რატომ ეს სამი ლექსი?
დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ შეკითხვას არ აქვს: იმიტომ, რომ მკითხველი, როგორც მწერალი, ღმერთია, რომელიც თავის მატერიას წარმოქმნის. ერთი შეხედვით, სამივე ლექსი სოციალურ პრობლემატიკას ეხება და თავიანთ ისტორიულ კონტექსტშია გაზავებული. ამასთან, სამივე ისე იკითხება, თითქოს დღეს დაწერილიყოს, რაღაცა ისეთის საპასუხოდ, რაც ჩვენთან ახლოს, ჩვენ გარშემოა. აწმყოს პრობლემა. მაგრამ იქნებ იმის მაგივრად, რომ ამ სამეულისთვის საერთო პრობლემის არსს ჩავწვდეთ და ჩავეკითხოთ, უფრო მარტივმა შეკითხვამ გაამართლოს? რა პოზიციებიდან არის დაწერილი ეს ლექსები?
ნიკი ჯიოვანი ლეგენდარული, სოციალურად აქტიური შავკანიანი პოეტია, რომელმაც აღიარება პირველად 1960-იანებში მოიპოვა სამოქალაქო უფლებების მოძრაობით შთაგონებული ლექსებით. „უფლებები“ 2013 წელს დაწერა, და არ არის რთული, ისე წაიკითხო, როგორც კომენტარი ამერიკულ interventionism-ზე ან მოარგო „black lives matter“ მოძრაობის პრობლემატიკას, რომელიც სწორედ შავობის საშიშროებასთან გაიგივებას ეხება. ანუ ის, რომ დღეს საჭიროა შავკანიანთა სიცოცხლის ფასეულობის შეხსენება, „თეთრ შიშთან“ პირდაპირ კავშირშია.
ლენგსტონ ჰიუზი ჰარლემის რენესანსის ძრავი იყო. 1927 წელს დაწერილი აქ მოყვანილი მისი ლექსი პესიმისტურიც შეიძლება მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით „Black lives matter“-ის გადმოსახედიდან, რომელიც იმავე საზოგადოებრივ აპათიას ასკდება, ჰიუზი ამ მოძრაობამდე თითქმის ასი წლის წინ სასოწარკვეთილებამდე რომ მიიყვანა. მაგრამ, სასოწარკვეთილების გარდა, ჰიუზში ბრაზიც იკითხება – მოწოდება ქმედებისკენ, დანებით და გაჭრებით. ქმედებისკენ, რომელიც შავკანიანებისადმი შფოთვით აღსავსე ჰიპერსენსიტიურ თეთრ ამერიკას საშიშროებად შეეძლო აღექვა.
ჰიუზიდან ჯიოვანიზე გადასვლას საინტერესოდ ის აქცევს, რომ ჯიოვანი ინტერნალიზებას უკეთებს მეოცე საუკუნის განმავლობაში წარმოქმნილ რასობრივ დინამიკას (რომელიც ჰიუზისთვის ჯერ კიდევ ექსტერნალიზებულია) და ერთდროულად ხდება მისი მსხვერპლი და მწარმოებელი. ჯიოვანი და ჰიუზი ერთმანეთს ესაუბრებიან. შეიძლება ჯიოვანი არ პასუხობს ჰიუზის შეკითხვას, მაგრამ ის შეკითხვის ქვეშ სვამს იმ სამყაროსგან გამოცალკევების შესაძლებლობას, რომელიც უნდა „გაიჭრას“. ეს ლექსები ერთმანეთს მიმართავენ არა როგორც უშუალო ინტერტექსტები, არამედ როგორც ერთი და იმავე პრობლემის პერსპექტივები.
აპდაიკის ლექსის განხილვისას შეძლება დაისვას კითხვა: არის თუ არა ის იმავე სამყაროდან, იმავე სამყაროსი, რომლიდანაც, რომლისაც არის ჰიუზის და ჯიოვანის ლექსები? აღსანიშნავია, რომ აპდაიკის ლექსი 2001 წელს გამოქვეყნდა, როდესაც პოეტმა სიბერეში შედარებით მძიმე და სოციალურ თემატიკას გაუსწორა თვალი. მაგრამ როგორია აპდაიკის ამერიკა სხვებთან შედარებით? ჯიოვანისა და ჰიუზისგან განსხვავებით, აპდაიკი ყოველთვის იყო ამერიკული ბურჟუაზიის მწერალი, და „მეპატრონეებშიც“ მდიდრებზე დარტყმა ბურჟუაზიული პოზიციიდან გამომდინარეობს. აქ აპდაიკის მზერა შუა კლასიდან ზემოთ არის მიმართული. ეს კი თანამედროვე ფენომენის ნიშანია: აქამდე პაწაწინა სუპერმდიდართა ჯგუფი (რომელსაც კლასსაც ვერ უწოდებდი), ეკონომიკური უთანასწორობის ზრდის ხარჯზე, გაიზარდა ისეთ გროტესკულ მასშტაბებამდე, რომ ის, რაც თავის დროზე ბურჟუაზიად ითვლებოდა (პოპულარული, ბებერი, თეთრი, მამრი მწერლის სამყარო), შევიწროვდა და თავი პროლეტარიატად იგრძნო. მჩაგვრელებს მჩაგვრელები გამოუჩნდნენ, უთანასწორობის იერარქია წაგრძელდა და კენწეროში გაფართოვდა. თუ ჰიუზი და ჯიოვანი გარკვეულ წრეს კრავენ, მაშინ ასეთი პერსპექტივით რას გვაძლევს აპდაიკის ლექსი?
რამ შემოიტანა ჩემს (როგორც მკითხველის და მთარგმნელის) წარმოდგენაში ეს ლექსი იმ საერთო ჩარჩოში, რომელსაც დანარჩენ ორ ლექსში ვხედავ? იქნებ ეს გაშვერილი შუა თითის კომფორტია? კომფორტი, რომელიც დამნაშავის იდენტიფიკაციიდან გამომდინარეობს? იქნებ ის პრივილეგიით მორთული მახეა ჰიუზიდან ჯიოვანიმდე მიმავალ გზაზე? ან იქნებ ხიდია იმავე გზაზე? სწორი პასუხი აქ არ არის. მაგრამ მე ჩემი პასუხი ვიცი.
ჯონ აპდაიკი - მეპატრონეები
მდიდრები ცუდი მეზობლები არიან -
სახლს იყიდიან და დაანგრევენ
და სხვას ააშენებენ, ორჯერ უფრო დიდს, და წავლენ.
შინ არასდროს არიან. იმდენი სხვა
სახლების პატრონები არიან - ყველა მოითხოვს სტუმრობას.
მთელი უბნები მოდურად შერაცხილები
გადატენილები მსახურებით და ბატონებით,
როგორც ლუისბურგი ბოსტონში ან ბელ ეარი ელ-ეიში,
ახლა ცარიელია როგორც უოლ სტრიტი შუაღამისას
ან ტუმსტოუნი ვერცხლის ბუმის დასასრულისას.
მდიდართა არსი არდასწრებაა.
მათ მოსწონთ გვანახონ რომ საშუალება
აქვთ სხვაგან ყოფნის. არ შემოუშვათ.
მათი სიმდიდრე სიღარიბეა.
ნიკი ჯიოვანი - უფლებები
ობობა მოვკალი
ბრაზილიური შხამიანი კი არა
არც ის შავ ქვრივს რომ ეძახიან
სიმართლე ითქვას
მხოლოდ პატარა
სიფრიფანა ობობა იყო
რომელიც უნდა გაქცეულიყო
წიგნი რომ ავიღე ხელში
მაგრამ ის დარჩა
და შემაშინა
და მე ჩავცხე
არა მგონია
მქონდეს უფლება
მოვკლა რაიმე
იმიტომ რომ
მეშინია
ლენგსტონ ჰიუზი - დაღლილი
როგორ დავიღალე
მოლოდინით,
ნუთუ შენ არა,
რომ სამყარო კარგი გახდება
და ლამაზი და კეთილი?
მოდი ავიღოთ დანა
და გავჭრათ სამყარო შუაზე -
და ვნახოთ რა ჭიები უჭამენ
ქერქს.