პოეზია | ილია კამინსკი
ილია კამინსკი უკრაინაში დაიბადა. ოთხი წლისამ უკვე დაკარგა სმენა ექიმის "დახმარებით", რომელმაც არასწორი დიაგნოზი დაუსვა. 1993 წელს მისი მშობლები პოლიტიკურ თავშესაფარს იღებენ ამერიკაში. 1994 წელს კი კამინსკი უკვე იწყებს ლექსების წერას ინგლისურად. ჟურნალ Adirondack review-სთან ინტერვიუში ის ამბობს: "მე ავირჩიე ინგლისურად წერა, რადგან ჩემ გარშემო არავინ იცოდა ინგლისური - არც ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა. ამიტომაც ისინი ამას ვერ წაიკითხავდნენ. ის კი არა, მეც არ ვიცოდი ინგლისური. ეს პარალელური რეალობა იყო, გიჟურად ლამაზი თავისუფლება. და ახლაც ასეა".
იცხოვრო
იცხოვრო, ნიშნავს გიყვარდეს – დიადი წიგნი გვეუბნება.
მაგრამ ასეთი სიყვარული არ კმარა!
გულს უნდა ცოტა სისულელეები!
ამიტომაც ვკეცავ გაზეთს და ქუდს ვაკეთებ.
სონიას თავს ვაჩვენებ, რომ უდიდესი პოეტი ვარ
და სონია თავს მაჩვენებს, რომ ჩემი სჯერა –
ჩემი სონია, მისი ისტორიები და ლამაზი ფეხები,
მისი ისტორიები და ფეხები,
რომლებიც სხვა ისტორიას იწყებენ.
(შეწყვიტე ლაპარაკი, როცა მკოცნი)
მე ვხედავ ჩემს მომავალს: ყვითელი მოსასხამი,
სენდვიჩი, საწებლის ნარჩენი კბილებს შორის,
ჩემს ჩვილ გოგონას მაღლა, ცამდე ვწევ
ვმღერი, როცა ის მაფსამს
კეფაზე და მხრებზე
(ბებერო სულელო, იცინის ცოლი).
ჩვენ ვცხოვრობდით ბედნიერად როცა ომი იყო
და როცა მათ დაბომბეს სხვა ხალხის სახლები,
ჩვენ გავაპროტესტეთ
მაგრამ არასაკმარისად.
შევეწინააღმდეგეთ,
მაგრამ არასაკმარისად.
მე ვიწექი საწოლში, ჩემი საწოლის გარშემო
ამერიკა ინგრეოდა: უხილავი სახლი უხილავი სახლის
კვალდაკვალ იფშვნებოდა.
შემოვიტანე სკამი გარედან და ჩამავალ მზეს ვუყურებდი.
დამღუპველი მმართველობის მეექვსე თვეში
ფულის სახლში
ფულის ქუჩაზე ფულის ქალაქში ფულის ქვეყანაში
ჩვენს დიდებულ ფულის ქვეყანაში
ჩვენ (გვაპატიეთ და)
ვცხოვრობდით ბედნიერად როცა ომი იყო.
თარგმანი: პაატა შამუგია