ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფიჭვები და სოჭები გუჯარეთში | ლუბა გოგიჩაშვილი, 76 წლის

ლუბა გოგიჩაშვილი, 76 წლის
გუჯარეთი, 1991-1992 წლები


მაჭარწყლიდან რომ გახვალ, მარცხენა მხარეს წინუბანია, აქეთ გვერდისუბანი. გვერდისუბანს გადაღმა - ვარდევანი, კიდევ იქით - ეს სულ ოსური სოფლები იყო. ვარდევანშიც, გვერდისუბანშიც ბევრი ქართველი რძლები ჰყავდათ. მე და ჩემი დაც ოსებს გავყევით. ისე რო, მაშინ, აბსოლუტურად არანაირი გარჩევა არ იყო. გუჯარეთის ხეობაში, რასაც ქვია, ცხოვრება დუღდა. მესაქონლეობა, მეცხვარეობა, იმდენი საქონელი ჰყავდათ. ოსები წაღვერის და ბორჯომის ბაზარში რომ ჩადიოდნენ, ხალხს უხაროდა - ისეთი ყველი და რძის ნაწარმი ჩაჰქონდათ.

1991 წლიდან, აი, ზვიად გამსახურდიას შემდეგ დაიწყო. ნუ ახლა, ზვიად გამსახურდია ცალმხრივად მე მიყვარს, კარგი მრჩეველები რომ ჰყოლოდა, საქართველოსნაირი ბედნიერი ქვეყანა არ იქნებოდა, მაგრამ შეუშალეს ხელი. აი, იმისი მოძრაობიდან რომ დაიწყეს, ყველამ თავისი ბუდე ნახოსო, მერე უკვე... არ ვიცი, აქ რა ხდებოდა! 

ერთ მშვენიერ დღეს, ვხედავ მოდიან ჩემი მაზლიშვილები - შემოგვესივნენ, გვაიძულებენ, წავიდეთ და რა ვქნათო. საქონელს ართმევდნენ, სახლს უძარცვავდნენ, ასე გასინჯეთ, მეტირება ხოლმე რომ მახსენდება: წელსქვევით მოწყვეტილი ქალი ლოგინზე იწვა, მიწიდან მკერდის სიმაღლეზე ელაგა ლოგინები, ეტყობა, ეშინოდა, არ წაიღონო. გადმოაგდეს საწოლიდან, აკრიფეს ლოგინი, წაიღეს და წავიდნენ. ქალი დატოვეს ეგრე, ძირს დაგდებული. არადა, 4 სული ძროხა მარტო მაგას ჰყავდა, ამ ჩავარდნილ ქალს. ყავარჯნებით შევიდოდა ბოსელში და ისე მოწველავდა. თივას კი უთიბავდა ხოლმე სოფელი. პირადად ჩემი დისგან 65 სული ცხვარია წაყვანილი.

ჩემ დას 1988 წელს ბიჭი დაეღუპა. 28 წლის ბიჭი, სვერდლოვსკში იყო კვალიფიკაციაზე და იქიდან ჩამოვასვენეთ. ჩემი და თავის თამაზიზე ფიქრობდა. კედელზე შავ არშიაში ჩასმული სურათი ქონდა. გვერდზე კიდე იდო რუსეთიდან გამოტანებული მაგნიტოფონი, ოქროს ბეჭედი და ასი მანეთი. რო შესულან, ერთს ამოუდია ეს მაგნიტოფონი იღლიაში და მეორე ეუბნება, ებიჭო, ახალგაზრდა ბიჭია დაღუპული, მაგას ნუ წამოიღებო. გაიწიე იქით, თორე ამ ტყვიას შუბლში დაგახლი შენო. უღელი იცით რა არის? ხარებს რომ დაადგამენ, იმ უღელით უცემიათ სიძე, გინდა თუ არა, ხარები გაყიდე და იმის ფული მოგვეციო. ეგრე დატოვეს შვილის საფლავი და ვლადიკავკაზში წავიდნენ. გზად რეხაა სოფელი, წალკის რაიონი, იქამდე, თოვაში იარეს ფეხით. აქ აპრილის ბოლომდე, ლამის მაისის დასაწყისამდე, ყოველთვის თოვლია. თოვდა მაშინაც. სერებზე სულ ნამქერი იცის. ქარი დაატრიალებს და იმსიმაღლე თოვლის ნამქერებს აყენებს. ფეხით გავლა უჭირდათ. ჩემმა სიძემ დედამისიც ფეხით გაიყვანა. აბსოლუტურად ერთდროულად წავიდნენ სულ ყველა. ორ კვირაში დაიცალა ოსური სოფლები. 

ამბობენ, ეგ ყაჩაღები წაღვერიდან იყვნენო. წაღვერი, ტიმოთეს უბანი, დაბაც, ალბათ, თავისთავად ცხადია. სამ ძმაზე ამბობდნენ, ქურთოებს ეძახდნენ, ისინი იყვნენო. მაგათ დაბრალდა ძარცვა, ყაჩაღობა - ყველაფერი ვითომ, მაგრამ ქურთოებზე მეტი სხვებმა გააკეთეს, ალბათ. ოღონდ, ეგ არის, მკვლელობები არ მომხდარა. ერთადერთი გვერდისუბნელი ქალი მოკლეს. მაგის შვილი ცხინვალში ადმინისტრაციულში მუშაობდა რაღაცაზე და შესულან, აგენტები ხართო. ეს ქალი თურმე კიბით სხვენისკენ გაქცეულა, იფიქრეს იარაღი უნდა ჩამოიტანოსო და ესროლოსო. ქვეყანამ იცის, რომ იმას სახლში იარაღი არა ჰქონდა. სახელი თამარა ერქვა, შვილს - გივი, თუ არ ვცდები. სანაკოევი კი იყო, გვარად. 

ცოტა გულადებიც გამოჩნდნენ ხალხში, ვინც იღებდნენ სურათებს, ოღონდ შორიდან. ზოგი კარგად ჩანდა, ზოგი ცუდად. ზოგში მეც ამოვიცანი ხალხი. ერთი მახსოვს, ქალი გარბის ტყეში, ბავშვთან ერთად და უკან მისდევს კაცი. მერე ჩემი და ორჯონიკიძეში რომ წავიდა, ჩავედით სანახავად - იქ ვნახე ეს სურათები.

სურათში ვინც ამოვიცანი, ეგ იყო, რო ტრაბახობდა სოფელში: იმას დედა წავაყვანინე, ამას ასე დავეხმარე, ისე დავეხმარეო. ამ დროს, ვიზედაც ამბობდა, იმან სულ ზურგით ატარა დედამისი რეხამდე. კარგით რა! მე ენა მისწრებს და ვეტყვი ხოლმე: ხო ვიცით, ყველამ ვიცით, ვინც რა გააკეთა-მეთქი.

ვინც აქედან წავიდა ორჯონიკიძეში, დიდხანს ვერ გაძლო.

70 წელი თუ მიატანეს, მერე დაიხოცნენ. ნაძვი არ არის, ფიჭვი, სოჭი არ არის ორჯონიკიძეში, ნესტი რომ შეიწოვოს. იმ სინესტეს ვერ უძლებენ და იხოცებიან.

ეხლა რომ ჩამოდიან იქიდან, ვლადიკავკაზიდან, 21 სექტემბერს ღვთისმშობლობა არის ხოლმე. ადრე სულ აღინიშნებოდა, 7-8-10 პირი მუსიკოსი იყო ხოლმე, იმდენი ხალხი გროვდებოდა. ნიშია გაღმა, თვითონ ეკლესია აქეთ არის, ზევით, ყველაზე მაღალ სერზე. დანგრეულია, მაგრამ მაინც ჩანს. და რომ მოგროვდებიან, მე ვეტყვი ხოლმე, ყველაზე მეტად იმათ უძმაკაცდებით, ვინც ყველაზე მეტად ამოგწოვათ სისხლი-მეთქი. მეტს ვერ ვიტყვი. მაინც აქ დავდივარ, შვილები მყავს. იმათ შევჩერებივარ. საქმეს ვერ წავუხდენ.

არავის არ უჩივლია. ვერ იჩივლებდნენ, ასე ითქვა, საბუთები აბსოლუტურად ყველაფერი დაწვესო. მერე გამოჩნდა, რომ არქივში არის საბუთები. მე ვიცი, მაგალითად, ჩემი დის ცხვარი ვინც წაიყვანა. დიშვილს ვუთხარი, ჩამოდით და მე დაგეხმარები-მეთქი - მიგყვები, მოგყვები, დაგეხმარები, სად უნდა მიხვიდე, ადვოკატს ვიქირავებთ, რაღაცას გავაკეთებთ-მეთქი, მაგრამ არ ჩამოვიდა. 

ეხლაც არი შიში, აბა, არ არი? სადაც ცელი მოუსვა ჩემმა შვილმა, ხან ვინ შევარდა, ხან ვინ შევარდა. მე კი ვარ ქართველი, მაგრამ ჩემი შვილები ხომ ოსები არიან და ჩემი ქმარი ოსია. ქართველები მეტი არიან.

ბოლო-ბოლო ასეთი დასკვნა გამოვიტანე, თუ მოინდომეს, გვაიძულებენ, რომ წავიდეთ აქედან და აღარ მოვიდეთ. მე კიდე აქ მოსვლას არ დავიშლი, სანამ შემეძლება.  

შიში იმის მერე სულ არი, ჩვენთანაც რო მოვიდნენ ზანავში. სამი კაცი. ერთია დღეს იმათგან ცოცხალი.

ძარცვაზე არ მოსულან. ტყუილა ცოდვა არ უნდა თქვა. უნდა წახვიდეთო. სად უნდა წავიდეთ-მეუთხარი. შენ არაო, შენ არ გერჩითო, შენი ქმარი უნდა წავიდესო. სად უნდა წავიდეს-მეუთხარი მერე, ოჯახი ვის უნდა დაუტოვოს, მე მარტომ რა უნდა გავაკეთო-მეთქი. საქონელი გვყავს, ხარებიც, ერთი უღელი, მოვლა არ უნდა-მეთქი? მეზობელს მოუხნა და ცოტა ნასმი იყო რომ მოვიდნენ. ბოდიში და, ტრუსიკ-მაიკის ამარა წამოაგდეს საწოლიდან და ერთ-ერთმა მუჭიც კი მიარტყა ცხვირში, გამოდიო გარეთო. არ გავა-მეუთხარი, თუ გაიყვანთ, მეც მოვდევ-მეთქი უკან. არ გავუშვი და რო არ გავუშვი მერე მიარტყა მუჭი, ეხლაც არ გამოხვალო? და ეს ორ-ორი გასათხოვარი გოგო - როგორია? მაღლა, მეორე სართულზე იყვნენ. პატარა ცხრა წლისა იყო, ეძინა, იმას არც არაფერი არ გაუგია. მერე ტყვია გაისროლეს. კოჭში რო არ გაჩერებულიყო, ჩემ უფროს გოგოს, ბოდიშს ვიხდი და, შიგ ლაჯებში გაუვლიდა. ზეგ მოვალთ და ეს აღარ დაგვხვდეს აქაო. სად უნდა წავიდეს? რას ერჩით-მეუთხარი, რა დააშვა, რა ვქნათ ახლა ოსი რომ არის-მეუთხარი. გააღეს უკვე კარები და ახლა, იარაღი ჩაგვაბარეო! აგერაა სახლი, ნაწილ-ნაწილ დაშალეთ, სადაც იპოვით იმ იარაღს, ჯერ შვილები დამიხოცეთ ჩემ თვალწინ და მერე მეც მომკალით-მეთქი. იარაღისა, ზოგადად, აი, ხმა რომ ისმის, მაძოძგინებს, ისე სასწაულად მეშინია. 

ავიდეთო აბაო, მაღლაო. ჩემ ბიჭს შუშაბანდში ეძინა ხოლმე, ლოგინი გაშლილი იყო და აქ ვის ძინავსო? ბადრის-მეთქი. მერე ეხლა სად არისო? პიკეტზე დგას-მეთქი. პიკეტირება იყო ხოლმე, რომ არავინ არ შემოვიდესო სოფელში. რაო? რატო არ უნდა დადგეს-მეთქი? სოფლელი არაა? აქაური არ არის? თუ სხვები დადგებიან, ის რატო არ უნდა დადგეს-მეთქი? გოგოებს უთხრეს, ბავშვებო, თქვენ ნუ გეშინიათ, ბოდიშს ვიხდითო. მიუხედავად იმისა, რომ შემოჭრილები იყვნენ, აი, ეს კარგად მახსოვს იმათგან. ერთ-ერთი ვიცანი. ეხლა გარდაცვლილია. ის გზამართალს არის, მე გზამრუდსა ვარ, ის აქეთ არ მობრუნდება, მე წავალ საიქიოში - ამიტომ, ტყუილს არ ვიტყვი. ყოველთვის ვიმეორებ: არ გაახაროთ ღმერთმა იმ მომენტისთვის, ისინი რომ ჩემ ოჯახში შემოვიდნენ, მაგრამ გაუმარჯოთ, რომ იმათმა ჩემ გასათხოვარ გოგოებს ხმა არ გასცეს! მაღლა ავიდეთო რომ თქვეს, ვსო, უკვე დავიღუპე-მეთქი. როგორი განცდა არი? ორ-ორი გასათხოვარი გოგო გყავს იქ და სამ-სამი კაცი მიდის, მაგრამ ხო გეუბნებით, ბოდიშები უხადეს, თქვენ არაფერი ბავშვებო, თქვენ ნუ გეშინიათო. ძაგძაგებდნენ გოგოები, კედელზე იყვნენ აკრულები. 

ჩემი ბიჭი ეხლა ეკონომისტია, მომდევნო გოგო ფილოლოგი, ტაბაწყურში ასწავლის ქართულ ენას სომხურ სკოლაში, შუათანა გოგო დაწყებითები და პატარა გოგო ექიმი-ფსიქოლოგი. სამსახური კი მარტო უფროს გოგოსა აქვს, მაგრამ ანუ, მივაღწიე ჩემსას.

ეხლა გული მიწუხდება ხოლმე ჩემი ქმარი რო მოჰყვება, ვუყვირი, იმ დროს ნუ მახსენებ-მეთქი.

რად მინდა. გუჯარეთში ჩვენღა დავრჩით. საძოვრებზე ამოდიან მარნეულიდანა, აზერბაიჯანლები. მარტო ჩვენ და ისინი ვართ. 

მერე, გვიან კი შევხვდი ერთ-ერთს, ვინც ჩვენთან იყო შემოსული. ისიც ვიცი, ჩემი დისშვილის მატაციკლეტი ვინ წაიღო. მარა არ ღირდა თქმა. აი, მერე სუ რო გებოდიშება, ცდილობს, რაღაცა გასიამოვნოს. მერე უკვე უნდა გაჩერდე. ჯობია, ასე იყოს.

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: თომა სუხაშვილი
ტრანსკრიპტი მოამზადა ანა სურგულაძემ