გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საბა ქობალია საბა

წიგნმა ძალიან ცოტა რამისგან გამათავისუფლა | საუბარი გოგა ქობალიასთან

საუბარი ლიტერატურული პრემია საბას 2023 წლის გამარჯვებულთან ნომინაციაში - წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი.

წიგნისთვის სახელის დარქმევა არ არის ადვილი. მერცხლადქცეული ყანა – ეს ვიზუალური ხატი, რომელიც წიგნის ტექსტშიც გვხვდება – როგორ გაჩნდა? ჯერ რომანის ტექსტში დაიდო ბინა და შემდეგ იქცა სათაურად თუ თავიდანვე იცოდით, რომ თქვენს რომანს ასეთი პოეტური სახელი ერქმეოდა?

რომანის სიუჟეტი ბევრ სხვადასხვა თემას ეხება, ისინი ალეგორიულია, მეტაფორული და მაგიური რეალიზმის ელემენტებს შეიცვას. თხრობაში რამდენიმე პარალელური სიუჟეტია და ის ვითარდება ერთი ცენტრალური ხაზის გარშემო, რომელიც სახლის დაკარგვას ეხება. ტექსტის პოეტურმა სტილმა და ჟანრმა დაკარგულის მეტაფორად მიკარნახა სათაური, ,,ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად” რომელიც ჩემთვის ასოცირდება ყველაზე ღირებულის გაქრობასთან. ფრაზა გამოყენებული სათაურში, არსებობს რომანის ტექსტშიც და ის ერთ-ერთი მთავარი გმირის წარმოსახვაა. ასეთი მომენტები ტექსტში ხშირია, ვგულისხმობ ფსიქოლოგიური მდგომარეობების სიურრეალისტურ გადმოცემას. ის ხშირად გმირების ცნობიერებიდან არის წამოსული, ან ამ ხერხს მე მივმართავ, როგორც ავტორი.

თქვენ პროფესიით სცენარისტი ხართ. როგორ ფიქრობთ, რამ გაგიჩინათ სურვილი, რომანი დაგეწერათ?

ყველაფერს რაც ჩემს გარშემო ხდება, სიუჟეტად ვხედავ, ამიტომ ძალიან ბევრი ამბავი და სათქმელი დამიგროვდა. დიდი ხანია მათი მოყოლა მინდა. ისინი ჩემზე  ემოციურად მოქმედებენ და მათი დატევა რთულია. ეს ისტორიები მუდმივად მცვლიან და მეც მეცვლება მათ მიმართ დამოკიდებულებები. თავიდან ვფიქრობდი, რომ მათ კინოდ ვაქცევდი, მაგრამ საქართველოში კინოს კეთება ძნელია. ერთი ფილმის დამთავრებას რამდენიმე წელი სჭირდება. ჩემი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტს უკვე წლებია ვამზადებ გადასაღებად, რადგან ძნელია ფინანსების მოპოვება. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ამბების რაღაც ნაწილი მხატვრული ტექსტის საშუალებით მოვყვე და ასე გავთავისუფლდე მათგან. ჩემს ამბავში არ ვგულისხმობ პირად ისტორიებს, თუმცა ბევრი რამე ჩემი გამოცდილებიდან არის.

სცენარზე მუშაობისას საბოლოო პროდუქტი მაინც ფილმია, რომელსაც სცენარის მიხედვით იღებენ და, მაშინაც კი, როცა რეჟისორი და სცენარის ავტორი ერთი და იგივე ადამიანია, მის გარდა ამ საბოლოო პროდუქტის შექმნასა და დასრულებაში ბევრი სხვა ხელოვანიც მონაწილეობს. რომანის წერა კი სულ სხვა გამოცდილებაა - მწერალმა მარტომ უნდა შექმნას საბოლოო პროდუქტი - წიგნი. მოგეწონათ ეს პროცესი?

კინოს დიდი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ მანამდე რეჟისორი და სცენარისტი ყველაფერს მარტო ალაგებს საკუთარ თავში, ასე რომ მარტო მუშაობას დიდი ხანია შეჩვეული ვარ. 

რა მისცა სცენარისტმა გოგა ქობალიამ მწერალ გოგა ქობალიას და პირიქით, როგორ ფიქრობთ, რას მისცემს უკვე რომანის ავტორი სცენარის ავტორს?

ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს წიგნი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, მან დამარწმუნა იმაში, რომ კინო სცენარის გარდა, მხატვრულ ტექსტებზეც უნდა ვიმუშაო და მას დიდი დრო დავუთმო, თუმცა მანამდეც ვწერდი მოთხრობებს. 

რა მისცა სცენარისტმა გოგა ქობალიამ მწერალ გოგა ქობალიას და პირიქით, როგორ ფიქრობთ, რას მისცემს უკვე რომანის ავტორი სცენარის ავტორს?

ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს წიგნი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, მან დამარწმუნა იმაში, რომ კინოსცენარის გარდა, მხატვრულ ტექსტებზეც უნდა ვიმუშაო და მას დიდი დრო დავუთმო, თუმცა მანამდეც ვწერდი მოთხრობებს.

თქვენს წიგნში საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი ამბები ნაწილობრივ ალეგორიულადაა გადმოცემული. ეს სიმბოლოები და მაგიური არსებები წერისას თვითონ მოვიდნენ, თუ თავიდანვე იცოდით, რომ მათი გამოყენებით გინდოდათ იმ ტრაგედიის აღწერა, რომელიც აფხაზეთში დატრიალდა?

წერის დაწყებამდე ვმუშაობდი იმაზე, რომ რეალურად მომხდარი ამბებისთვის მომეფიქრებინა მხატვრული ფორმა, გადაწყვეტა, რათა ისინი უბრალოდ ფაქტების აღწერად არ დარჩენილიყო. იმისთვის რომ რეალური ამბავი ნაწარმოებად იქცეს საკმაოდ სერიოზული ხელის შევლება სჭირდება. დალაგებული სათქმელით, თემით და გამართული იდეით, ძალიან იშვიათად თუ გადააწყდები რამეს. წიგნის წერისას, როდესაც კონკრეტული მოვლენებს ვაანალიზებდი, მათ სხვადასხვა გადაწყვეტებს ვუძებნიდი, ისე ვამუშავებდი, რომ მათგან კონკრეტული სათქმელი გამომეყვანა.

ეს წიგნი არაა მარტო იმაზე, რაც აფხაზეთში მოხდა.

ის უამრავ თემას ეხება, დესპოტიზმს, ტოტალიტარიზმს, ადამიანებს რომლებიც ქმნიან სისტემას და ემსახურებიან მათ. რომანში მოყოლილი ამბები სცდება კონკრეტულ კონფლიქტს და ომს, მასში არის საინტერესო მხატვრული სახეები, თემები, რომელსაც ხშირად შეხებია ხელოვნების ნაწარმოებები სხვადასხვა დროს.   

რომანის დასაწყისში ცხენი – ჰელიკა – თავისი პატრონებისგან გარბის. რომანის ბოლოს კი, გამხდარი და დაავადმყოფებული, სოფლის უკვე გაპარტახებულ კარ-მიდამოში ბრუნდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ის, რაც თქვენ ამ ეპიზოდებით ალეგორიულად გამოხატეთ?

სახლიდან წასვლა და შინ დაბრუნება არის ის, რისგანაც შედგება ადამიანის ცხოვრება. ეს თემა გვხვდება ყველგან, ფოლკლორში, მითოლოგიაში, ზღაპრებში, ბიბლიასა თუ მხატვრულ ნაწარმოებებში. ადამიანი მიდის სახლიდან, იღებს გამოცდილებას და შემდეგ სახლში ბრუნდება.

მოგზაურობა შეიძლება იყოს საკუთარ ცნობიერებაში. შინ ბრუნდები შეცვლილი, უცვლელი, გამარჯვებული ან დამარცხებული, ან საერთოდ ვერ ბრუნდები.

ბორხესის ვერსიით სულ ოთხი ტიპის სიუჟეტი არსებობს, მისი აზრით ერთ-ერთი არის ,,სახლში დაბრუნების სიუჟეტი“. მაგალითად ოდისევსი მრავალი თავგადასავლის შემდეგ სახლში ბრუნდება და იქ წესრიგს ამყარებს. ვერგილიუსის ენეიდას პერსონაჟი ენეასი არ ცდილობს სამშობლოში დაბრუნებას, ის ტროიდან წამოსული სხვაგან დამკვიდრებას ცდილობს. ჩემს რომანში ჰელიკა სახლში ბრუნდება და ვფიქრობ, რომ სახლში დაბრუნების შანსი ყოველთვის არსებობს, თუნდაც მისი მნიშვნელობის გააზრებით.   

რისგან გაგათავისუფლათ, რა წაიღო თქვენგან ამ ტექსტმა?

წიგნმა ძალიან ცოტა რამისგან გამათავისუფლა.


ესაუბრა გვანცა შუბითიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა