გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

“პერიოდული სისტემა” | ქიმიის სახელმძღვანელო თუ ლიტერატურის ახალი მისიის აღმოჩენა?



“ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო.” -
ასე იწყებს ფრანც კაფკა “მეტამორფოზას” და მკითხველს თავიდანვე მიანიშნებს, რომ წიგნი გარდასახვაზეა. რაღაც ისეთს მოვისმენთ, აქამდე რომ არ მოგვისმენია და, ალბათ, ვერც მომავალში მოვისმენთ.

ებრაული წარმოშობის იტალიელი ესეისტი, პოეტი და მწერალი, პრიმო ლევი, განათლებით ქიმიკოსია. მას პირადად შეეხო ფაშისტური სისასტიკე, რაც მომავალში შემოქმედებაზეც მკვეთრად აისახა - 1938 წელს ფაშისტურმა ხელისუფლებამ ებრაელებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა, პრიმო ლევიმ უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. მწერალი აქტიურად იყო ჩართული ანტიფაშისტურ საქმიანობაში, მალევე პარტიზანული დაჯგუფების წევრიც გახდა, რასაც მისი დაპატიმრება და 1944 წელს ოსვენციმში გადაყვანა მოჰყვა.

პრიმო ლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოები მისი მოთხრობების კრებულია, რომელსაც ავტორმა “პერიოდული სისტემა” დაარქვა. კრებული 1975 წელს დაიწერა, ის ოცდაერთი მოთხრობისგან შედგება და სამყაროს ავტორისეულ “ქიმიურ” თვალთახედვაზე გვიამბობს. ყველა მოთხრობას კონკრეტული ქიმიური ელემენტის სახელი ჰქვია, ამბების უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია და მწერლის ოჯახის, ახალგაზრდობის, წინაპრების, ოსვენციმისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მოგვაგონებს.

elements

თანამედროვე ლიტერატურა გარკვეული ასპექტით ცდილობს, მეცნიერება დაიკავშიროს. ლევი მიმართავს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორებიცაა, მაგალითად, გაბრიელ გარსია მარკესის მიერ წვიმის გაპერსონაჟება ან ონორე დე ბალზაკის შემთხვევაში - ტყავის მთავარ გმირად ქცევა.  მოთხრობებში მთავარ გმირებად ნახშირბადი, ოქრო, არგონი, აზოტი, ურანი, ვერცხლი და სხვა ქიმიური ელემენტები გვევლინებიან. მოთხრობაში “არგონი” ებრაელთა სანათესაო წრეა აღწერილი, ერთი მხრივ, ნათესავთა სპექტრი ძალიან ფართოა, მეორე მხრივ, პრიმო ლევი მკვეთრად გამოყოფს მთავარ პერსონაჟებს და მათ მკითხველისთვის მარტივად ამოსაცნობს ხდის. ქიმიკოსი მწერალი პერსონაჟებს ქიმიური ელემენტების თვისებებს მიაწერს და ამ მეთოდით ახერხებს მეცნიერებისა და ლიტერატურის დაკავშირებას. არგონი თვითკმარი აირია. ის სუფთა, ინერტულ აირადაა მიჩნეული,ბარბაბრამინის თავს დატრიალებული მოვლენებიც არგონის ქიმიურ მახასიათებლებზე მიგვანიშნებს.

კრებულის ბოლოსკენ არსებულ მოთხრობებში ავტორი ყოფიერებიდან მაღალ მატერიებზე გადადის - მთელი კრებული მარტივი, აუტანელი ყოფიერებიდან აბსტრაქტულ ასპექტებზე გადასვლის პროცესია. სწორედ ამ პროცესის მიღმა ხდება ნათელი პრიმო ლევის მეტამორფოზა, რომელიც, როგორც ქიმიკოსი, ისე გაგვეცნო, ბოლოს კი მზის ნათებითა და სამყაროს სხვადასხვა განსაცვიფრებელი მოვლენით დაინტერესდა, მხოლოდ ქიმია აღარაა ამ კვლევის ინსტრუმენტი.

მოთხრობაში “ცერიუმი” მწერალი ძალიან ღიად ინტერესდება ადამიანთა რაობით:“საკუთარი ან სხვისი უგუნური საქციელის შეფასება ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს, როცა კარგი შედეგებით მთავრდება.”  სიუჟეტი ოსვენციმის პერიოდში გვაბრუნებს და იქ გაჩენილ სამყაროსეულ აღქმებსა და ადამიანურ ტკივილებზე გვიყვება.

მწერალმა მთელი ცხოვრება საფრთხის ქვეშ გაატარა, თითქოს, რაღაც სულ უნდა აფეთქებულიყო მის გარშემო. ცხოვრების ასეთმა განვითარებამ ძალიან დიდი კვალი დაატყო ავტორის შემოქმედებას, ამის საუკეთესო ნიმუშია მოთხრობა “ტიტანი” - “არ შეეხო, ტიტანიანია!”  ტიტანი თეთრი ფერისაა და მის მტვერს აფეთქებისკენ აქვს მიდრეკილება. პრიმო ლევი სწორედ ამ ტიპის კავშირებს ხედავს ქიმიურ ელემენტებსა და ადამიანში, მათ განწყობებსა თუ გარდაქმნებში.

პრიმო ლევის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ხაზი ქიმიური ელემენტების პოეტური აღქმა და მათი ლიტერატურაში, საუკეთესო ცხოვრებისეულ გზამკვლევში, გადმოტანაა - უკანასკნელი მოთხრობაა „ნახშირბადი“, რომელშიც ფოტოსინთეზის პოეტურობასა და ნახშირბადის მახასიათებლებს ვეცნობით. “პერიოდული სისტემის” მთავარი არსის გასაღები სწორედ ამ მოთხრობაში იმალება.

“ასე რომ, თითოეულ ელემენტს ვიღაცისთვის რაღაც აქვს მოსაყოლი… გამონაკლისად მხოლოდ ნახშირბადი შეიძლება ჩავთვალოთ.”

გასაგებია, თუ რატომ შეირჩა “ნახშირბადი” კრებულის უკანასკნელ მოთხრობად. პრიმო ლევის კრებულის მთავარი დანიშნულება ადამიანის შინაგან სამყაროში მოგზაურობაა. ის ქიმიულ ელემენტებს გზამკვლევად იყენებს, თვისებებს, განწყობებსა და ადამიანის ხასიათის გარდაქმნებს სხვადასხვა ქიმიურ კანონს უკავშირებს. ნახშირბადი მოგზაური ატომია, რომელიც პერიოდულად იღებს მონაწილეობას სიცოცხლის ციკლში, მისი როლი განუზომელია. ავტორი ადამიანის ცხოვრებისეულ გზას ყველაზე მეტად ნახშირბადს ამსგავსებს, - ის ერთადერთია, რომელსაც სხვა ატომებთან შეკავშირება დიდი ენერგიის დახარჯვის გარეშე შეუძლია, მაგრამ თავისი კუთვნილი სირთულე და გამოწვევა მასაც თან სდევს - ცოცხალ სამყაროში მოსახვედრად მძიმე, რთული და ჩახლართული გზა უნდა გაიაროს.

ტექსტის ყველა ასპექტი მჭიდროდაა გადაჯაჭვული სამყაროში არსებულ ადამიანის როლთან, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: რა არის ეს კრებული? უბრალოდ ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც მწერალმა ცხოვრებას დაუკავშირა თუ იმის ახსნის მცდელობა, რომ ლიტერატურა სამყაროა, რომელიც მეცნიერების, ამ შემთხვევაში, ქიმიის გარეშე არ არსებობს?

პრიმო ლევი ცდილობს, გვიჩვენოს, რომ მოთხრობებში არსებული მთავარი ხაზი ქიმიური ელემენტებისა და ადამიანის დაკავშირებაზე გადის. ამ გზაზე კი ადამიანი ლიტერატურის სიმბოლოა, ხოლო ელემენტები - მეცნიერების. პრიმო ლევის მეცნიერებაში ლიტერატურა შემოაქვს და არა, პირიქით, როგორც ამას მიშელ უელბეკი და სხვა მსგავსი სტილის ავტორები აკეთებენ. იტალიელი მწერალი ამ ოცდაერთი მოთხრობის სახით წარმოგვიდგენს ლიტერატურისა და მეცნიერების უწყვეტ გადაჯაჭვულობას, რომელიც სამყაროს შექმნის მთავარი გამომწვევი ფაქტორია.

საუბარი ფრანც კაფკას “მეტამორფოზით” დავიწყეთ დამართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ “პერიოდული სისტემა” არის თვისებათა, გარდაქმნათა ენციკლოპედია, რომელიც სამყაროს არსის მიგნების მცდელობაა და თან ძალიან წარმატებულიც.


ავტორი: მათე წიკლაური
ქავერ ილუსტრაცია: დეა ტატიაშვილი

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა