
რამდენიმე შენიშვნა ზოგადად ენისა და, კერძოდ, პროტესტის ენის შესახებ
09.08.20161
1947 წელს გამოიცა გერმანელი ფილოლოგის ვიქტორ კლემპერერის წიგნი, უცნაური სათაურით – LTI (Lingua Tertii imperii – „მესამე რაიხის ენა“). ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიტიკური სისტემა ფილოლოგიურად გაანალიზდა. წიგნში ძალაუფლების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ენა იყო წარმოდგენილი. კლემპერერის თანახმად, ნაცისტები ენას ხალხის სამართავად იყენებდნენ, ცალკეულ სიტყვებს მნიშვნელობებს უცვლიდნენ და მათში ისეთ შინაარსებს დებდნენ, რაც ნაცისტების იდეოლოგიასა და პოლიტიკურ მიზნებს გამოხატავდა. კლემპერერის თქმით, „თუკი ადრე ჟარგონი მხოლოდ მცირერიცხოვან ჯგუფებს ეკუთვნოდა, ნაცისტების ენამ ის საყოველთაო საკუთრებად აქცია. საყოველთაო ენა კი პარტიამ მიითვისა და ცალკეული სიტყვებისა და წინადადების ფორმის მოშხამვით საკუთარი შემზარავი სისტემის სამსახურში ჩააყენა“. ამგვარი მოდიფიკაციით ცდილობდნენ, სიტყვები ჰეროიკული პათოსით შეემოსათ და ახალი იდიომები შეექმნათ, რომლებშიც ყოფითი სიტყვებიც კი საგმირო შემართებას შეიძენდნენ.
ენის ჰეროიზაცია, მისი სამხედრო-პატრიოტული სულით გაჟღენთვა, უსიტყვო მორჩილების, თავგანწირვისა და მტრებთან დაუნდობელი ბრძოლის ცნობიერებას აწარმოებს და ხალხის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მობილიზებას აიოლებს.
ნაცისტებმა გერმანული ენა გააფაშისტურეს და ისეთი იდიომატიკა შექმნეს, რომელიც თავადვე აწარმოებდა ფაშისტურ ცნობიერებას.
2
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ლინგვისტი და სტრუქტურალიზმის ფუძემდებელი რომან იაკობსონი იდიომას თქმის იძულების მექანიზმად მიიჩნევდა. 1977 წელს, ფრანგული პოსტსტრუქტურალიზმის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა როლან ბარტმა ენას ფაშისტური უწოდა: „რამდენადაც ფაშიზმი თქმაში ხელის შეშლას კი არ ნიშნავს, არამედ თქმის იძულებას. როგორც კი ის მეტყველებაში გადადის, თუნდაც ის სუბიექტის ინტიმურ სფეროში ხდებოდეს, ენა უმალვე ძალაუფლების სამსახურში დგება“. ძალაუფლება კი, ბარტის თქმით, ყველგანაა.
„მეტყველება კანონმდებლობაა, ენა კი – მისი კოდი. ჩვენ იმიტომ ვერ ვხედავთ ენაში ჩაბუდებულ ძალაუფლებას, რადგანაც გვავიწყდება, რომ ყოველი ენა კლასიფიკაციის საშუალებაა, ხოლო ყოველგვარი კლასიფიკაცია ჩამახშობელია, ორდო ლათინურად განაწილებასაც ნიშნავს და სადამსჯელო განკარგულებასაც“, – ამბობს ბარტი. შესაბამისად, მისი აზრით, თავისუფლება, რომელიც არა მხოლოდ სხვისი ძალაუფლებისგან თავის დაღწევას, არამედ ყოველგვარ ძალადობაზე უარის თქმას გულისხმობს, მხოლოდ ენის მიღმაა შესაძლებელი, თუმცა, „უბედურება ისაა, რომ ენის გარეთ გასვლა შეუძლებელია“. ასეთი გამოუვალი მდგომარეობიდან „გამოსავლის“ ძიებას ენის უტოპიებამდე მივყავართ, რომელთა საილუსტრაციოდ ბარტს ფრანგი პოეტის სტეფან მალარმეს სიტყვები მოჰყავს – „ენა უნდა შეიცვალოს“, როგორც მარქსი ამბობდა – „სამყარო უნდა შეიცვალოს“.
3
„ენის უტოპიებს“ XX საუკუნის დასაწყისში გაჩენილ მოდერნისტულ ექსპერიმენტებს უწოდებენ, რომელმაც თავის კულმინაციას 1920-იანი წლების საბჭოთა რუსეთში მიაღწია. ბორის გროისი 2006 წელს გამოსულ თავის წიგნში „კომუნისტური პოსტსკრიპტუმი“ წერს: „კომუნისტური რევოლუცია საზოგადოების ფულის მედიუმიდან ენის მედიუმზე გადაყვანაა. საზოგადოებრივი პრაქტიკის დონეზე ის ნამდვილი ენისკენ შემობრუნებაა (linguistic turn) [...] მხოლოდ კომუნიზმია ადამიანის ბედის ტოტალური ვერბალიზაცია, რომელიც ტოტალური კრიტიკისათვის ხსნის სივრცეს“.
ერთ-ერთი ასეთი, გამორჩეულად რადიკალური ლინგვისტური უტოპია საბჭოთა რუსეთში შეიქმნა და მისი ავტორი საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ნიკო მარი იყო. 1923 წელს მარმა საზოგადოებას „ენის შესახებ ახალი მოძღვრების“ შექმნა აუწყა. მარის „იაფეტური თეორია“ 1950 წელს სტალინმა „არამეცნიერულად“ ცნო, რასაც მისი აკრძალვა მოჰყვა. თეორია მარქსისეულ კლასიფიკაციას იმეორებდა და ყოველ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ფორმაციას ენის განვითარების შესაბამის სტადიას უსადაგებდა. გამოდიოდა, რომ კომუნისტურ საზოგადოებას ერთი, ახალი საერთო მსოფლიო ენა უნდა ჰქონოდა, სადაც ყველა ენა შეჯვარდებოდა. მარის თანახმად კი, არ არსებობდა არავითარი საერთო-ეროვნული ენა, ყველა სოციალურ კლასს საკუთარი ენა ჰქონდა.
განსაკუთრებით საინტერესოა მარის აზრი მეტყველების გაჩენის შესახებ: მარი საუბრობს მეტყველებამდელ, „კინეტიკურ“, ანუ სხეულებრივი ჟესტების ენაზე, რომლებსაც „შეძახილები“ მოჰყვებოდა. ამგვარი „პირველადი შეძახილები“, რომლებიც „ბგერითი რევოლუციის“ შედეგად ენებად გარდაიქმნა, დაუნაწევრებელი, უშინაარსო მეტყველება იყო, რომელიც სავარაუდოდ გარკვეულ აფექტებს გამოხატავდა.
მარმა ამ შეძახილების ხმოვანებაც „აღადგინა“: ეს იყო ოთხი მარცვალი – სალ, ბენ, იონ, როშ, რომლებიც, მარის თანახმად, ყველა ენის საფუძველია, თუმცა ამ ოთხი მარცვლის უკან არანაირი შინაარსი არ იმალება, მათ მაგიური დატვირთვა უნდა ჰქონოდათ.
1923 წელს გამოიცა ფსიქოანალიტიკოს ოტო რანკის წიგნი „დაბადების ტრავმა“, რომელშიც მან დაბადების აქტი მთელი ფსიქიკის განმსაზღვრელ ტრავმად გამოაცხადა, ადამიანების ყველა სულიერი მისწრაფება კი – დედის საშოში, სამოთხისეულ მდგომარეობაში დაბრუნების წარუმატებლობისთვის განწირულ მცდელობად. ამასთანავე, დაბადების ტრავმა, როგორც ზოგადად ტრავმები, ამბივალენტურ გრძნობებს აღძრავს: უკან დაბრუნების სურვილს, სიმბოლურად საშოს, როგორც საპყრობილის განადგურების სურვილიც ახლავს.
რანკი მიიჩნევდა, რომ წინარევერბალური, „უბგერო, უნივერსალური ენის“ ნაკვალევი ყოველი ადამიანის არაცნობიერშია. ის ვერბალურ ენაზე თარგმნას არ ექვემდებარება, რადგან მისი სიმბოლიკა ენის გაჩენამდე არსებობდა. ეს ენამდელი ენა „თავდაპირველი“ შეძახილებით გამოითქმის, რომელიც თითქმის ყველა ენაში მსგავსია. ყველა ასეთი შეძახილი, საბოლოო ჯამში, ახალშობილი ბავშვის პირველ ყვირილამდე დაიყვანება, რომელიც დაბადებისთანავე გაისმის. ეს ყვირილი დედის სხეულთან მოწყვეტის და დაბადების პანიკურ აფექტს გამოხატავს.
4
როდესაც 1988 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში პირველი საპროტესტო მანიფესტაციები გაიმართა, მათზე გაჟღერებული ენა ორი მთავარი შეძახილის – „-ჯოს“ და „ძირს“ – მონაცვლეობისგან შედგებოდა. „გაუმარ-ჯოს!“ დადებითი შინაარსის აფექტია, ხოლო „ძირს!“, შესაბამისად, დესტრუქციული ლტოლვით მართულ უარყოფით ემოციას გამოხატავს. ორივე მათგანი უკვე არსებულ სიტყვებსა თუ კონტექსტებს მიმართულებას უცვლის და ჰეროიკული შარავანდედით მოსავს. მათ უკან არანაირი კონკრეტული შინაარსი არ იმალება და ისინი წმინდა სახის გახმოვანებული აფექტებია. ამდენად, პოლიტიკური არტიკულაციის თვალსაზრისით, ისინი დაუნაწევრებელი მეტყველების, ენამდელი ენის გამოძახილებია. ამ ორი მარცვლის ირგვლივ და მათი აფექტური ენერგიის მასალისგან შეიქმნა ყველა ის ლოზუნგი, რომელმაც მომდევნო წლების საქართველოს პოლიტიკური განვითარება განაპირობა.
ეს ორი შეძახილი, რომელიც ბოლო 28 წელია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მიტინგებსა და მანიფესტაციებზე დომინირებს, ახალი, პოსტსაბჭოთა ქართველი ერის დაბადების ტრავმის ექოა, რომელიც ახალი ერთობის განმსაზღვრელ მთავარ ლინგვისტურ ნიშნად შემორჩა. ის დაბადების და მშობელ საბჭოთა იმპერიასთან განშორების ტკივილს და დამოუკიდებელ არსებობაზე გადასვლის პანიკას გამოხატავს და, შესაბამისად, უკან, მშობლის საშოში დაბრუნების ნოსტალგიურ ფანტაზმებსაც შეიცავს, რაც საბჭოურ-იმპერიულ-კოლონიურ ცნობიერებას სხვადასხვა სიმბოლური ჟესტითა თუ ქმედებით რეპროდუცირებს.
4.1
2016 წლის გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური საპროტესტო გამოსვლებისას, ერთი ლინგვისტური კომპონენტის ნაკლებობის განცდა გამიჩნდა: ეს იყო „თავდაპირველი შეძახილების“ ფაქტობრივი გაქრობა აუდიტორია 115-ელების რიტორიკიდან. მოთხოვნებსაც და შეძახილებსაც კონკრეტული შინაარსები ჰქონდა. შესაძლოა, ეს ახალი ენის დაბადების და, შესაბამისად, პოსტსაბჭოურობის დასასრულის პირველი ნიშანი იყოს?
