რა საჭიროა აბზაცი? | შაკო ბრეგაძე
ვის რისი სჯერა, ყველამ თვითონ უკეთ იცის და მაგ ამბავში ურჩად ჩარევა უფრო ჭორაობას ჰგავს, ვიდრე სხვა რამეს, მაგრამ მე თვითონ რისი მწამს, აი, ეგ კი ჩემი საქმეა და მეც მწამს, ერთს რომ ჩაისუნთქავ, ღრმად რომ ჩაისუნთქავ და თვალებს დახუჭავ, ამოსუნთქვამდე და თვალების გახელამდე შეიძლება, რაღაც სასწაული მოხდეს და ყველაფერი შენ გარშემო იმაზე უკეთესი დაგხვდეს, ვიდრე ჩასუნთქვამდე დატოვე და მე იმისიც მწამს, რომ ეს წამები ამ ჩასუნთქვიდან იმ ამოსუნთქვამდე სრულიად საკმარისია, რომ ყველა სულიერისთვის ნაცნობი და გასაგები ამბები დაიტიოს, ამბები, რომლებიც რაღაც გრძნობებს ატარებენ, ხან სიყვარულის, ხან სიძულვილის, ხან ტკივილის და ხანაც - უსაშველო და სამუდამო სევდის. არ ვიცი, ასე ღრმად ჩასუნთქვა როგორ შეძლო ამ ახალგაზრდა მექსიკელმა ფერნანდა მელჩორმა, მაგრამ ის კი უტყუარია, რომ დაიტია ყველასთვის ახლო და ყველას გულამდე მისაღწევი ისტორიები იმ შორეულ მხარეზე, მექსიკის შტატი ვერაკრუსი რომ ჰქვია და იქ მდებარე ერთ პატარა სოფელ მატოსაზე და პატარა სოფელი რისი პატარა სოფელია, რომ ყველაზე საშიში და საზარელი ამბები არ გააერთიანოს და ყველა ჯურის ხალხს ერთ მუჭად არ მოუყაროს თავი. როგორც დღეს ბევრი მნიშვნელოვანი გამოცემა, კრიტიკოსი და მკითხველი ამბობს, ფერნანდა მელჩორი ლათინური ამერიკის ლიტერატურის ახალი ხმაა, განსხვავებული და თამამი, რომელიც ერთდროულად გაბრიელ გარსია მარკესსაც მოგაგონებს, რობერტო ბოლანიოსაც და საერთოდ არალათინოამერიკელ კორმაკ მაკარტისაც. არც ჯილდოებსა და ნომინაციებს მოკლებულია მელჩორი, რომლის პროფესიაც თურმე ჟურნალისტიკა ყოფილა და ეს ნამდვილად ეტყობა მის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ რომანს - „ქარიშხლების სეზონი“. ამ რომანის ამბავიც ასე იწყება - ზის ფერნანდა მელჩორი თავისთვის და ერთი სისხლიანი მკვლელობის ისტორიას კითხულობს, რომლის მიხედვითაც ქალის გვამი ვერაკრუსის სოფელში არხში ჩააგდეს, მკვლელობაში ბრალდებული კი ირწმუნებოდა, რომ ეგ იმიტომ ვქენი, ქალი ჩემს მოჯადოებას აპირებდაო. ამ რეალური ამბით მოხიბლულმა მელჩორმა დაიწყო „ქარიშხლების სეზონის“ წერა და ეყო გამბედაობა და გულწრფელობა, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გულწრფელობის გამბედაობა, რომ დაეწერა ის ამბები, რაც იცოდა და ენახა და თავისივე ყურით გაეგონა და ასე და ამგვარად შეექმნა ნამდვილი მექსიკური რომანი, რომელშიც იმდენი უცხო და ლამაზი სახელი შეგხვდება, ზოგი ადამიანს და ზოგიც რაღაც ადგილს რომ ჰქვია, რომ ცოტა ენას კი მოიტეხ მათ გამოთქმაში, მაგრამ მაინც სასიამოვნო იქნება. ბრუხაა ის ჯადოქარი, რომლის გვამსაც რომანის პირველივე გვერდზე პოულობენ ბავშვები და თითქოს ეს ამბავი რაღაცნაირ მისტიკურ და საშიშ პროგნოზს იძლევა - საწყალი ბავშვები, თამაშისას რომ გადააწყდნენ ჯადოქრის ნახევრად გახრწნილ გვამს, ნეტავ, ასე რად გაიმეტა ავტორმაო? შემდეგ გვერდებში კი ნამდვილად იმალება მთელი საშინელება ამ ამბის, ამ ჯადოქრის, ამ მკვლელობის, მთლიანად სოფელ მატოსასი და ზოგადად, ადამიანის და რა იქნებოდა ამ ადამიანების ცხოვრება, რომ არ ყოფილიყო ამ ამბებშიც უამრავი სიყვარული, წყენა, ღალატი, სიხარული, ხუმრობა და შაყირი, მექსიკელი ბებოების გაუთავებელი ქოთქოთი და მექსიკელი მეზობლების გაუთავებლად გრძელი ცხვირები, მექსიკური სოფლის მექსიკური კონსპირაციული თეორიები და არარსებულის რწმენა, რომელიც ხშირად სწორედაც რომ მართალი აღმოჩნდება. მე კი მწამს, რომ ასეთ ამბებს შესვენება არ სჭირდებათ, მხოლოდ ერთი ჩასუნთქვა და რაც საჭიროა, ყველაფერი მოხდება, სანამ ამოსუნთქვის დრო მოვა. მეტიც, რაღაც მომენტში თუ გეგონება, რომ აგერ, იმერული სოფლის არხში ნაპოვნი გვამის ამბავს კითხულობ, ფერნანდა მელჩორი ნაირ-ნაირ სახელებს შემოგახლის სახეში - ხან პერსონაჟებს, რომელსაც პიკაპიედრა და ბარაბასი ჰქვიათ და ხანაც ადგილებს, რომლებსაც მატაკოკუიტე და მატადეპიტა ჰქვიათ და აი, მანდ ხვდები, რომ თურმე მექსიკაში ხარ, მაგრამ აბა, ადგილს და ენას რა მნიშვნელობა აქვს, როცა „ქარიშხლების სეზონში“ მოთხრობილი ამბები ისეთივე ერთიანი და გასაგებია ყველასთვის, როგორც ის ფაქტი, რომ ამ რომანს აბზაცი არაფერშიც არ სჭირდებოდა.
ავტორი: შაკო ბრეგაძე
ფერნანდა მელჩორის „ქარიშხლების სეზონის“ შეძენა თბილისის წიგნის დღეებზე იქნება შესაძლებელი.