გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის | ალეკო შუღლაძე

თავი პირველი

ლაბირინთში შესვლა

 

ფოტოგრაფი: დიახ, მარტო იყო.

– თმას დაივარცხნით? – ვკითხე.

– დიახ, დავივარცხნი, – მიპასუხა.

ფოტოგრაფი: არა, სარკესთან არ მისულა. იქვე დარჩა, სკამზე, ფოტოაპარატის წინ. რადგან თავისი არ ჰქონდა, ხოლო ჩემი სავარცხლით დავარცხნა არ ისურვა, თმაზე ხელი გადაისვა და დაიტკეპნა.

– „პალაროიდი“ სწრაფია? – მკითხა.

– დიახ, – ვუპასუხე.

მითხრა, რომ სიქაჩლის დასაფარავად პარიკი ცუდი საშუალება იყო, ისევე როგორც გაფუჭებული თვალისთვის – შუშის თვალი.

– ფოტო რა ზომის? – ვკითხე.

– პირადობის მოწმობისთვის, – მიპასუხა.

თუმცა... გონებას ვძაბავ და უკეთ ვიხსენებ: ის მივიდა სარკესთან. დიახ, მივიდა.

ფოტოგრაფი: ესე იგი, რადგან სარკესთან მივიდა, ალბათ თმაც დაივარცხნა. ბევრი მსურველი მყავს, ერთმანეთში მერევიან და ყველას ვერ ვიხსენებ.

– „პოლაროიდი“ სწრაფია, მაგრამ უხარისხოა, – ვთქვი.

კვლავ ფოტოაპარატის წინ დაჯდა, ჩაილაპარაკა: ჰო, რაღაცნაირი, ბრტყელი სახეები გამოდის.

მძლავრი ნათურები ავანთე და სახეზე დასცხა.

– თავს ნუ გაანძრევთ, – ვურჩიე, – ობიექტივში იყურეთ.

– ვერ ვხედავ, – მიპასუხა, – ობიექტივს ვერ ვხედავ.

ფოტოგრაფი: დიდი სინათლის გამო. თავიდან ასეა, შემდეგ თვალი ეჩვევა.

– შეეჩვია თვალი? – ვკითხე.

– ვერ შეეჩვია.

მითხრა, პროთეზის წინააღმდეგი ვარო. როდესაც ადამიანს ყველა კბილი დასძვრება, ხელოვნური არ უნდა ჩაისვას, ფაფებსა და გახეხილ ხილზე უნდა გადავიდესო. შემდეგ, როცა მისი თვალები შუქს შეეჩვია, ობიექტივი დაინახა.

– „ფუჯის“ რბილი ფერები აქვს, – ვუთხარი.

ფოტოგრაფი: არა – „კოდაკს“. „კოდაკი“ უკეთესია „ფუჯიზე“.

– „ფუჯის“ რბილი ფერები აქვს.

– ჩქარა, – თქვა მან, – ცრემლები მომდის.

გადავუღე და ვთქვი: მორჩა. პროჟექტორები გამოვრთე, მან კი პალტო ჩაიცვა. თქვა: Ready made.

– დაელოდებით? – ვკითხე.

– დიახ, დაველოდები, – მიპასუხა.

„მანუელმა პალტო ჩაიცვა და მხოლოდ შემდეგ გამორთო ფოტოგრაფმა ნათურები. თუმცა მანუელმა თქვა, ცრემლები მომდისო, სინამდვილეში თვალიც არ ასწითლებია. რადგან ფოტოგრაფსაც სჭირდებოდა პირადობის მოწმობა, კიდევ ერთხელ აუნთია პროჟექტორები, მანუელისთვის დახმარება უთხოვია და ადგილები გაუცვლიათ. ფოტოგრაფის როლში მანუელს გაღიმებია, ხოლო ფოტოგრაფს ასევე ვერ დაუნახავს ობიექტივი, რაზეც მანუელს რამდენიმე ნათურის გაუქმება ურჩევია. ფოტოგრაფი დათანხმებულა და მანუელს მისი სახე, მხრები და მკერდის ნაწილი „ფუჯიზე“ აღუბეჭდავს (ფოტოაპარატში „ფუჯი“ იდო და არა „კოდაკი“. ფოტოგრაფი შეცდა). მხოლოდ ამის შემდეგ გასულა მანუელი მოსაცდელში“.

მანუელი: მოსაცდელში თბილოდა. მანამდე, ფოტოგრაფირების ოთახში გავიფიქრე, რომ იქ უფრო თბილოდა, ვიდრე ჩემთან სახლში. მე რომ ისეთი ელექტროქურა მქონოდა, როგორიც იქ ედგათ, ჩემს სახლში უფრო ეთბილებოდა. მოსაცდელში ორი ასეთი ქურა იდგა და დამცხა. პალტო, რომელიც მკლავზე მქონდა გადაკიდებული, კედელზე, მყარად ჩაჭედებულ ლურსმანზე ჩამოვკიდე. მაგრამ საკიდი გაწყდა და პალტო იატაკზე დაეცა. ვიცი, რომ ასეთ უმნიშვნელო შემთხვევაზე ნერვიულობა არ ღირდა, მაგრამ, გამიგეთ, პალტო ორი დღის წინ ვიყიდე ჩამოფასებულში და მინდოდა სუფთად შემენახა. მახსოვს, გამყიდველმა მითხრა, ეს პალტო ადრე გაცილებით ძვირი ღირდაო. მერე დამაწყნარა, მოდა ხშირად იცვლებაო.

მანუელი: თავიდან მეგონა, რომ კაპაბლანკა იყო. მერე ფოტოს კარგად დავაკვირდი და ბოტვინიკი აღმოჩნდა. თუმცა ჩემი მოსაზრება იმ კაცმა უარყო, ნაცნობი სახე რომ ჰქონდა. სხვა ფოტოების თვალიერებაზე გადავედი, როცა მომესმა:

– ბოტვინიკი გგონიათ?

– დიახ, მგონია, – ვუპასუხე.

– ან კაპაბლანკა ჰგონიათ, ან ბოტვინიკი, – მითხრა ნაცნობმა, – ალიოხინია.

ვერ გავიხსენე, საიდან ვიცნობდი. არც მას მოუშორებია ჩემთვის თვალი. ხელი გამომიწოდა და მკითხა:

– თქვენ დანიელი ხართ, ხო?

– არა, – ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი, – მანუელი.

როგორც გაირკვა, ჩემს მეუღლეს იცნობდა. პარკში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სუფთა ჰაერზე და ბავშვებს ასეირნებდნენ. ჩემი ბიჭი სულ ციცქნაა და ქრისტინე მას ან ხელით დაატარებს, ანდა პატარა ეტლით. მისი ბავშვები დიდები არიან და პარკში საქანელათი ერთობიან. ქრისტინესგან ვიცოდი, რომ ამ კაცს ცოლი ჰყავდა მკვდარი. მატარებელს ჩახტომია. ვისარგებლე შემთხვევით და მივუსამძიმრე. ვუთხარი, რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი ყველას წაიყვანს. იგი ნაწილობრივ დამეთანხმა და მითხრა, რომ მის ცოლს თავი არ მოუკლავს, დიდხანს ყოფილა ლოგინად ჩავარდნილი და მძიმე დაავადებით გარდაცვლილა. გაუგებრობისთვის მოვუბოდიშე და პანაშვიდზე მომხდარი ამბავი მოვუყევი. თავის მხრივ, იგი მომიყვა ერთ ისტორიას, რომლის წვრილმანებსაც ახლა ვეღარ ვიხსენებ. მახსოვს მხოლოდ, რომ ეს იყო ამბავი ექიმბაშზე, რომელსაც თავზე თმა ამოჰყავდა. უცნაური ის იყო, რომ თმის ამოყვანას საფუძვლად შიში ედო. ექიმბაში იყენებდა სხვადასხვა ვარიაციას პაციენტების შესაშინებლად. მაგალითად, ერთი მელოტი პაციენტი მან სახლში დაპატიჟა, დააძინა, კუბოში ჩააწვინა და დამარხა. სამარეში გაღვიძებულს ისე შეეშინდა, რომ თავზე თმა ამოუვიდა. მართალია, თმა, გარდა თავისა, სხეულის სხვა ნაწილებზეც შესამჩნევად მატულობდა, მაგრამ მათი მოშორება იოლი ხერხებით ყოფილა შესაძლებელი.

მანუელი: არა. დროის გასაყვანად ჭადრაკის თამაში შემომთავაზა.

მანუელი: ჩვენ გარდა კიდევ ერთი კაცი იცდიდა. ჯერ მეგონა, რომ ორნი იყვნენ: ქალი და კაცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის, ვინც ქალი მეგონა, სულაც არ ყოფილა ქალი. ადამიანის ზომის ფოტო იყო, წინასწარ სქელ მუყაოზე გადატანილი და ამოჭრილი სხეულის გაყოლებაზე. იდგა ანფასში, მუყაოს სისქეს ვერ ვხედავდი და გასაკვირი არ არის, რომ შევცდი. ჯერ გამეცინა, შემდეგ ახლოს მივედი და ვიცანი – მერილინ მონრო.

მანუელი: კაცი გაზეთს კითხულობდა. გართული იყო და აქეთკენ არც გამოუხედავს. ჩვენ ფიგურები დავალაგეთ და სათამაშოდ მოვემზადეთ. ჭადრაკის გარდა მაგიდაზე ბანქოც ეყარა, მაგრამ ისეთი გაცრეცილი, რომ ვერ გაარჩევდი, წითელი რომელი იყო და შავი – რომელი. ჭადრაკიც არ იყო მთლად წესრიგში: სტანდარტულზე პატარა ზომის და გადამლაშებულად იმპროვიზირებული ფიგურებით. თეთრებს ეტლი აკლდათ და სანთებელათი შევცვალე.

– თეთრებით ითამაშებთ თუ შავებით? – მკითხა.

– შავებით, – ვუპასუხე მე.

– რატომ? – მკითხა მოჭადრაკემ.

– თეთრებით წაგება სირცხვილია, შავებით არა.

არგუმენტმა დააკმაყოფილა და პირველი სვლა გააკეთა.

– თქვენი ბიჭუნა ისეთივე ლოყებღაჟღაჟაა? – მკითხა.

– დიახ, – ვუპასუხე.

– პატარებს უხდებათ სიწითლე, დიდებს არა, – თქვა მან, – წითელლოყება კაცი უვიცის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას არა აქვს სირცხვილის გრძნობა.

არაფერი ვთქვი.

– ზანგებისთვისაც უცხოა ეს გრძნობა. რომ განიცდიდნენ კიდეც, მუდმივად შავ ლოყებზე ვერასოდეს შეატყობ სიწითლეს.

– ინდიელებზე რას იტყვით? – ვკითხე.

– ინდიელები კოლონიზატორებმა შეაჩვიეს უსირცხვილობას, – მიპასუხა მან. შემდეგ დიდხანს იფიქრა და თქვა, – ჩემივე პაიკი მიშლის ხელს.

იმ კაცისკენ გავიხედე, გაზეთს რომ კითხულობდა. ფეხიფეხგადადებული იჯდა, ზურგით ჩვენკენ და გამოხედვას არც აპირებდა.

– უცნაურია, – ჩაილაპარაკა მოჭადრაკემ, – ოდესმე გიფიქრიათ ფიგურებზე?

– დიახ, – ვუპასუხე, – ჭადრაკი ომით თამაშია.

– აი, ამას, – მან ფიგურა ასწია, – ქართულად „კუ“ ჰქვია, რუსულად კი «слон». თუ გავიხსენებთ, რომ თამაში ინდოეთიდან მოვიდა, რუსული სახელი უფრო შეესატყვისება სიმართლეს. კაცმა რომ თქვას, კუ რა მეომარი ანდა რა საბრძოლო ტექნიკაა?!

ვუთხარი, რომ იმავე კრიტერიუმით თუ შევაფასებდით, არც დედოფალი გამოდგებოდა მებრძოლად.

– ნაწილობრივ გეთანხმებით, – თქვა მოჭადრაკემ, – მეორე მხრივ, ქართული „ეტლი“ უფრო სწორია, ვიდრე რუსული რაღაც გაურკვეველი – «ладья».

– მეც ნაწილობრივ გეთანხმებით, – ვუთხარი, – „ეტლს“ საბრძოლო დანიშნულება კი აქვს, მაგრამ არც «ладья» არის შორს ომისგან. კარგად დააკვირდით – ციხე-სიმაგრეა.

ეტლი ასწია და ახლოდან დააცქერდა. შემდეგ თქვა:

– მართლაც.

თამაშში ჩავები და გავახსენე, რომ „კუს“ და „სპილოს“ მოყვარულთა წრეში „ოფიცერსაც“ ეძახიან. თავი დამიქნია და მკითხა:

– იცით, რამდენი ეტლი გაატანა ერთმა ინდოელმა მეფემ თავის ქალიშვილს მზითევში?

– არა, – ვუპასუხე.

– ცხრაასი ათასი, – თქვა ჩემმა ნაცნობმა ღიმილით.

გავიოცე და ვკითხე, რომ ცხრაას ათას ეტლს ცხრაასი ათასი მეეტლე დასჭირდებოდა.

– ასეც იყო, – მითხრა მან, – თითო ეტლში კი ოთხი ცხენი იყო შებმული.

ცხენების რაოდენობა დავიანგარიშე და ვთქვი:

– ეტლს სჭირდება მეეტლე, მეეტლეს – აღვირი, აღვირს – ცხენები.

– დიახ, – დამეთანხმა ნაცნობი, – ცხენებს სჭირდება აღვირი, აღვირს სჭირდება მეეტლე, მეეტლეს – ეტლი.

მან ერთიმეორის მიყოლებით დამიხოცა რამდენიმე პაიკი და უფრო იმის გამო, რომ დაფაზე შექმნილმა მდგომარეობამ უკარნახა და არა ჩემი განცვიფრების სურვილმა, დამისვა კითხვა, რომელმაც ფინალისკენ წაიყვანა ჩვენი დიალოგი:

– ჩემო დანიელ...

მანუელი: ის შეცდა მეორეჯერ.

– იცით, დანიელ, – მკითხა მან, – რამდენი ჯარისკაცი ჰყავდა მეფე უგრასენას თავის პირად დაცვაში?

ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, ვინ იყო მეფე უგრასენა და, ცხადია, არც მის პირად დაცვაზე მომეპოვებოდა რაიმე ინფორმაცია.

– თქვით რაიმე ციფრი, – მთხოვა მოჭადრაკემ.

– შვიდი.

გაეღიმა და მითხრა, რომ ჯარისკაცების რაოდენობა გაცილებით, გაცილებით მეტი იყო.

– ცხრა ათასი, – ვთქვი.

– მეტი, დანიელ, მეტი (მას ეშლებოდა ჩემი სახელი).

– ასი ათასი.

– მეტი, დანიელ, მეტი (ისევ შეცდომა).

– სამი მილიონი.

– უფრო მეტი, უფრო მეტი, – ხმას აუწია ჩემი ცოლის ნაცნობმა.

– ორმოცდაათი მილიონი.

– გაცილებით მეტი, დანიელ (მეოთხე შეცდომა), გაცილებით მეტი! – დაიყვირა მოჭადრაკემ.

– არ ვიცი... ალბათ მილიარდი.

– ათი კვადრილიონი, – მითხრა ხმადაბლა, საიდუმლო გამომეტყველებით, – ათი კვადრილიონი მეომარი მეფის პირად დაცვაში.

ვუთხარი, რომ არ მჯეროდა.

– საქმე ის არ არის, გვჯერა თუ არა, – მითხრა მან, – ასე იყო.

ამ დროს ფოტოგრაფი შემოვიდა და დაბეჭდილი ფოტოების დასტა შემოიტანა. მე ვკითხე ფოტოგრაფს, თუ დაიჯერებდა, რომ მეფეს ათი კვადრილიონი მეომარი შეიძლება ჰყოლოდა. როდის იყო ეს ყველაფერიო, დაინტერესდა. მოჭადრაკემ უპასუხა, რომ ეს იყო ხუთი ათასი წლის წინათ.

– სულ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ დედამიწაზე? – ჰკითხა ფოტოგრაფმა.

მოჭადრაკემ არ იცოდა.

– ბევრია ათი კვადრილიონი... ათი კვადრილიონი ძალიან ბევრია, – თქვა ფოტოგრაფმა და ფოტოები გამოგვიწოდა, – აი, აქედან ამოარჩიეთ.

ფოტოების თვალიერება დავიწყეთ. ჩემი თავი უნდა მეპოვა. იოლი იყო.

მანუელი: არა... არაფერი ამის მსგავსი. რამდენადაც ვიცი, ყველა ფოტოაპარატს დროის რეგულატორი უყენია და ვფიქრობ, საკუთარი ფოტოს გადაღებას ჩემ გარეშეც შეძლებდა.

მანუელი: არა. მან ვერ იპოვა თავისი ფოტოსურათი და რადგან ფოტოგრაფმა უთხრა, აქ ყველანი არ არიან, კიდევ მაქვს დასაბეჭდიო, დარჩენა მოუწია. დამავიწყდა მეთქვა, რომ ფოტოსურათების თვალიერებისას, ერთმა, ძალიან ლამაზმა ქალმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. გულში მისი მოძებნის მოულოდნელმა სურვილმა გაიღვიძა. მაგრამ გადავიფიქრე, ფოტოზე შეიძლება უკეთესი იყო, ვიდრე ცხოვრებაში და შემეშინდა, რომ შეხვედრისას აღარ მომეწონებოდა. როცა ატელიედან გამოვდიოდი, ფოტოგრაფს, რომელმაც კარამდე მომაცილა, ვკითხე, თუ რომელი მოჭადრაკის ფოტორეპროდუქცია ეკიდა კედელზე. ბოტვინიკის თუ ალიოხინის. მან მიპასუხა, რომ ის იყო ალიოხინი.

„პირველი სვლისა და ფიგურების სწრაფი განვითარების ხარჯზე, მოჭადრაკემ გამოიყენა თეთრებით თამაშის უპირატესობა და პოზიციურად მშვენიერი მდგომარეობა მიიღო. ძალიან მალე შავების მეფე თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაშინ მოჭადრაკემ, არა იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტად დაემტკიცებინა თავისი სიძლიერე, არამედ, უბრალოდ, ინტერესის გამო, მანუელს დაფის მოტრიალება და შავი მეფის გადარჩენის მცდელობა შესთავაზა. მანუელი დაეთანხმა და მისმა ნაცნობმა სულ რამდენიმე სვლაში გაცილებით გააუმჯობესა შავების პოზიცია. შემდეგ გაიცვალა დედოფლები, თამაში ენდშპილში გადავიდა და ყველაზე მეტი, რასაც მანუელმა მიაღწია, ყაიმი იყო.

მოსაცდელში ისინი მარტონი იყვნენ. მერილინ მონრო ქაღალდის აღმოჩნდა, ხოლო გაზეთის მკითხველი არც კაცი იყო და არც ქალი, ის იყო მანეკენი“.

ბიბლიოთეკის დირექტორი: არა, ბორხესის არა. თბილისში არ არის იმდენი ბიბლიოთეკა, რომელიმე უცხოელის სახელისთვის რომ გაიმეტონ. ქუჩა ბევრია, ბიბლიოთეკა – არა. ლაბირინთის გამო შეარქვეს ასე.

ბიბლიოთეკის დირექტორი: საკმაოდ რთული სქემა დავხაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო იმიტაცია ბორხესის განთქმული ლაბირინთებისა. იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ბიბლიოთეკაში ათი დღის განმავლობაში მხოლოდ სამმა მკითხველმა შემოადგა ფეხი. ნაცნობების დახმარებით ქალაქის მერიამ თანხა გამომიყო. უფრო მეტად ჩახლართულის აშენება მსურდა, მაგრამ ისეთი გამომივიდა, როგორის საშუალებასაც ბიუჯეტი იძლეოდა.

ბიბლიოთეკის დირექტორი: ლაბირინთი ორმოცდათექვსმეტჯერ ორმოცდათექვსმეტი ოთახისაგან შედგებოდა. ოთახებს ერთმანეთთან ასევე ლაბირინთული სისტემით აგებული დერეფნები აკავშირებდა. შვიდი ოთახი საკვანძო იყო. მათ გზაჯვარედინებსაც ვუწოდებდი. ამ შვიდიდან პირველი „თევზის“ ოთახი იყო. ლაბირინთში შესული, თუ იგი სწორი მიმართულებით მოძრაობდა, მთელი რიგი დერეფნების გავლის შემდეგ, ხვდებოდა ოთახში, რომელსაც თევზის ფორმა და ოთხი კარი ჰქონდა. მხოლოდ ერთი კარი იძლეოდა ზუსტ მიმართულებას. ამ კარის მოძებნის შემდეგ, ლაბირინთში შესული კვლავ დერეფნების სისტემაში ხვდებოდა, რომლის დაძლევაც მეორე გზაჯვარედინამდე მისვლას ნიშნავდა. ამ გზაჯვარედინს „გვირილა“ ერქვა. თავიდან ლოტოსის ყვავილის ფორმის მიცემა მინდოდა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. გვირილის ფორმის ოთახს რვა კარი ჰქონდა. შვიდი კარი ლაბირინთში შესულს უკან აბრუნებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მესამე ცენტრალურ ოთახს კუს ფორმა და თორმეტი კარი ჰქონდა. ამ თორმეტიდან, თერთმეტი – მატყუარა. მეოთხე და მეხუთე ოთახი გვერდიგვერდ იყო. თითოეული რვაკარიანი, რაც ჯამში თექვსმეტს იძლეოდა. მეოთხე ოთახი მტრედს ჰგავდა, მეხუთე – ცხენს. თოთხმეტ კარში შესვლა თამაშის თავიდან დაწყებას ნიშნავდა. რიგით მეექვსე, პირქვე დამხობილი ქალის ფორმიან ოთახში ოცი კარი იყო ჩამონტაჟებული. მეშვიდე ოთახი მეექვსეს წააგავდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეს კაცის ფიგურა იყო. ქალისგან განსხვავებით, კაცს ხელები ტანზე ჰქონდა მიკრული. კართა რაოდენობა ოცდაოთხს აღწევდა. ოცდასამ კარს მთელი წვალება ნულამდე შეეძლო დაეყვანა. ყველა ეს ოთახი, რომელიც ჩამოვთვალე, წიგნებით იყო სავსე. „თევზის“ ოთახში სჭარბობდა წიგნები წყლის ცხოველებსა და წყალმცენარეებზე. „გვირილის“ ოთახი სავსე იყო წიგნებით მცენარეებსა და ხეებზე... და ასე შემდეგ. „ქალისა“ და „კაცის“ ოთახები ყველაზე დიდი და ყველაზე უხვტომიანი გამომივიდა. წიგნები დერეფნებშიც ეწყო თაროებზე. ლაბირინთი იოლი რომ გამეხადა და, ალბათ აგიტაციისთვისაც, ვბეჭდავდი ბროშურა-მეგზურებს და ვათავსებდი მათ გზაჯვარედინებზე. ლაბირინთში შესული ამ ბროშურის მეშვეობით პოულობდა წიგნს თაროზე, რომელსაც, რაღაც ნაწილის გადაკითხვის შემდეგ, საჭირო კარამდე და ზუსტ მიმართულებამდე მიჰყავდა. დერეფნებსა და დამხმარე ოთახებში გამოყენებული მქონდა სიტყვები, წინადადებები, აფორიზმები და ასე შემდეგ. ისინი კედელზე ეწერა. ლოგიკის, დედუქციური მეთოდის, გამორიცხვის მეთოდის და ინტუიციის საშუალებით მათ უნდა გაეშიფრათ წარწერები და თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ბროშურებს და ტექსტებს პერიოდულად ვცვლიდი. უფრო ხშირად, მე მათ ლაბირინთის შედარებით იოლ ნაწილში განვაახლებდი ხოლმე: ბიბლიოთეკაში შემავალი ცენტრალური კარიდან – პირველ საკვანძო პუნქტამდე, „თევზის“ ოთახამდე. ლაბირინთში შესულთ შეეძლოთ ყურადღება არ მიექციათ ამ მინიშნებებისთვის, მაგრამ, ცხადია, ეს ძალზე გაართულებდა მათ მდგომარეობას.

ბიბლიოთეკის დირექტორი: ლაბირინთში შესული, „კაცის“ ოთახიდან მთავარ დარბაზში ხვდებოდა. ეს იყო საბოლოო მიზანი.

ბიბლიოთეკის დირექტორი: თბილისში, ყოველი ათიდან ერთმა იცოდა ბიბლიოთეკის არსებობის შესახებ; მათგან, ყოველი ათიდან ერთი შედიოდა ლაბირინთში; ვინც ლაბირინთში შედიოდა, იმათგან, ყოველი ათიდან ერთი აღწევდა „ქალის“ ფორმის ოთახს; ვინც იპოვა კარი „ქალის“ ოთახში, მათგან ყველა ვერ გავიდა „კაცის“ ოთახში – ათიდან მხოლოდ ერთი. დიდ დარბაზს, ლაბირინთის საბოლოო მიზანს, სულ ხუთმა ადამიანმა მიაღწია.

ბიბლიოთეკის დირექტორი: იქ მხოლოდ ერთადერთი წიგნი ინახებოდა. მას სახელი არ ჰქონდა, არაფერი ერქვა, ზემოდან არაფერი ეწერა: არც ავტორი, არც სახელწოდება. ეს იყო ჯადოსნური წიგნი. წლების წინ, ახალგაზრდობაში, ჰიმალაიდან ჩამოვიტანე. სამი ასეთი წიგნი ჰქონდათ და ერთი გამომატანეს. დავინახე თუ არა, ვეღარ მოვშორდი, მისი მოპარვისა და წამოღების სურვილი გამიჩნდა. ზოგი ამბობდა, სამყაროში პირველი წიგნი სწორედ ეს არისო და მის ავტორებად წარსულის სამ წმინდანს ასახელებდნენ. სხვები ამბობდნენ, ადამიანების შექმნილი არ არის, მთების დაწერილია და სწორედ ამიტომ ძალუძს უმთავრეს კითხვებზე პასუხის გაცემაო. როცა მას ახსენებდნენ, ყველა თავის შერქმეულ სახელს უწოდებდა, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ხვდებოდა, რომ სწორედ ამ წიგნზე იყო საუბარი. ყველა პოულობდა მასში იმას, რაც სურდა.

სულ გვერდით ვეჯექი, თვალს ვერ ვაშორებდი, ნაზად ვფურცლავდი. არც კი ვიცოდი, იქ რა ეწერა, ბრმად მწამდა მისი ძალის. ჩემმა შეუპოვრობამ, წიგნის მცველების მიმართ თავგანწირულმა მსახურებამ და გულწრფელობამ, ბრძენებს გადაწყვეტილება მიაღებინა, წიგნი მაჩუქეს – წაიღე, გაუფრთხილდი, შენს ენაზე თარგმნე და ხალხს წააკითხეო. სამშობლოში დაბრუნებულმა სანსკრიტის შესწავლა დავიწყე. მას მერე მთელი ძალღონე თარგმანს შევალიე და მხოლოდ პირველი თავი ვთარგმნე – სულ თორმეტია.

ვგრძნობდი, რომ დღითი დღე ვიზრდებოდი, ვდინჯდებოდი, გონიერი ვხდებოდი. მართლაც, წიგნი პასუხებს იძლეოდა. მის სიღრმეებში შეღწევა ბევრ ადამიანს გონებას დაუმშვიდებდა, მიზანს ჩაუსახავდა – არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის რა სურდა, ყველას დააკმაყოფილებდა.

პირველ თავზე მუშაობამ შვიდი წელი წაიღო. იმედი მქონდა, რომ დანარჩენ თავებს უფრო სწრაფად გავაკეთებდი. სწორედ ეს წიგნი იდო ბოლო ოთახში. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ხალხს სჯეროდა სასწაულმოქმედი წიგნის არსებობის და დიდი ენთუზიაზმით იღებდნენ მონაწილეობას ჩემ მიერ წამოწყებულ თამაშში.

ბიბლიოთეკის დირექტორი: იმ ხუთ ადამიანს შორის დანიელი არ ყოფილა. მან მიაღწია „კაცის“ ოთახს. დიდ დარბაზში გასვლა ვერ შეძლო. „კაცის“ ოთახში დანიელმა ძალზე იშვიათი წიგნი იპოვა, ადამიანის ანატომიის შესახებ და უკან დაბრუნდა. მკითხველს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის უფლება არ ჰქონდა. დანიელი ძალიან დაინტერესდა ამ წიგნით და, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ, მისთვის გამონაკლისი დავუშვი.

ბიბლიოთეკის დირექტორი: ბიბლიოთეკას ცხრა წელიწადი ვაშენებდი და სამი საათი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერი წყალში ჩამყროდა. არავინ იცის, როგორ გაჩნდა ცეცხლი. გამოძიება უშედეგოდ დასრულდა. ერთი, რაც მათ გამოიკვლიეს, იყო ის, რომ ცეცხლი პირველად დიდ დარბაზში გაჩნდა. წიგნები კარგად იწვის და ცეცხლი მთელ ლაბირინთს მოედო.

ბიბლიოთეკის დირექტორი: ერთი ადამიანი. ცეცხლმა სხვებს დერეფნებში მოუსწრო, სადღაც „თევზისა“ და „გვირილის“ ოთახებს შორის. მათ მოასწრეს უკან გამოსვლა. იმ ადამიანს კი, რომელიც დაიღუპა, კარგად ვიცნობდი. ლაბირინთი სულ ერთი თვის აშენებული იყო, როცა ჩემთან მოვიდა. თავი ყოფილ ჯარისკაცად გამაცნო, მითხრა, რომ წარსულში აფხაზეთში ომობდა და იქ მისი ბატალიონი მთლიანად გაანადგურეს. შემდეგ ოსეთში შეუერთდა ორმოცდაათკაციან რაზმს და ისიც მტერმა მთლიანად გამუსრა, მხოლოდ ეს კაცი გადარჩა ცოცხალი. თავშესაფარი მთხოვა: ომში დაბრუნება აღარ მსურს, მესამე ჯერზე უეჭველი მომკლავენო. ვუპასუხე, ომი დიდი ხნის დამთავრებულია-მეთქი. მართლა ასე ფიქრობო? არა, შევცდი-მეთქი – მართლა არ იყო დამთავრებული. მან კი მითხრა, საომარი მოქმედებები ისევ რომ განახლდეს, სახლში ვერ გავჩერდები, საბრძოლველად წავალ და მომკლავენო.

უკვე ხანშიშესული იყო, ომში წასვლა ალბათ აღარც ევალებოდა. დარჩი-მეთქი, შევიფარე. ბიბლიოთეკაში ოთახი გამოვუნახე. ჩაიცინებდა ხოლმე, მომავალი, ჯერ არარსებული ომის დეზერტირი ვარო.

ბიბლიოთეკის დირექტორი: როგორც მე, ისევე მას, თვალდახუჭულებს შეგვეძლო მთელი ლაბირინთის გავლა. დიდ დარბაზს ორი კარი ჰქონდა: ერთი – რომლითაც დარბაზში შედიოდი, მეორეს კი გარეთ გაჰყავდი. ჯარისკაცის დანახშირებული გვამი დარბაზში იპოვეს – წიგნთან ერთად დაიწვა. გამოტანას ცდილობდა და ვერ შეძლო.

კაცი მოკვდა, წიგნიც განადგურდა, ახლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ისევ მთებში უნდა წავიდე და იქნებ დარჩენილი ორი წიგნიდან, ერთი ისევ დამითმონ. ძალიან ვთხოვ, შევეხვეწები.

ლაბირინთით ბევრი დაინტერესდა. მექანიზმი ამუშავებულია. გვერდში ამომიდგებიან და ახალ ლაბირინთს შევქმნი... თუნდაც ცხრა კი არა, ცხრაჯერ ცხრა წელიწადი დამჭირდეს.

მანუელი: ფოტოატელიედან რომ გავედი, გზა გადაკეტილი დამხვდა. ალბათ უცხოეთიდან ვინმე წარჩინებული პირი გვეწვია-მეთქი, გავიფიქრე. აღმოჩნდა, რომ ხანძარი იყო. ჩემი მეგობრის, ემილის ბიბლიოთეკა იწვოდა. ამან ჩემი გეგმები შეცვალა. საპასპორტოში წასვლა გადავდე და გადავწყვიტე ემილი მენახა. ბიბლიოთეკამდე არც ისე პატარა მანძილი იყო, ან მეტროში უნდა ჩავსულიყავი, ან ფეხით უნდა გამევლო. ყოყმანიდან მხარზე ხელის დადებამ გამომიყვანა. კაცს, რომელიც მიღიმოდა, არ ვიცნობდი.

– შევცდი, – მითხრა უცნობმა, – ემანუელი მეგონე.

– გასაკვირი არ არის, – ვუთხარი, – მანუელი მქვია.

ისეთი სახე მიიღო, იფიქრა, დავცინოდი. ცივად გამშორდა. მე კი ფეხით წასვლა ვარჩიე.

ემილის ბავშვობიდან ვიცნობდი. მათემატიკა უყვარდა და ჩემ წინ იჯდა, მერხზე. მახსოვს, მარტივი რიცხვებით დაინტერესდა და თითქმის ნახევარი წელიწადი მათი ფორმულის ძიებაში დაკარგა. მარტივი რიცხვი ის რიცხვია, რომელიც თავის თავისა და ერთის გარდა არაფერზე იყოფა: ერთი, ორი, სამი, ხუთი, შვიდი, თერთმეტი, ცამეტი, ჩვიდმეტი... ლუწ რიცხვებს თავისი ფორმულა აქვთ, კენტს – თავისი. მარტივ რიცხვებს ფორმულა არა აქვთ, ისინი უსისტემოდ იზრდებიან.

– ერთი, – ვუთხარი მოლარეს და მივხვდი, რომ უკვე მეტროში ვიყავი. ასე სჯობს, გავიფიქრე, უფრო მალე მივალ. ვაგონში ის უცნობი დავინახე, ვიღაცაში რომ შევეშალე. მან ვერ დამინახა.

სკოლის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო და მოგვიანებით ემილი ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს. ვაგონიდან გამოვედი და სწრაფად ავირბინე ესკალატორი. მშვიდ მდგომარეობაში დღე-ღამის განმავლობაში გული დაახლოებით ასი ათასჯერ იკუმშება. ამ დროს იგი ათ ტონა სისხლს გადატუმბავს.

– ბიბლიოთეკის შიდაგანაწესის დარღვევამ შენი წაღებული წიგნი გადაარჩინა, – მითხრა ემილიმ, – აწი, შეგიძლია დაიტოვო.

ეს იყო ანატომიის იშვიათი წიგნი და გამიხარდა.

– მორჩა, – თქვა შემდეგ, – ბიბლიოთეკა აღარ არსებობს.

ბიბლიოთეკა აღარ არსებობდა და ძალიან მეწყინა.

ყოფილი ჯარისკაცი: ემილი მალე დათვრა. ცხიმიან ხელს თავზე ისვამდა და გაუთავებლად ჰყვებოდა ლაბირინთსა და ვიღაც ყოფილ მებრძოლზე, რომელიც ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ხანძრისას დამწვარა. ვერ მივხვდი, ვისზე ლაპარაკობდა, ასე მეგონა, ჩემზე საუბრობდა. რაღაც ხომ არ აგერია, მკვდარი ხომ არ გგონივარ-მეთქი? გაკვირვებულმა გადმომხედა და მითხრა: „არა, ეგ ხოო“. რას გულისხმობდა, ვერ მივხვდი. ჩავაცივდი – „არა, ეგ ხო“, რას ნიშნავს, გარდაცვლილი გგონივარ-მეთქი? არაო, თავი კი გააქნია – მაგრამ ძალიან საეჭვოდ. თავს ეგრე საეჭვოდ ნუ აქიცინებ-მეთქი, მკაცრად ვუთხარი. მისმა მეგობარმა კი აქეთ შემომიტია, ახლავე მოკეტე, ვერ ხედავ, ცუდად არისო.

მერე ემილის მიუბრუნდა და უთხრა, ბორხესს თავი დაანებეო. იმან უპასუხა, ბორხესთან მხოლოდ ის მაკავშირებს, მასავით ბრმა რომ ვარო. ემილი ბრმა არ იყო, მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა შუშის. ბავშვობაში ლეღვი გაურტყამთ თვალში და მხედველობა დაუკარგავს. უმკურნალია და მხედველობა დაბრუნებია. ქარში, მანქანის საბარგულზე მდგომს, იგივე თვალი გასციებია და ერთ თვალში სამუდამოდ ჩაქრობია სინათლე.

– არ დავბრმავდები, – თქვა ემილიმ, – არ შეიძლება, რომ კაცს ორივე თვალი შუშის ჰქონდეს.

მალე ემილის მეგობარიც დათვრა. მეტი აღარ დალიო-მეთქი და კარგიო, დამეთანხმა, მაგრამ მაინც არ გაჩერებულა, ბოლომდე სვამდა.

მანუელი: სამნი ვიყავით. ემილის მეგობარი მეხანძრეების ლანძღვაში იყო.

– შეეძლოთ, შეეძლოთ! – იმეორებდა იგი.

ბიბლიოთეკის სახურავიდან ცეცხლი თანამედროვე ხელოვნების შენობის სახურავს წაეკიდა და პირველი, რაც დაფერფლა, საგამოფენო დარბაზი იყო. მეხანძრეებმა ცეცხლი ვერ ჩააქრეს და ერთი ადამიანი მოკვდა. მხატვარი იყო. როცა შენობიდან ხალხი გარეთ გამორბოდა, ის პირიქით, შიგნით შევარდნილა და კედლიდან თავისი ნამუშევრების ჩამოხსნა დაუწყია. უკან იმავე გზით ვეღარ გამოსულა და მესამე სართულიდან გადმომხტარა. მესამე სართული არც ისე მაღალია, მაგრამ ზურგით დაეცა და ვეღარაფერი უშველეს.

– ადამიანი ჩიტად უნდა დაბადებულიყო, – თქვა ყოფილმა ჯარისკაცმა.

– სისულელეს ამბობ, – უთხრა ემილიმ.

ადამიანი ჩიტად რომ იქცეს, არა მგონია, კარგი იყოსო. ანდა ჩიტი რომ ყოფილიყო, ნახატებს როგორღა დახატავდაო. მთვრალები ვიყავით და გაგვეცინა.

– მნიშვნელობა აღარა აქვს, თუ რას ხატავ, როგორ ხატავ, რაზე ხატავ, – თქვა ემილიმ, – მთავარია, ვინ ხარ და რომელ გამოფენაში იღებ მონაწილეობას.

ემილი ახალგაზრდა მწერლებსაც გადასწვდა და თქვა, ძალიან ამბიციურნი არიანო. სინამდვილეში მყარი კონცეფცია არც ერთს არ გააჩნიაო.

ყოფილმა ჯარისკაცმა იკითხა, რა განსხვავებაა ახალგაზრდასა და მოხუცს შორისო. ვუპასუხე, რომ კარგად თუ დაუკვირდები, ახალგაზრდასა და მოხუცს შორის განსხვავება არ არის. არავინ იცის, როდის ბერდება ღვიძლი, კანი და მით უმეტეს გული. ორმოცდაათი წლის სისხლი, ანდა სამოცდაათი წლის ძვალი ასევე პირობითობაა. ეტალონად არ გამოდგება არც მხედველობა და არც პირის ღრუ, რადგან მოხუცებში სიბეცე ან შორსმხედველობა, ისევე როგორც კარიესი, მხოლოდ რაოდენობრივად ჭარბობს. ემილი არ დამეთანხმა.

ემილის მეგობარი კი გვარიანად იყო უკვე შეზარხოშებული. მან გაიხსენა ერთი ამბავი, რომელსაც, როგორც მივხვდი, მხოლოდ სიმთვრალეში ჰყვებოდა. ავღანეთში, სადაც ის თხუთმეტი წლის წინათ ომობდა, მისი თანამებრძოლისთვის ტყვია გაურტყამთ თავში. ყველას ჰგონია, რომ თავში მოხვედრილი ტყვია ეგრევე კლავს ადამიანს. ასე არ ყოფილა. მეგობარი მაშინათვე არ მომკვდარა. თურმე აქეთ-იქით დარბოდა და შეშლილი ქალივით წიოდა. მტრის ტყვიები აღარ აშინებდა, ანდა რატომღა უნდა შინებოდა, თავში ხომ უკვე მოხვედრილი ჰქონდა. ასე, ორ წუთამდე ურბენია. შემდეგ კივილი ღმუილში გადასვლია, ხოლო სირბილი – ხელების ქნევასა და ხტომაში. გვიან მიმხვდარა ემილის მეგობარი, თუ რა სჭირდა დაჭრილს. ჰაერში ის თავიდან ამოხეთქილ და გაბნეულ ტვინს აგროვებდა, უკანვე თავში რომ ჩაედო. ცხადია, დიდხანს ვეღარ უცოცხლია და მომკვდარა.

ამბავმა ძალიან ცუდ გუნებაზე დამაყენა. ისედაც გვარიანი ნასვამები ვიყავით და წასვლა დავაპირე. ემილი ჩამეძია, რაზე მამჩნევ, ნასვამი რომ ვარო. სახელი გეშლება და დანიელს მეძახი-მეთქი. აბა, რა უნდა დაგიძახოო. სახლში წასვლა და ძილი ვურჩიე.

ქალი საპასპორტოდან: უცნაური სახელი ერქვა. ნასვამი იყო და მიღიმოდა. ბევრი მიღიმის. მთვრალი კაცები არ მიყვარს. მისი ღიმილი კი მომეწონა. უცნაური სახელი ერქვა.

– ფრანგი ხარ? – ვკითხე.

– არა, – მიპასუხა.

– ესპანელი?

– არა.

– იტალიელი?

– არა, – გაეღიმა, – ქართველი.

ასეთი არაქართული სახელი რატომ გქვია-მეთქი. ქართული სახელი რომელიაო. რამდენიმე დავუსახელე. ებრაულიაო. კიდევ ვუთხარი. სპარსულიაო. სხვა ვუთხარი. ალბათ, ბერძნულიაო. გამოდის, რომ ქართული სახელი არ არსებობს-მეთქი.

– არსებობს, – თქვა და კაცისა და ქალის ორ-ორი სახელი მითხრა.

მისი ფოტოსურათი ზომაზე დიდი აღმოჩნდა და შავი, წვრილი ჩარჩო მთლიანად დაფარა.

– შემოაჭერი, – მითხრა.

შემოვაჭერი და დავაკარი.

პირადი ნომერი: ნული ერთი ნული ორი ოთხი ნული ერთი ნული ცხრა რვა სამი.

ქალი საპასპორტოდან: თქვენ მართალი ხართ, ნომერი საიდან უნდა მახსოვდეს? ეს რა რიცხვი ვთქვი, მე თვითონაც ვერ ვხვდები. ეტყობა, უბრალოდ, ციფრების თქმის სურვილი გამიჩნდა. ბოდიშს გიხდით.

– ხელი მოაწერეთ, – ვთხოვე.

მოაწერა და მკითხა, არ გიკვირს, მარცხენათი რომ ვწერო.

– არა, არ მიკვირს, – ვუპასუხე, – ცოტათი.

მარცხენა ხელით ვწერ, ჩანგალი და კოვზიც მარცხენათი მიჭირავსო. გამეცინა.

– მარჯვენათი? – ვკითხე.

ყველაფერ დანარჩენს – მარჯვენათიო.

– კარგად იყავი, – მითხრა და წავიდა.

მინდოდა, რომ რამე დარჩენოდა: ავტოკალამი, კაშნე, ქუდი, ან თუნდაც, შარვლის უკანა ჯიბეს აწყვეტილი პატარა ღილი.

„მანუელის ფოტოსურათი ზომაზე დიდი აღმოჩნდა. დაუწუნეს და სთხოვეს ხელმეორედ გადაეღო“.

„მანუელი შეშინდა. იგი გრძნობდა, რომ მარტო რჩებოდა“.

„დამწვარი ბიბლიოთეკის შენობასთან ავტომობილი გაჩერდა. მანქანაში სამნი ისხდნენ. გზა გადაკეტილი დახვდათ და იძულებულნი გახდნენ სხვა მიმართულება აერჩიათ. საუბარში გაირკვა, რომ ერთ-ერთს, იმას, რომელსაც ქერა თმა ჰქონდა, უყვარდა ლურჯი; ხოლო მეორეს, რომელიც ქერათმიანზე დაბალი იყო – ყვითელი. ყვითელი ფერი ქერათმიანსაც მოსწონდა, მაგრამ მისი აზრით „BMW“-ს მარკის ავტომანქანებს არ უხდებოდა.

– თუ გინდა სიმართლე იცოდე, „BMW“-ს ხასხასა მწვანე უხდება, – უპასუხა დაბალმა და იქვე დასძინა, რომ სწორედ ეს ორი ფერი, ლურჯი და ყვითელი, იძლეოდა მწვანეს.

– მწვანეს იძლევა, მაგრამ არა ხასხასას, – თქვა ქერათმიანმა.

შემდეგ დაბალმა ქერათმიანს საჭე დაუწუნა, და ეს იმით ახსნა, რომ მას პატარა დიამეტრი ჰქონდა და მოსახვევებში ბევრი ტრიალი სჭირდებოდა. ამაზე ქერათმიანმა უპასუხა, რომ იგი სწრაფ სიარულს იყო შეჩვეული. ხოლო სწრაფი სიარულისას პატარადიამეტრიან საჭეს დიდი ტრიალი არ სჭირდებოდა. თავის მხრივ კი დაბალმა აღნიშნა, რომ ჩვენი გზები არ იძლეოდნენ სწრაფი სიარულის საშუალებას. უკან მჯდომ, თხუთმეტი წლის გოგონას პირი უშრებოდა. ამ ორიდან არც ერთი იყო მისი მშობელი, არც – საქმრო, და არც სისხლით ნათესავი“.

მანუელი: ღამის თორმეტს უკვე გადაცილებული იყო, სახლში როცა დავბრუნდი და პირველ სართულზე მკვდარ ვირთხას წამოვკარი ფეხი. მკვდარი ვირთხა მეხუთე სართულზეც ეგდო, ჩემი კარის წინ. სანამ ჯიბიდან გასაღებს ამოვიღებდი, მეგონა, რომ ვიყავი ექიმი და მერქვა ბერნარი. გამახსენდა, რომ ვირთხები ხშირად მინახავს, მკვდარიც და ცოცხალიც, თუმცა არც ერთხელ ქალაქში ეპიდემია არ დაწყებულა.

მერქვა მანუელი და არა ბერნარი.

მამაჩემის გარდა სახლში ყველას ეძინა. სახლიდან გასვლისას დედაჩემი ყოველთვის მთხოვდა, რომ არ დამელია. ჩემს ცოლს არასოდეს უთხოვია, რომ არ დამელია, სამაგიეროდ, თუ ცუდად ვხდებოდი, ტაშტის დადგმას საწოლთან ვერავინ ასწრებდა. მამა სხვა ტაქტიკით თამაშობდა: ნასვამს იმდენ ხანს მესაუბრებოდა, სანამ არ გამომაფხიზლებდა. ის ტელევიზორს უყურებდა.

– საკაბელომ გადასახადი გააძვირა, – მითხრა მან, – ხუთი ლარით.

ოცდაათი არხი ისედაც გვქონდა. გაძვირებულ ვარიანტს თუ გადავიხდიდით, ორმოცდაათი გაგვიხდებოდა. თუ ვერ გადავიხდიდით, საერთოდ აღარ გვექნებოდა.

– სამოცდაათიანი პაკეტიც არსებობსო, მაგრამ აზრზე ხარ, რა ძვირი იქნება? – თქვა მამამ.

მე ვუთხარი, რომ სრული უმოძრაობის სამოცდამეათე დღეს გულის ზომა ცამეტი-თვრამეტი პროცენტით მცირდება.

– სიგარეტით რამდენჯერ მცირდება? – მკითხა.

სიგარეტის წევით გული არ მცირდება-მეთქი. სისხლძარღვები თუ ხმებაო?

– არ ვიცი, – ვუპასუხე.

ისეა მოწყობილი, რომ შენ თვითონ რაიმეს თუ ვერ გადაეჩვიე, ძალით გადაგაჩვევენო.

– ვინ? – ვკითხე.

– ყველაფერი დარეგულირებულია, ერთი დღეც არ არსებობს ისეთი, მზე რომ არ ამოვიდეს.

– ვინ? – ვკითხე, – ვინ არეგულირებს?

– არ ვიცი, – თქვა და ამოიოხრა, – ალბათ ღმერთი.

ტელევიზორში ფილმი გადიოდა, ჰოლივუდის ნაწარმს ჰგავდა. რეჟისორმა აფეთქებები რომ წამოიწყო, ნახევარი ქალაქი დაანგრია, ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. გაოფლილი ქალი დარბოდა, ეტყობა მთავარი პერსონაჟი იყო. რაღაც მომენტში ხელი აიქნია, აქეთო, დაიძახა და მთელი რაზმი იქით გაიქცა.

– რა ფილმს უყურებ? – ვკითხე.

– სათაური არ ვიცი, – მიპასუხა, – მალე ამ კაცს მოკლავენ.

– რატომ მოკლავენ?

– თეთრი პერანგი აცვია, – მიპასუხა მამამ, – თეთრზე სისხლი კარგად ჩანს.

მერე თქვა, ცუდი ის არის, კაცმა ენა რომ არ იციო. ინგლისური ცოტათი ხომ გესმის-მეთქი.

– სწრაფად ლაპარაკობენ, – თქვა მამამ, – ისე სწრაფად, რომ ვერაფერს ვიგებ.

იქვე დასძინა, ყველაფერი სწრაფი გახდაო: სწრაფი მანქანა, სწრაფი თვითმფრინავი, სწრაფი ლიფტი, სწრაფი ფეხბურთი, სწრაფი სადილი, სწრაფი ჩხუბი, სწრაფი დაღლა და სწრაფი სიკვდილი. არ ვიცი, შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა რომ შემცირდა, იმის ბრალიაო. სადღაც ამოვიკითხე, რომ ადამიანი ადრე ათას წლამდე ცხოვრობდა, ახლა კი ასსაც ვერ აღწევსო. ეჩქარებათ და ჩქარობენ... საათნახევრიან გადაცემას, თუ ეს მხატვრული ფილმი არ არის, აღარავინ უყურებს. მთავარია აზარტი. ძნელია შეუნარჩუნო გადაცემას აზარტი, თუნდაც ერთი საათით. სხვა მხრივ, ის მოსაწყენი ხდება. ყველაფერს საფუძვლად შეჯიბრების მომენტი უდევს. თუ ვინმე აზარტულ და სწრაფ გადაცემას გააკეთებს, ცხადია, მეორე იმავეს აღარ გაიმეორებს. სხვანაირი უნდა შექმნას და ამ „სხვანაირის“ ძიებაში ვერც კი ხვდება, როგორ ერთვება ასპარეზშიო.

– ალბათ ამას ოდესმე ბოლო ექნება და ცხოვრება ისე დაიწნეხება, რომ ყველაზე ნელი გადაცემა ერთწუთიანი იქნება, – გავიხუმრე.

მამამ მითხრა, რომ ეს ყველაფერი, ას მეტრზე სირბილს ჰგავდა. სისწრაფის განსაზღვრა უკვე წამის მეასედებით ხდება. მომავალში მეათასედებში გადავალთ, შემდეგ მეათიათასედებში, მეასიათასედებში და ასი მეტრის სუფთად შვიდ წამში გარბენა და დედამიწაზე სიცოცხლის დასასრული ერთდროულად მოხდებაო. სწრაფად მორბენალთა სია კი გაიზრდება და გაიზრდება. თუ გაიქცევი, ისე უნდა გაიქცე, რომ კაცობრიობის დასასრულამდე ყველაზე სწრაფი იყო. ეს კი შეუძლებელიაო. თუ დასასრული დადგება, ვთქვი მე, სირბილს საერთოდ არ ჰქონია აზრი. აბა, რა გააკეთონო? ნურც ნურაფერს გააკეთებენ, ვუპასუხე მე. ასეთებიც ბევრნი არიანო, მიპასუხა და ვერ მივხვდი, ეს კარგი იყო თუ ცუდი.

– სადარბაზოში მკვდარი ვირთხა ვნახე, – ვთქვი მე.

– მეც ვნახე, – მიპასუხა მამამ.

დასაძინებლად წავედი. ოთახში ფრთხილად შევედი და ასევე ფრთხილად ჩავწექი ლოგინში. ლოგინში ნაზად ჩავწექი, მაგრამ ქრისტინეს მაინც გაეღვიძა.

– მეშინია, – მითხრა ცოლმა.

– მე არა, – ვუთხარი მე.

„სიზმარში მანუელმა ნაცნობი მოჭადრაკე ნახა. ის სულმთლად შიშველი იყო. მოჭადრაკემ უთხრა:

– წესები შევცვალე. ამიერიდან, როგორც კი შენი პაიკი ხელს შეგიშლის, შეგიძლია აიყვანო. შეგიძლია სხვა შენი ფიგურებიც აიყვანო, ოღონდ შემდეგი თანამიმდევრობით: პაიკი შეგიძლია აიყვანო პაიკით, კუთი, მხედრით, ეტლით, ლაზიერით და მეფით. კუს და მხედარს ერთმანეთი არ აჰყავთ. ისინი შეუძლია აიყვანოს ეტლმა, ლაზიერმა და მეფემ. ეტლი აჰყავს ლაზიერს და მეფეს. ლაზიერს მხოლოდ მეფე იყვანს. მეფე უვნებელია“.

 ავტორი: ალეკო შუღლაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა