გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მეტეხის ციხე

ქალაქი ქვეთავებად - მეტეხის ციხე

,,ქალაქი ჩემთვის წიგნია —
სქელტანიანი, ეპოქალური და მოსაწყენი.
ეს წიგნი დასტამბულია მაღალხარისხოვან ასფალტზე’’
შოთა ჩანტლაძე
 ნაწყვეტი ლექსიდან ,,ჩემი მაგიდის წიგნი’’

ქალაქში ხშირად ცა მთლიანი არ არის. მას ხან მართკუთხედის ფორმა აქვს, ხან - კვადრატის, იშვიათად, წრეწირის, უცნაური ფიგურების, გააჩნია, სად დგახარ. თვითონ ქალაქიც, ზოგჯერ, მხოლოდ დანიშნულების პუნქტებად და მათ შემაერთებელ ხაზებად იქცევა ხოლმე.

მეც პუნქტიდან პუნქტამდე მოძრავი მოქალაქე ვარ, ოღონდ შიგადაშიგ ვჩერდები, ვათვალიერებ ფასადებს, დაფიქრებული, წვერზე ჩამოვისვამ ხელს და ვუყურებ, როგორ აძლევენ სახლები ყალიბს ჩვენს ზემოთ გადაშლილ ცას, როგორ ამბებს ინახავენ თავიანთ კედლებში და როგორ გვიკავშირდება ეს ამბები ჩვენ.

ამბავი #1 მეტეხის ციხე

მეტეხის ტაძრის გარე კედლები, იმ საპატიმროს შიდა კედლები იყო, რომელიც დღეს აღარ არსებობს. რაღაც ხანი, ეს ციხე ხალხში ისეთ შიშს ნერგავდა, რომ მისი სახელის წარმოთქმასაც ერიდებოდნენ. ეზოში სასეირნოდ გამოსული პატიმრები ეკლესიის კედლებზე საკუთარ სახელებს და დაპატიმრების წლებს კაწრავდნენ. წარწერების ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩა ტაძრის ფასადს. მეტეხიც, ტანმოხატული პატიმარივით, სვირინგებად ინახავს ტუსაღების ისტორიებს

თუმცა, სანამ მეტეხი საპატიმრო გახდებოდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ციხე-სიმაგრე გახლდათ.

წესისამებრ, ლეგენდებით დავიწყოთ.

ერთხელ, როცა ვახტანგ გორგასალი ძალიან პატარა იყო, ქართლს ოსები შემოსევიან, მათ მეთაურს, ბაყათარს, კი ვახტანგის და გაუტაცებია. დედამ მცირეწლოვან შვილს ეს ამბავი არ გაუმხილა. ვახტანგი ცოტა რომ წამოიზარდა დის ამბავიც მერე შეიტყო და ერთ დღეს ბაყათარს ომი გამოუცხადა. დას საიდუმლოდ წერილიც მისწერა. საპასუხო წერილში და აფრთხილებდა, ძმაო, გოლიათი ბაყათარი დაუმარცხებელი მებრძოლია და შენს განზრახვაზე ხელი აიღეო. მაგრამ, იცოდე, ჯაჭვ-აბჯარი მხოლოდ იღლიას არ უფარავს და ისარი მანდ უნდა მოარტყაო. ვახტანგმაც გონებაში ჩაიბეჭდა ეს რჩევა და ბაყათარი საომრად გამოიწვია.

ოსების ჯარი მტკვრის მეორე ნაპირზე დაბანაკდა, ბაყათარმა კი ვახტანგს შეუთვალა, სანამ წყალს არ გადმოვალ, ისარს ნუ მესვრიო. ვახტანგმაც დადო ფიცი. თუმცა, ცხენი ტალღებს რომ მიაპობდა, ბაყათარმა ხელი მაღლა შემართა და ვახტანგმაც ამ დროს ესროლა ისარი. ბაყათარი ცხენიდან გადმოვარდა და მოკვდა, უმეთაუროდ დარჩენილი ლაშქარი გაიქცა. ვახტანგი მტერს დაედევნა, ციხე-სიმაგრე აიღო და დაც გაათავისუფლა. მცხეთაში დაბრუნების შემდეგ, ვახტანგმა ფიცის გატეხის მოსანანიებლად ხუთი ტაძარი ააგო, აღმოსავლეთისკენ - წილკნის, სამხრეთისკენ (თბილისში), - სიონის, დასავლეთისკენ - ერთაწმინდის, ჩრდილოეთისკენ - სამთავისის, ხოლო თავად ბრძოლის ადგილას თქვა: ,,მე ვტეხე ფიცი და ააშენა მეტეხი.

დაწვრილებით


წყაროების მიხედვით


მეტეხი მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით ქართველი მეფეების სასახლე იყო. აქედან მოდის ამ ადგილის თავდაპირველი სახელიც - ისანი, რაც არაბულად სასახლის მიდამოს ნიშნავს. ქართულ წყაროებში არ გვხვდება ცნობა მეტეხის აგების შესახებ, ის არც ,,ქართლის ცხოვრებაშია” ნახსენები. თუმცა, ,,აბო თბილელის მარტვილობიდან’’ ვიგებთ, რომ ამ ადგილას სადილეგო და საგოდებელი, ანუ სასაფლაო იყო.

მეცამეტე საუკუნეში ჯალალედინის ლაშქრის შემოსევის დროს, თბილისთან ერთად ციხეც გადაიწვა. შემდეგ კი თბილისი მონღოლებმა დაიპყრეს. მეტეხის ტაძარი დემეტრე II-მ ააშენა. მის გვერდით კი მონასტერი ჩადგა. მეტეხის ტაძრის დღევანდელი

სახე იმდროინდელია. ქვის მოზრდილი ფილების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა ნაწერებითაა სავსე, სწორედ მეცამეტე საუკუნის უნდა იყოს. მას შემდეგ ციხეზე ბევრი აღარაფერი ვიცით. XVII საუკუნიდან კი თბილისს გამაჰმადიანებული მეფეები მართავენ. ტაძარს ფუნქცია დაკარგული აქვს, ისტორიული წყაროების მიხედვით, ვახტანგ V-ს მეტეხის ტაძარი დენთის საწყობად გადაუქცევია. მტრის ხელში ჩავარდნილი ციხეები საუკუნეების შემდეგ ერეკლე II-მ დაიბრუნა, მათ შორის მეტეხის ციხეც. ტაძრის ახლანდელ დიდფილებიან კიბეს რომ აივლით და პირველივე კედელში გამოჭრილ რკინის ძველ კარს გაუსწორდებით, კედელს ზემოთ ააყოლეთ თვალი და ქართული მრგვალი ასოებით წაწერილ ლექსს დაინახავთ. აიღო ჯუარი ქრისტესი წინ მიიმძღუარა ფარადო.
დაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქუს საყდრის კარადო. ღუთის მოყუარესა ჴელმწიფეს ასე სჭირს ამის გუარადო.
ციხე-სიმაგრის დაბრუნებასთან ერთად ტაძარში განახლდა წირვა-ლოცვაც. ამ დროს, ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია. მეტეხის ციხის ირგვლივ ქოხებია ჩამწკრივებული, სწორედ მის გარშემო სახლდებოდნენ  გადამწვარი თბილისის მობინადრეები. სიდუხჭირის გამო ციხის ბოლომდე შეკეთება ვერ მოხერხდა. მეტეხის ეკლესია, ამჯერად, აღა-მაჰმად ხანის შემოჭრისას დაზიანდა. ის სრულფასოვნად გიორგი XII-მ აღადგინა. სავარაუდოდ, ამ პერიოდის უნდა იყოს ეკლესიის ის ნაწილები, რომლებიც აგურითაა ნაშენი. ტაძარი შენარჩუნდა, მაგრამ რუსეთთან შეერთების შემდეგ კავკასიის მთავარმმართებელმა ალექსეი ერმოლოვმა ციხე-სიმაგრე მთლიანად დაანგრია. გალავნის ახლოს მცხოვრებნი საჩივრებს წერდნენ, კედლები დანგრევის პირასაა და თავზე დაგვეცემაო. ამ კედელს ერმოლოვმა გალავანი და მთელი ციხე-სიმაგრე მიაყოლა, მის ადგილას კი 1819 წელს საპატიმროები ააშენა. ამ დღის შემდეგ, მეტეხი ციხე-სიმაგრის მაგივრად, მხოლოდ ციხეა, ხოლო ეკლესია - პატიმრების სალოცავი ადგილი. ღუთის სადიდებელად, მეოხად მეფის ერეკლესია

metexi
  • ა, ტაკსი ნე ჟელაიწე?
  • არა, მადლობა, ქართველი ვარ, - იმედი გავუცრუე ტაქსისტს, რომელიც მაკვირდებოდა, როგორ ვაყოლებდი თითს მეტეხის კედლის ერთ-ერთ ფილაზე ამოკაწრულ ასოებს, რომ რამენაირად, სახელი გამერჩია.
  • აქაური ხართ?
  • დიახ, თბილისელი ვარ, - დაფიქრდა და ამათვალიერა.
  • ააა, ტაძრებზე მუშაობთ?
  • არა, ვათვალიერებ.
  • ვააა, თბილისელებიც ათვალიერებენ? კაია, კაი. აბა, წავედი კრუგზე და ტურისტი თუ დაინახე, ჩემკენ გამოუშვი, - გაიცინა და წავიდა.

მეტეხის საპატიმროებს მეოცე საუკუნის დასაწყისში რევოლუციონერები ავსებენ. აქ სასჯელს იხდიდა: სტალინი, მაქსიმ გორკი, კალინინი, სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო და ბევრი სხვა რევოლუციონერი. პატიმრებს სტატუსისა და დანაშაულის მიხედვით ანაწილებდნენ. სოციალისტ-ფედერალისტი გიორგი ლასხიშვილი, რომელიც 1910 წელს დააკავეს, თავის მემუარებში წერს: ,,ციხეში მაშინ მკაცრი რეჟიმი სუფევდა, კამერები მუდამ დაკეტილი იყო; დღეში ერთჯერ გამოგვიყვანდნენ ეზოში სასეირნოდ, ნახევარი საათით. გარედან მოსულების დანახვის ნება კვირაში ერთჯერ იყო ,,რეშოტკებში;, ,,გადმოცემაკვირაში ორჯერ. ციხის უფროსი იყო მაშინ რიმკევიჩი; გადარეულივით დარბოდა ეზოში და ხშირად ისმოდა მისი უშვერი ლანძღვა-გინება...

რიკმევიჩის სისასტიკეზე მოგვითხრობს გერონტი ქიქოძეც, რევოლუციონერი არაქელა ოქუაშვილიც და სხვანიც.

საპატიმროს ცენტრში სრულდებოდა სიკვდილით დასჯაც. მეტეხის სახრჩობელაზე დასაჯეს გენერალი გრიაზნოვის მკვლელობაში ბრალდებული არსენა ჯორჯიაშვილი, ხოლო რევოლუციონერ ლადო კეცხოველს, რომელიც სარკმლიდან პატიმრებს ამხნევებდა და ყვიროდა: ,,ძირს თვითმპყრობელობა! გაუმარჯოს სოციალიზმს!;, დარაჯმა ტყვია ესროლა და საკანშივე გამოასალმა სიცოცხლეს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში 1918-1921 წლებში პატიმართა უმრავლესობა ბოლშევიკები იყვნენ.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი, ციხეში ხვდებოდა ყველა, ვინც რეჟიმს არ მოსწონდა. დასაწყისისთვის, საკნებში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები გამოამწყვდიეს. ერთ-ერთ აჯანყებულს, ელისე პატარიძეს შვილისთვის უამბია, რომ აჯანყებულებს დასახვრეტად შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდნენ. ერთ მწკრში აყენებდნენ, რიგზე გაითვლიდნენ და ყოველი მეათე დასახვრეტად გაჰყავდათ. მათი უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდა იყო. გულის გასამაგრებლად და სიკვდილთან ღირსეულად შესახვედრად ციხეში პატარა ჰიმნი დაუწერიათ, რომელსაც მაშინ მღეროდნენ, როცა ერთ რიგად ჩამწკრივებულები, შემთხვევითობაზე ჩამოკონწიალებულები ელოდნენ სიკვდილს. ეს ჰიმნი შეფიცულთა სიმღერად არის ცნობილი: 

"ჩვენ უბრძოლველად სამშობლოს არვის მივცემთ გულსაკლავად,
თუ მთელი ქვეყნიერება დაგვეცეს შავბნელ საფლავად,
თეთრი გიორგი ქართველებს მიუძღვის აბჯრის შხრიალით,
ჩვენც შევუერთდეთ მამაცებს სამფერი დროშის ფრიალით,
ერთად წავიდეთ ბრძოლაში ჩავლეწოთ ციხის კარები,
საქართველოდან აღვგავოთ ცივ ჩრდილოეთის ჯარები. "

ბმული მოსასმენად: https://www.youtube.com/watch?v=kBYmYR2pqxI

საბჭოთა რეჟიმი დედაქალაქის ცენტრში მდებარე საპატიმროს თითქმის აღარ იყენებდა. 1933 წელს კი სატუსაღოს ძველმა პატიმარმა ლავრენტი ბერიამ ციხისა და ტაძრის მთლიანად დანგრევა მოინდომა. დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით, ინტელიგენციამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ტაძარი გადარჩა. მაგრამ თავად დიმიტრი შევარდნაძე 1937 წელს დახვრიტეს. შენობას ახალი დანიშნულება მოუნახეს და ხელოვნების მუზეუმად გადააკეთეს.

ამონარიდი 1933 წლის 18 ნოემბრის ნომერში, გაზეთ ,,კომუნისტში  გამოქვეყნებული ლექსიდან:

,,დავადგინეთ:
ეს მეტეხი ხელოვნების იქნეს
და ყოფილი
ტანჯვის სახლი მუზეუმად იქცეს."

ტანჯვის ლხინად გადაქცევის ბუტაფორიამ დიდხანს ვერ შეიმაგრა თავი. ყოფილი საპყრობილის კედლები მნახველების უკმაყოფილებას იწვევდა, ამიტომ 1958 წელს მუზეუმი გააუქმეს და სემინარიაში გადაიტანეს. საბოლოოდ, სატუსაღოს ყველა კორპუსი დაინგრა. ადგილი კი ვახტანგ გორგასლის ძეგლისთვის მოასწორეს. მოანგრიეს სახლებიც, რომ ძეგლი კარგად გამოჩენილიყო და თბილისზეც დაუბრკოლებლად გადაშლილიყო ხედი მეტეხის ტაძრიდან.

მუზეუმის სემინარიის შენობაში გადატანის შემდეგ მეტეხში ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია სპექტაკლებს მართავდა. 1988 წელს კი, მეტეხში ეკლესია აღდგა.

აი, აი, აი, მანდ გაჩერდით და არ გაინძრეთ. შემომხედეთ ახლა. ნარიყალა ჩანს ძაან ლამაზად, მაგარი ფოტო გამოვა. იიმენა პროფესიონალი ვარ. კაია. ახლა წამოთ, იქეთ, ძველი თბილისი ჩანს და მეორე მხარეს კიდე სამება.


ეს არის ადგილი, სადაც
ვახტანგმა გატეხა ფიცი,
აბო თბილელის ცხედარი დაწვეს,
თამარი ლოცავდა ლაშქარს,
ერეკლე მეფის სადიდებლად მიწერილია ლექსი, მის ქვემოთ კი პატიმართა სახელებია ამოკაწრული - სამი სხვადასხვა რეჟიმის ტუსაღების სახელები.
ეს არის ადგილი, ქალაქის თავზე, საიდანაც ცა მთლიანი მოსჩანს.

წყაროები:

sovlab
რადიო თავისუფლება
თბილისის მეტეხის ტაძარი - ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი, ლ. რჩეულიშვილი, რ. შმერლინგი) - გამომცემლობა„მეცნიერება“ თბილისი, 1969
გაზ. „კომუნისტი“ – 1933 18 ნოემბერი, 265 (382)

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა