ კიდე გვითხრეს, იარაღი გადმოაქვთო. ერთი მოცეკვავე მახსოვს, ზალინა ცხოვრებოვა, ძალიან ლამაზი გოგო იყო მაგათთან ერთად. დამპატიჟა კიდეც თავისთან, სტუმრად ჩამოდიო. ხელი არ გვიხლია არავისთვის. ერთადერთმა იუზრდელა და იმას მოხვდა, თორემ როგორც მოვიდნენ ჩვენამდე, ისე გავუშვით იქით.
მძიმე და უსიამოვნო ბევრი რამე მახსოვს, მაგრამ არაა აქ მოსაყოლი.
საერთოდ, არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი.
თორემ გახსენებით, მახსენდება ხოლმე.
როცა ვიკრიბებით ვიხსენებთ, მაგრამ იმ ამბებზე არ ვლაპარაკობთ.
არ დაგვითქვამს, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რო უმსგავსო საქციელი არავის არ უნდა ჩაედინა. იყვნენ სასტიკებიც, როგორ არა. მაგრამ ჩვენში ეს სირცხვილი იყო. ტყვეებს რო ვიყვანდით, ყურს არ ვაჭრიდით და ცხვირს, ნიაღვარში შეიძლება გვებანავებინა.
მარა სულ უაზრო იყო ეს ყველაფერი. ხალხი ტყუილად შეეწირა, გინდა სამაჩაბლში, გინდა აფხაზეთში. შეიძლებოდა ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა, ზვიადას ტვინი რო ჰქონოდა.
მაგრამ ჩვენ რა უნდა გვექნა? მიგვეტოვებინა ჩვენი სოფლები და მოსახლეობა? ეხოცათ? ჩვენ იქ წავედით არა გამსახურდიას გამო, არამედ ხალხის დასაცავად. კი, გამსახურდიამ პროვოცირება მისცა, მაგრამ მერე გვერდზე ხო არ გადგები?
აი, მამაჩემს არასდროს არ უთქვამს, წამოდი, მოშიმშილეებში რატომ ზიხარო. მოდიოდნენ ეს ეროვნული ტიპები და მეუბნებოდნენ: წადი, შვილო ისწავლე, აქ რა გინდა! - მიდი, რა, მე სადაც მინდა, იქა ვარ! ბატონ ჯაბას ეგეთი რამე არასოდეს არ უთქვამს. პირიქით, ისეთი ამაყი იყო, რო გაიგო ყველაზე პატარა რო ვიყავი. არც იმის შემშინებია ტყვედ რო ამიყვანეს, მაინც წავედი. სხვანაირად გვზრდიდა მამაჩემი მეც და ჩემს ძმასაც.
სამაჩაბლოს ომში მარტო მე ვიყავი, რახან მე დავასწარი წასვლა, ჩემი ძმა აღარ წამოვიდა. მერე ჩემმა ძმამ დამასწრო აფხაზეთში და მე აღარ წავედი. ერთი ოჯახიდან ორნი არ მივდიოდით, ორივეს რამე რომ მოგვსვლოდა, ხომ ხვდებით?
მერე შევარდნაძეს უკვე აღარ აწყობდა ეს სიტუაცია, 1994 წელს მოღონიერდა ჩვენი შევიწროვება დაიწყეს. დაიბარეს ჩვენები, პირდაპირ ფურცელი დაუდეს. გრძელი სია იყო, ჩვენების. შვილებო, წადით აქედანო უთხრეს.
ვიღაცეები მართლა წავედით. ბევრი დაიჭირეს.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: მამუკა ლომიძის პირადი არქივიდან