ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სიზარმაცის უფლება | პოლ ლაფარგი

პირველი თავი. დამღუპველი დოგმა

ვიყოთ ზარმაცნი ყველაფერში, გარდა სმისა და სიყვარულისა, გარდა თავად სიზარმაცისა. - ლესინგი


უცნაურ ილუზიას შეუპყრია მშრომელთა კლასი იმ ქვეყნებში, სადაც კაპიტალისტური ცივილიზაცია ბატონობს. ამ ილუზიითაა გამოწვეული პიროვნული თუ სოციალური პრობლემები, რომლებიც ორი საუკუნეა აწამებს დასევდიანებულ კაცობრიობას. რა არის ეს ილუზია და – შრომის სიყვარული, შრომისადმი გაჩენილი მძაფრი ვნება, რომელიც სასიცოცხლო ძალას ართმევს ადამიანსა და მის შთამომავლობას. მღვდლები, ეკონომისტები და მორალისტები ამ მენტალურ გადახრას კი არ დაუპირისპირდნენ, შრომა წმინდა შარავანდედით შემოსეს. ბრმებსა და შეზღუდულებს სურდათ, თავიანთ ღმერთზე გონიერნი ყოფილიყვნენ; სუსტებსა და საზიზღრებს იმის აღდგენა უნდოდათ, რაც მათ ღმერთს დაეწყევლა. მე, რომელიც არც ქრისტიანი ვარ, არც ეკონომისტი და არც მორალისტი, ამ ხალხის მსჯელობას ღმერთისას ვუპირისპირებ, მათ რელიგიურ, ეკონომიკურ თუ თავისუფალ აზრთან დაკავშირებულ ეთიკას – შრომის საშინელ შედეგებს კაპიტალისტურ საზოგადოებაში.

კაპიტალისტურ საზოგადოებაში შრომაა მიზეზი ყოველგვარი ინტელექტუალური გადაგვარებისა, ყოველგვარი თანდაყოლილი სიმახინჯისა. შეადარეთ როტშილდის თავლების ჯიშიანი ცხენები, რომლებსაც მომვლელთა დასი დასტრიალებს თავს, ნორმანდიული ფერმების პირუტყვს – მიწას რომ ხნავენ, ნაკელი რომ გადააქვთ, მოსავალს რომ ეზიდებიან. დააკვირდით იმ კეთილშობილ ველურს, რომელიც ვაჭარ-მისიონერებსა თუ რელიგიით მოვაჭრეებს ჯერ კიდევ არ წაუბილწავთ ქრისტიანობით, სიფილისითა და შრომის დოგმებით, და მერე ჩვენს საცოდავ მონებს შეხედეთ – მანქანების მონებს[1].

თუ ჩვენს ცივილიზებულ ევროპაში ადამიანის ბუნებრივი მშვენიერების კვალის მიგნება გვინდა, იმ ერებში უნდა ვეძებოთ, სადაც მცდარ წარმოდგენებს ეკონომიკაზე ჯერ კიდევ არ აღმოუფხვრია შრომის სიძულვილი. ესპანეთს, რომელიც, სამწუხაროდ, გადაგვარების გზაზე დგას, მაინც შეუძლია დაიტრაბახოს, რომ იქ უფრო ნაკლები ქარხანაა, ვიდრე ჩვენთან – ციხე და ყაზარმა. ესპანელისთვის, რომელშიც პრიმიტიულ ცხოველს არაფერი დაჰკლებია, მუშაობა მონობის ყველაზე უარესი სახეა[2].

ბერძნებს აღზევების ხანაში შრომა სძულდათ – მხოლოდ მონას რთავდნენ მუშაობის ნებას, თავისუფალი კაცი კი სხეულსა და გონებას იწრთობდა. ასე იყო იმ დროს, როცა არისტოტელე, ფიდიასი და არისტოფანე დადიოდნენ მიწაზე. ანტიკური ხანის ფილოსოფოსები შრომის სიძულვილს ასწავლიდნენ, რომელსაც თავისუფალი კაცის გადაგვარება შეეძლო. პოეტები უსაქმურობას უმღერდნენ – ღმერთების ამ საჩუქარს.

იესოც უსაქმურობას ქადაგებდა: „შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“. იეჰოვამ, ამ წვერიანმა და მრისხანე ღმერთმა, იდეალური სიზარმაცის ღვთაებრივი მაგალითი უჩვენა თავის მიმდევრებს – ექვსი დღე იმუშავა და მერე მარადიულად დაისვენა.

მეორე მხრივ, განა არსებობს ხალხი, ვისთვისაც შრომა ორგანული მოთხოვნილებაა? ჩვენს საზოგადოებაში რომელი კლასი შრომობს შრომის სიყვარულით? მესაკუთრე გლეხები, თავჩახრილები რომ მუშაობენ მინდვრებში; პატარა მაღაზიების მეპატრონეები, თხუნელებივით რომ შემძვრალან სოროებში და გარეთ, ბუნებისაკენ არ იხედებიან...

ამასობაში კი პროლეტარიატის დიდებულმა კლასმა, ცივილიზებული ერების ყველანაირ მწარმოებლებს რომ აერთიანებს, კლასმა, რომელიც თავისი გათავისუფლებით მთელ კაცობრიობას გაათავისუფლებს მონური შრომისაგან, ინსტინქტს უღალატა, ისტორიული მისია არად ჩააგდო და შრომის დოგმას დაემორჩილა. მძიმე, საშინელი სასჯელიც მიიღო. მთელი მისი პიროვნული თუ სოციალური უბედურებანი შრომით გატაცებამ წარმოშვა.

 

თავი მეორე. შრომის ნეტარებანი

„მშრომელებმა არასდროს უნდა იფიქრონ, რომ უფროსებზე დამოკიდებულნი არ არიან. ამგვარ წარმოდგენებს აყოლა განსაკუთრებით საშიშია ჩვენნაირ კომერციულ სახელმწიფოში, სადაც მოსახლეობის შვიდ მერვედს თითქმის არაფერი აბადია. იქამდე უნდა მივიდეთ, რომ მშრომელები კვირაში ექვს დღეს მუშაობდნენ და ჯამაგირი იმდენი ჰქონდეთ, რამდენსაც ახლა ოთხ დღეში იღებენ“ (1770 წელს ლონდონში გამოქვეყნებული ანონიმური პამფლეტიდან). ამგვარად, ფრანსუა გიზომდე მთელი საუკუნით ადრეც კი ქადაგებდნენ ლონდონში, რომ შრომა კაცის კეთილშობილურ ვნებებს ლაგამს ამოსდებდა. „რაც უფრო მეტს იმუშავებს ჩემი ხალხი, მით უფრო ნაკლები მანკიერება ექნება, – წერდა ნაპოლეონი 1807 წლის 5 მაისს, – ხელისუფალი მე ვარ... და უნდა ვბრძანებდე, რომ საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ მაღაზიები გაიღოს, მშრომელებმა კი თავიანთ სამუშაოს მიაშურონ“. სიზარმაცის აღმოსაფხვრელად და მისგან წარმოშობილი სიამაყისა თუ დამოუკიდებლობის განცდის მოსათოკად ზემოთ ნახსენები პამფლეტის ავტორი ასეთ გამოსავალს ხედავდა – ღარიბები იდეალურ „სამუშაო სახლებში“ უნდა გამოემწყვდიათ, ერთგვარ „შიშის სახლებში“, სადაც თოთხმეტ საათს იმუშავებდნენ. კვების დროის გამოკლებით, „სუფთა სამუშაოს“ თორმეტი საათი დაეთმობოდა.

დღეში თორმეტი საათი მუშაობა – იდეალური იყო მეთვრამეტე საუკუნის მორალისტებისა და ფილანთროპებისათვის. ჩვენ კი მეტიც შევძელით! თანამედროვე ქარხნები იდეალური გამოსასწორებელი სახლებია, სადაც მშრომელთა მასები არიან გამომწყვდეულნი, რომლებსაც თორმეტიდან თოთხმეტ საათამდე იძულებითი შრომა აქვთ მისჯილი – არა მხოლოდ კაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც.

წარმოიდგინეთ, როგორ გადააგვარა შრომის რელიგიამ ისინი, ვინც 1848 წლიდან რევოლუციურ მოთხოვნად იმ კანონის მიღებას აყენებდნენ, ქარხნებში სამუშაო დროს თორმეტ საათამდე რომ შეამცირებდა. რევოლუციურ პრინციპად შრომის უფლებას სახავდნენ. სირცხვილი საფრანგეთის პროლეტარიატს! მხოლოდ მონები თუ იკადრებდნენ ასეთ სიმდაბლეს.

ის, რომ პროლეტარიატს მრავალგვარი გასაჭირი თუ შიმშილი ბიბლიური კალიებივით დაატყდა თავს, თავად მისივე დამსახურებაა. თავიანთი ხელებით გაუშრეს რძე ცოლებს. საწყალი ქალები მკერდზე მიკრული ბავშვებით უნდა წასულიყვნენ მაღაროებსა თუ ქარხნებში და იქ ქანცის გაწყვეტამდე ემუშავათ. თავიანთი ხელებით დაუნგრიეს ცხოვრება შვილებს.

სად არიან ჩვენი ზღაპრებისა და ძველი თქმულებების გულღია ქალები, თამამნი, ენამოსწრებულნი, ბახუსის მოყვარენი? სად არიან ის სავსემკერდიანი გოგოები, წამით რომ არ ისვენებდნენ, სადილს ამზადებდნენ, მღეროდნენ, სიცოცხლე უხაროდათ და უწვალებლად აჩენდნენ ჯანმრთელ შვილებს? დღეს ქარხნის გოგოები და ქალები გვყავს, ფერდაკარგული, თავჩაქინდრული ყვავილები, სისხლნაკლული არსებები სუსტი მომნელებელი ორგანოებით, უღონო კიდურებით...

მათ არასდროს გამოუცდიათ ჯანსაღი ვნების სიამენი და ვერც მხიარულად მოგვითხრობენ მათზე! და ბავშვები? ბავშვები, რომლებიც თორმეტ საათს მუშაობენ. საცოდაობაა!

ჩვენს დროებას შრომის საუკუნეს უწოდებენ. სინამდვილეში კი ტკივილის, საცოდაობისა და გარყვნილების საუკუნეა.

და მაინც, ფილოსოფოსები, ბურჟუა ეკონომისტები, მტანჯველად თავგზააბნეულ ოგიუსტ კონტიდან სასაცილოდ მარტივად მოსაუბრე ლერუა ბოლიემდე, გაიძვერა რომანტიკოს ვიქტორ ჰიუგოდან უგემოვნოდ გროტესკულ პოლ დე კოკამდე, გულისამრევ სიმღერებს უმღერიან პროგრესის ღმერთს. უსმინეთ მათ და გეგონებათ, რომ ცოტაც და ბედნიერება დაისადგურებს მთელ ქვეყანაზე. გასული საუკუნეების მტვერში იქექებიან, რათა ფეოდალური ხანის გასაჭირთა ფონზე ახლანდელი დროის მშვენიერება უკეთ წარმოაჩინონ.

აი, ბრწყინვალე სურათიც პროლეტარული მშვენიერებისა, 1840 წლის კაპიტალისტური პროგრესისა, აღწერილი ერთ-ერთი მათგანის, დოქტორ ვილერმეს მიერ, რომელიც ალზასში ნანახ მანუფაქტურაზე გვიყვება: „მიულუზში მუშაობა დილის ხუთ საათზე იწყებოდა და საღამოს რვა საათზე მთავრდებოდა ზაფხულსა და ზამთარში. ერთი სანახაობა იყო, როგორ მოდიოდნენ ქალაქში მუშები ყოველ დილით და მიდიოდნენ ყოველ საღამოს. მათ შორის ბევრი ქალი იყო, ფერმკრთალი და ფეხშიშველი. წვიმისა თუ თოვის დროს თავზე წინსაფრებსა და ქვედაკაბის კალთებს წამოიფარებდნენ ხოლმე. ბავშვებიც იყვნენ – ასეთივე ჭუჭყიანები და ფერმკრთალები, ძონძებში გამოხვეულები, იმ სამანქანო ზეთით მოთხუპნულები, მუშაობისას რომ ეწვეთებოდათ. ქალებისაგან განსხვავებით, საჭმელი კალათებით არ მოჰქონდათ – ხელში ეჭირათ ან ტანსაცმლის ქვეშ მალავდნენ პურის ნაჭერს, რომელიც შინ დაბრუნების დრომდე უნდა გამოეზოგათ. აუტანლად გრძელ, თხუთმეტსაათიან სამუშაო დღეს მგზავრობის ტანჯვაც ემატებოდა. შინ დაბრუნებულებს, ცხადია, ძილის მეტი აღარაფერი უნდოდათ, მომდევნო დღემდე კი დასვენებასაც ვერ ასწრებდნენ“.

ახლა ნახეთ, სად ცხოვრობდნენ ისინი, ვინც ქალაქში დაბინავებულიყვნენ: „მიულუზში უბადრუკი ოთახები ვნახე, სადაც ორ ოჯახს სხვადასხვა კუთხეში ეძინა იატაკზე დაყრილ, ორი ფიცრით შემოსაზღვრულ ჩალაზე. ისეთ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ საფეიქრო მრეწველობაში დასაქმებულები, რომ მათი ბავშვების ნახევარი ორ წელსაც კი ვერ აღწევს“.

სახელოსნოში შრომას ვილერმე ასე აღწერს: „ეს სამუშაო არ არის – ტანჯვაა, რომელიც ექვსიდან რვა წლამდე ბავშვებისათვის მიუსჯიათ. ამ ყოველდღიური ტანჯვის გამოა, რომ ბამბის დამმუშავებელი ქარხნები მუშახელს კარგავენ“.

ეკონომისტები კი მშრომელებს უმეორებენ: „იმუშავე, რომ საზოგადოება უფრო მდიდარი გახდეს“. ეკონომისტ დესტიუტ დე ტრასის პასუხი ასეთია: „ღარიბ ქვეყნებში ხალხი თავის გემოზე ცხოვრობს, მდიდარ ქვეყნებში კი მათ, როგორც წესი, სიღარიბეში უწევთ ცხოვრება“. არა, იმათ არაფერი ესმით – იმეორებენ და იმეორებენ: „იმუშავე, დღედაღამ იმუშავე, რომ კეთილდღეობას მიაღწიო“. იმუშავეთ, იმუშავეთ, პროლეტარებო, რათა საზოგადოება უფრო გამდიდრდეს და თქვენ უფრო გაღარიბდეთ; იმუშავეთ, იმუშავეთ, რათა უფრო ღარიბებს უფრო მეტი მიზეზი გქონდეთ, რომ იმუშაოთ და გასაცოდავდეთ. ასეთია კაპიტალისტური წარმოების უმოწყალო კანონი.

შრომის დოგმით გამხეცებული პროლეტარები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ წელში გამწყვეტი სამუშაო საკუთარი ხელით მოიხვიეს თავზე ვითომდა კეთილდღეობის მისაღწევად, და რომ სწორედ ეს სამუშაო უღებთ ბოლოს, არ გარბიან ბეღლისაკენ და არ ყვირიან: „გვშია, გვაჭამეთ რამე. მართალია, გროშიც არ გვაბადია, მაგრამ განა ჩვენ არ მოვიყვანეთ ხორბლის მოსავალი? განა ჩვენ არ დავკრიფეთ ყურძენი?“ არ გარბიან ბონესა თუ ჟუჟურიეს საწყობებისაკენ ყვირილით: „ბატონო ბონე, აი, თქვენი მუშა ქალები – მეაბრეშუმეები, ძაფის მგრეხავები, მქსოველები. საწყლად კანკალებენ დაძონძილ ჩითის კაბებში, თუმცა სწორედ მათი წყალობით იმოსებიან აბრეშუმით მთელი საქრისტიანოს გამოჩენილი ქალები. საწყლები დღეში ცამეტ საათს მუშაობდნენ და გარეგნობაზე საფიქრელად არ ეცალათ. ახლა კი უმუშევრად დარჩენილებს დრო გამოუჩნდათ – რატომ არ უნდა აშრიალონ თავიანთი ხელით შექმნილი აბრეშუმი?“     

თუ სამრეწველო კრიზისს უცილობლად უნდა მოჰყვეს უნაყოფობის პერიოდი – სამსახურიდან დათხოვნით, უსასრულო სიღარიბით, მაშინ საწარმოს გაკოტრებაც გარდაუვალი ხდება. მისი ხელმძღვანელი სესხულობს და სესხულობს ფულს, რომ სამუშაო მასალა არ მოაკლოს მშრომელებს, ამ დროს კი ვერ აცნობიერებს, რომ ბაზარი გაჯერებულია და თუ საქონელი ვერ გაიყიდა, გადასახდელის გადახდა მაინც მოუწევს. შეშლილობის ზღვარზე მყოფი, მუხლებში უვარდება ბანკირს და სულს სთავაზობს. როტშილდი კი ეუბნება: „თქვენ 20 000 წყვილი წინდა გაქვთ საწყობში. წყვილი 20 ცენტი ღირს. აი, მე თითოს 4 ცენტად ვიყიდი“. ბანკირი საქონელს ხელში იგდებს და წყვილს 6-8 ცენტად ყიდის, ჯიბეც დოლარებით ევსება. მწარმოებლისთვის კი ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ბოლოს ყველაფერი თავზე ემხობა, საწყობიც უცარიელდება. იმდენი რამ იყრება ფანჯრიდან, რომ ვერც წარმოიდგენ – კარში როგორ შეეტია. ასობით მილიონის ღირებულების საქონელი ნადგურდება. გასულ საუკუნეში მათ ხან წვავდნენ, ხან წყალში ყრიდნენ.

მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ, მეწარმეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და დაგროვილი საქონლის გასასაღებლად ბაზარს ეძებენ. მთავრობას კონგოს დაპყრობას, ტონკინის ხელში ჩაგდებას, ჩინეთის დიდი კედლის დანგრევას აიძულებენ, რათა იქ თავიანთი საფეიქრო ნაწარმის შეტანა შეძლონ. წინა საუკუნეებში საფრანგეთსა და ინგლისს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული ამერიკასა თუ ინდოეთში ვაჭრობის პრივილეგიის მოსაპოვებლად. ათასობით ახალგაზრდის სისხლით გაწითლდა ზღვები კოლონიური ომების დროს მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში.

როგორც საქონლის, ასევე კაპიტალის სიჭარბეა. ფინანსისტებმა აღარ იციან, სად წაიღონ ფული. მიადგებიან ხოლმე ბედნიერ ერებს, მზეს რომ ეფიცხებიან პირში გაჩრილი სიგარეტით, და გაჰყავთ რკინიგზა, აშენებენ ქარხნებს – შრომის წყევლა შეაქვთ. ფრანგული კაპიტალის ექსპორტს ერთ მშვენიერ დღეს დიპლომატიური გართულებები მოჰყვება, მერე კი ყველაფერი შეიძლება ომშიც გადაიზარდოს, როგორც მექსიკაში, სადაც ფრანგ ჯარისკაცებს გადაუხდელი ვალების ამოღებაც დაევალათ. ეს პიროვნული თუ სოციალური უბედურებანი, როგორი დიდი და უსასრულოც უნდა იყოს, როგორ მარადიულადაც უნდა მოჩანდეს, აფთრებივით, ტურებივით გაქრება ლომის გამოჩენისას. მთავარია, პროლეტარიატმა თქვას: „მე ამას გავაკეთებ“.

მაგრამ იმისათვის, რომ პროლეტარიატმა თავისი ძალა გააცნობიეროს, ფეხქვეშ უნდა გათელოს ქრისტიანული, ეკონომიკური თუ თავისუფალ აზრთან დაკავშირებული ეთიკით განპირობებული ცრურწმენები. ბუნებრივ ინსტინქტებს უნდა დაუბრუნდეს, სიზარმაცის უფლება უნდა მოითხოვოს, ათასჯერ უფრო კეთილშობილური და წმინდა, ვიდრე ეს უსიცოცხლო „ადამიანის უფლებებია“, ბურჟუაზიული რევოლუციის მეტაფიზიკოსმა ადვოკატებმა რომ გამოიგონეს. უნდა მიეჩვიოს, რომ დღეში მხოლოდ სამი საათი იმუშაოს, დანარჩენი დრო კი დასვენებასა და ნადიმობას დაუთმოს. 

 

თავი მესამე. ჭარბწარმოების შედეგები

გამრჯე მუშა ქალი საქსოვი ჩხირებით წუთში მხოლოდ ხუთ მარყუჟს აკეთებს, საქსოვი მანქანა კი – 30 000-ს. ამგვარად, მანქანის მუშაობის თითოეული წუთი მუშა ქალის შრომის ას საათს უთანაბრდება და მას ათ დღეს აძლევს დასასვენებლად. და რაც საფეიქრო ინდუსტრიის შემთხვევაში ხდება, მეტ-ნაკლებად ეხება ყველა სხვა ინდუსტრიასაც, სადაც თანამედროვე მანქანებს იყენებენ. ჩვენ კი რას ვხედავთ? რაც უფრო უმჯობესდება მექანიზმი, რაც უფრო მეტი სისწრაფითა და სიზუსტით მუშაობს მანქანა, მშრომელი, დასვენების ნაცვლად, გაორმაგებული თავგამოდებით ასრულებს სამუშაოს – თითქოს მასთან გაჯიბრება სურსო.

იმისათვის, რომ კაცისა და მანქანის მეტოქეობას გასაქანი ჰქონოდა, პროლეტარებმა ის ბრძნული კანონები გააუქმეს, ძველად ხელოსნების შრომას საზღვრებს რომ უწესებდა; დღესასწაულებიც კი აღარ ინდომეს[3]. ადრე თუ მწარმოებლები კვირაში მხოლოდ ხუთ დღეს მუშაობდნენ, განა მხოლოდ ჰაერითა და წყლით საზრდოობდნენ, როგორც მატყუარა ეკონომისტები გვარწმუნებენ? არა, მიწიერ სიამოვნებებს არ იკლებდნენ, სიყვარულიც იცოდნენ და სიხარულიც, და ნადიმებსაც მართავდნენ უსაქმურობის დარდიმანდი ღმერთის სადიდებლად. ინგლისს, ახლა პირქუშსა და პროტესტანტიზმით შეპყრობილს, მაშინ „მხიარული ინგლისი“ ერქვა. რაბლე, კევედო, სერვანტესი და უცნობი ავტორები ისე აღწერენ დიდებულ ლხინებსა და ნადიმებს, პირზე ნერწყვი მოგადგება... სადღაა იმდროინდელი გარგანტუასებური მუცლის ამოყორვა, სადღაა მაშინდელი ჭკუა და გონი? დავჩიავდით და გადავგვარდით. დამარილებულმა ხორცმა, კარტოფილმა, წყალწყალა ღვინომ და პრუსიულმა შნაპსმა, ამ ყველაფერს დამატებულმა იძულებითმა შრომამ, დაგვაძაბუნა და გონება შეგვიზღუდა. და სწორედ იმ დროს, როცა კაცს მუცელი ჰგვრემს, მანქანა კი უფრო და უფრო მეტს აწარმოებს, ეკონომისტები მალთუზის თეორიის, თავშეკავების რელიგიისა და შრომის დოგმის ქადაგებას იწყებენ.

ერთი-ორი საუკუნის წინ, კაპიტალისტური წარმოების დასაწყისში, კაპიტალისტი გაწონასწორებული ადამიანი იყო, გონიერი და მშვიდობისმოყვარე. ერთ ცოლსა თუ ქალს სჯერდებოდა. მხოლოდ მაშინ სვამდა, როცა სწყუროდა და მხოლოდ მაშინ ჭამდა, როცა შიოდა. გარყვნილების კეთილშობილურ მისწრაფებას სამეფო კარის ბატონებსა და ქალბატონებს უთმობდა. დღეს კი ყოველი ახლად გამდიდრებული სავალდებულოდ მიიჩნევს, ისეთი სენით დაავადდეს, ვერცხლისწყლით რომ მკურნალობენ – რაღაცით ხომ უნდა გამართლდეს მათი შრომა, ვინც ვერცხლისწყალს მოიპოვებს. ყოველი კაპიტალისტი ტრიუფელით დატენილ ყვერულს გეახლებათ და ზედ საუკეთესო ღვინოს აყოლებს – ხომ უნდა წაახალისოს ჯიშიანი ქათმების გამზრდელები და ბორდოს დამყენებლები. ასეთი ცხოვრება კი ორგანიზმს ანადგურებს, თმის ცვენას, ღრძილების გალევას, სხეულის დეფორმირებას იწვევს – მუცელი უჩვეულოდ იბერება, სუნთქვა ძნელდება, მოძრაობა რთულდება, სახსრები შეშდება, თითები იკრუნჩხება.

იმისათვის, რომ არამწარმოებლისა და ზედმეტის მომხმარებლის სოციალური როლი განიმტკიცოს, კაპიტალისტი არა მხოლოდ ვალდებულია, რომ ზომიერება არაფრად ჩააგდოს, შრომის ჩვევა დაივიწყოს და უსაზღვრო ფუფუნებაში იცხოვროს, ცხარე, მოუნელებელი საკვები მიირთვას და სიფილისი აიკიდოს, არამედ სხვებიც უნდა მოსწყვიტოს ნაყოფიერ შრომას, ამფსონებად ამოიყენოს გვერდით.

აი, ციფრებიც – იმის დასამტკიცებლად, როგორ იფლანგება მწარმოებელი ძალა. 1861 წლის აღწერის მიხედვით, ინგლისისა და უელსის მოსახლეობა 20 066 244 ადამიანს შეადგენდა, 9 776 259 კაცსა და 10 289 965 ქალს. თუ გამოვაკლებთ მათ, ვინც მეტისმეტად მოხუცი თუ მეტისმეტად ახალგაზრდა იყო მუშაობისათვის, აგრეთვე მათ, ვისაც „იდეოლოგიური პროფესიები“ ჰქონდათ – აღმზრდელებს, პოლიციელებს, საეკლესიო პირებს, ჯარისკაცებს, მეძავებს, ხელოვანებს, მეცნიერებს და ა.შ., და მათ, ვინც სხვების ხარჯზე ცხოვრობდნენ – გამქირავებლებს, მევახშეებს და ა.შ., რვა მილიონი ადამიანიღა დარჩება, კაპიტალისტების ჩათვლით.

სრულიად გაზარმაცებული და იძულებითი გართობით შეღონებული კაპიტალისტთა კლასი მალევე შეეგუა ამგვარ მავნებელ ცხოვრებას და ყოველგვარ ცვლილებას შიშით დაუწყო ცქერა.

კაპიტალისტური წარმოების უდიდესი პრობლემა ის კი აღარაა, რომ მეწარმეები იპოვოს, რომლებსაც ძალაუფლებას გაუზრდის, არამედ ის, რომ მომხმარებლები აღმოაჩინოს, მათ მადა გაუჩინოს და მოთხოვნილებები გამოუგონოს. რადგან ევროპელი მშრომელები, მშიერ-მწყურვალნი და სიცივით აკანკალებულნი, ვერ იცვამენ იმას, რასაც ქსოვენ, ვერ სვამენ თავიანთი ხელებით მოვლილი ვენახების ღვინოს, საწყალ მეწარმეებს ისღა დარჩენიათ, ქვეყნიერების ბოლოში ეძებონ ადამიანები, რომლებიც მათ ტანსაცმელს ჩაიცვამენ და მათ ღვინოს დალევენ. ყოველ წელს ევროპას მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელი გააქვს მსოფლიოს ოთხივე მხარეს – ქვეყნებში, სადაც ის არავის სჭირდება[4]. მაგრამ ყოველმხრივ შესწავლილი კონტინენტები საკმარისი აღარ არის. ხელუხლებელი ქვეყნებია საჭირო. ევროპელი მეწარმეები დღედაღამ ოცნებობენ აფრიკაზე, საჰარის უდაბნოში გაჩენილ ტბაზე, სუდანში გაყვანილ რკინიგზაზე.

გამაძღარი კაპიტალისტები, მსახურთა კლასი, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე მწარმოებელთა კლასი, უცხო ქვეყნები, ბარბაროსთა ქვეყნები – ყველა და ყველაფერი სავსეა ევროპული საქონლით. რა გალევს ეგვიპტური პირამიდებივით აღმართულ პროდუქტთა მთებს. ევროპელ მშრომელთა პროდუქტიულობას მომხმარებლობა, ხარჯვა და ფლანგვა ვერაფერს აკლებს. ლიონში აბრეშუმს ბუნებრივ სიმსუბუქეს კი არ უნარჩუნებენ, მინერალური მარილებით ამძიმებენ – წონა ემატება, მაგრამ დიდხანს ვეღარ ძლებს. ჩვენი ყველა პროდუქტი ამგვარადაა გაყალბებული – უკეთესად რომ გაიყიდოს და მალე რომ გახდეს გამოუსადეგარი. ჩვენს დროებას „გაყალბების ხანა“ უნდა ერქვას, სწორედ ისე, როგორც ძველ ეპოქებს ერქვათ „ქვის ხანა“, „სპილენძის ხანა“, წარმოების ხასიათიდან გამომდინარე.

მანკიერ ვნებას აყოლილმა მშრომელებმა ვერ გააცნობიერეს: იმისათვის, რომ სამუშაო ყველას ჰქონდეს, მისი სწორად განაწილებაა საჭირო, გასაჭირში ჩავარდნილი გემის წყლის მარაგივით. ამასობაში კი, ზოგიერთი მეწარმე, კაპიტალისტური ექსპლუატაციის სახელით, მართლაც ითხოვდა სამუშაო დღის კანონიერად შემცირებას. არისტოკრატულმა მთავრობამ გაბედა და ის გააკეთა, რასაც მორალისტთა მიერ გაბრიყვებული ხალხი ვერასდროს ბედავდა. ეკონომისტები კი ავბედითად ჩხაოდნენ, ქარხნებში სამუშაო დროის ერთი საათით შემცირება ინგლისის მთელ მრეწველობას დაანგრევსო, მაგრამ ამ ქვეყნის მთავრობამ მკაცრად აკრძალა დღეში ათ საათზე მეტი მუშაობა. და მაინც, ინგლისი უწინდებურად პირველი ინდუსტრიული ქვეყანაა მსოფლიოში.

ასეთი მასშტაბის ექსპერიმენტი შედგა. ზოგიერთმა გონიერმა კაპიტალისტმაც თავისი თქვა. ეს ყველაფერი გვარწმუნებს, რომ შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად აუცილებელია სამუშაო საათების შემცირება და ხელფასის დღეებისა და უქმე დღეების რაოდენობის გაზრდა. თუმცა საფრანგეთს მაინც არ სჯერა. რატომ ვერ ხვდებიან მშრომელები, რომ მეტისმეტი მუშაობით ძალა ეცლებათ მათ და მათ შთამომავლობას, რომ იფიტებიან და ნაადრევად კარგავენ ყოველგვარი მუშაობის უნარს, რომ ერთადერთ მანკიერ ვნებას აყოლილნი ადამიანები კი აღარ არიან, არამედ ნახევარადამიანები, რომ ყველა მშვენიერი უნარი ჩაიკლეს თავში, ცოცხალი და გაფურჩქვნის პირას მყოფი ყველაფერი გაინადგურეს და მხოლოდ შრომის შლეგური წყურვილი დარჩათ. თუთიყუშებივით იმეორებენ იმას, რასაც ეკონომისტები ჩასძახიან: „ვიმუშაოთ, ვიმუშაოთ, რომ ერი გავამდიდროთ“. თქვე ბრიყვებო, ამდენს რომ მუშაობთ, სწორედ ამიტომ ვითარდება ნელა სამრეწველო მოწყობილობები.

 

თავი მეოთხე.

ახალი სიმღერები ახალი მუსიკისათვის

მშრომელებისათვის რომ შესაძლებელი გაეხადათ მათივე ხელით შექმნილი პროდუქტების მოხმარება, მათი არმია წარმოუდგენლად გაიზრდებოდა. კაპიტალისტთა კლასს, რომელმაც უნივერსალური მომხმარებლის ფუნქცია დაკარგა, ისღა დარჩენია, სხვებს უბიძგოს მოხმარებისაკენ – ჯარისკაცებს, მოსამართლეებს, ჟურნალისტებს, სუტენიორებს, რომლებიც ერთ დროს თავადვე ჩამოაშორა სასარგებლო შრომას. აი, მაშინ კი აივსება შრომის ბაზარი. აი, მაშინ კი გახდება საჭირო რკინის კანონი შრომისათვის საზღვრის დასაწესებლად. სამსახურს ვერაფრით იშოვიან პარაზიტებივით გამრავლებული, გარჯას გადაჩვეული ადამიანები და ვერც ისინი, მათ რომ მოთხოვნილებებს უკმაყოფილებდნენ. როცა აღარ იქნებიან ლაქიები და გენერლები, რომლებიც შესაბამისად უნდა გამოწყობილიყვნენ, ქმრიანი თუ უქმრო მეძავები, რომლებიც მაქმანებში უნდა ჩაფლულიყვნენ, აღარ იქნება ქვემეხები და სასახლეები... – მკაცრი კანონების მიღება გახდება საჭირო, რათა იმ ქალებმა და კაცებმა, მოქარგული მაქმანებისა თუ რკინის იარაღების შესაქმნელად რომ ამუშავებდნენ, თავიანთი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მოდგმის გაძლიერებაზე იზრუნონ. როცა ევროპულ პროდუქციას სადღაც ჯანდაბაში კი აღარ გავგზავნით, ჩვენვე დავიწყებთ მის მოხმარებას, მეზღვაურები, მეფორნეები თუ ნავსადგურის მტვირთავები იძულებულნი იქნებიან, დასხდნენ და ცოტა ხანს ხელი აღარ გაანძრიონ.

მაშინ ბედნიერი პოლინეზიელები შეძლებენ, ისე ესიყვარულონ ერთმანეთს, რომ არც ვენერიული დაავადებების შიში ჰქონდეთ და არც ევროპელი მორალისტების ქადაგებების.

როტშილდებმა და სხვა კაპიტალისტებმა უნდა აღიარონ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უმაქნისები იყვნენ და მეტი არაფერი; და თუ უმაქნისებად დარჩენა მოუნდებათ, მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული შრომის მანიისა, მაშინ პენსიაზე უნდა გავიდნენ – ყოველ დილით მერიაში მივლენ და ხუთდოლარიან მონეტას მიიღებენ ჯიბის ფულად. სოციალური უთანხმოებაც გაქრება. კაპიტალისტები პირველები შეუერთდებიან სახალხო პარტიას, თუ დარწმუნდებიან, რომ მათთვის ცუდი არავის სურს – პირიქით, უნდათ, ზედმეტის მოხმარების, მფლანგველობის იმ ვალდებულებისაგან გაათავისუფლონ, გაჩენის დღიდან რომ ტვირთად აწევთ. მათ უფლებას მისცემენ, ინსტინქტებს მიჰყვნენ. უამრავი საზიზღარი საქმეა, რომელსაც შეიძლება ხელი მოჰკიდონ. დიუფორმა შეიძლება საზოგადოებრივი ტუალეტების ხეხვას მიჰყოს ხელი, გალიფემ დაავადებული ცხენები და ღორები დაკლას. ამნისტიის კომიტეტის წევრები დასაკლავი ხარებისა და ცხვრების შესარჩევად უნდა გაგზავნონ. სენატორებმა საფლავები უნდა თხარონ და მკვდრები მარხონ.

ის კი გახდება საჭირო, რომ კაპიტალისტები სახალხო ფონდებთან არ მიუშვან – ჩვევის გამო, ხელი არაფერზე წაუცდეთ. მორალისტებს კი, რომლებმაც ბუნება წაახდინეს, მძიმე, ხანგრძლივი შურისძიება ელით.

დიდი სახალხო ზეიმის დროს, როცა კომუნისტები და კოლექტივისტები მტვრის ყლაპვას კი აღარ მოჰყვებიან, როგორც 15 აგვისტოსა თუ 14 ივლისს კაპიტალიზმის ზეობის ხანაში, არამედ შეჭამენ, დალევენ, იცეკვებენ და გულით გაიხარებენ, მორალისა და პოლიტიკის მეცნიერების აკადემიის წევრები, გრძელ თუ მოკლე სამოსში გამოწყობილი მღვდლები კათოლიკური, პროტესტანტული, ებრაული, პოზიტივისტური თუ თავისუფალი აზრის ეკლესიებიდან, მალთუზიანიზმის, ქრისტიანული, ალტრუისტული, დამოუკიდებელი თუ დამოკიდებული ეთიკის მქადაგებლები, ყვითელი ტანსაცმლით, იქვე იდგებიან, სუფრასთან და ხელებში სანთლები მანამდე ეჭირებათ, სანამ ცეცხლი თითებს არ მისწვდება. ნერწყვი დაახრჩობთ ხორცით, ხილითა და ყვავილებით დამძიმებული სუფრის დანახვისას, პირი გაუშრებათ კასრებიდან მორაკრაკე სასმლის შემხედვარეთ. მათ წელიწადში ოთხჯერ – სეზონების მონაცვლეობისას – დანების მლესავების ძაღლებივით გამოამწყვდევენ დიდ ბორბლებში და ათი საათი ქარში ქასქასს მიუსჯიან.

ადვოკატები და კანონმდებლებიც ასე მწარედ უნდა დაისაჯონ. უსაქმურობის რეჟიმისას, იმ დროის მოსაკლავად, რომელიც წუთიდან წუთამდე გვკლავს, თეატრალური წარმოდგენები გაიმართება და ჩვენს ბურჟუა კანონმდებლებსაც საქმე გამოუჩნდებათ. მოხეტიალე დასებში გავაერთიანებთ და გზას გავუყენებთ. სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ ივლიან და საკანონმდებლო ჩვენებებს მოაწყობენ.

ჩექმებში გამოწყობილი, ორდენებითა და ჯვრებით მკერდდამშვენებული გენერლები ქუჩებსა და ეზოებს დაივლიან და ხალხს წარმოდგენის სანახავად მოუხმობენ. გამბეტა და მისი მეგობარი კასანიაკი კი კართან დადგებიან. გამბეტა საგარეო პოლიტიკაზე ილაპარაკებს...

ბარაკებში სანახაობა საარჩევნო ფარსით გაიხსნება.

ხისთავიანი და ვირისყურებიანი ამომრჩევლების წინ მასხარებივით ჩაცმული ბურჟუა კანდიდატები პოლიტიკური თავისუფლების ცეკვას იცეკვებენ, დაპირებებით სავსე საარჩევნო პროგრამებს კი ხან სად გამოისვამენ და ხან – სად. თვალცრემლიანები მოჰყვებიან ხალხის გასაჭირზე და ხმაში რკინა ჩაეღვრებათ საფრანგეთის დიდებაზე საუბრისას.

მერე ამომრჩევლებიც ერთხმად დაიწყებენ ყროყინს.  

ამას დიდებული წარმოდგენა მოჰყვება – „ერის ქონების დატაცება“.

კაპიტალისტი საფრანგეთი – უშველებელი ქალი, ბეწვიანი სახითა და გამელოტებული თავით, მსუქანი, მომჩვარული, გადაფითრებული, თვალებჩავარდნილი – ხავერდის ტახტზე წამოწოლილა და თვლემს. მის ფეხებთან ინდუსტრიული კაპიტალიზმი – რკინის გიგანტური ორგანიზმი, მაიმუნის ნიღბით, მექანიკურად ნთქავს კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სულისშემძვრელად კივიან. ბანკი კი, კვერნის სახით, აფთრის ტანითა და ჰარპიას კლანჭებით, ჯიბეებიდან მონეტებს ისვრის.

გასაცოდავებული, გამოფიტული, ჩამოძონძილი პროლეტარების ურდო, ხმალამოწვდილი ჟანდარმებისა და იმ ფურიების თანხლებით, შიმშილის მათრახს რომ უტყლაშუნებენ, კაპიტალისტი საფრანგეთის ფეხთით ახვავებს სავაჭრო საქონელს, ღვინის კასრებს, ოქროთი და ხორბლით სავსე ტომრებს. ლანგლუა, რომელსაც ცალ ხელში თავისი ქვედა საცვალი უჭირავს, მეორეში – პრუდონის ანდერძი, კბილებშორის კი ეროვნული ბიუჯეტის დავთარი გაუჩრია, ერის ქონების მცველთა მეთაურად დაუყენებიათ. როდესაც თოფის კონდახებით ნაცემი, ხიშტებით ნაწამები მშრომელები თავიანთ ტვირთს მოიშორებენ, იქიდან გაჰყავთ, კარი კი ახლა მეწარმეებისათვის, ვაჭრებისა და ბანკირებისათვის იღება. ისინი საქონელს მიაწყდებიან და ერთიანად შეთქვლეფენ ბამბეულს, ხორბლის ტომრებს, ოქროს ზოდებს, ბოლომდე გამოაცარიელებენ ღვინის კასრებს. როცა შესათქვლეფი აღარაფერი დარჩებათ, თავიანთ ნარწყევსა და სიბინძურეში ჩაემხობიან. მერე დაიქუხებს, მიწა შეირყევა და გაიპობა, ნაპრალიდან კი ისტორიული ბედისწერა გამოჩნდება და რკინის ფეხით დაუჩეჩქვავს თავს კაპიტალისტებს – სლოკინ-სლოკინით რომ ცდილობენ წამოდგომას, მაგრამ მაინც ძირს ეცემიან; ძლიერი ხელით მოისვრის კაპიტალისტ საფრანგეთს, გაოგნებულსა და შიშის ოფლდასხმულს...

მთელი საუკუნეა, ქრისტესავით, ძველი მონობის ამ სევდიანი განსახიერებასავით, მიუყვებიან ტკივილის გოლგოთას პროლეტარი კაცები, ქალები და ბავშვები; მთელი საუკუნეა, იძულებითი შრომისაგან ემტვრევათ ძვლები, ულურჯდებათ ხორცი, აწყდებათ ნერვები; მთელი საუკუნეა, შიმშილი უღრღნით ტვინსა და გულ-გვამს. ო, სიზარმაცევ, შეგვიბრალე ჩვენი საცოდაობის გამო! ო, სიზარმაცევ, ხელოვნებისა და კეთილშობილების დედავ, წამლად ექეც ადამიანის ტკივილს!

 

დამატება

რომაელები მხოლოდ ორ კეთილშობილურ და თავისუფალ პროფესიას ცნობდნენ – მიწათმოქმედებასა და სამხედრო საქმეს. მოქალაქეებს სახელმწიფო ინახავდა და ისინი არ იყვნენ იძულებულნი, თავის გასატანად მონებისათვის განკუთვნილი უბადრუკი საქმეები ეკეთებინათ (სწორედ ასეთად მიაჩნდათ ვაჭრობა).

ძველი ფილოსოფოსები ბევრს კამათობდნენ იდეების წარმოშობაზე, მაგრამ მუშაობა ერთნაირად სძულდათ. „ბუნებამ არც ხარაზი შექმნა და არც მჭედელი, – ამბობს პლატონი „სახელმწიფოში“, – ასეთი ხელობები ადამიანის გადაგვარებას იწვევს. დაქირავებულ არამზადებს, უსახელო ნაბიჭვრებს, მათივე მდგომარეობის გამო, პოლიტიკური უფლებები არც აქვთ. რაც შეეხება ტყუილსა და თვალთმაქცობას ნაჩვევ ვაჭრებს, ქალაქში მხოლოდ აუცილებელი ბოროტების სახით უნდა დაუშვან. მოქალაქე, რომელიც ვაჭრობას მიჰყოფს ხელს, კანონის დარღვევის გამო უნდა დაისაჯოს. თუ ბრალი დაუმტკიცდება, ერთ წელს გაატარებს ციხეში, ხოლო თუ კანონს ხელახლა დაარღვევს, სასჯელი გაუორმაგდება“[5].

ქსენოფონტე „ეკონომიკაში“ წერს: „ვინც ხელით შრომობს, ვერასდროს შეძლებს სახელმწიფო სამსახურში ჩადგომას და ეს სწორია. უმრავლესობას მთელი დღე უხდება ჯდომა, ზოგიერთი ცეცხლის მხურვალებასაც უძლებს. ცხადია, სხეულები ეცვლებათ და გონების დაზიანებაც თითქმის გარდაუვალია“.

„რა სიკეთე, რა კეთილშობილება უნდა მოიტანოს სავაჭრო ფარდულმა? – კითხულობს ციცერონი, – რა ღირსება შეიძლება იყოს ვაჭრობაში? ღირსეული კაცისათვის ყველაფერი შეუფერებელია, რაც კი ამ ფარდულს უკავშირდება. ვაჭრები ტყუილის გარეშე მოგებას ვერ ნახავენ, სიყალბეზე სამარცხვინო კი რაა? უმდაბლესად და უკეთურად უნდა მივიჩნიოთ მათი საქმიანობა, ვინც თავიანთ შრომასა და ნაწარმს ყიდის, რადგან შრომის სანაცვლოდ ფულის აღება საკუთარი თავის გაყიდვა და მონობაა“.

ქრისტიანულმა თვალთმაქცობამ და კაპიტალისტურმა უტილიტარიზმმა ვერ დაამახინჯა ძველი ფილოსოფოსების ნააზრევი. ადამიანის თავისუფლების მოთხოვნისას ისინი აზრებს მარტივად, გულუბრყვილოდ გამოთქვამდნენ. პლატონს, არისტოტელეს – ამ გიგანტ ინტელექტუალებს, რომელთა გვერდითაც დღევანდელი ფილოსოფოსები პიგმეებად მოჩანან, სურდათ, რომ იდეალურ სახელმწიფოში მოქალაქეებს დღეები და ღამეები დასვენებაში გაეტარებინათ. ქსენოფონტეს დაკვირვებით, „სამუშაოს მთელი დრო მიაქვს და ადამიანები ვეღარც სახელმწიფოსთვის იცლიან, ვეღარც მეგობრებისთვის“.

ჩვენი ქრისტიანი და კაპიტალისტი მორალისტები კი გვიპასუხებენ: „ეს მოაზროვნეები და ფილოსოფოსები ხომ ხოტბას ასხამდნენ მონობის ინსტიტუტს“. დიახ, ასეა, მაგრამ სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო იმ ეპოქაში, იმ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პირობებში? ძველ საზოგადოებებში, სადაც ომი ნორმალური მდგომარეობა იყო? თავისუფალ ადამიანს დრო უნდა დაეთმო სახელმწიფო საქმეების განხილვისათვის, თვალყური უნდა ედევნებინა თავდაცვითი საქმიანობისათვის. ვაჭრები მეტისმეტად პრიმიტიულები და მოუქნელები იყვნენ იმისათვის, რომ მეომრისა და მოქალაქის თანდაყოლილი ვალდებულებები შეესრულებინათ. ამგვარად, თუ ფილოსოფოსებსა და კანონმდებლებს მებრძოლები და მოქალაქეები სურდათ თავიანთ გმირულ რესპუბლიკებში, მაშინ მონებიც უნდა აეტანათ.

მაგრამ განა დღევანდელი მორალისტები და ეკონომისტები ხოტბას არ ასხამენ დაქირავებულ შრომას – თანამედროვე მონობას? და ვის ასვენებს ეს კაპიტალისტური მონობა? როტშილდისნაირებს, შნაიდერისნაირებსა და მადამ ბუსიკოსნაირებს, უვარგისებსა და მავნებლებს, მხოლოდ საკუთარ მანკიერებებს რომ დამონებიან...

არისტოტელემ იწინასწარმეტყველა: „ყოველ იარაღს დამოუკიდებლად რომ შეეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, ისე, როგორც დედალოსის შედევრები მოძრაობდნენ თავისით, ან როგორც ვულკანუსის სამფეხები გაემართებოდნენ ხოლმე წმინდა საქმის აღსასრულებლად, მაგალითად, საქსოვი დაზგა რომ თავად ქსოვდეს – მაშინ სახელოსნოს ზედამხედველს აღარ დასჭირდებოდა დამხმარეები, არც მონათა უფროსი“.

არისტოტელეს ოცნება ჩვენი სინამდვილეა. ჩვენი მანქანები, ცეცხლის სუნთქვით, ფოლადის მოუღლელი კიდურებით, საოცარი ნაყოფიერებით, სრული მორჩილებით, დამოუკიდებლად ასრულებენ წმინდა სამუშაოს. მიუხედავად ამისა, კაპიტალიზმის დიდი ფილოსოფოსები მაინც ვერ თავისუფლდებიან ცრურწმენისაგან, რომ სახელფასო სისტემა, მონობის ეს ყველაზე უარესი ფორმა, აუცილებელია. ვერ ხვდებიან, რომ მანქანა კაცობრიობის მხსნელია – ღმერთი, რომელიც იხსნის ადამიანს უბადრუკი საქმიანობისა და დაქირავებული შრომისაგან; ღმერთი, რომელიც მას დაასვენებს და გაათავისუფლებს.

1883 წელი
თარგმნა ირმა ტაველიძემ

 

[1] ევროპელ მკვლევრებს აოცებდათ პრიმიტივთა ფიზიკური სილამაზე და სიამაყე - მათი, ვისაც ჯერ კიდევ არ შეხებოდა „ცივილიზაციის შხამიანი სუნთქვა“. ოკეანის კუნძულების აბორიგენთა შესახებ საუბრისას ჯორჯ კემპბელი წერს: „არ არსებობს მსოფლიოში ხალხი, რომელიც დანახვისთანავე ასე ძალიან მოგეწონებათ. სპილენძისფრად შეფერილი, გლუვი კანი, ხვეული, ოქროსფერი თმა, ლამაზი და ბედნიერი სახეები... ისე გამოიყურებიან, თითქოს სხვა, უფრო ამაღლებულ რასას ეკუთვნიან“.

მ. ფ. ლეპლეი კი, რომლის მახვილი თვალიც უდავოდ დასაფასებელია, „ევროპელ მუშებში“ (1885) წერს: „სიზარმაცისკენ ბაშკირების მიდრეკილება, მომთაბარე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი უსაქმურობა, მედიტაციის ჩვევა... - ეს ყველაფერი მათი მანერის გამორჩეულობას, დახვეწილ აზროვნებასა და განსჯას განაპირობებს, რაც იშვიათად შეინიშნება ამავე სოციალურ დონეზე უფრო განვითარებულ ცივილიზაციაში... ყველაზე მეტად მიწის დამუშავება სძულთ - ყველაფერს გააკეთებენ, გლეხის საქმეს კი - არა“. მიწათმოქმედება, ფაქტობრივად, იძულებითი შრომის პირველი მაგალითია კაცობრიობის ისტორიაში. ბიბლიური ტრადიციის თანახმად ხომ პირველი ბოროტმოქმედი, კაენი, სწორედ ამ საქმეს მისდევდა.          

 [2] ესპანური ანდაზაა: დასვენება ჯანმრთელობააო.

[3] ძველ დროში საეკლესიო კანონები მშრომელს დასასვენებლად 90 დღეს აძლევდა - 52 კვირა დღესა და 38 სადღესასწაულო უქმეს. ამ დროს მუშაობა მკაცრად იკრძალებოდა. რევოლუციის დროს კი საეკლესიო დღესასწაულები გაუქმდა, კვირა ათდღიანი გახდა, რათა ხალხს ათიდან მხოლოდ ერთი დღე დაესვენა. მშრომელები ეკლესიის უღლისგან კი გაათავისუფლეს, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ შრომის უღელი დაედგათ. საეკლესიო დღესასწაულების სიძულვილი მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში გაჩნდა, როცა თანამედროვე ბურჟუაზია ჩამოყალიბდა.

 [4] ორი მაგალითი: ინგლისის მთავრობა იძულებული გახდა, სისხლისმღვრელი ომები წამოეწყო ჩინეთთან, რათა ინდური ოპიუმი თავისუფლად შესულიყო ამ ქვეყანაში. ასე თუ დააკმაყოფილებდა ინდოელ გლეხობას, რომელსაც საყოველთაო შიმშილობის მიუხედავად, მაინც ყაყაჩო მოჰყავდა და არა - ბრინჯი და ხორბალი.

პოლინეზიელი ველურები იძულებულნი არიან, ინგლისურ მოდაზე გამოწყობილებმა იარონ და ინგლისურ ყაიდაზე იცხოვრონ, მიუხედავად იმისა, რომ სკოჩის მოხმარებას, მანჩესტერული ჩითით შემოსვას მათი სიკვდილიანობის ზრდა მოჰყვება.

[5] პლატონი, სახელმწიფო, წიგნი V.