გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პარაპეტი | დავით წერედიანი

პარაკარგი, ჩამოვსხდეთ, დავიჯეროთ, შორია ისევ,
ნახვეწო პწკარო, სიხარულო არაფრის თქმისავ.
ჯამდება ნისლი - ხელი შუბლზე - ქარი კი ფანტავს.
რას ფანტავს ქარი? ნატისუსალს, ყვავების ყრანტალს.

ისე, თვალბუნდად საცნობია, რაც გარე გვერტყა,
კაცი რომ უჯრებს ამოქექავს, უსაგნოდ მჯდარი,
და ძველ ფურცელზე დაბნეული დასცქერის ერთხანს
ოდესღაც ძვირფას, დღეს სავსებით უაზრო თარიღს.

თამაშობს ხსოვნა, მაცოცხლებელ შხამს აცლის ნანახს,
ბავშვობის ქუჩას - ვერის დაღმართ, ხედებს და ხიდებს
(თითქოსდა კვლავაც აქ არ იყვნენ) წარსულში გმანავს,
დასტებად აწყობს, დავიწყების ლურსმანზე ჰკიდებს.

(რა მოგიბრუნოს? დახვრეტილი მამის ლოდინი?
წლები, ვით წლები - ონკანიდან ჟანგის ხროტინი?)
დაკრთის, თამაშობს, რაც მისია, ყრის უთარიღოდ,
იმას გასტირის, რაც არასდროს მისი არ იყო.

მთელი მერმისი ხელთუპყრობი ფლობა-არფლობით,
ქარბორბალებით, ოქროვანი თევზის ფარფლებით,
დღეს წარსულში დევს, დალაგებულ-დარჩეულია.
იცანი? - ვერა, ჩემს აწმყოზე არ ჩაუვლია.

მაინც თვალდათვალ შემიძლია ავკეცო
ფრთხილად, ის ქალაქები, ის ღრუბლები,
ფთილა და ფთილა. სახლი დგას ერთი...
ლანდხედებით, ბნელსაცავებით...

სარკმელი დარჩა მოღებული, ისე წავედით...
ჰკითხავ, ნუ ჰკითხავ, რად იღები, რად არ იღები,
სხვა სადგურები მიირწევა, სხვა თარიღები.
ალბათ, იმისთვის, ბოლო წამზე, პწკართა ლივლივით,

ნასიზმრევია, ნამზევია, ნაქარალია, ამოცურდეს
და გაიშალოს წყლის ყვავილივით,
- აქ არ არიან, არ არიან, აქ არ არიან.
..ავდგეთ, ავიძრათ, ნელი წვიმა ჭორფლავს ქვაფენილს.
სარკმელი დამრჩა... არაფერი... არც არაფერი...

კითხულობს მანანა ღარიბაშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა