საახალწლო შელოცვა | ზემო ქართლი, 1936 წელი.
30.12.2025 | 3 წუთიანი საკითხავიაბრამიანის სანთელი
ტექსტი დაიბეჭდა ინდიგოს 51-ე ნომერში „ზამთრის მზებუდობა - საშობაო და საახალწლო რიტუალები“.
სამზადისი
რამდენიც სახლში სული იყო, იმდენი ბედის კვერი უნდა ჩაგვეკრა. თუ ჩავარდებოდა, ქოშიმანს – ვაიმე, შვილო, ან ავათ გამიხდები, ან რამე მოგივა...
მერე დავაკრამდით კიდევ ბასილას: როგორც კაცი, ისე გამოვსახამდით – ხელებს, თავსა, ფეხებს... ქამარსა და ხანჯალს შემოვარტყამდით. კეცს ჩავდგამდით თონეში და ჩამიჩით, როგორც კაცს, თვალებს გაუკეთებდით. მერე რო ამოვიღებდით, სუყველა იმ ბედის კვერებს ცხრილზე დავალაგებდით.
ღამის პირველი საათი
ღამე მერე ღორის თავს დავდებდით, მოხარშულსა... გოზინაყს გავაკეთებდით, ჩურჩხელებსა და სანთელსაც ზედ დავალაგებდით.
მეკვლე შემოიტანდა აბრამიანსა და ფოთელს ღამის პირველ საათზე. ცეცხლს არ შეუბერამდა, კალთებით დაუბერამდა – გავიბერებიო! მერე იმ აბრამიანისა სანთელს აიღებდა, ხან თონეს მიულოცამდა, ხან საბძელს – რო ბარაქა მეტი იყოს, დოვლათი საქონელსაო.
რიტუალი და დალოცვა
მიწაზე რო დადგებოდა, იტყოდა:
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩვენი, კვალი ანგელოზისა.
მერე დაუვლიდა, ჩურჩხელა ეჭირა, ყველას ლოგინში დაგვაბერებდა... მერე ცეცხლს აანთებდა, ის ფოთოლი იწოდა და ნაპერწკლებს რო ისროდა, ამბობდა:
ამდენი ცხვარი, ამდენი ძროხები, ამდენი ხალხი...
რო უჩხრეკამდა, უფრო მეტი ნაპერწკლები ადიოდა.
დასასრული
მერე რო გაათავებდა, კვერცხსა და წვადს შესწვამდა. მერე რო ავდგებოდით, ღვინოს დავლევდით და ისევ დავწვებოდით.
____________________
ტექსტი ეკუთვნით პელაგია ლასურაშვილს, ეფემია გალაშვილსა და ბიღა დედიაშვილს. ზემო ქართლი, 1936 წელი.
გირჩევთ
ავი თვალის შელოცვა | მარიამ ნატროშვილი
13.06.2020