რატომ მაროდიორობენ ჯარისკაცები ?
სამხედრო კონფლიქტის დროს ძარცვის ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ გამარჯვებული ჯარის მიერ, დამარცხებულების ძარცვა ჩვეულებრივი პრაქტიკა გახლდათ, ის მეომრისთვის როგორც დამატებითი შემოსავალი ისე აღიქმებოდა. მოგებული ბრძოლის შემდეგ, ნადავლის გამოფენა, რომაელების ტრიუმფის განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო, მონღოლებისთვის ყველაზე დიდ მიღწევად ომში "მტრების დამარცხება… და მათი სიმდიდრის დაუფლება" წარმოადგენდა.
ქვეყნების ძარცვამ ისტორიულად თავის პიკს ახალი იმპერიალიზმის ეპოქაში მიაღწია როცა ევროპული კოლონიური ძალები სამხედრო კამპანიების დროს ხშირად დაპყრობილი ქვეყნების რესურსებს ეუფლებოდნენ.
დღეს, საერთაშორისო სამართალი კრძალავს ძარცვას შეიარაღებული კონფლიქტის დროს და სამხედრო ძალებს ავალდებულებს არა მხოლოდ მოერიდონ მტრის ქონების განადგურებას, არამედ უზრუნველყონ მისი დაცვა. ქალაქის ან ადგილის ძარცვა, თუნდაც თავდასხმის შედეგად აღებულის, არის ომის დანაშაული და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მრავალი სამხედრო დამნაშავე ამისთვის იქნა გასამართლებული.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ანთროპოლოგი ალექსანდრა არხიპოვა ცდილობს ახსნას ამ ქცევის მიზეზი, თუ რა მოტივაცია ამოძრავებს ომში წასულ რუს ჯარისკაცს მაროდიორობისკენ.
უამრავი პუბლიკაცია და ვიდეო გავრცელდა სადაც ჩანს თუ როგორ აგზავნიან ისინი ფოსტით უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ნაძარცვს თავიანთ ოჯახებში.
არხიპოვას აზრით, ერთ-ერთი ახსნა რაც მაროდიორობას შეიძლება უპოვო, სამხედროების სიღარიბეა. ჯარში მსახური ბევრი სამხედროსთვის მნიშვნელოვანი და ზოგიერთ ქვეყანაში ერთადერთი საშუალებაა გარკვეულ სოციალურ საფეხურზე ასასვლელად. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან წამოსული ახალგაზრდები ხვდებიან გარემოში სადაც შეუძლიათ მიითვისონ საყოფაცხოვრებო და ფუფუნების საგნები, რომლებიც მათ არასდროს ჰქონიათ.
რამ შეიძლება განაპირობოს ადამიანის ასეთი ქცევა, არის ამის მიზეზი მხოლოდ სიღარიბე, თუ უფრო რთულ სოციალურ ქცევასთან გვაქვს საქმე ? მაგალითად, ნივთების დატაცებით შექმნილ ტროფეის ფლობის ერთგვარ განცდასთან. პოლიტოლოგი და ჟურნალისტი გლებ პავლოვსკი იხსენებს მოხუცი კაცის ნაამბობს, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ გაზიდეს ყველაფერი არც ისე ღარიბმა გერმანელებმა, ღარიბი საბჭოთა კავშირიდან. მოხუცი ჰყვება, როგორ მივიდა მათთან პატრული სარდაფში და კაპრალმა ჰკითხა, იყვნენ თუ არა იქ ებრაელები. რომ ვერ იპოვა, იმედგაცრუებულმა მიმოიხედა ირგვლივ, იქვე მაგიდიდან ნაქსოვი ხელსახოცები აიღო და სევდიანად ჩანთაში ჩაილაგა. კაცი იხსენებს, რომ კაპრალს „სუნამოს სუნი ასდიოდა".
მაროდიორობას კიდევ ერთი თვისება გააჩნია. ხშირ შემთხვევაში ის ყოველგვარი საღი აზრისგან არის დაცლილი - მიაქვთ ძველი ტელეფონები, ქალის მეორადი ტანსაცმელი, ტაფები, ქვაბები, უნიტაზებიც კი.
უკრაინელი ქალი ჰყვება რუს ოკუპანტზე რომელიც უნიტაზის დანახვამ გაახარა, რადგან არ იცოდა რა იყო ის.
"მათ უნიტაზები წაიღეს. უნიტაზები! შედის სახლში და ამბობს: "ეს რა არის?". ვიღაცამ უთხრა უნიტაზიო და იმან კიდევ იკითხა რისთვის არისო",– ჰყვება ქალი
არხიპოვა ახსენებს ექსპერიმენტს, - მეცნიერებმა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მოხალისეთა ორი ჯგუფი მიიწვიეს და მათ უაზრო დავალებები მისცეს. პირველი ჯგუფი ცარიელ ოთახში დასვეს, ხოლო მეორე ჯგუფს - უფასო ფუნთუშები, კალმები, კალენდრები დაახვედრეს. დასასრულს კი მონაწილეებს ჰკითხეს, როგორ აფასებენ თავიანთ დახარჯულ დროს. მეორე ჯგუფის მონაწილეებმა, რომლებმაც უფასო ფუნთუშები და კალმები მიიღეს, თავიანთი ქმედებები შეაფასეს, როგორც უფრო აზრიანი და მნიშვნელოვანი, განსხვავებით პირველი ჯგუფისგან, რომელსაც ცარიელ ოთახში მოუწია დავალებების შესრულება.
ომში, როგორც წესი რისთვის იბრძვი და ვის ებრძვი არც ისე ცხადია ხოლმე, ამიტომ ჩნდება მარტივი ქცევა - მიიღო ამ აბსურდული სიტუაციიდან ისეთი რამ, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს შენთვის, შენი ოჯახისთვის. - "აიღე შენი ქალიშვილისთვის კომპიუტერი, სკოლაში გამოგადგება."
„მესროლეს, ტანკი დაიწვა, რა მოხდება შემდეგ, გაუგებარია და აი ისიც, შიშისთვის და დამცირებისთვის ჯილდო - ვიღაცის ტელეფონი. მე კი უკვე მარჩენალი ვარ და ცხოვრება უფრო აზრიანი ხდება, მასში ჩნდება დავალება და მიზანი“. - ციტირებს ალექსანდრა არხიპოვა. მისი თქმით - მაროდიორობა არის ქცევა, რომელიც სტრესის პირობებში, მარტივი, გასაგები და ლოგიკური ჩანს - გაიჩინო მიზანი, აზრი და ფუნქცია შესძინო შენს ყოფნას ომში - აიღო ყველაფერი რაც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგეს. გამოსადეგი გახდე.
ამგვარი თავის დამკვიდრება და ყოფნის ლეგიტიმაცია მოახდინა რუსული არმიის ერთ-ერთმა ოფიცერმა - ევგენი კოვალენკომ, რომელმაც ბუჩადან და კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებიდან თითქმის ნახევარი ტონა ქონება მოიპარა: ინსტრუმენტები, მუსიკალური დინამიკები, მაგიდა, კარავი და მრავალი სხვა. მან 17 ამანათი გაგზავნა სახლში, რომელთა საერთო წონა 440 კგ იყო.
ფოტო: კედლის მხატვრობა -Banksy, მაროდიორი ჯარისკაცები