გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პუტინის გადაკვეთილი რუბიკონი



დიალოგში მონაწილეობენ: თორნიკე მეტრეველი - რელიგიის სოციოლოგი, სოციალური მეცნიერების დოქტორი, ლუნდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი.

ულრიხ შმიდი - შვეიცარიის სტ. გალენის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიელი სლავისტი, ლიტერატურათმცოდნე.


თორნიკე მეტრეველი:
დიდი მადლობა, პროფესორ შმიდ, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ ხედავთ ამ ომს უფრო დიდ სურათში? რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის? ევროპისთვის? რა იდეის გარშემო ხედავს პუტინი რუსეთის მომავალს?

ულრიხ შმიდი: ხუთშაბათს ვუყურებდი ეკრანს და მივხვდი, რომ ისტორიულ ზღურბლზე ვდგავართ. ახალი ეპოქა იწყება. თავისი მნიშვნელობით, დღევანდელ დღეს საბჭოთა კავშირის დაშლას შევადარებდი. რუსეთი არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ახლა ორი რამ შეგვიძლია ვთქვათ. ერთი, რომ რუსეთი ისევ პუტინის მმართველობის ქვეშ დარჩება დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულ ქვეყნად და მეორე - რუსეთში დარღვეულია სოციალური კონტრაქტი. შესაძლოა ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ისინი ძალიან მალე გაიღვიძებენ ახალ რეალობაში. ეს, რა თქმა უნდა, შეცვლის მდგომარეობას რეგიონში და ასევე ძალიან მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვისაც.

თორნიკე მეტრეველი: როგორ აღწერდით ამ ისტორიულ კონტექსტს და პუტინის ქმედებებს? რა სახის იდეოლოგიებმა ჩამოაყალიბა პუტინი ასეთ ლიდერად? სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

ულრიხ შმიდი: ცნობილია, რომ პუტინი ლენინგრადის შემოგარენში გაიზარდა. 1999 წელს, ერთ-ერთი ავტობიოგრაფიულ ინტერვიუში სიამაყით ამბობდა, რომ ის ხულიგანი ბიჭი იყო. ისეთ გარემოში აღიზარდა, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო წესები. ის დადიოდა ძიუდოსა და ბოქსზე და ის იყო ადამიანი, რომელიც ამავდროულად მუდამ არღვევდა წესებს. შემდეგ, განათლება მიიღო და გახდა საიდუმლო სამსახურის აგენტი. ერთ-ერთ ფილმში სიამაყით აღნიშნავს, რომ ის გაწვრთნეს, როგორც კანონიერი, ასევე არაკანონიერი საქმიანობისთვისაც. ამიტომაც მისთვის არ არსებობს წითელი ხაზი მისაღებსა და მიუღებელს შორის. 24 თებერვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო პუტინის პერსონას. აქამდე ვფიქრობდი, რომ მის, ერთი შეხედვით, ირაციონალურ ქმედებებს თავისებური რაციონალური საფუძველი ჰქონდა. პუტინი ცდილობდა მსოფლიო დაერწმუნებინა იმაში, რომ საკმარისად გიჟია იმისათვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას. ამავდროულად, თუკი ახლა სიტუაციას შევხედავთ უკრაინაში, ჩანს რომ რუსეთიც წაგებულ მდგომარეობაშია. უკრაინა ერთ დიდ სისხლიან ქაოსშია გახვეული, რუსეთი კი დარჩა დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული. ის ეკონომიკურად განადგურდება, ხოლო პოლიტიკურად, ის გახდება გაცხადებული დიქტატურა.

თორნიკე მეტრეველი: და რა გათვლა არსებობს ამ იზოლაციის უკან? თქვენი აზრით, ურჩევნია მას, რომ შექმნას ჩრდილოეთ კორეის მსგავსი მოდელი, ვიდრე ჰქონდეს ორმაგი სტანდარტები და მუდმივ მოლაპარაკებებში იყოს დასავლეთთან, როგორც ამას აქამდე აკეთებდა? თუ შესაძლოა მისი მიზანია სრული იზოლაციის მიღწევა და ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, თუნდაც ეს ადამიანების სისხლით იყოს. სწორედ ასეთია ახლა ჩრდილოეთ კორეაც. მხოლოდ ბირთვული იარაღი აძლევს მას შესაძლებლობას, რომ იარსებობს იმ სიღატაკესა და სასოწარკვეთაში.

ულრიხ შმიდი: ახლა რასაც ვუყურებთ, ეს არასწორი გაანგარიშების შედეგია. ის ფიქრობდა, რომ 25 თებერვალს რუსული არმია აღლუმით გაივლიდა კიევის ქუჩებში და უკრაინელი ხალხიც ტაშს დაუკრავდა. მაგრამ ამის საწინააღმდეგი ხდება. რაც თქვენ ახსენეთ იზოლაციასთან დაკავშირებით, მგონია რომ ეს ისაა, რაც მას უნდა. პუტინმა ზუსტად იცოდა რაც მოხდებოდა, იცოდა თავისი ქმედებების ფასი. ამერიკამ და ევროპამ განაცხადეს უკვე, რომ უპრეცენდენტო სანქციები დაუწესეს რუსეთს. მე პირადად, აქამდე პუტინი ტაქტიკურად მოაზროვნე ადამიანი მეგონა. ახლა კი მგონია, რომ მას იდეოლოგია მართავს. იზოლაციის შესახებ იდეას კონსერვატორი მოაზროვნეები უჭერდნენ მხარს. მაგალითად, ვაძიმ ციმბურსკი, რომელიც რუსეთის, როგორც ცალკე რუსული კუნძულის შექმნას უჭერდა მხარს. შემდეგ იყო ასევე მიხაილ ლეონტიევი, რომელიც რუსეთს, როგორც ცალკე ციხესიმაგრეს ისე ხედავდა. რასაც ახლა ვხედავთ, ესაა ბრწყინვალე შანსი რუსეთისთვის, რომ გახდეს იზოლირებული ქვეყანა, რომელიც, პუტინის აზრით, იქნება მსოფლიო ძალაუფლების სამი ცენტრიდან ერთ-ერთი: აშშ, რუსეთი, ჩინეთი.

თორნიკე მეტრეველი: როგორ ფიქრობთ, ამის შანსი არის? პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი ადამიანები, მაგალითად ხოდორკოვსკი, პუგაჩოვი ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ მას საკმაოდ უცნაური ხასიათი აქვს და ის, რასაც ფიქრობს დღის დასაწყისში, შეიძლება დღის ბოლოს თავადვე ეწინააღმდეგებოდეს. თუნდაც ეს  ფუნდამენტალისტური იდეა, რომ უკრაინელი ხალხი მას ზეიმით მიიღებდა. მაინტერესებს, რა არჩევანი გვაქვს გლობალურ კონტექსტში? რას მოიმოქმედებს დასავლეთი ამ პრობლემის გადასაჭრელად? შეძლებს რუსეთი იზოლაციის პირობებში არსებობის გაგრძელებას? რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის ფული მისი ეკონომიკისთვის? ჩვენ გვახსოვს უკვე 90-იანის წლების კრიზისი, რამაც არნახული ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. რა მომავალი აქვს ახლა პუტინის რეჟიმს? ჩრდილოეთ კორეას ჰყავს თავისი “სპონსორი” ჩინეთი და ვინ იქნება ეს პუტინისთვის?

ულრიხ შმიდი: პუტინის აზრით, რუსეთს არ სჭირდება “სპონსორი”, რადგან ის თვითონაა ძალაუფლების ცენტრი. გახსოვთ, ალბათ 2014 წელს, როცა რუსეთი ყირიმში შეიჭრა, დასავლეთმა მას სანქციები დაუწესა. პუტინმაც საპასუხო სანქციები დააწესა და ეს ძირითადად საკვებს შეეხო. ეს იყო რუსეთის შიდა ეკონომიკის დაცვის მცდელობა. შესაძლოა, პუტინმა და მისმა გარემოცვამ სწორედ აქედან გამოიტანეს დასკვნა, რომ რუსეთი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი ბაზრით იარსებოს. რა იქნება მომავალში? მე ვერ ვხედავ ვერაფერ პოზიტიურს მომავალში. შოკირებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ კრემლისთვის ამ ყველაფრის განჭვრეტა საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ ისინი დაბრმავებულები არიან იდეოლოგიით. უნდა ვაღიარო, რომ აქამდე მეგონა პუტინისთვის იდეოლოგია უბრალოდ სათამაშო, ინსტრუმენტი იყო და მხოლოდ ხანდახან სჯეროდა რეალურად მისი. ეს წარმოდგენა ოთხშაბათს ფუნდამენტურად შემეცვალა, როცა გაირკვა, რომ მას მართლაც სურს ისტორიული რუსეთის აღდგენა. ამ იდეას ის სწირავს: უკრაინელ ხალხს, საკუთარ კეთილდღეობა და რუსეთის რეპუტაციას მსოფლიოში. ის დაბრმავებულია იდეოლოგიით. ამ მომენტისთვის სამ სცენარს ვხედავ მომავალში. ერთს შეიძლება ვუწოდოთ ქართული სცენარი, რომელიც ჩემთვის ყველაზე სავარაუდოა. ის აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს და გახდებიან რუსეთის ფედერაციის წევრები. ასევე შეიძლება ვიხილოთ ჩეჩნური სცენარი, რაც გულისხმობს მთელი უკრაინის ოკუპაციას და ამით გახდეს უკრაინა რუსეთის სამხედრო პროტექტორატი. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან თუნდაც უფრო მეტი ჯარისკაცის გაგზავნით, რუსეთი მაინც ვერ შეძლებს მთელი უკრაინის ოკუპაციას. შეიძლება გახსოვთ იგორ გირკინი (იგივე იგორ სტრელკოვი), რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თითოეული ჯარისკაცისთვის, რომელსაც ის უკრაინაში აგზავნის, მას დასჭირდება ათი დამატებით, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. ასევე არის, მესამე სცენარიც, რომელსაც მე დნესტრისპირულ სცენარს დავარქმევდი. უკრაინის ნაწილი იქნება ოკუპირებული და კიევს ეყოლება მარიონეტული მთავრობა, რომელიც მთლიანად იქნება დამოკიდებული მოსკოვზე. მაგრამ დიდად ვერც ამ სცენარს ვხედავ მომავალში. ახლა სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან მხოლოდ ქაოსი მოჩანს.

თორნიკე მეტრეველი: შეიძლება ძალიან ცინიკური კითხვაა, მაგრამ იქნებ სწორედ ამ ქაოსის გამოწვევა იყო პუტინის გეგმა? ადამიანმა, რომელმაც თვითონ შექმნა ეს ქაოსი გარშემომყოფებისთვის, ყველაზე უკეთ იცის როგორ მართოს ის. ვფიქრობ, როგორ აისახება ეს შორეულ პერსპექტივაში ევროპის რეგიონზე? რადგან 21-ე საუკუნის ჩეჩნური ან თუნდაც ავღანური ომის შედეგები დამოკიდებულია მასშტაბებზე. როგორ შეძლებენ მომავალი თაობები წინააღმდეგობა გაუწიონ ნაციონალიზმს? რა კვალს დატოვებს ეს ომი კავკასიაზე? თუკი უკრაინა ამ ქაოსში დარჩება, შესაძლებელია მას მიჰყვეს საქართველო ან სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყანა? თუკი პუტინი მიხვდება, რომ ამ ქაოსს აქვს თავისი შედეგი, რატომაც არა?

ულრიხ შმიდი: თქვენ ახსენეთ ქაოსი უკრაინაში, როგორც კარგად დაგეგმილი შედეგი. ეს შესაძლოა რეალისტური ყოფილიყო სირიისთვის. იქ ქაოსის შექმნა ნამდვილად იყო მიზანი. არა მგონია, ამ სცენარის განვითარება უკრაინაშიც შესაძლებელი იყოს. პუტინს ბრმად სწამს იდეოლოგიის - სამი აღმოსავლური სლავური ხალხის გაერთიანების. მას ისევ ძლიერ სურს, რომ შეინარჩუნოს რუსული რბილი ძალა, რაც მოიცავს პატრიოტიზმის, ოჯახისა და ჰომოფობიის სინთეზს ქვეყანაში. როგორც დოსტოევსკი იტყოდა, სინათლე მოდის აღმოსავლეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან და რუსეთი გახდება ცივილიზაციის მაგალითი, რომელიც მთელ დანარჩენ სამყაროს გაუნათებს გზას. რას ნიშნავს ეს ევროპისთვის? მე ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, კიდევ რამდენიმე წელს ან თუნდაც ათწლეულებს გაგრძელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ყველანაირ კავშირს გაწყვეტს დასავლეთ ევროპასთან და საკუთარ საზოგადოებაში ახალ წესებს დააწესებს. ეს მართლაც საშინელი სცენარია. შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ უხილავი, ჩინური კედელი, რომელიც დასავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის გაჩნდება და ეს ძალიან სევდიანი სცენარია.

თორნიკე მეტრეველი: ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით რა ხდება კრემლში დახურულ კარს მიღმა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პუტინის შიდა წრე ეთანხმება მის გადაწყვეტილებებს.  მაგალითად, ნარიშკინი, რომელიც პუტინს ჰყავდა შეხვედრაზე მიწვეული და თითქოს ძალით აცლიდა მას სიტყვებს პირიდან. ხმაამოუღებლად უსმენდა ის პრეზიდენტს და მის მოსაზრებებს. სინამდვილეში რა ანაღვლებთ ასეთ ადამიანებს? ნაღვლობენ ისინი თავიანთ მილიარდებზე, შვილებზე? რა ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება გაჩნდეს პუტინის გარემოცვაში, თუკი არის ამის ნიშნები იმ შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს?

ულრიხ შმიდი: პოლიტიკური მეცნიერებების კვლევებიდან ვიცით, რომ შესაძლოა ავტოკრატის განდევნაც. ამის დიდი ალბათობა მაშინაა, როდესაც უკვე ელიტა ზარალდება. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რამე მსგავსი ხდება. პუტინმა ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა დადგას პოლიტიკური სპექტაკლი, რომელშიც ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. არც ის იყო შემთხვევითი, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ტელევიზიით გაუშვეს. ამ შეხვედრის მიზანი არ იყო რეალურად ემსჯელათ მომავალზე. ნამდვილი მიზანი იყო, მთელ მსოფლიოს დაენახა, რომ პუტინი ისევ მთავარი ადამიანია, რომ მის გარშემო ყველას მხოლოდ ერთი დავალება აქვს - გაარკვიონ რა სურს მას სინამდვილეში და აასრულონ მისი ნება. ვიდეო, სადაც პუტინი გერასიმოვთან და შოიგუსთან ერთად ზის და იმუქრება ატომური იარაღით, ბევრი რამის მთქმელია. იმისთვის, რომ რუსეთმა დაიწყოს ბირთვული მოქმედებები, საჭიროა სამი ადამიანის თანხმობა: პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის. სწორედ ეს სამი ადამიანი უსხდა მაგიდას და მათგან მხოლოდ ერთი საუბრობდა - პრეზიდენტი. პუტინმა კიდევ ერთხელ გვითხრა: თუკი ის გადაწყვეტს, წითელ ღილაკს აუცილებლად დააჭერს თითს და ის ორი ადამიანი ყოყმანის გარეშე აღასრულებენ მის სურვილს. პუტინის გარემოცვა ბოლო ოცი წლის განმავლობაში საკმაოდ გაძლიერდა და ამ წრეში კარიერის ასაწყობად ყველაზე მნიშვნელოვანი ერთგულების დამტკიცება იყო. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ესაა სწორედ ამ პოლიტიკის რეალური შედეგები.


ავტორი: თორნიკე მეტრეველი
ინგლისურიდან თარგმნა: გვანცა ნადიბაიძემ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა