გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საბჭოთა თბილისის კოშკები

"შატილის კორპუსები" ოცდაათ წელზე მეტია, დგანან ნუცუბიძის ქუჩასა და პლატოს შორის. საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული შთაგონება შეგვიძლია ვიპოვოთ სოფელ შატილის დაკავშირებულ კოშკებში, რის გამოც ნაგებობამ არაფორმალური სახელწოდება მიიღო.  
ციხე-სახლი საცხოვრისის გავრცელებულ ფორმა იყო  შუასაუკუნეების საქართველოს მთიანეთში. ასეთი სახლების განსაკუთრებულობა  მათ ფუნქციურობაშიც ჩანდა:  საცხოვრებლის გარდა ისინი თავდაცვითი ნაგებობების როლსაც ასრულებდნენ. ამგვარ სახლებს ძირითადად კლდოვან ფერდობებზე აშენებდნენ, ფანჯრების ნაცვლად სათოფურებს უჭრიდნენ და სახურავს ბანივით უბრტყელებდნენ. სივრცით ერთიანობაში ციხე-სახლები ქმნიდნენ ციხე-სოფელს, რომელიც ყოველთვის მზად იყო თავდაცვისთვის.  
ხევსურეთში მრავლად იყო ასეთი სოფლები. ზოგჯერ სახლები იმდენად მჭიდროდ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, რომ საკვამურებსაც ვერ გაარჩევდი თურმე. ასეთი სოფელია შატილი. ესაა ერთგვარი ციხე, სადაც ფიცარნაგი გადასასვლელები სახლებს შორის იმდენად მჭიდროა, რომ მტრის შემოჭრის შემთხვევაში ისე შემოივლი სოფელს, შენობის დატოვება ერთხელაც არ მოგიწევს. 



შატილის ფუნქციური არქიტექტურა და ესთეტიკური მხარე მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ოთარ კალანდარიშვილისა და გიზო ფოცხიშვილისთვის შთაგონებად იქცა. არქიტექტორების ჩანაფიქრი იყო თბილისის ახალ განაშენიანებაში შემოეტანათ ტრადიციული დიზაინის ელემენტი და აეშენებინათ საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც სხვადასხვა დონეზე მდგარი კორპუსები ერთმანეთს ხიდებით დაუკავშირდებოდნენ. დღემდე ამ კომპლექსს „შატილის კორპუსებს“ ეძახიან.
მე-20 საუკუნეში თბილისის განაშენიანების პოლიტიკა გულისხმობდა მასიური მშენებლობების წარმოებას. პროცესის წარმართვა ევალებოდა ორგანიზაციას „სახლმშენი“, რომელიც განსაზღვრავდა უბნის განვითარების მიმართულებას. პოლიტიკა, როგორც წესი, ესთეტიკაზე მეტად ფუნქციურობას და მასობრივ წარმოებას ანიჭებდა უპირატესობას. ამიტომ შენობების დიდი ნაწილი პრაქტიკული გადაწყვეტით და არადამაკმაყოფილებელი საშემსრულებლო ოსტატობით ერთმანეთის მსგავსი იყო. 1970 წელს მთავრობამ თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა დაამტკიცა. საბურთალოს გაშენებაც ამ გეგმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო. უბნის განაშენიანება 1956 წლიდან დაიწყო, თუმცა 70-იან წლებამდე ქალაქს ფერდობი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ათვისებული. გეგმას უკავშირდება ფერდობზე მაგისტრალის გაყვანაც - ახლა ამ მაგისტრალს ნუცუბიძის ქუჩას ვეძახით.
ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში ოთარ კალანდარიშვილმა და გიზო ფოცხიშვილმა ფერდობების ათვისების ახლებური მიდგომა წარადგინეს. პროექტის მიზანი იყო განსხვავებულ დონეზე მდებარე ქუჩების ერთმანეთთან კორპუსებში გაჭრილი ხიდებით დაკავშირება. ჩანაფიქრი გულისხმობდა შატილის არქიტექტურული თემატიკის ურბანულ სივრცეში გადმოტანას. კორპუსებში ხიდების გაჭრის ადგილი ასევე მოიაზრებდა სივრცეების სოციალურ დატვირთვასაც. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ჭრაში უნდა განთავსებულიყო კინოთეატრი „თბილისი“, თუმცა ამ იდეამ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა.
ლევან კალანდარიშვილი მიყვება ასე, რომ საბჭოთა თბილისში მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა შესაძლებელი, თუკი პროექტი მოიპოვებდა რომელიმე ორგანიზაციის მხარდაჭერას. ვინაიდან, „შატილის კორპუსები“ საკმაოდ ძვირადღირებული სამშენებლო პროექტი იყო, მას აუცილებლად სჭირდებოდა მწვანე შუქი დიდი ორგანიზაციისგან. ასეთი ორგანიზაცია საბოლოოდ, „ვნიიტმე“ აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი თანამშრომლებისთვის კორპუსების აგებაზე დათანხმდა. პირველი კორპუსი 1976 წელს ააშენეს, დანარჩენი ორი და ხიდები - 80-იანების შუაწელში.
დღეს შატილის კორპუსები ნუცუბიძის ქუჩას პირველი მიკრორაიონის ზედა პლატოსთან აკავშირებს. გადასასვლელი ხიდი პირველი კორპუსის მე-14 სართულზე იწყება, გადადის შემდეგი კორპუსის მე-12-ზე და საბოლოოდ უერთდება მესამე კორპუსის მე-10 სართულს. თითო სართულზე სამი ბინაა, რომლებიც საერთო სივრცით უკავშირდებიან ქუჩას. ეს ნაწილი სოციალურ სივრცედ იყო ჩაფიქრებული, თუმცა დღემდე უსარგებლო ნივთების საწყობად იყენებენ მხოლოდ. კორპუსების დიზაინში გამორჩეულია ნალისებრი აივნები. ესეც შუასაუკუნეების მთიანეთიდან შთაგონებული ელემენტია, რომელიც ოჯახში კეთილდღეობის სურვილის სიმბოლოა.
წლების განმავლობაში კორპუსებმა ბევრჯერ შეიცვალეს იერსახე. ზოგიერთმა ოჯახმა აივანი ამოაშენა, ზოგმა გააერთიანა, ზოგმა კი, საერთოდ, საკუთარი ხელით დაასრულა ბინა. თუმცა, ხელუხლებელი დარჩა ხიდი კორპუსებს შორის. მას ხალხი დღემდე იყენებს ყოველდღიურად და კვლავ უმოკლესი გზაა ნუცუბიძის ქუჩიდან პლატოზე მოსახვედრად.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა