გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პროტესტის 31-ე დღე | ინტერვიუ ნამახვანჰესის აქტივისტთან, ვარლამ გოლეთიანთან

სამი წლის წინ, ჩვენთან სოფელში, ტვიშში, ერთი სახლი იქირავეს. მერე საინფორმაციო ჯიხურიც დადგეს. დამაინტერესა, რატომ იყო ეს ხალხი ჩამოსული, მივედი და კითხვები დავუსვი. ჰესზე მიყვებოდნენ, მე კი კლიმატის ცვლილებაზე და გავლენაზე ვეკითხებოდი. აქ თითქმის ყველას ვენახები გვაქვს. მაშინ მითხრეს, ჯერ დავიწყებთ და მერე კვლევებიც გვექნება და გავასაჯაროვებთო. თან ნელ-ნელა მოსახლეობისგან მიწებს ყიდულობდნენ და ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის ემზადებოდნენ. პირველად მაშინ გავღიზიანდი. თუკი კვლევა არ არსებობს და თან მშენებლობისთვის მზადებას იწყებ, ესეიგი რაღაც ვერ არის რიგზე. ამან დააეჭვა მოსახლეობაც.

მაგრამ ნამოხვან ჰესის მშენებლობის გამო პროტესტი სამი წლის წინ არ დაწყებულა. ეს ჯერ კიდევ წინა მთავრობის პერიოდში, 2008 წელს დაიწყო. მაშინ 15 წლის ვიყავი და აქტიურად არ ჩავრთულვარ ამ საქმეში. მაგრამ დღეს აქციაზე ისევ დგანან ის ოჯახები, ვინც ჰესის მშენებლობას წინა მთავრობის დროსაც აპროტესტებდნენ. რადგან ერთ დღესაც, მივიდნენ მათთან და უთხრეს: აქედან უნდა წახვიდეთო. ვიღაცამ კომპენსაციაც აიღო, მაგრამ არ არის ბევრი ასეთი.

მერე, სოფლის მოსახლეობამ შეკრებები დავიწყეთ. ვიკრიბებოდით და ვარჩევდით დოკუმენტებს. ჩვენ სახელმწიფოებრივ აზროვნებას ვითხოვთ მათგან, ვინც ჩვენ ავირჩიეთ.  წესით, პირველ რიგში, მთავრობას არ უნდა უნდოდეს მოსახლეობის პოლარიზება.

31-ე დღეა აქ ვართ, ახლაც აქ ვდგავარ. მხოლოდ იმას გვეუბნებიან, გამოხატვის თავისუფლება გვაქვთ და რაც გინდათ გააპროტესტეთო.

პოლიციაც მოვა და დაგიცავთო. ისეთ რამეს გვეტყვიან ხანდახან, თითქოს მადლობა უნდა გადავუხადო, მაგრამ ვიცი, ჩვენი გატეხვა უნდათ. უფრო დინჯად იქცევიან, არსად ეჩქარებათ. ისეთი დამოკიდებულება აქვთ, რომ დღეს გააპროტესტებენ, მაგრამ მერე მოსწყინდებათ და სახლში წავლენო. აი, ამას ელოდებიან.

მე ერთადერთი რაც ახლა მაშინებს, ჩვენი ჯანმრთელობაა. მეშინია, რამე  ისეთი არ დაგვემართოს, აქ ფიზიკურად დგომა რომ ვერ გავაგრძელოთ. ღამე საშინალდ ცივა, ვირუსების სეზონია და შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლით ვრისკავთ. მაგრამ ახლა სახლში წასვლა არ შეიძლება. მორიგეობა გვაქვს. აქ სულ უნდა იყოს ვიღაც. როგორც კი წავალთ, მაშინვე განაახლებენ მუშაობას. ჩვენ გზას ვუკეტავთ. ასე ვაჩერებთ მშენებლობას.

დაწვრილებით

დაახლოებით ორი წლის წინ, ამ კომპანიამ სამსახური შემომთავაზა. ის უნდა მემტკიცებინა ხალხისთვის, რის წინააღმდეგაც ახლა ვიბრძვი. რა თქმა უნდა, ჩემგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღეს. ასეთი პირდაპირი შემოთავაზება მას მერე არ ყოფილა. იყო ირიბი დაშინებები. გვეუბნებოდნენ აქ ისეთი ხალხია ჩართული, რამე არ მოგიწიონო. თან ისეთი ადამიანები გვეუბნებოდნენ ამას, შეიძლებოდა მართლა შეგშინებოდა. მაგრამ ეს პრობლემა ისედაც  ჩვენს სიცოცხლეს ეხება. ჩვენი მთავარი იარაღი ამ საქმეში სიმართლეა. იმდენად პარადოქსულია ეს ყველაფერი, რომ თუკი მართლა ასე, უკანონოდ მაინც გაიტანენ თავისას, მაშინ მართლა ყველამ უნდა ჩავიქნიოთ ხელი ამ ქვეყანაზე. აბსოლუტურად ყველა კომპონენტში მართლები ვართ. ამიტომ არავინ მოდის ჩვენთან სალაპარაკოდ. მხოლოდ ერთი საჯარო შეხვედრაა საჭირო და მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდება. ჯერ ამაზე ვერ დავითანხმეთ.

ჩვენ ახლა საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა გვინდა. გვჭირდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენ აქაურობას არ დავტოვებთ, სანამ ეს კომპანია არ წავა აქედან.

სოციალური ქსელებით, ტელევიზიებით, ვრცელი ეთერი ჯერ არ ეთმობა ამ თემას, მაგრამ ნელ-ნელა ხალხი მაინც მოდის ჩვენთან. ყოველდღე მოდიან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა