რამდენჯერ დაირღვა კანონი ნამოხვანის ჰესის მშენებლობის დაწყებამდე? | ინტერვიუ ლინა ღვინიანიძესთან, EMC
23.11.2020 | 7 წუთიანი საკითხავიმინიმუმ ორი მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა კანონდარღვევით. მაშინ, როდესაც ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ორი ტიპის გადაწყვეტილება გაიცა: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა.
კანონით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზეგავლენის რისკების სრულფასოვანი შეფასების შემდეგ უნდა გაიცეს. იქამდე კი, კომპანიამ გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ასევე წყლის დაბინძურების რისკის შესახებ სრულყოფილი კვლევა და, ბიოლოგიური გარემოს დეტალური აღწერა უნდა წარადგინოს. სწორედ ამ კვლევების შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დადებითი გადაწყვეტილება. ჰესების კასკადის პროექტზე კომპანიას ეს კვლევები არ წარუდგენია. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მაინც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო - ანუ, სახელმწიფომ რისკების შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიას შემდეგ დაავალა 25-მდე სავალდებულო კვლევის ჩატარება - და ეს კანონის დარღვევაა.
ამ დრომდე ეს კვლევებიც არავის უნახავს.
სამინისტროს ეს გადაწყვეტილება დღეს სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც მისი ბათილად ცნობას ითხოვენ. არც ერთი სხდომა არ ჩანიშნულა დღემდე.
მშენებლობის ნებართვა კი გაიცემა პროექტზე მაშინ, როდესაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დადებითია. მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა ის იყო, რომ მშენებლობის ნებართვა გარემოსდაცვით ამ გადაწყვეტილებას დაეფუძნა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნამოხვან ჰესის მშენებლობაზე ნებართვა საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გასცა. ანუ, ნებართვა გასცა პროექტზე, რომლის საბოლოო საპროექტო დოკუმენტი არავის უნახავს (ეს სამინისტროს დასკვნაშივე წერია). მოსახლეობა კი ამბობს, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკა უკვე შეყვანილია და სამუშაოები მიმდინარეობს.
კანონის თანახმად, ამ მასშტაბის ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა გავლენების პროექტის დაწყებამდე, აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე. კომპანიამ და სახელმწიფომ ადგილობრივებს პროექტის დეტალები და რისკები უნდა გააცნონ და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცენ. ნამოხვან ჰესის მშენებლობამდე სახელმწიფო შეხვდა მოსახლეობის ნაწილს, თუმცა შეხვედრებზე ადგილობრივებს კრიტიკული კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს და ვინც მოახერხა შეკითხვის დასმა, მათ ამ კითხვებზე პასუხები არ მიუღიათ.
ამ მასშტაბის ჰესის მშენებლობისას, კანონდარღვევაა თუნდაც ერთი არსებითი ხასიათის კვლევის შეუსრულებლობა და მის გარეშე დადებითი გადაწყვეტილების მიღება, რაც გამორიცხავს ჰესის ზეგავლენის შესახებ სრულფასოვანი სურათის ქონას.
ნამოხვან ჰესის პროექტზე კი, სახელმწიფომ ორივე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი და პროცედურული დარღვევით მიიღო.