ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პოსტმოდერნისტი ევრიპიდე | საუბარი ლევან ბერძენიშვილთან

- ბატონო ლევან, რამდენიმე თვის წინ გამოიცა ევრიპიდეს „4 პიესა“, რომლის მთარგმნელიც თქვენ ხართ. მოგვიყევით, როგორ და რატომ მოხვდა ეს ტრაგედიები “ინტელექტის” სერიაში „აკრძალული წიგნების თარო“? 

- სინამდვილეში, ევრიპიდე აკრძალული არასდროს ყოფილა. მაგრამ იგი არ იყო პოპულარული. სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პიესები სამშობლოში არც კი იდგმებოდა. ცხოვრების უკანასკნელი წლები უცხოეთში გაატარა, შეიძლება ითქვას, გაიქცა კიდეც. ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკრძალული იყო, თუმცა, აკრძალვას, რა თქმა უნდა, დირექტივის ხასიათი არ ჰქონია. სიკვდილის წინ დაწერა „იფიგენია ავლისში“, რომელიც მისი სიკვდილის შემდგომ დაიდგა. ამ ტრაგედიამ სრულიად ახალი დიდება და სახელი მოუტანა, რადგან განსხვავებული იყო იმისგან, რაც ასე ძალიან არ მოსწონდათ ათენელებს. პატრიოტული პიესა აღმოჩნდა. ამავდროულად, მელოდრამაცაა და შესაძლოა საუკეთესო ტრაგედიაც კი იმათ შორის, რაც ოდესმე დაწერილა. ამიტომ კოლოსალური წარმატება ხვდა წილად. 

ამდენად, ევრიპიდე მისი სიკვდილის შემდგომ შეიყვარეს. საერთოდ, ცოტა უხიაგი, მარტოსული კაცი იყო, ურთიერთობაც უჭირდა, მაგრამ ამასთანავე მეტისმეტად ჭკვიანი, ფილოსოფიური გახლდათ დრამატურგიისთვის. 

როცა გარდაიცვალა, სოფოკლემ, რომელიც უზარმაზარი ფიგურაა ანტიკურ ლიტერატურაში, ძაძები ჩაიცვა და გუნდი გვირგვინების გარეშე გამოიყვანა, რაც ნიშნავდა, რომ ფაქტობრივად, მხოლოდ მან აღიარა ევრიპიდეს დიდება. თუმცა, მოგვიანებით პირიქით მოხდა. ევროპამ ბერძნული თეატრი ევრიპიდეს პიესებით გაიცნო და არა ესქილეს ან სოფოკლეს დრამატურგიით. ევრიპიდე ყველაზე პოპულარული ბერძენი ავტორია და ეს დიდება მხოლოდ მე-19-მე-20 საუკუნეებში დაუბრუნდა. 

- მკითხველი იცნობს „ელექტრას“ თქვენს თარგმანს, რომელიც პირველად 2013 წელს ბაჩანა ბრეგაძის, ნანა ტონიასა და ზურაბ კიკნაძის სხვა თარგმანებთან ერთად გამოქვეყნდა. თუმცა, ამჟამად, კრებულში სამი სრულიად ახალი პიესა გაერთიანდა . როგორ შეაჩერეთ მათზე არჩევანი?

- ამ შემთხვევაში ასეთი რაღაც მოხდა: მე და ქალბატონი ნანა ტონია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს, შევთანხმდით და თარგმანების საკითხი განვიხილეთ. ბუნებრივია, იმას არ შევეხეთ, რაც ქალბატონ ნანას უკვე თარგმნილი ჰქონდა, დანარჩენი კი, შეიძლება ვთქვათ, სათარგმნად და-ძმურად გავიყავით. მე დამრჩა იფიგენიები: „იფიგენია ტავროსელებში“, რომელიც ბრწყინვალე პიესაა, იმდენად, რომ გოეთემ მისი რეპლიკა გააკეთა და დაწერა კიდეც და „იფიგენია ავლისში“, რომელსაც ვერასდროს ვკითხულობ ემოციების გარეშე. ჩემი თარგმანის კითხვა და ციტირებაც ძალიან მიჭირს, იმდენად ძლიერი ემოციური დამოკიდებულება მაქვს მასთან. 

- როგორია ანტიკური ტრაგედიების თარგმნის ტენდენცია ქართულ ლიტერატურაში და თქვენთვის თარგმნისას რა იქცევა ხოლმე ყველაზე დიდ გამოწვევად?

- პირველი პრობლემაა პოეტური თარგმანი და განსაკუთრებით პრობლემატურია საგუნდო პარტიების თარგმნა. საგუნდო პარტია მუსიკა იყო. ანტიკურ საბერძნეთში, დრამატურგი ამავე დროს კომპოზიტორიც გახლდათ. მუსიკის თარგმნა კი რთულია. ამიტომ ჩვენში, ეს როგორც წესი, დაკარგულია. ძალიან ცოტა გვაქვს ტრაგედიებსა და კომედიებში შემორჩენილი მუსიკა. იმ პერიოდში, როცა „ელექტრა“ ვთარგმნე, რომელიც თავის დროზე რუსთაველის თეატრმა დადგა, ყველაფერს პოეტურად ვთარგმნიდი. არისტოფანეს 11 კომედიაც პოეტურია და ევრიპიდეც. თუმცა, შემდგომში, მიუხედავად იმისა, რომ აღფრთოვანების გარდა არაფერი მსმენია, თარგმანს თვითკრიტიკულად მივუდექი და მივხვდი, ძალიან ბევრი რამ იკარგება პოეტურ თარგმანში. ამიტომ პროზაული ვარჩიე. ეს ერთგვარი ტენდენციაა მთარგმნელობით ხელოვნებაში, რაც გააკეთა ზურაბ კიკნაძემ, ნაწილობრივ ბაჩანა ბრეგვაძემ, საგუნდო პარტიები ლექსად თარგმნა და სადიალოგო პარტიები პროზად. მე კი მთლიანად პროზაულ თარგმანზე გადავედი. 

ვფიქრობ, რომ ანტიკური პიესების სრული კორპუსი უნდა გვქონდეს. მე ვთარგმნე ევრიპიდესა და ესქილეს შვიდ-შვიდი ტრაგედია. სოფოკლეს სრული კორპუსის თარგმნაც საჭიროა. რამდენიმე პიესა გვაკლია. გიორგი ხომერიკმა შესანიშნავად თარგმნა სოფოკლეს პიესები და მისი გზა ჩვენ უნდა განვაგრძოთ. „მედეა“, რომელიც ნანა ტონიამ თარგმნა, ნათარგმნი ჰქონდა ასევე ბაჩანა ბრეგაძესაც, ბაჩანამდე კი სხვის მიერ იყო თარგმნილი, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და ხელს არ უშლის. პირიქით, რაც მეტია თარგმნი, მით უკეთესია. 

პოეტური თარგმანის ყველაზე დიდი სირთულე მისი საზომებია. თუ ქართული საზომი მეტნაკლებად შეესატყვისება ან ჰგავს ბერძნულს, მაგალითად ბერძნულში არის იამბი, ხოლო ქართულში 12-მარცვლიანი, მაშინ ქართულში იკარგება ბერძნული ტექსტის ნაწილი, რადგან ქართული არაა ისეთივე ტევადი და კომპაქტური ენა, როგორც ბერძნული. ჩვენ არ გვაქვს ერთმარცვლიანი სიტყვები. შემიძლია გითხრათ, რომ ილიადას პოეტურ, 14-მარცვლიან თარგმანში ტექსტის ერთი მესამედი დაკარგულია. ჰომეროსის ერთი მესამედი კი, აბა როგორი გასამეტებელია! ამიტომ ნათელია, რომ პროზაულ თარგმანს, სიზუსტის თვალსაზრისით, ნამდვილად აქვს უპირატესობა. 

რაც შეეხება დრამას, ვერ ვიტყვი რომ ეს უპირატესობა კომპენსირდება. თეატრებს პროზაული ურჩევნიათ. თუმცა, მე, როგორც მკითხველი, უპირატესობას პოეტურს ვანიჭებ. მე რომ ის ტალანტი მქონოდა, რაც ივანე მაჩაბელს ჰქონდა, ტრაგედიას აუცილებლად პოეტურად ვთარგმნიდი. მაგრამ, არ მაქვს და ამიტომ პროზაულ თარგმანზე შევჩერდი. ეს ერთგვარი ტენდენციაა მთელ მსოფლიოში. ანტიკური დრამის ახალი, ინგლისური, ფრანგული თარგმანების უმრავლესობა პროზაულია. 21-ე საუკუნეში ევრიპიდეს ერთადერთი პოეტური თარგმანი გაკეთდა, სხვა დანარჩენი კი პროზად იქცა. 

- კრებულში შესულ სამ ახალ პიესას შორის ერთ-ერთია „ალკესტისი“, რომელიც ანტიკური ტრაგედიის მკითხველისთვის საკმაოდ უჩვეულო – ბედნიერი დასასრულით – გამოირჩევა. როგორ შედგა ევრიპიდესთან ამგვარი ექსპერიმენტი?

- ევრიპიდეს სამი ტიპის ნაწარმოებები აქვს: კლასიკური ტრაგედია, ტრაგიკომედია და მელოდრამა. ევრიპიდე ნოვატორი კაცი იყო, სიახლეების მაძიებელი. გამორიცხული არ არის რომ „ალკესტისი“ ტრაგიკომედიაა. მასში ერთი კომიკური გმირია, მეორე – ტრაგიკული. კომიკური ჰერაკლესია, ივანუშკა დურაჩოკის მსგავსი პერსონაჟი, მხიარული, უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე, ხალხური და ფოლკლორული ელემენტებით. ხოლო ტრაგიკული ადმენტოსია, თესალიის სასიკვდილოდ განწირული მეფე. ჰეფი ენდი – ეს ევრიპიდეს გადასვლაა ტრაგედიიდან დრამისკენ. ესქილე კლასიკაა, სოფოკლე მოდერნი, ევრიპიდე კი პოსტმოდერნია, ექსპერიმენტატორი. თუმცა, მისი ტრაგიკომედიები პოპულარული არ ყოფილა. ყველაზე ძლიერი ტრაგედიაც კი ჩაუვარდა, „მედეა“ არავის არ მოეწონა. თუმცა, დღეს მსოფლიოში მასზე პოპულარული ნაწარმოები არ მოგვეპოვება. ზანგი, მექსიკელი, ჩინელი მედეაც კი არსებობს. ჩვენი თანამემამულე მსოფლიოს მთავარი პერსონაჟი გახდა. 

იმ დროს, როცა „ალკესტისი“ დაიწერა, როგორც ტეტრალოგიის დასკვნითი ნაწილი, ტრაგიკომედია გარდამავალი ჟანრი იყო. სატირული დრამა, სამი დიდი ტრაგედიის შემდეგ, ერთგვარი განტვირთვა იქნებოდა მაყურებლისთვის, რომლებშიც ღმერთების დაცინვაც კი შეიძლებოდა. 

„ალკესტისი“ სატირული დრამის მსგავსია. ტრაგიკული ნაწილი მასში ძალიან ძლიერია. წარმოიდგინეთ, მოხუცი მშობლები საკუთარ სიცოცხლეს ებღაუჭებიან და შვილის გადარჩენის ნაცვლად, განზე გადგებიან, ამ დროს ქმრისთვის თავს ახალგაზრდა ქალი სწირავს. ეს ყველაფერი მძაფრი და ტრაგიკულია. 

- „ალკესტისი“ არამხოლოდ დასასრულით, არამედ პერსონაჟებითაც ძალიან გამორჩეული პიესაა. მასში ევრიპიდეს ბავშვი შემოჰყავს და დამოუკიდებელ პარტიას აძლევს. ამგვარი რამ, როგორც ვიცით, ძალიან უცხო იყო ძველბერძნული და არამხოლოდ ძველბერძნული ტრაგედიისთვის. ბავშვი, როგორ მოქმედი გმირი, დრამაში მოდერნისტულ პიესამდე არ გვყავს. 

- ეს ევრიპიდეს კიდევ ერთი ექსპერიმენტია. ბერძნებს ჰყავდათ პროფესიონალი მსახიობები, რომელთაც სახელმწიფო მხოლოდ იმიტომ ინახავდა, საკუთარი პროფესიისთვის რომ არ ეღალატათ. ევრიპიდე თუ წააგებდა, იმ წელიწადს მშიერი იქნებოდა, პურს ამით ჭამდა. მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სულ აგებდა და ამიტომ მდიდარი არც არასდროს ყოფილა. მსახიობი განსაკუთრებული ნიჭის ადამიანს ნიშნავდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთი ძლიერი ხმა უნდა ჰქონოდა, რომ უმიკროფონო სივრცეში, ღია ცის ქვეშ 20 000 მაყურებლისთვის მიეწვდინა. კოთურნებზე მოძრაობაც უნდა შესძლებოდა. კოთურნი 35 სანტიმეტრიანია, მასზე დამდგარ მსახიობს კი უნდა ეცეკვა, ემოძრავა. მოკლედ რომ ვთქვათ, სპეციფიკური ტალანტია. ეს ტალანტი ძველბერძენ მსახიობებს ნამდვილად ჰქონდათ. მაგრამ როცა ევრიპიდეს ბავშვის როლის შემსრულებელი დასჭირდა, ორმეტრიან კაცებზე არჩევანი ვერ შეაჩერა და სცენაზე მართლა ბავშვი გაიყვანა სათამაშოდ. ამბობენ, რომ ნიღბის გარეშე. იმასაც ამბობენ, რომ ბავშვი მისი შვილი, ან ძმიშვილი იყო, შეიძლება ყოფილიყო სოფოკლეს ვაჟიც. 

წარმოგიდგენიათ? პირველივე ნაწარმოებში ამოდენა ექსპერიმენტი გააკეთა. საერთოდაც ახასიათებდა ეს -  მითოსის, რელიგიის, წეს-ჩვეულებების ნგრევა. მეტისმეტად თამამი იყო, მეფეები ძონძებშიც კი გამოჰყავდა. ევრიპიდე ძალიან თანამედროვე კაცია. 

- ბატონო ლევან, ევრიპიდეს პიესების ცენტრში ყოველთვის ქალები დგანან და ამაზე ტრაგედიების სათაურებიც მიგვანიშნებს: „ელექტრა“, „იფიგენია ტავროსელებში“, „იფიგენია ავლისში“, „ალკესტისი“. როგორ მოხდა, რომ ევრიპიდესთან მოვლენებს ყოველთვის ქალის თვალით აღვიქვამთ? როგორ შეიცვალა პერსპექტივა ესქილედან ევრიპიდემდე?

- ევრიპიდეზე ამბობდნენ, რონ ქალთმოძულე იყო. მაგრამ თუ სერიოზულად წავითხავთ მის ტრაგედიებს, თუნდაც „მედეას“, დავინახავთ, რომ მედეა არამარტო იასონს, არამედ კრეონსაც კი აღემატება. ევრიპიდემ დაინახა, რომ ქალი უფრო საინტერესო ობიექტია. კაცებს გაცილებით დიდი ნებისყოფა და გრძნობების მოთოკვის უნარი აქვთ. ქალი კი ემოციურად თავისუფალი და მდიდარია. ევრიპიდემ ქალში ტრაგედიისთვის საუკეთესო მასალა დაინახა. 

ამ მხრივ „ანდრომაქეც“ უბრწყინვალესი პიესაა. მასში ყოფილი დედოფალი მონა ქალად იქცევა. ევრიპიდეს საყვარელი თემა რა არის? ქალის წარსული დიდებისა და დღევანდელი უბედურების თანაარსებობა, რაც წინააღმდეგობრიობას იწვევს. მედეა, როგორც კოლხეთის დედოფალი ამაყი, უდრეკი და შეუვალია. თუმცა ერთადერთი რამის ეშინია: არ დასცინონ. როგორი ქალური ხასიათია! მედეა დიდია, ერთდროულად ემიგრანტი და მონაა. 

ასე რომ, ევრიპიდემ ქალი ტრაგედიებისთვის საუკეთესო მასალად აიღო; ქალი, რომელიც დაჩაგრულია როგორც სოციალურად, ასევე სექსუალურად. და, რა თქმა უნდა, ის ქალთმოძულე არ ყოფილა. 

ესქილე კი ამტკიცებდა, რომ ქალს ბავშვის შექმნაში დიდი წვლილი არ მიუძღვის, ქალი ჭურჭელიაო – ამას ღმერთს ათქმევინებს, აპოლონს. ესქილედან - ქალი რომ ჭურჭელია, ევრიპიდემდე - ქალი რომ სამყაროა, დიდი გზაა. ევრიპიდე 25 საუკუნით ადრე იყო იმ ქალების მეგობარი, რომლებმაც უფლებებისა და თავისუფლებების მოსაპოვებლად ბრძოლა XIX-XX საუკუნეებში დაიწყეს. საინტერესოა ისიც, რომ ევრიპიდემ არამარტო დახატა, არამედ სცნო კიდეც ქალების უპირატესობა. ანდრომაქე ინტელექტით მარტივად უგებს კამათს ნეოპტოლემუსს, მედეა – იასონს და მეფეებსაც კი ატყუებს. პრობლემა მასთან სხვა რამეა: ბერძენი არ არის და იჩაგრება. 

მაგრამ როცა ევრიპიდეს ქალები ჩნდებიან, სცენაზე წარმოუდგენელი ძალა და გრიგალი იგრძნობა. 

ესაუბრა ქეთევან გახოკია
მომზადებულია გამომცემლობა "ინტელექტთან" თანამშრომლობით.