ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პირადობის გარეშე | ინტერვიუ ირაკლი ხომასურიძესთან

პირადობასთან სულ პრობლემები მქონდა. ამას რელიგიასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ის უფრო ადამიანის უფლებებთანაა კავშირში. ჩიპიან პირადობას იმიტომ არ ვიღებ, რომ ამით ჩვენ ხელს ვაწერთ, რომ საერთო კომპიუტერში შეიკრიბება ჩვენი მონაცემები და „ისინი“ განკარგავენ ყველაფერს. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება ის, ვინც ამას გააკონტროლებს და თუ ამაზე უარს იტყვი, არავინ აღარ იქნები, დარჩები ბოგანოდ. პირადობის აღება ახლა დამჭირდა, როცა ოფიციალური დახმარება შემიწყვიტეს. ბევრი ვიბრძოლე, ვიშიმშილე და შეიძლება ითქვას, რომ ვიტანჯე კიდეც. ორჯერ სასამართლოს გზით მოვიგე ექვსთვიანი, დროებითი პირადობის გაცემის უფლება. სხეულშიც ხომ უნდა ჩაგვიდონ ნიშანი. ასეა ნათქვამი. ვისაც ეს ნიშანი არ ექნება, ვერ ივაჭრებს, ვერ იმოგზაურებს, უუფლებო იქნება. ამ დროს მახსენდება ქრისტეს შეგონება: ჩემი მორწმუნენი, რომელიც ამ ნიშანს არ მიიღებენ, მცირედით განძღებიანო, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგენი, ვინც ამ ნიშანს მიიღებენ, ისინი ჭამენ, ჭამენ, მაგრამ ვერ გაძღებიანო. აიდიზე არ უთქვამს, მაგრამ ხომ თქვა.

მე 17 მაისს აქციაზეც ვიყავი. არ მინდოდა პარადი ჩატარებულიყო. რისი გეშინიათ, გადამდები კი არ არისო. ახლა როგორც ეპიდემია, ეგრე არ გადადის, მაგრამ „ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის, ან ჩვეულებასო“, ესეც ვიცით.

ჟვანია რომ მივიდა იქ და განაცხადა „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელიო“, ზუსტად მაგ დღეს დავიღუპეთ. არ ვართ ის ქვეყანა, ხომ? დაგვაკისრეს ვალდებულებები, რომ დაგვეცვა უმცირესობები, მცირე ერები, რომელთა უფლებები მართლა არ ირღვეოდა საქართველოში, და თუ ირღვეოდა, ყველაზე ნაკლებად სხვებთან შედარებით და დანარჩენი იყო ხელოვნურად გამოწვეული, რომ გრანტები მიეღოთ. კი, ბევრი ვინმე არსებობს და თანაცხოვრებაც გვიწევს, თვითონ იცოდნენ, რა ცოდვაშიც იყვნენ, რცხვენოდათ და კარგიც იყო, რომ რცხვენოდათ და ამათ ახსნეს უკვე ეს სირცხვილის გრძნობა. აი, სწორედ ესაა ყველაზე საშინელება და ახლა უკვე გამოდიან და ამ ცოდვას ამართლებენ. ვინც ესეთ დღეში არიან, გაუბედურებული, ესენი ხშირად არაფერ შუაში არ არიან. ამიტომ არის საშიშროება, რადგან ყველა ადამიანი არის მიდრეკილი ცოდვისაკენ, რომელსაც სინდისი და ღმერთი ფარავს და ამის გარეშე, მაგალითად, მეც საშინელების გაკეთება შემიძლია. შეიძლება რაღაცის გაკეთება გინდოდეს, რომელიც გავნებს, მაგრამ ღმერთი გიფარავს. აი, ბავშვმა რომ ცივი წყალი დალიოს, ყელი ხომ ეტკინება და გამოცდილებაც ეს არის. მრუშობას მოსდევს ამდენი ავადმყოფობა, დარდი, ამდენი ობოლი. სინდისი თუ მოიშორე, მერე საზღვარი უკვე არაფერს აქვს. ვინც ამართლებს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისიც უსინდისოა.

მთავარი იდეა ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ღირსეულია და არ მოგცემთ პარადის ჩატარების უფლებას.

პიონერებში რომ მიმიღეს, მეორე დღესვე მომხსნეს ყელსახვევი. კომკავშირში აღარც შემიშვეს. ძნელად დასამორჩილებელი ბავშვი ვიყავი. ჯანი მქონდა და ამიტომ სულ ჩხუბებში ვეხვეოდი.

შეიძლება ვიცოდი ხოლმე გაკვეთილი, მაგრამ არ ვყვებოდი. მიწერდნენ ორებს. ბოლო-ბოლო სამებსაც, მაგრამ ბევრი საშემოდგომოც მყვებოდა. წერა არ მიყვარდა საშინლად. საკონტროლოებს კლასელები მიწერდნენ. პროტესტი მქონდა. პარადზე მთელ კლასს წაიყვანდნენ და მე მეტყოდნენ: ხომასურიძე, შენ დარჩი, იქ რამეს გააფუჭებო. სულ ქუჩაში ვიყავი.

ერთხელ წითელი კვერცხი მიპოვეს და მაშინვე მამაჩემს მისწერეს, შავი დღე დააყენეს.

ხშირად უწევდა პედსაბჭოზე სიარული. მამაჩემი პატიოსანი კომუნისტი იყო, ლენინის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე. ხშირად უთქვამს, ისე მაინც გააკეთე, რომ არ დაგინახონო.

მაშინ აშენდა ნაძალადევი და გლდანი. მამაჩემის განაწილებული იყო მანდ ბინები. ყველას ეგონა, რომ ჩვენც რაღაცა მივიღეთ, სინამდვილეში, ზედმეტად პატიოსნად ცხოვრობდა მამაჩემი. რაღაც პრივილეგია შეიძლება გვქონდა, მაგრამ ისეთი არაფერი. აი, დასასვენებლად დავდიოდით, მაღაზიაში საწყობებიდან გამოჰქონდათ ხოლმე ჩვენთვის რაღაცები. მე კიდე მაგრად არ მიყვარდა საყიდლებზე სიარული. სანამ თანამდებობაზე იყო მამაჩემი, სკოლაშიც სხვანაირად მექცეოდნენ. მოხსნეს და ბევრი რამე შეიცვალა. თავიდან გამიხარდა მამას მოხსნა, მერე კი ბევრჯერ მინატრია, ნეტა ისევ თანამდებობაზე იყოს-მეთქი.

მამაჩემს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ სულ ვკამათობდით სტალინზე, მეთქი, გადაყევი ამ კომუნისტურ რაღაცებს.

მე კამბეჩს (კამეჩს) მეძახდნენ. ზდაროვი ვიყავი, უხეში. სულ სხვების გულისთვის ვჩხუბობდი ხოლმე. ნაძალადევში, პერეხადნოი ხიდთან ვცხოვრობდით, კუკიის უბნის ქვემოთ.

სკოლა რო დავამთავრე, ტექნიკუმშიც ვსწავლობდი, მარტო იმიტომ, რომ არ მემუშავა. დირექტორი ჩემი ახლობელი იყო. მაგის შვილს სცემეს და მე ჩავერიე. ამიტომ დამიჭირეს. მაშინ თემურ მღებრიშვილი იყო პოლიციელი და ხელზე ნანემსრები მიპოვნა. კი, მოხმარებული მქონდა რამდენჯერმე, მაგრამ მორფინისტი არ ვიყავი.

ეხვეწებოდა მამაჩემი, გაუშვი, ნუ მომჭრი თავს, ნუ გაახმაურებო. მამაჩემი ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, იქ პირველად ვნახე, როგორ დაპატარავდა. ჩემ გამო მოუწია. ლამის გული გამისკდა. ამის მერე სერიოზულად დავფიქრდი. ჩამოვცილდი ყველა მაიმუნობას, ეგ ერთადერთი იყო, რის გამოც შეიძლება დავეჭირე.

მამა მფრინავი იყო. 1937 წელს წაიყვანეს ჯარში, 11 წელი იომა. სამამულო ომიდან პირდაპირ მანჯურიაში წავიდა და სანამ იაპონიის ომი არ დამთავრდა, არ ჩამოსულა. ბორტმექანიკოსი იყო, კაპიტნის წოდებით. ბომბდამშენს კი არ მართავდა, ტვირთები გადაჰქონდა.

მორწმუნე კაცი არასდროს ყოფილა, მაგრამ მე არ მიშლიდა. აი, მამიდაჩემი დადიოდა სულ ეკლესიაში. ერთხელაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მომიტანა, სადაც ძალიან კარგად ხსნიდა, რომ ჩვენ ერი ვართ, მეფე არ გვყავს, მთავრობა რევოლუციურია, ძალით მოყვანილი და დასმული.

პატრიარქის პირველივე ეპისტოლემ სულით ხორცამდე შემძრა და ვიგრძენი, რომ ქვეყანას პატრონი ყავს. მერე, შეიძლება ითქვას, ეპისტოლეებზე გავიზარდე.

ეს პროტესტი და მავნებლურ-დანაშაულებრივი დამოკიდებულება, რაც არსებული კომუნისტური, უღმერთო რეჟიმის წინააღმდეგ მქონდა, შევცვალე ქრისტიანული სახელმწიფოებრივი აზროვნებით. დავიწყე ლოცვა, ბრძოლა და შრომა საქართველოს გადარჩენისთვის, გამთლიანებისთვის და სამართლიანობისთვის. მე დავინახე, რომ საქართველოს და მსოფლიოს სხვა ერებსაც, ებრძვის არა რომელიმე იმპერია, ან უცხო ტომი, არამედ, ფუი ეშმაკს, თვით ბოროტება და მისი დამარცხება მხოლოდ სიმართლით, სიკეთით, თავმდაბლობით, თავდადებით და, რაც მთავარია, ლოცვით შეიძლება.

სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს მეფე და პატრიარქი. ეს არის ის ორი ინსტიტუტი, რომელიც ერის ღირსებას ადასტურებს.

ანბანი გვაქვს, პატრიარქი გვყავს და მეფე აღარ გვყავს, რომელიც ძალით მოგვაშორეს, რაც სხვათა შორის მერე რუსებს შეუნანიათ.

1988 წლიდან, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დავიწყეთ, მე ყველა მნიშვნელოვან ამბავში ვიღებდი მონაწილეობას.

9 აპრილს მძიმედ მოვიწამლე, რის შედეგადაც კუჭი გამისკდა და რთული ოპერაცია ჩამიტარეს.

9 აპრილს პატრიარქს რომ არ დავუჯერეთ და არ გადავედით ქაშუეთში, ძალიან დიდი შეცდომა იყო. მეც არ დავუჯერე. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ გითხრათ, ეს საფრთხე რეალურიაო, გვეუბნებოდა ის. პატრიარქი კი დარჩა ჩვენთან, მაგრამ მერე მეც დავინახე, როგორ გაიტყუეს.

ჩვენი პატრიარქი ალალი ადამიანია. კომუნისტებს მაშინ ძალიან დიდი ძალა ქონდათ და ალბათ იფიქრეს, რა უნდა დაგვიშავოსო, ამიტომაც არ შეუშალეს ხელი პატრიარქად ვაში. თუ ახლა, კაგებესთან მასაც ექნებოდა ურთიერთობა, მის დანიშვნაში ჩაერეოდა, რა თქმა უნდა. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, მაგრამ სხვანაირად არც გამოვიდოდა. პატრიარქმა თავისი სიწმინდით შეძლო, ალბათ, ამ ურწმუნოთა წრის გარღვევა. შევარდნაძეც კი მონათლა და მერე ეს კაცი ბევრად უკეთესი გახდა, ხომ?!

სულ ბოლო გამოვედი 9 აპრილს იქიდან. მილიციელიც კი მიყვიროდა, გამოდი, რას აკეთებ, მოგკლავენო.

პირველ სკოლასა და პარლამენტს შორის დიდი შეტაკება მოხდა. მეც იქ ვიყავი. ბეტეერმა ავტობუსების რიგი რომ გაარღვია და ძალიან დიდი რაზგონით ჩვენსკენ წამოვიდა, გავიქეცით.

მხოლოდ სამი ბიჭი ვიყავით დარჩენილი. ივერიამდე გვსდიეს. ერთმა ბიჭმა იმათ ქვა ესროლა და მერე უცებ მოწყვეტით დავარდა, ტყვია თვალში გაარტყეს. მგონი ნამდვილი ტყვიები იყო. მოვკიდე ამ ბიჭს ხელი და გამოვათრიე. ქვასროლიაშვილი, თუ რაღაც ეგეთი გვარი ჰქონდა. მე ჩავსვი სასწრაფოს მანქანაში. მერე გამოაცხადეს, გადარჩაო და მაგრად გამიხარდა.

სამშობლოს რომ იცავ, უკან დახევა სირცხვილია. შენ გამო რომ სხვა მოკვდეს, შეგეშინდეს და გამოიქცე, ეგეც სირცხვილია.

გმირობაა, როცა გეშინია, მაგრამ მთავარ მიზანს მაინც არ კარგავ და იმისთვისაც მზად ხარ, რომ მოკვდე.

მაგრამ თუ ახლა, ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებ, რომ შენზე ვიღაცამ თქვას, გმირიაო, მაშინ გმირი კი არა, დებილი ხარ. ადამიანის ნაბიჯებს სახელმწიფო უნდა აფასებდეს. შრომის გმირები იყვნენ ხო, სსრკ-ში?! ეგეც კარგი იყო. ვინც შრომობს და მეტს აკეთებს, ის უნდა დაფასდეს.

შავნაბადას ბატალიონშიც ვიყავი მოხალისედ. 7 ნოემბერს თავი გამიტეხეს და გაზითაც მოვიწამლე.

დღეს ეს ფილმი თუ გავა, მე სახლში ცოცხალი არ წავალ-მეთქი, მე ვთქვი, მაგრამ ეს სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული. მე იმაზე ვლაპარაკობდი, რომ ჩვენ, კავკასიელები ჩოხოსნები ვართ. ჯერ აფხაზეთი და სამაჩაბლო დასაბრუნებელი გვაქვს. ისინიც ჩოხოსნები არიან. ჩვენზე ხომ იფიქრებენ, ქართველები გაუკუღმართდნენო. ამიტომ იყო დივერსია – დასაბრუნებელ გზას კეტავდა მაგ ფილმის გაშვება, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თუ რაცაა.

არც ჩვენ გვინდა ეგეთი საქართველო…

ჩვენ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში და ვიცოდით, რაც იყო. ახლა არის ევროკავშირი, რომელიც ჯერ არ ვიცით, რა არის.

თორემ მე არავისთან არ ვიყავი, არც დისიდენტებში, არც ეროვნულ მოძრაობაში. არც დანაშაულებრივ კლანში. ეს მარშელებიც ცალკე არიან, არც ფალავანდიშვილთან ვარ. სულ ვფრთხილობდი, ჩემი სახელი არ შებღალულიყო. არც გმირობა მინდოდა როდესმე. ჩემთვის გმირობა ცხოვრებაა, მაგრამ თანახმა ვარ, გმირულად ვცხონდე. თავისთავად გმირობა არაფერია. გმირები მტრებსაც ყავთ. იდიოტებსაც აქვთ თავდადება. ეს ყველაფერი სისულელეა.

მე იმას ვცდილობ, ზედმეტი წარმოდგენა არ მქონდეს ჩემ თავზე, ხიბლში არ ვიყო, თორემ კარგად ვიცი, ეგ რა დამღუპველიცაა.

მე მინდა, ნათლად დაგანახოთ ჩემს თავს გადამხდარი უსამართლობა.

2009 წლის 6 მაისს პოლიციის სამართველოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. სამი მოქალაქის უკანონო დაკავებას ვაპროტესტებდით, მათგან ორი არასრულწლოვანი იყო. კარგად არ ვიცი, რაზე დააკავეს ეს ბიჭები, როგორც მახსოვს, ჟურნალისტთან კამათი მოუვიდათ.

წინა დღეს მიტინგის წამყვანს, დათო მაღრაძეს ვუთხარი კიდეც, ნუ დანიშნავთ აქციას 6 მაისს, ასე ნაციონალებს ემსგავსებით-მეთქი, მათაც გიორგობას მოაწყვეს რაღაცები. მიტინგი პარლამენტთან, ქაშუეთთან იყო დანიშნული, სადაც ამ დროს წირვა-ლოცვა მიდის. სულ ასე ხდებოდა, რომ ჩვენ ეკლესიისკენ ზურგშექცევით ვიდექით. ვიგინებით, ვლანძღავთ ერთმანეთს და ვემუქრებით, მაშინ როცა ტაძარში ხალხი ლოცულობს. ასე არ შეიძლება. მაღრაძემ, შეკრების დრო უკვე გამოცხადებ და ვერაფერს შევცვლიო, თან ღმერთი მარტო ეკლესიაში ხომ არ არისო.

მეორე დღეს, მიტინგის დროს მე ეკლესიაში ვიყავი. საღამოს მეგობართან აღვნიშნეთ გიორგობა. ტაქსით ვბრუნდებოდი სახლში და დაკავებულ ბიჭებზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ. მაშინვე ტაქსის მძღოლს ვუთხარი, დიღომში შინაგან საქმეთა სამმართველოსთან წავიდეთ-მეთქი. ნასვამი არ ვიყავი, უბრალოდ ერთი-ორი ჭიქა მქონდა დალეული. სხვა მომიტინგეებამდე 20-25 წუთით ადრე მივედი. პოლიციას ვეუბნებოდი, ქართველი ხალხი მოდის, ვიღაც პაჭანიკები კი არა! ვიცით, რომ ძალადობენ და ნუ დავაჩაგვრინებთ ამ ბიჭებს-მეთქი. ასეთ რამეს ვეუბნები ამათ და ამ დროს შემოვიდა შავებში ჩაცმული სპეცრაზმი ფარებით. თან ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდნენ. ვინ იყო, არ მახსოვს, მაგრამ ამათ სულ დედა აგინა, რა გითხარით, ნუ ელაპარაკებით, არანაირი კონტაქტიო. მერე ჩემთან მოვიდა, ამ კამერას მიტრიალებს, მანათებს და მაღიზიანებს. თავიდანვე ამომიჩემა. უცნობმა (გიორგი გაჩეჩილაძე) გადაწყვიტა, რომ სამმართველოს ღობეზე გადასულიყო და ისე მიეტანა წერილი – კარი ჩაკეტილი იყო და არ გვიშვებდნენ. ჩვენ გვითხრა, ნუ გადმომყვებითო, მაგრამ როცა უკვე ღობეზე გადასულს პოლიციამ ცემა დაუწყო, რამდენიმე მომიტინგემაც სცადა გადაძრომა. მე ვაჩერებდი, ერთმანეთს ვაჩერებდით. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. უცებ შემოვტრიალდი და თვალში ტყვია მომხვდა. ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ გონი არ დამიკარგავს. თავიდან ვერც კი მივხვდი, რა მოხდა. გაწევდნენ ამ ფარებს და დამიზნებით ისროდნენ. ხუთ მეტრზე მეტიც არ იქნებოდა, საიდანაც მესროლეს.

მაშინ პლასტიკური ჭურვის გამოყენება ჯერ კიდევ დაუკანონებელი იყო. ეგ სამი თვის მერე, 2009 წლის 17 ივლისს დააკანონეს. მაშინ დავიწყე მეც სამართლებრივი ბრძოლა ამ ძალადობის წინააღმდეგ. უკან არ დავიხევ. ცოცხალი თუ მკვდარი, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

6 მაისს მე მარჯვენა თვალი დავკარგე.

ამის მერე ქუჩაშიც სხვანაირად მხვდებოდნენ: შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, აუ, გმირი ხარო, მეუბნებოდნენ. ბესელიამ გამაცნო ღარიბაშვილი და ბიძინა. ხმამაღლა ყვიროდა, მულტფილმებში რომაა – ხალხო, ჩვენი გმირი მოვიდაო. მართლა შემრცხვა და გავერიდე. ღარიბაშვილსაც შევხვდი მერე, კვირიკაშვილს, სოზარ სუბარს, თეა წულუკიანს... გაგარინივით დავდიოდი. მართლა დავიჯერე, რო ყველაფერს გავაკეთებდი.

18000 ევრო ჯდებოდა თავის დროზე საფრანგეთში მკურნალობა, მაგრამ უარი განვაცხადე. მერე, რადგან თვითონ დამიკავშირდნენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ისევ დავიწყე საბუთების შეგროვება. მკურნალობაზე და ნაციონალების მთავრობის დახმარებაზე მეორედ მაშინ ვთქვი უარი, 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება რომ გადაწყვიტეს, თითქოს რამე სასიკეთო გაეკეთებინოთ.

თან გიორგობის დღესასწაულია.

2013 წლის დეკემბერში სასამართლოში შევიტანე სარჩელი. ადვოკატებმა დამაწერინეს და ვითხოვდი 200 000 ლარს კომპენსაციად და 500 ლარს ყოველთვიურ პენსიას. მართლა რომ აღვრიცხოთ, ეს ის თანხა იყო, რა ზარალიც მივიღე. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ დედაჩემი გადაყვა ამ ამბავს. ინფარქტიანი იყო, გადაღებულიცაა, კამერას რო ხელს ვაფარებ: არ გადამიღო, დედაჩემს ინფარქტი აქვს, ამას ვეღარ გადაიტანს-მეთქი. დედას გაუმეორდა ინფარქტი, ლოგინად ჩავარდა, ფეხზე წითელი ქარი დაემართა. სულ დაუწყლულდა. მისი მკურნალობა დამიჯდა ყველაფერი.

დედა 2010 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

მე უკვე ძალიან დიდი ვალები მქონდა დაგროვილი. გარდაცვალების მერე გავაერთიანე ყველა და ავიღე ერთი, დიდი ვალი. ბინის ჩადება მომიწია. კი მეხმარებოდნენ ხოლმე, მაგრამ სულ ხომ არ დაგეხმარებიან, არადა, ეს ვალები აუცილებლად უნდა გადამეხადა. ვიცოდი, რომ ბანკთან საქმე არ უნდა დამეჭირა, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა. 18 000-მდე ავიდა ვალი. ამ პერიოდში პატრიარქმა გამოაცხადა, ვისაც მიწა გაქვთ, დაუბრუნდით და ჩვენი საჭმელი ჩვენვე გამოვიმუშაოთო. მე მიწა მქონდა და ვიფიქრე, რაღაც თანხას კიდევ დავამატებ და სათბურს გავაკეთებ-მეთქი. „სიტყვა და საქმეში“ ვიპოვე განცხადება. დამპირდნენ, კერძო ადამიანისგან აგაღებინებთ ვალსო და მერე უკვე ბანკში გადაგატანინებთო. დავთანხმდი.

ბიზნესზე არასდროს მიფიქრია, უბრალოდ შემოსავალი მჭირდებოდა. დავგეგმე და თითქოს ძალიან რეალური იყო ეს ყველაფერი.

სასამართლომ დაზარალებულად მცნო. პროცესი მოვიგე 2014 წლის 30 ოქტომბერს. 70 000 ლარი მორალური და 10 000 ლარი მატერიალური ზიანისთვის – ამ თანხის გადახდა დააკისრა სასამართლომ სახელმწიფოს. 44 000 დოლარი მქონდა გადასახდელი ბანკში, ეს თანხა სრულად მყოფნიდა და კიდევ მრჩებოდა ცოტა. თანხა 2015 წლის 21 იანვარს ავიღე. ამ სამ თვეში სესხი 52 ათას დოლარამდე გამიზარდა ბანკმა, თან კურსიც შეიცვალა და ამიტომ ეს ფული სახლის და სათბურის დასახსნელად აღარ მყოფნიდა.

სასამართლო რომ მოვიგე, მეგონა, დავისვენებდი და სინამდვილეში, უარეს მდგომარეობაში ჩავვარდი.

შსს-ს ბრალით გაჭიანურებულმა პროცესმა და გადაწყვეტილების გასაჩივრების მცდელობამ, თანხის ჩარიცხვაც სამი თვით დააგვიანეს და ამ დროში დაგროვილი პროცენტები – 15 000 აშშ დოლარი – გადასახდელად უკვე მამა გაბრიელს დააკისრეს და ქონებაც დაუყადაღეს. მამა გაბრიელი ჩემი თავდები იყო. ახლა ვდგავარ საშიშროების წინაშე, რომ მის ქონებასაც აუქციონზე გაიტანენ. ჩემს თავს დატრიალებულ ყველა უბედურებაზე მეტად, ჩემთვის ეს არის მტკივნეული და სამარცხვინოც.

მპირდებოდნენ, იაფ კრედიტს გაგიკეთებთო. „ქართუშიც“ მქონდა გაგზავნილი სესხზე მოთხოვნა, მაგრამ უარი მითხრეს, სტარტაპი გაქვსო. „ოცნების“ ხელისუფლებას მხოლოდ იაფ კრედიტს ვთხოვდი. მათ კი ისეთი რაღაცები მომიწყვეს, რომ ღირსება შემილახეს. სათბური დავკარგე. ჩემს ბინაში კი ვცხოვრობ ახლა, მაგრამ ბანკის სახელზეა, უბრალოდ ვერ მიბედავენ გამოსახლებას.

მთელი ხელისუფლება ჩაყენებული იყო საქმის კურსში. მე ხომ ვალის აღება მას შემდეგ მომიწია, რაც თვალი დავკარგე. მართლა ოთარაანთ ქვრივივით მომიწია რკინის ქალამნების ჩაცმა და თანამდებობის პირების კაბინეტების შემოვლა. ხომ არ ბნელა, მართლა და მართლა, რატომ მექცევით ასე-მეთქი.

სანამ თვალს დავკარგავდი, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში კეთილმოწესედ ვმსახურობდი და მღვდლობას ვაპირებდი, მაგრამ სხეულებრივი ნაკლის გამო მომიწია უარი მეთქვა ჩემს ოცნებაზე. მღვდელი ვეღარ გავხდი, იმიტომ რომ მღვდელი უნაკლო უნდა იყოს ფიზიკურადაც და ისედაც.

მე ხელისუფლებისგან მოწყალებას არ ვითხოვდი, ვითხოვდი გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხის მიღებაში დახმარებას. არავინ არ მეუბნებოდა დახმარებაზე უარს. ალბათ მიზანიც ის იყო, რომ ქვეყნის გარეთ არ გამეტანა ის დიდი ტკივილი, რაც მთავრობის ცვლას მოჰყვა. ძველმა ხელისუფლებამ გამომთხარა თვალი და ახალმა ხელისუფლებამ, თავისი ინერტულობით და უპასუხისმგებლობით, გამხადა ბოგანო.

ახლა, როცა ყველაფერი დავკარგე, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი და შემოსავლის წყაროც, მიწის ნაკვეთი, სათბური და სახელიც გამიტყდა, პირადობასაც ვადა გაუვიდა და არ ვაპირებ აიდი ბარათის აღებას, ვარ თითქმის სასოწარკვეთილი.

ტექსტი: მერი შიხაშვილი
ფოტო: მანო სვანიძე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა